ირანული წინააღმდეგობის ალია-ბალია
რატომ ვერ იქცა ირანის არჩევნების შემდეგ აგორებული საპროტესტო ტალღა სახალხო მოძრაობად?
ირანის უმაღლესი ხელისუფლება, ეტყობა, თვითონაც არ მოელოდა პროტესტის ისეთ უკიდურეს ფორმებს, როგორსაც 2009 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისა და "დაკანონებისას" წააწყდა.
უმაღლეს ეშელონებში, ჩანს, ფიქრობდნენ, რომ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა იქნებოდა და უკმაყოფილოები ეყოლებოდათ, მაგრამ ეს უკმაყოფილება დასაშვებ ზღვარს ვერ გადასცდებოდა. "დასაშვები ზღვარი" გულისხმობდა მხოლოდ გარეგნულ, ზედაპირულ პროტესტს. ეს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვერავითარ ცვლილებას ვერ გამოიწვევდა, სასულიერო ლიდერებისთვის კი თავის მოსაწონებელი გახდებოდა - რომ ისლამურ რესპუბლიკაში დემოკრატიის ძალიან მაღალი ხარისხი აქვთ და ასეთ დემოკრატიულ მიდგომებს თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ინატრებდა.
თუმცა მასობრივი უკმაყოფილების ტალღამ, რომელმაც არჩევნების შემდეგ ქვეყნის ყველა ქალაქი და თითქმის ყველა სოციალური ფენა ერთნაირად მოიცვა, ყოველგვარ წინასწარ გათვლას გადააჭარბა. ყველა ქალაქსა და სოციალურ ფენას ასე საგანგებოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ ოფიციალურ თეირანს სურს, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილება მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობისა და კერძოდ ინტელიგენციის პროტესტად მოგვაჩვენოს, რომელსაც არ მოსწონს ხალხის უბრალო ფენებიდან გამოსული პრეზიდენტი და ეს დამოკიდებულება აჰმადინეჟადისადმი სნობურ ქედმაღლობას ეფუძნება. "ხალხოსანი" აჰმადინეჟადი კი, რომელსაც კარგად ესმის დაბალი ფენების ენა და სატკივარი, ცდილობს, სწორედ ხალხს გაუიოლოს ცხოვრება და არა მოსახლეობის რომელიმე პრივილეგირებულ ნაწილს, ვთქვათ, "უცხოეთის მიერ დაქირავებულ და გამოყენებულ" ინტელიგენციას.
ბრჭყალებში ჩასმული ციტატა ირანის არჩეული პრეზიდენტის სიტყვებია, რომელსაც ის ხშირად ხმარობს თავისი მოწინააღმდეგეების მისამართით. როგორც ჩანს, სოციალური წარმომავლობა ისეთი საკითხია, რასაც თანასწორობის იდეალების განუხრელად დამამკვიდრებელი და დამცველი რელიგია - ისლამიც კი ვერაფერს უხერხებს. ყოველ შემთხვევაში, ირანში მოსახლეობის ისეთი გამოკვეთილი სეგმენტაცია შეიმჩნევა, რომ ამ მხრივ მას მხოლოდ ხალხის ქალაქელებად და სოფლელებად, "ქაჯებად" და "არაქაჯებად" დაყოფის ქართული ვერსია თუ შეედრება.
ამიტომაც, აჰმადინეჟადი და ოფიციალური იდეოლოგიური მანქანა კარგად ათამაშებდა ამ კარტს და არჩევნების შემდგომ ხელისუფლების მიერ მართული პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა უბრალო ხალხის კეთილდღეობისათვის უამრავი რამ გააკეთა. უპირველესად კი შეასრულა დაპირება და თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში საშუალო პენსია, რომელიც მანამდე 154 დოლარს შეადგენდა, თითქმის 350 დოლარამდე გაზარდა!
რაც უნდა ითქვას, ეს ერთი რამ ნამდვილად ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, როგორც ირანის ხელისუფლებასა და, საერთოდ, ტოტალიტარული სისტემის იდეოლოგიურ მანქანებს სჩვევიათ, სიმართლის მხოლოდ ერთი მხარეა აქცენტირებული. საქმე ისაა, რომ იქვე აღარავინ აღნიშნავს, რომ ბოლო დროს და სწორედ აჰმადინეჟადის პრეზიდენტობის პირველ ვადაში ინფლაციამ უკიდურეს საზღვარს მიაღწია და ირანული ფული დოლართან შედარებით თითქმის 10-ჯერ გაუფასურდა. ამდენად, დღეს საშუალო შეძლების ირანელი თავის 350-დოლარიანი პენსიით იმას ნამდვილად ვეღარ იყიდის, რასაც აჰმადინეჟადის პრეზიდენტობამდელი 100-დოლარიანი პენსიით შეიძენდა.
თავმომწონეობის მიზეზის გარდა, ირანის ხელისუფლებას აქვს ერთგვარი საფრთხობელები, რომლებითაც თავისსავე მოსახლეობას აშინებს.
არჩევნების შემდეგ ოფიციალურმა იდეოლოგებმა განსაკუთრებული, ოღონდ მაინც ფრთხილი აქცენტები დასვეს სეპარატისტული ტენდენციების გაღრმავებასა და ქვეყნის დაშლის რეალურ საფრთხეზე, რისი არიდებაც მხოლოდ "ახლანდელი ხელისუფლების გონიერების წყალობით ხერხდება".
კერძოდ, ქურთებით დასახლებულ რეგიონში რამდენიმე მკვლელობა მოხდა, რამაც ამ რეგიონში ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. საპროტესტო აქციებზე ავტონომიის მოთხოვნა ისეთი კატეგორიული ტონით გაისმა, რის პრეცედენტი მანამდე თითქმის არ ყოფილა. ვითარების დაშოშმინება მხოლოდ ქვეყნის სასულიერო ლიდერის - აიათოლა ალი ხამენეის აქტიური ჩარევის შედეგად მოხერხდა.
ამ ინციდენტის მეშვეობით ირანის ოფიციალურმა ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობას და უპირველესად თავის ოპონენტებს დაანახა, რას ნიშნავს სასულიერო ლიდერის ავტორიტეტი ქვეყნის ერთიანობისათვის და რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს ამ ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენებამ.
მართალია, ოპოზიციის ნაწილმა ამ მკვლელობების მიღმა თავად ხელისუფლების ხელი დაინახა, მაგრამ ფაქტია, რომ სანამ საქმეში ალი ხამენეი ანუ იგივე ხელისუფლება არ ჩაერია, მანამ ვერავინ ვერაფერი გააწყო. ხალხმა კი იგრძნო, რომ არსებული სახელისუფლებო სტრუქტურების რღვევის შემთხვევაში, მთელი ქვეყანა ნაწილ-ნაწილ დაიშლება და, რაც მთავარია, ქურთების სეპარატისტული ტენდენცია არაფერია იმ საფრთხესთან შედარებით, ამ მხრივ ქვეყნის თურქული (აზერბაიჯანული) რეგიონები რომ შეიცავს.
აზერბაიჯანული სეპარატიზმი იმდენად ძლიერია, რომ ზემოაღნიშნული ავანტიურის ავტორებმა თავიანთი მიზნებისათვის აზერბაიჯანელების გამოყენება ამიტომაც ვერ გაბედეს და შედარებით მშვიდი და კონტროლს დაქვემდებარებული ქურთები შეარჩიეს. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, პრობლემა რეალურად დგას და ამ პრობლემის გადაწყვეტა ირანის პოსტისლამურ ხელისუფლებას (თუკი ასეთი უახლოესი წლების განმავლობაში იქნება) მოუწევს.
1978 წელს ირანში მომხდარმა ისლამურმა რევოლუციამ, შესაძლოა, ამ ქვეყანას უამრავი პრობლემა მოუტანა, მაგრამ ერთ ისეთ საფრთხეს აარიდა, რამაც არსობრივად ყველა პრობლემა გადაწონა. ეს იყო ქვეყნის რამდენიმე რეგიონად დაშლის საშიშროება, რის წინაშეც რეალურად იდგა შაჰის მმართველობა.
პრობლემა ბოლომდე ვერ მოაგვარა, მაგრამ მნიშვნელოვნად გადაჭრა ისლამურმა იდეოლოგიამ, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის ერთობის პრინციპად, ეთნიკური წარმომავლობის ნაცვლად, რელიგიური აღმსარებლობის ერთიანობა გამოაცხადა და ოფიციალურ სქემად მოსახლეობის კონფესიურ უმცირესობებად დაყოფა შემოიღო. აღნიშნული პრინციპის თანახმად, ეთნიკური აზერბაიჯანელი, ირანელი, ქურთი თუ ქართველი შიიტთა ერთიანი მუსლიმური თემის განუყოფელი ნაწილია. ამ, ერთი შეხედვით, მყიფე ერთიანობის სქემამ ძალზე წარმატებულად იმუშავა. თანაც დანაწევრების საფრთხე მოგვიანებით მნიშვნელოვნად გაანეიტრალა იმ გარემოებამ, რომ ირანის დღევანდელი სასულიერო ლიდერი - ალი ხამენეი აზერბაიჯანული წარმოშობისაა.
მაგრამ ამის მიუხედავად აზერბაიჯანული სეპარატიზმი ირანში მაინც მუდმივად რჩება სახელმწიფოებრივი რღვევის მაპროვოცირებელ ელემენტად და, როგორც ჩანს, სულ სხვა (ასევე სეპარატისტულ) რეგიონში გათამაშებული მოვლენებით დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობას სწორედ ამ სიღრმისეულ საშიშროებაზე მიუთითა.
ხაზგასმულად "მამაშვილური" იყო ალი ხამენეის მიმართვის ტექსტი ქურთებით დასახლებული რეგიონის მცხოვრებლებისადმი. ქვეყნის სასულიერო ლიდერი აღნიშნავდა, რომ დღეს ისლამურ ირანს ერთი მტერი ჰყავს - მოდერნიზებული კოლონიალიზმი და ამ მტერს ყველა ირანელმა, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, გაერთიანებული ძალებით უნდა შეუტიოს.
ოპოზიციასაც მიაჩნია, რომ ირანს ერთი მტერი ჰყავს, ოღონდ, ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რომელიც ამ მტერს გარეთ ეძებს, ის პრობლემას თვითონ მმართველობის სისტემაში, ანუ ქვეყნის შიგნით ხედავს. უფრო სწორად, ირანული ოპოზიცია ადანაშაულებს არა მმართველობის სისტემას, არამედ კონკრეტულ ხელისუფალთ და სწორედ აქ არის საძიებელი ირანული წინააღმდეგობის მოძრაობის სისუსტის გასაღები.
ცხადია, ქვეყანაში არსებული ვითარება ისეთია, რომ ოპოზიცია იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ხალხის ფართო ფენებში გამეფებულ რელიგიურ განწყობილებებს და ამ თემას საერთოდ ძალზე ფრთხილად მოეკიდოს.
თანაც დღევანდელი ოპოზიცია თვითონვე სასულიერო ფენის ერთი ფრთაა და არსებული რეჟიმის მოწინააღმდეგე პრინციპულად სწორედ ამიტომაც ვერ იქნება. ანუ ირანში არ არსებობს დე ფაქტოდ არსებული ვითარების პოლარული ოპოზიცია, რომელიც ხალხს არსებულის სრულიად საწინააღმდეგო პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოებრივ მოწყობას შესთავაზებდა. ამიტომაც, მოსახლეობის ფართო ფენებში დღევანდელი საპროტესტო აქციები მაინც ძალაუფლების გადანაწილებისათვის ბრძოლებად აღიქმება.
რეალურად ამიტომაც ვერ გახდა ეს წინააღმდეგობა საერთო სახალხო მოძრაობა, თორემ დღევანდელ ხელისუფლებას პენსიის ზრდა ხალხის გულს ვერაფრით მოაგებინებდა. უბრალოდ, მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის, რომ "ალია-ბალია - ორივე თათარია!" არსებული ხელისუფლების ერთი განშტოების მეორე შტოთი ჩანაცვლებით რეალურად არაფერი შეიცვლება.
ამიტომაც, არჩევნების შემდგომ ასე ოსტატურად აგორებული უკმაყოფილება ძალიან სწრაფად ჩაცხრა და ქვეყანა ისევ ცხოვრების ჩვეულ, მობეზრებულ კალაპოტს დაუბრუნდა.
სიმშვიდისთვის უკვე კანონიერმა პრეზიდენტმაც საგანგებოდ იზრუნა - ყველა ოპოზიციური გაზეთი ნელ-ნელა გააუქმა და მოწინააღმდეგეთა ყველა ტრიბუნა გადაკეტა. ასე თავს გაცილებით მშვიდად იგრძნობს: ბრალდებას, რომ ძალაუფლებისა და ხელისუფლების უზურპატორია, ვერსაიდან გაიგონებს.

კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება