მთელი ბავშვობა და მერეც, ყოველთვის გვყავდა ძაღლი, ხან ქალაქში, უფრო ხშირად კი სოფელში, რაჭაში: კოჭლი პატარა გოშია, სახელად კვანწა, მდინარის (შარეულას) დანახვისთანავე რომ თავით ეშვებოდა წყალში, გიგანტური ლადა, კავკასიურის და სენბერნარის ნაჯვარს ჰგავდა, ირლანდიური სეტერი - რექსა, წუწკი, მაგრამ ძალიან ერთგული ვაჟკაცი, შავტუხა და ჩუმჩუმელა ჯეკა, გადარეული მეგი, ინგლისელი კოკერ-სპანიელი, "არილის" სიმბოლოს, ლორას ქალიშვილი.
სადაც "არილი" ვახსენე, იქაც ლიტერატურული ძაღლები უნდა ჩამოვთვალოთ, ასეთებს კი ბევრგან შეხვდებით: სათაურებში, მთავარ გმირებად, სანჩო პანსასნაირ ბრძენ და ერთგულ თანამგზავრებად... საკმარისია გავიხსენოთ ჯეიმს თარბერი, ვირჯინია ვულფის ფლაში, ჯეკ ლონდონის ძაღლები, ელიზაბეტ ფონ არნიმის მემუარები, სახელად "ჩემი ცხოვრების ძაღლები", დანიელ პენაკის "ძაღლი, ძაღლი", ნოდარ დუმბაძე, არჩილ სულაკაური, აკა მორჩილაძე, ბესო ხვედელიძე, ლომა, ნუგზარ შატაიძის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმიდან, ჟაკ ტატის ქუჩის ძაღლები, ლესი, სერიალის ბეთჰოვენი და რაღა თქმა უნდა, მაილო.
ამ რამდენიმე დღის წინ ზუსტად მაილოსნაირ ძაღლთან, ანუ ჯეკ რასელ ტერიერ ვასიკოსთან ერთად მოვიარეთ მე და ჩემმა მეგობრებმა მთელი ქიზიყი. სოფელ ქვემო მაღაროში ერთ კარგ კაცსაც ვეწვიეთ და ეზოში, რა თქმა უნდა, პატარა ძაღლიც დაგვხვდა, ვასიკოსხელა, სახელად ბომბა. მოკლედ, რომ იტყვიან, მოვიდა ვასიკო - დახვდა ბომბა. ჩემი მეგობრის შვილი დიდხანს არ სვამდა ძაღლს ძირს, ჯერ მანქანიდანაც არ გადმოჰყავდა: "ეგო, მანდო თავის ტერიტორიაზეაო, ეს კიდე აქ არი თავის ტერიტორიაზეო". ძლივს დავასმევინეთ ძაღლი ძირს. თავიდან ბიჭებმა ერთი-ორი კი წაუღრინეს ერთმანეთს, მაგრამ ტრაკების დასუნვის მოკლე სეანსის შემდეგ მაგარი მეგობრები შეიქნენ, ისე დაძმობილდნენ, რომ კინაღამ ზემო მაღაროში გაგვექცნენ "გოგუებში". ამას რა თქმა უნდა, მე ვვარაუდობდი, აი ალექსანდრა ჰოროვიცი კი, ნაღდად გეტყოდათ, ვასიკოსა და ბომბას ჩანაფიქრებს.
ამერიკელი ფსიქოლოგი და დოგოფილი ალექსანდრა ჰოროვიცი აგერ უკვე მერამდენე ადამიანია, ვინაც ძაღლის შინასამყაროში შეღწევა სცადა. იგი ერთი გერმანელი ბიოლოგის ცნებით, umwelt-ის განმარტებით იწყებს წიგნს და ძაღლების გარემოში, მათ სუბიექტურ, თვითებრივ სამყაროში შეღწევისკენ მოგვიწოდებს, რათა გავიგოთ, თუ რას გრძნობენ, ხედავენ და აღიქვამენ ისინი.
მაგალითად, ვარდი ადამიანის წარმოდგენაში სასიამოვნო, ძვირფას მოგონებებს აღძრავს, იგი ტკბება მისი სურნელით, ფერით, ძაღლი კი მხოლოდ მიფსმულის გამო შეიძლება დაინტერესდეს ვარდით, მანამდე იგი არც ამჩნევს მის არსებობას, იგი მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს "ძაღლური სემიოტიკა" ძალიან საინტერესოა და აუარება ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება საილუსტრაციოდ. შარვლის ტოტი, ფლოსტი, სკამის ფეხი, ფარდა, რომლის უკანაც ძაღლი შეიძლება "დაიმალოს" და თან ცხვირი უჩანდეს, ფოჩებიანი გადასაფარებელი, საიდანაც ახლად შეკრეჭილი "ბალონკა" არაფრით არ გამოდის, რადგან სამყაროს ძველებური ხედვა უნდა აღიდგინოს. ერთი სიტყვით, ჩვენ და მთლიანად სამყარო მათთვის უხილავია, სანამ იგი რაღაც მნიშვნელობას არ შეიძენს, თუმცა ჩვენც ხომ ეგრე ვართ? მახსოვს, ერთხელ ბავშვობაში ბალახში ჩავწექი, კარგად დავაკვირდი და უცებ უზარმაზარი სამყარო აღმოვაჩინე. ჰოროვიციც გვირჩევს, ოთხზე დავდგეთ, ცოტა წავუღრინოთ, ცოტა წავილაქუცოთ და ძაღლურ შინასამყაროსაც გავუგებთ რაღაცას.
ქართველებს ღრენა არ გვაკლია და ლაქუცშიც მაგრები ვართ, ამიტომ, წესით, ჩვენთვის ადვილი საწვდომი უნდა იყოს, რას ნიშნავს იყო ძაღლი და ძაღლურად ხედავდე სამყაროს.
ისინი "ცხვირის ქმნილებანი" არიან, რის სანიმუშოდაც ჰოროვიცს რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. მაგალითად, ბიგლის ჯიშის ძაღლს ცხვირში 300 მილიონი რეცეპტორული კვანძი (თუ რაცაა) აქვს, მაშინ, როცა ადამიანს 6 მილიონით გააქვს თავი. გარდა ამისა, ჩვენ აუცილებლად უნდა ამოვისუნთქოთ, სანამ ჰაერს ჩავისუნთქავთ, აი ძაღლს კი ამ მხრივ ნამდვილი სასწაულების მოხდენა შეუძლია. იგი ჩაისუნთქავს, და შემდეგ იწყება მთელი ცხვირის კანკალი და დაჭერილი ჰაერის ნაღდი დეგუსტაცია.
საფრანგეთში განათლებამიღებულმა ერთმა ჩემმა მეღვინე მეგობარმა მომიყვა, თუ როგორ ხდიდა არაყს ერთი ფრანგი გლეხი. როცა ჰკითხეს, - ცეცხლის ტემპერატურას როგორ აკონტროლებ, სპირტი რომ არ დაგეხრაკოსო, - იმას უპასუხია: ძაღლს ვაკვირდები, თუ გარეთ გავიდა, ე.ი. მაგრად დასცხა და ცეცხლს უნდა დავუკლოო. სხვათა შორის, ჩვენი კვანწაც მაგ საქმის სპეციალისტი იყო.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება