საქართველოს მთავრობა გერმანიაში ელჩად გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს ნიშნავს.
საქართველოს ელჩობა საზღვარგარეთ თავის ფუნქციას კარგად ვერ ასრულებს და როგორც ჩანს ხელისუფლებაც ამჩნევს ამას. მაგ. გერმანიაში. ჩვენში, გერმანიას ხშირად აკრიტიკებენ საქართველოსადმი თითქოსდა არაკეთილგანწყობაში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს შემდეგ გერმანია ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია. მიუხედავად იმისა, რომ კანცლერი მერკელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ომის დროს საქართველოში ჩამოვიდა. პრიმიტიულ ქართველ პოლიტიკოსსა და მათ გადამმღერებელ ჟურნალისტებს სჯერათ, რომ არა მარტო ჟურნალი შპიგელია გაზპრომის მილზე შეერთებული, არამედ გერმანიის მთავრობაც. არჩევნების შემდეგ შტაინმაიერს უკვე გამოცხადებული ჰქონდა, რომ პოლიტიკაში რჩება და სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას უხელმძღვანელებს ბუნდესტაგში, როცა ქართული მედია გვიმტკიცებდა, რომ შტაინმაიერი გაზპრომში მიდის.
მაგრამ, რას აკეთებს საქართველოს საელჩო გერმანიაში, ან რა გაუკეთებია იმისთვის, რომ გერმანიის დამოკიდებულება საქართველოსადმი გაეუმჯობესებინა? იცის კი, რა უნდა გააკეთოს? აქვს სათანადო კონტაქტები? მაგრამ, რა უნდა მოვთხოვოთ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, რომელიც ჩინეთში ელჩად ზაზა ბეგაშვილს აგზავნის, ოღონდაც მსოფლიო პოლიტიკის ცენტრ თბილისს ჩამოაშოროს. (როგორც ერთმა მეგობარმა მითხრა, ბეგაშვილი ჩინეთისთვის ზედგამოჭრილია, რადგან მისთვის ყველა ენა ჩინურია-ო).
ქალბატონი გაბრიელა 2001 წლიდან (ანუ შევარდნაძის ავადსახსენებელი მმართველობის დროიდან) თბილისის სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორია. მოქანდაკეა. მან შექმნა ვარდების რევოლუციის ძეგლი და პრეზიდენტის სასასხლის წინ მოქანავე სამკუთხედი. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ხელოვნების შეფასება ჩვენი მიზანი არ არის და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ შემთხვევაში. ის ევროპის პარლამენტის ყოფილი წევრის და ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის, 97 წლის ოტო ფონ ჰაბსბურგის (რომელმაც ჰაველთან, გლიუკსმანთან და სხვებთან ერთად ხელი მოაწერა საქართველოს მხარდამჭერ წერილს ამა წლის სექტემბერში, ძველ დროში გულანთებული ზვიადისტი) შვიდ შვილითაგან მეოთხეა და ავსტრო-უნგრეთის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორის კარლ I (უნგრული თვლით IV) შვილიშვილია. თუ ვინმე „კარგი ოჯახიშვილია", ეს ერცჰერცოგინია გაბრიელაა.
გაბრიელა მარია შარლოტე ფელისიტას ელიზაბეთ ანტონია ფონ ჰაბსბურგ-ლოტრინგენ მიუნხენთან შტარნბერგის ტბაზე ცხოვრობს (ვინც გერმანიას იცნობს, იცის, რომ ეს მისამართი უკვე საკმარისი სავიზიტო ბარათია) და სოლოლაკშიც აქვს ბინა. საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილის უშურველი მხარდაჭერისთვის მას პრეზიდენტმა 2007 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ახლა საქართველოს ელჩად ინიშნება მისივე ძირითად სამშობლოში. ასეთი პრაქტიკა, მსუბუქად რომ ვთქვათ, საერთაშორისო ურთიერთებოებში უცნაური და ექსტრავაგანტულია. ასეთ სხვა ქვეყნის მოყვარულ ან სხვა ქვეყნის გულშემატკივარ ადამიანებს საპატიო კონსულებად თუ ნიშნავენ ხოლმე.
ის, რომ ქალბატონ გაბრიელას ფილოსოფია და ხელოვნება უსწავლია მიუნხენში და არაა საკადრო დიპლომატი, არ წარმოადგენს რაიმენაირ დაბრკოლებას. ბევრ, განსაკუთრებით პატარა ქვეყანას (ლათინური ამერიკის ქვეყნებში ეს გავრცელებული პრაქტიკაა), უცხოეთში მათი ცნობილი მწერლები ან ხელოვანი ადამიანები წარმოადგენენ. როგორც ბერლინური გაზეთი „ტაგესშპიგელ" წერს, დიპლომატიურობა და მოლაპარაკებების ნიჭი - „როგორც ამბობენ - ჰაბსბურგების სამარკო ნიშანი - ისევე ხშირად გადაეცემათ მემკვიდრეობით, როგორც ართროზი და ადიპოზიტასი". პრობლემა ისაა - 2 წლის საქართველოს მოქალაქე, როგორ წარმოადგენს საქართველოს და თან საკუთარ ქვეყანაში? ამას გერმანელები Schnapsideeს უწოდებენ, ანუ შნაპსს (ოტკას), რომ დალევს კაცი და ტვინი რომ გაუნათდება. ასე რაფაელ გლუკსმანი, ჩვენი ანდრეს ბიჭიც, კარგი იქნებოდა საქართველოს ელჩად საფრანგეთში. რასაკვირველია პრეცენდენტებიც არსებობს მსგავსი, აფხაზებსაც ხომ ჰყავთ დიდ ბრიტანეთში წარმომადგენლად ჯორჯ ჰიუიტი.
თავს ნუ გაიბანანებ თუ არ გინდა, რომ ბანანის რესპუბლიკა გერქვას.
კომენტარები
ნინო ბექიშვილი, ნოემბერი 2, 2009, 19:57:02
გლუკსმანი - საფრანგეთში!
არ გავმართოთ ერთი მიტინგი გლუკსმანის გასაელჩებლად?
სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 2, 2009, 21:07:31
საინტერესოა რამდენი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს ქალბატონ გაბრიელას. მამამისს ოთხი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს> გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთისა და ხორვატიის.
სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 2, 2009, 22:33:14
ჩვენ კომპეტენცია და პასუხისმგევლობა ვთქათ, საქართველოს წინაშე, თორემ ისე რა უჭირს ,გერმანელი დიდგვაროვანი,იყოს რა....
ზაზა (შეუმოწმებელი), ნოემბერი 3, 2009, 20:51:56
არადიპლომატი, მაგრამ ფონ ჰაბსბურგი საქართველოს წარადგენს? - დაუჯერებელია! ეგ ან ქართული დიპლომატიის კრიზისია, ან მათი იგნორირება. არა და რამდენ წარჩინებულ და დახვეწილ ახალგაზრდა ქართველ დიპლომატს შევხვედრივარ (საქართველოში თუ საზღვარგარეთ) ვინც საკუთარი სახსერბით სწავლობს, და უცხო ენის, ერუდიციის და ლოგიკის ფლობით მართლაც სიამაყით წარმოგვაჩენდა. ეს ხალხი ალბათ არც დაგვიბრუნდება რადგან მათი ადგილი ფონ ჰაბსბურგებმა მიიღეს!? კიდევ ერთი ირონია!
მე პირადად კარლა ბრუნის ავირჩევდი საფრანგეთში საქართველოს ელჩად.
სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 4, 2009, 18:46:44
Katiee (შეუმოწმებელი), ნოემბერი 4, 2009, 19:34:47
თიკო (შეუმოწმებელი), ნოემბერი 5, 2009, 05:46:28
Sean Penn (შეუმოწმებელი), ნოემბერი 5, 2009, 11:12:58
სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 10, 2009, 00:35:52
Jessica de Rider (შეუმოწმებელი), ნოემბერი 15, 2009, 23:08:13
ახალი კომენტარის გამოქვეყნება