Skip to content

ავტორიზაცია

რუსეთი და ჩინეთი კვლავ ერთად არიან


59
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ვიზიტით ჩინეთს სტუმრობდა. ვიზიტის რუსული შეფასებები ასეთია: "შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა"; "პუტინმა პეკინში რუსეთის ეკონომიკა გაამყარა"; "მეგობრობა 60 წლის შემდეგ". 
პრემიერ-მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ხუ ძინტაოს, სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ვენ ძიაბაოს და პეკინში "შოსის" სხდომაზე ჩასულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს (ყაზახეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ირანი).
რუსეთის პრემიერმა ვიზიტის მთავარი ამოცანა შეასრულა. გამართული მოლაპარაკებების შედეგად რამდენიმეწლიანი მცდელობა წარმატებით დასრულდა - რუსეთი ჩინეთს ბუნებრივ გაზს მიაწოდებს. ძირითადი პირობების შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმებულია, დადგენილია გაზის მიწოდების ოდენობა (70 მილიარდი კუბ.მ. წელიწადში), თუმცა კვლავ შესათანხმებელია ფასი. ასევე გარკვეულია, რომ "გაზპრომი" ჩინეთს გაზს ორი გზით დასავლეთ და აღმოსავლეთ გაზსადენებით მიაწვდის, რაც, სავარაუდოდ, 2014-2015 წელს დაიწება. კიდევ ერთი მიღწევაა - ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდების შეთანხმება. "ჩვენ ყველა საკითხზე ხმის ჩახლეჩამდე ვკამათობთ, თუმცა საბოლოო ჯამში ვთანხმდებით", - განაცხადა პუტინმა ვიზიტის დასრულებისას.
ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინი აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი მხოლოდ ბარაკ ობამას სიტყვებზეა ორიენტირებული. "ობამა ერთს აცხადებს, ვერშბოუ - მეორეს, მიდი და გაიგე, ვინ განაგებს ამერიკაში საგარეო პოლიტიკას", - განაცხადა პუტინმა.
ვიზიტის ფარგლებში კიდევ სხვა ხელშეკრულებებსაც მოეწერა ხელი. მათ შორისაა ბალისტიკური რაკეტების გაშვების ერთმანეთისთვის შეტყობინების შესახებ შეთანხმება. მხარეებმა საზღვრისპირა ვაჭრობის საკითხებიც განიხილეს.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.