Skip to content

ავტორიზაცია

თავისუფალი საზოგადოების რისკები


ინტერვიუ სახალხო დამცველთან, გიორგი ტუღუშთან

ბატონო გიორგი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი,  ხედავთ თუ არა რაიმე პრობლემას თეა თუთბერიძის არჩევანში, შეურაცხმყოფელი ვიდეოების გავრცელებით გამოეხატა საკუთარი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ?

 ლევან ხერხეულიძე

როდესაც თავისუფალ საზოგადოებას აშენებ და ქვეყნაში აღიარებულია სიტყვის თავისუფლება, ყოველთვის არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ტკივილი თუნდაც უმრავლესობას მიადგეს და თუ არ მოხდება ჯანსაღი რეაგირება, სიტყვიერი დაპირისპირება ყოველთვის შეიძლება ფიზიკურში გადაიზარდოს. როგორც სახალხო დამცველი, ამ თემაზე პოზიციას ვერ გამოვხატავ, პიროვნულად კი შემიძლია ვთქვა - კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი პიროვნული შეურაცხყოფისა, არანაირად არ მივესალმები უხამსობას, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი რამ თავისუფალ საზოგადოებაში ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ასევე წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი მუქარისა, რომელიც შემდეგ შეიძლება ძალადობაშიც გადაიზარდოს. მტკივნეულია რელიგიური უმცირესობებისთვის, როდესაც მათ ან მათ წმინდანებს შეურაცხყოფენ. ასეთ თემებთან თამაში ძალიან საშიშია და ამისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი. სახალხო დამცველს ძალიან ხშირად უხდება მუშაობა ისეთ საქმეებზე, როდესაც უმცირესობებს შეურაცხყოფენ და მათზე ძალადობენ. უმცირესობაც ზუსტად ასევე მტკივნეულად განიცდის ხოლმე, როგორც უმრავლესობა. ეს ძალიან ფაქიზი თემაა და კარგად მესმის საზოგადოების ამ ნაწილის. თუმცა, ამ ტკივილის გამოხატვა ცივილიზებული ფორმებით უნდა ხდებოდეს. რაც მთავარია, არ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული შემთხვევების უტრირება და პოლიტიზირება, რასაც შემდეგ უფრო მეტ დაძაბულობამდე მივყავართ. ამგვარ თემებზე ევროპის სასამართლოს უამრავი გადაწყვეტილება არსებობს. სასამართლო ცდილობს, გაარკვოს, სად გადის ზღვარი. ამ შემთხვევაში ნამდვილად  ჰქონდა უხამსობას ადგილი.  ეს კლიპი არ მინახავს, მაგრამ აღწერილობა ვიცი. ვიცი, რომ ეს იყო საკმაოდ უნიჭოდ, უხამსად გაკეთებული კლიპი, რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა  გარკვეული წრეების უკმაყოფილება. თუმცა, ბუნებრივია, ამ კლიპის განთავსებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ.


როგორ აფასებთ საზოგადოების რეაქციას, რომელიც ამ ვიდეორგოლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა?

ვთვლი, რომ არ ვარ კომპეტენტური, სრული ანალიზი გავაკეთო ასეთ რთულ თემაზე. ზოგადად ვიტყვი, რომ ამ თემის ბოროტად გამოყენება, მისი პოლიტიზირება, ხელზე დახვევა, მცდელობა, რომ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე, გააღვივონ შუღლი, სულ ერთია, ერთი ადამიანის თუ კონკრეტული ჯგუფის მიმართ, ნამდვილად შეცდომაა.

ოპოზიციური პარტიები ამ ისტორიის უკან ხელისუფლების მიერ ეკლესიის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას ხედავენ. არის თუ არა ეს ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ომბუდსმენის აპარატი მუშაობს?

სიმართლე გითხრათ, პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში ძალიან ხშირად გამოვთქვამ უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ, როდესაც მათ რეაგირება არ მოახდინეს მაშინ, როცა   უმცირესობების უფლებები ილახებოდა.  ჩემი შესაფასებელი არ არის, მაგრამ გარედან სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების ნიშნებს ნამდვილად ვერ ვხედავ.

აქვს თუ არა ეკლესიას უფლება, სეკულარულ სახელმწიფოში იყოს პოლიტიკური მოთამაშე? თუ ის ამგვარ როლშია, მაშინ, ბუნებრივია, კრიტიკაც უნდა აიტანოს.

ესეც ძალიან რთული თემაა. რეალურად, იდეალურ შემთხვევაში, ეკლესია ყოველგვარი პოლიტიკური თამაშების მიღმა უნდა იყოს. ზოგადად, საქართველოს ისტორიაში ეკლესიას  მნიშვნელოვანი როლი აქვს, კონსტიტუციაშიც არის შესაბამისი ჩანაწერი. რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ეს შეფასებები რომ გააკეთო, მაშინ ამის ნიშნები ღიად უნდა ჩანდეს. თუმცა, მე მაინც ვთვლი, რომ ეკლესია ძალიან გავლენიანი და ძლიერია და მას შეუძლია გავლენა მოახდინოს არაერთ მიმართულებაზე. ძალიან მაღალია ნდობა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ და ამას არაერთი კომპეტენტური კვლევა ადასტურებს.

შეიძლება თუ არა თანამედროვე სახელმწიფოში ეკლესია იყოს ერის ერთიანობის გარანტი? ერის გახლეჩაზე საუბარი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც სახალხო დამცველი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ეკლესიას ნამდვილად სერიოზული როლი აკისრია დაძაბული სიტუაციების განსამუხტად. როდესაც რაღაც ინსტიტუტი დიდი ნდობით სარგებლობს, მას ყოველთვის შესწევს უნარი, პოზიტიური როლი ითამაშოს მთელ რიგ მოვლენებში.

რას გულისხმობს საკონსტიტუციო შეთანხმების მე-7 პუნქტი - " საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია"? ეს იმას გულისხმობს, რომ კანონი არ ვრცელდება მასზე, თუ იმასაც, რომ, ვთქვათ, მისი კრიტიკა ან გაშარჟება არ შეიძლება?

კონსტიტუციური შეთანხმება განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას და ის ფაქტობრივად ჩვენი კონსტიტუციის ნაწილია. ამ შეთანხმების დიდი ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, თუმცა მახსოვს, როდესაც იგი შემუშავდა, იმ პერიოდში საქართველოს პარლამენტში ვმუშაობდი. ისიც მახსოვს, რომ უმცირესობებიც ჩართულნი იყვნენ ამ შეთანხმების შემუშავებაში. შეთანხმების სუბიექტს საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს და ესაა მართლმადიდებელი ეკლესია. რადგან შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დაიდო, რეალურად,  ალბათ ეს ჩანაწერი იმას გულისხმობს, რომ საქართველოს პატრიარქი ხელშეუხებელია სახელმწიფოს მხრიდან.  იურისპუდენცია არ იცნობს ამგვარ ტერმინს - "ხელშეუვალი", იქ  იმუნიტეტის ცნება არსებობს.  მე მაინც მგონია, რომ ფრაზა  სახელმწიფოს და ეკლესიას მინჯნავს.

პრეზიდენტის ადმინისტარაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს  სიტყვის  თავისუფლების პრინციპების  ბოროტად გამოყენებას. რას ნიშნავს ეს ფრაზა?  რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს "არდასაშვებად"?

თუკი საქმე ცილისწამებას ეხება, კანომდებლობის მიხედვით, შეიძლება სასამართლოში იჩივლო. თუმცა, ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ შეზღუდულია ამ კუთხით.  როდესაც სახელმწიფოში ამგვარი რამ ხდება და საქმე ეხება ადამიანის უფლებათა კონვენციის მეათე მუხლის, ანუ გამოხატვის თავისუფლების დარღვევას, ევროპის სასამართლოში უამრავი საქმე შედის. არსებობს როგორც წაგებული, ისე მოგებული საქმეები. ჩვენ რომ ამ საქმეების კონკრეტული ანალიზი დავიწყოთ, ძალიან შორს წავალთ, მაგრამ რელიგიის თემას სასამართლო ძალიან ფრთხილად და პედანტურად უგდება და თვლის, რომ ადგილზე უკეთ იციან, რა მნიშვნელობა აქვს რელიგიური ღირებულებების დაცვას, რა მდგომარეობაა ქვეყნის შიგნით. როდესაც შეურაცხყოფა კონკრეტული პირისადმია მიმართული, შეიძლება, იმაზეც ვისაუბროთ, რომ ვიღაცამ ცუდად გაიგო სიტყვის თავისუფლების ცნება. გარკვეულწილად, ალბათ სწორედ ესაა სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება. ინტერვიუს თავშიც ვახსენე, რომ თავისუფალი საზოგადოება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ, სიტყვის თავისუფლების ფასად, შეიძლება ნებისმიერ ჯგუფს, თვით უმრავლესობასაც კი მიადგეს ტკივილი.

კომენტარები

Guram Nikolashvili, ნოემბერი 10, 2009, 02:45:37

"როგორც სახალხო დამცველი, ამ თემაზე პოზიციას ვერ გამოვხატავ,..." "ვთვლი, რომ არ ვარ კომპეტენტური,..." "პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,..."  - აი ასეთი wordingi უკვე ხაიაა რაა :))))))

ქეთი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 12, 2009, 05:12:37

იურისპუდენცია არ იცნობს ამგვარ ტერმინს - "ხელშეუვალი" --> saxalxo damtsvels vurchevdi konstitutsias gadaxedos! (muxli 75) :) rac sheexeba termins "xelsheuvali", is mxolod sisxlis samartlis pasuxidgebashi mitsemas krdzalavs.. kritikis an sakutari azris raime sxva pormit gamoxatvis akrdzalva demokratiul sazogadoebashi ra tkma unda daushvebelia!

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.