• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

უკან მომავლისკენ?!

განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, სამის ნაცვლად, ოთხი სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
 ლევან ხერხეულიძე

მისაღებ გამოცდებზე მეოთხე სავალდებულო გამოცდის დამატების საკითხი მთავრობის დონეზე 5 ოქტომბრის შემდეგ წამოიჭრა, როცა პრეზიდენტმა დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა: "... თუ თვლით, რომ მეოთხე გამოცდა დასამატებელია, ეს უნდა დასაბუთდეს".... ზუსტად ოთხ დღეში აღმოჩნდა, რომ საკითხი ყველა დონეზე განხილული და შეჯერებული იყო და, რაც მთავარია, მოწონებულიც. განათლების მინისტრმა მეოთხე გამოცდის აუცილებლობა მინისტრთა კაბინეტს ასე დაუსაბუთა: მეოთხე გამოცდა თანაბარ პირობებში აყენებს როგორც უმაღლეს სასწავლებლებს, ასევე აბიტურიენტებს, რადგან მათ სახელმწიფო გრანტს ოთხივე გამოცდის შედეგების მიხედვით მისცემენ და არა მხოლოდ უნარების ტესტით, როგორც აქამდე იყო. 
თუმცა გაუგებარია, 3 გამოცდის შედეგებით რატომ არ შეიძლებოდა ამ გრანტის გაცემა?! ანდა, თუ უნივერსიტეტებს აბიტურიენტის ცოდნის დონის გარკვევა სჭირდებოდათ, აქამდეც ხომ შესაძლებელი იყო დამატებითი გამოცდების დანიშვნა.
მინისტრის მეორე არგუმენტი იყო ის, რომ მეოთხე გამოცდა ხელს შეუწყობს ფუნდამენტური საგნების სწავლას სკოლებში.
რაც შეეხება მეორე არგუმენტს: აქამდე უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად სავალდებულო იყო ზოგადი უნარების, ქართული ენისა და უცხო ენის ჩაბარება, ახალი პროექტით, ამ საგნებს დაემატება კიდევ ერთი, რომელსაც აბიტურიენტები თავად აირჩევენ. არჩევა 7 ფუნდამენტური საგნიდან მოხდება: ქართული ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.
მეოთხე გამოცდის დამატება უმაღლეს სასწავლებლებს აქამდეც შეეძლოთ. მაგალითად, თსუ-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე მოსახვედრად აუცილებელი იყო მათემატიკის ჩაბარება; ანუ იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა 4 გამოცდის ჩაბარება, არაფერი იცვლება. მაგრამ ვინც 3 გამოცდით აპირებდა უნივერსიტეტში მოხვედრას, მათთვის ეს გამოცდა ზედმეტ ძალისხმევასა და ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება.
საშუალოდ, სკოლას ყოველწლიურად 60 ათასი მოსწავლე ამთავრებს, მაგრამ უმაღლესში მათი მხოლოდ 50 პროცენტი აბარებს, ანუ დაახლოებით 30 ათასი სკოლადამთავრებული არც კი ცდილობს, რომ სწავლა აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელოს.
შეუძლია თუ არა მეოთხე გამოცდას ეს პრობლემა მაინც მოაგვაროს და საჯარო სკოლასთან კავშირის აღდგენით იქ სწავლების დონე აამაღლოს? მაგალითად, რამდენად შეძლებს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მოხვედრის მსურველი აბიტურიენტი, რომელიც, სავარაუდოდ, შვიდი შემოთავაზებული საგნიდან მეოთხე გამოცდად ქართულ ლიტერატურას აირჩევს, მხოლოდ სკოლაში მიღებულ ცოდნას დაეყრდნოს?
თუ ქართული ენისა და ლიტერატურის უკვე არსებული გამოცდა აბიტურიენტის ენის ცოდნას, უცხო ტექსტის აღქმისა და ანალიზის უნარს ამოწმებს, დამატებითი გამოცდა იმავე საგანში მხატვრული ლიტერატურის უკეთ ცოდნას შეამოწმებს. ანუ ჩნდება იმის თეორიული შანსი, რომ საგამოცდო საკითხები სკოლის პროგრამასთან იყოს კავშირში. თუმცა, ეს შანსი მხოლოდ თეორიულია. დღეს სკოლაში ერთს ასწავლიან, და გამოცდაზე მეორეს სთხოვენ. ამიტომ შეუძლებელია, მოსწავლე აიძულო, რომ მხოლოდ სასკოლო პროგრამას მიჰყვეს პირნათლად, თუკი მას უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება და ახლა უკვე ოთხი გამოცდისთვის მომზადება აქვს გადაწყვეტილი.
ამ თემებზე დისკუსია სოციალურ ქსელებს არ გასცდენია, მსგავსი კითხვების გარშემო არც ერთი საჯარო დისკუსია არ გამართულა არც განათლების სამინისტროს გარეთ და არც მის შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს თუ დავეყრდნობით, მათ სულ 4 დღეში "მოასწრეს" აზრების შეჯერება და შეთანხმება.
სოციალურ ქსელებში კი დაინტერესებულ ჯგუფად რეპეტიტორებისა და ტესტების გამსწორებლები დაასახელეს. თუმცა, ეს უკანასკნელი ძალიან პატარა ჯგუფია, თან ტესტებს ელექტრონულად ამოწმებენ და გამსწორებლებიც ყოველწლიურად იცვლებიან ხოლმე.
გამოდის, რომ მეოთხე გამოცდის დამატება ყველაზე მეტად ერთი დაინტერესებული ჯგუფისთვის არის ხელსაყრელი - რეპეტიტორებისთვის.
2009 წლის მონაცემებით, მე-4 გამოცდა 28 004 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან დაახლოებით 45-მა პროცენტმა აირჩია. 2010 წლიდან კი ყველა აბიტურიენტი იძულებული იქნება, მისთვის მოემზადოს. ეს ნიშნავს, რომ ამ 7 ფუნდამენტური საგნის პედაგოგებს, მცირე ხელფასების პირობებში, დამატებითი შემოსავლის წყარო უჩნდებათ.
არაფერია ცუდი იმაში, თუ მოსწავლე დამატებით ცოდნას მეოთხე გამოცდისთვის მომზადებით შეიძენს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ცოდნას აბიტურიენტი სკოლაში მიიღებს და არა რეპეტიტორთან.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.