Skip to content

ავტორიზაცია

გამოხატვა შეიძლება შეიზღუდოს


ინტერვიუ სოზარ სუბართან, "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი, სახალხო დამცველი 2005-2009
ბატონო სოზარ,  გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს თუ არა იმას, რომ გავრცელდეს ისეთი მასალაც, რომელიც მოქალაქეების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს?
 ლევან ხერხეულიძე

გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური. საქართველოს კონსტიტუციით ცენზურა დაუშვებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოხატვა არ შეიძლება შეიზღუდოს. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი საზოგადოებრივი, მათ შორის რელიგიური მორალის დაცვაა. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისე აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა განმარტავს, რომ უხამსობა იზღუდება, რადგან მას შეუძლია ზიანი მიაყენოს როგორც ცალკეულ ინდივიდს, ისე მთელ საზოგადოებას. ამასთან, იმის განსაზღვრაში, თუ რა არის უხამსობა, საზოგადოებრივი მორალი, ევროპული სასამართლო ძალიან ფართო დისკრეციას ანიჭებს მონაწილე სახელმწიფოებს და აცხადებს, რომ რაც არ არის უხამსობა ერთ სახელმწიფოში ან თუნდაც სახელმწიფოს ერთ ნაწილში, შეიძლება იყოს უხამსობა სხვა სახელმწიფოში ან თვით მის რომელიმე ნაწილშიც კი.

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ პირდაპირ განაცხადა, რომ ის, რაც არ არის უხამსობა ნიუ-იორკში, უხამსობა იქნება სხვა რომელიმე, უფრო კონსერვატიულ შტატში და, შესაბამისად, შეიძლება შეზღუდვასაც დაექვემდებაროს. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, პოტერ სტიუარტის თქმით, შეუძლებელია მკაფიოდ განვსაზღვროთ, თუ რა არის უხამსობა, თუმცა, მან იქვე დაამატა: „მე ვიცი, რა არის უხამსობა, როდესაც ვხედავ მას". ჩაითვლება თუ არა უხამსობად ის მასალები, რაც თეა თუთბერიძემ გამოაქვეყნა? ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს უხამსობაა და ამაზე ნათლად მეტყველებს საზოგადოების რეაქცია. სწორედ საზოგადოება წყვეტს, რას მიიჩნევს იგი უხამსობად.

გარდა უხამსობისა და საზოგადოებრივი მორალისა, ბოლო დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში აქტიურად დაიწყო მსჯელობა ისეთ ფენომენზე, როგორიცაა რელიგიური შეურაცხყოფა (ან რელიგიური ცილისწამება - Defamation of Religion). რა ჩაითვლება რელიგიურ შეურაცხყოფად? - ამის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრების ჩამოყალიბება უხამსობის განსაზღვრაზე არანაკლებ რთულია, მაგრამ იგი არსებობს და თან ძალიან მტკივნეული თემაა ცალკეული ინდივიდისა თუ ადამიანთა მრავალრიცხოვანი ჯგუფებისთვის. და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი განსაზღვრება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ ადამიანებზე, ვინც მიიჩნევს, რომ მათი რელიგიური გრძნობები შეილახა. აქაც გამოხატვის თავისუფლებას აქვს ზღვარი, რომელმაც უნდა დაიცვას ინდივიდები თუ რელიგიური ჯგუფები შეურაცხყოფისაგან.

ოღონდ, რა თქმა უნდა, როცა ვლაპარაკობთ შეზღუდვაზე, იგულისხმება, რომ მსგავს საქმეზე საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ სამოქალაქო წესით დავა და არა სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნის დაწყება. სახელმწიფოს//ხელისუფლებას (პრეზიდენტს, პროკურატურას, პოლიციას...) ამ საქმესთან არაფერი ესაქმება.

ის მუქარის წერილები, რომელსაც თეა თუთბერიძე დღესაც იღებს, მის წინააღმდეგ სხვადასხვა ცნობილი ადამიანების საჯარო გამონათქვამები - რომ ღორივით უნდა გამოჭრა ყელი და სხვა - მიმართულია თუ არა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ?

მუქარა დანაშაულია და მკაცრად ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. მიუხედავად იმისა, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული თუ  სხვა რამის. შესაბამისად, მასზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ რეაგირება.

იმ არაჯანსაღი აჟიოტაჟის შემდეგ, რაც თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ მასალას მოჰყვა, რა უფრო გამოჩნდა - ის, რომ საქართველოში რელიგიური ფუნდამენტალიზმის ნიშნები ჩნდება, თუ ტოტალურ ფარისევლობასთან გვაქვს საქმე?

საზოგადოებას, ცალკეულ პიროვნებებს, აქვთ უფლება, გამოხატონ რეაქცია უხამსობისა თუ რელიგიური შეურაცხყოფის წინააღმდეგ. ცხადია, ამ დროს გამოჩნდებიან ფარისევლებიც, რომლებიც, შექმნილი ვითარების საკუთარი პოლიტიკური (ან რაიმე სხვა) მიზნებისთვის გამოყენებას ეცდებიან და ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მზად არიან, თანამედროვე ინკვიზიცია მოაწყონ და „ერეტიკოსების" სხეულებისგან კოცონები ააგუზგუზონ, მაგრამ ისინი უმრავლესობას არ წარმოადგენენ.

და საერთოდ, მე მგონია, რომ ძალიან არასერიოზულია ამგვარ უხამსობაზე ასეთი გამოხმაურება. დღეს გაცილებით მეტს უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ ტერიტორიები დავკარგეთ, ხელისუფლებას კი არა აქვს ხედვა, როგორ გამთლიანდეს ქვეყანა; გაწყვეტილია ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან, აღსადგენად კი არაფერი კეთდება; მთელმა მსოფლიომ გადალახა ეკონომიკური კრიზისი, საქართველოში კი სულ უფრო მწვავდება; ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები; დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში ერთხელაც ვერ ჩავატარეთ სამართლიანი არჩევნები და მრავალი სხვა. თუ ამ პრობლემებზე დავიწყებთ სერიოზულ ფიქრსა და დისკუსიას, მაშინ მათი გადაჭრის გზებსაც დავინახავთ და აღარც დრო გვექნება და არც სურვილი, მსგავსი უხამსობებით დავიტვირთოთ გონება.

"ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეჩმიაძინი "ჩეჩმიაძინად" იყო მოხსენიებული, რითაც შეილახა ჩვენი სომეხი თანამემამულეების სიწმინდე, ეს იგივეა, სვეტიცხოველი რომ შეურაცხყონ. ჩვენს პრესაში ამგვარი გამოხდომები იშვიათად არ ხდება. როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, რას იტყოდით ამგვარი ფაქტების შესახებ?

ესეც რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფაა და ისეთივე მიუღებელია, როგორც უხამსობა, რომელსაც ზემოთ განვიხილავთ. პირადად მე ძალიან მკაცრად შევაფასე ეს ფაქტი, ხოლო რაც შეეხება საზოგადოებას, იგი არ არის ერთგვაროვანი: ერთი მხრივ, არის ფართო საზოგადოება, რომელიც ხმას იმაღლებს მაშინ, როცა თვითონ გრძნობს თავს შეურაცხყოფილად; მეორე მხარეს არის ხელისუფლება, არიან პოლიტიკოსები და უფლებადამცველები, რომლებიც მოვალენი არიან, ყველა ფაქტს თანასწორად მიუდგნენ. თუმცა, ხელისუფლება, პოლიტიკოსთა უმრავლესობა და უფლებადამცველების ნაწილი მხოლოდ მაშინ იღებს ხმას, როცა უხამსობა, რელიგიური შეურაცხყოფა უმრავლესობის წინააღმდეგ არის მიმართული. უფლებადამცველთა ერთი ნაწილი კი, პირიქით, სრულიად საპირისპირო სტანდარტით მოქმედებს - იცავს გამოხატვის თავისუფლებას, როცა უხამსობა და რელიგიური შეურაცხყოფა უმრავლესობის წინააღმდეგ არის მიმართული (ანუ ამართლებს უხამსობას) და ლაპარაკობს დისკრიმინაციისა და უხამსობის დაუშვებლობაზე, როცა იგი უმცირესობებს ეხება (ანუ ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას); ანუ, იცავს უმცირესობას და იგივე შემთხვევაში არ იცავს უმრავლესობას. არადა, სტანდარტი ორივე შემთხვევაში ერთნაირი უნდა იყოს.

კომენტარები

თორნიკე (შეუმოწმებელი), ნოემბერი 9, 2009, 17:43:18

,,სრული სეკულარიზმი ბუნებაში არ არსებობს, თუ მთელი საზოგადოება ათეისტებისგან არ შედგება''-ნამდვილად!ჩვენი საზოგადოების ,,ინტელექტუალურ'' და ,,განვიათარებული''ნაწილი ამაზე ოცნებობს!(ანუ გაათეისტებულ საზოგადოებაზე)

ლელა (შეუმოწმებელი), ნოემბერი 9, 2009, 19:50:33

თეა თუთბერიძის მიმართ ზნეობრივი დევნა შეიძლება განხორციელდესო და არა - სისხლისსამართლებრივიო. ამაში ძნელია არ დავეთანხმო სუბარს. მაგრამ ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ეს ქეისი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა. ეს ტერიტორიები დავკარგეთ სწორედ იმიტომ , რომ გვძულდა ოსები და აფხაზები. ამ სიძულვილს კი დიდი ხნის მანძილზე უყრუებდა საზოგადოების დიდი ნაწილი.

Guram Nikolashvili, ნოემბერი 10, 2009, 02:30:53

AMAS VIDZAXI RAC AM TEMAZE POLEMIKA DAITSKO, METS ARAFERS! ara nu sxva ragaceebsac, mara pirvel rigshi amas :)))  "უფლებადამცველთა ერთი ნაწილი კი, პირიქით, სრულიად საპირისპირო სტანდარტით მოქმედებს - იცავს გამოხატვის თავისუფლებას, როცა უხამსობა და რელიგიური შეურაცხყოფა უმრავლესობის წინააღმდეგ არის მიმართული (ანუ ამართლებს უხამსობას) და ლაპარაკობს დისკრიმინაციისა და უხამსობის დაუშვებლობაზე, როცა იგი უმცირესობებს ეხება (ანუ ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას); ანუ, იცავს უმცირესობას და იგივე შემთხვევაში არ იცავს უმრავლესობას. არადა, სტანდარტი ორივე შემთხვევაში ერთნაირი უნდა იყოს."  SO-ZaaaaR! +100!

სტუმარი (შეუმოწმებელი), ნოემბერი 13, 2009, 14:14:34

tornikes sruli sekularizmi rogor ar arsebobs... da saertod ras nishnavs sruli ???? sekularizmi sekularizmia, roca saxelmcifo da eklesia samartlebrivad arian gamijnulebi....

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.