ხაშურელი შოთა გოგიჩაშვილი და რომან კაკაშვილი ქარელიდან ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება მათ პოლიტიკური შეხედულებების გამო გაუსწორდა.
ნაწყვეტები გამოძიებიდან:
შოთა გოგიჩაშვილი ქარელის ყოფილი ცეკავშირის ადმინისტრაციული შენობის მფლობელია. 2007 წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან ეს ფართი რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციას მიაქირავა.
შოთა გოგიჩაშვილი მეორე დღესვე ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ოფისში დაიბარეს და ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია ბაბლიძემ მას ოპოზიციურ პარტიასთან იჯარის ხელეკრულების გაუქმება მოსთხოვა.
"თუ "რესპუბლიკელებს" ოფისიდან არ გაუშვებ, შენ ან შენ შვილებს პრობლემები შეგექმნებათ", - დამემუქრა ბაბლიძე. მისმა მოადგილემ დამიკონკრეტა, რომ დასაჭერთა 11-კაციანი სია მაქვს და რა პრობლემაა, შენი ოჯახიდანაც ერთს მივუმატებ, თორმეტი გახდებაო...
...მალე ადგილობრივი ხელისუფლება შოთა გოგიჩაშვილის კუთვნილი შენობით დაინტერესდა და უძრავი ქონების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლა, მაგრამ დარღვევა ვერ აღმოაჩინა...
...შოთა გოგიჩაშვილის უმცროსი შვილი, გიგა, რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა და მეგობრებთან ერთად ოფისს აქტიურად ეხმარებოდა. 2008 წლის 8 ნოემბერს გიგა გოგიჩაშვილი რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2 დღის შემდეგ კი გიგა გოგიჩაშვილი ქარელის რაიონის პოლიციამ ერთ-ერთ დანაშაულში ეჭვმიტანილად ცნო...
პოლიციამ 2008 წლის ნოემბერში 2 აგვისტოს ჩადენილი დანაშაული გახსნა. ტექნიკისა და ოქროულობის მაღაზიის გაქურდვა სხვა მაღაზიის ქურდობისთვის დაკავებულმა გიორგი მწარიაშვილმა აღიარა. მწარიაშვილმა ქურდობის თანამონაწილედ კიდევ 4 პიროვნება: ირაკლი ყანჩაველი, ავთანდილ ბარბაქაძე, გიგა გოგიჩაშვილი და ზაქარია სვიანაძე დაასახელა. დასახელებული 4 პირიდან, მწარიაშვილის ჩვენების საფუძველზე, პოლიციამ მხოლოდ გიგა გოგიჩაშვილი და ზაქარია სვიანაძე დაკითხა. გიორგი მწარიაშვილის საქმე ცალკე გამოიყო, ხოლო ყანჩაველით და ბარბაქაძით პოლიცია არც დაინტერესებულა.
არასრულწლოვანი გიგა გოგიჩაშვილი, რომელიც მაშინ მეთორმეტე კლასში სწავლობდა, გამოძიებამ 2008 წლის 20 ნოემბერს ეჭვმიტანილად ცნო, თუმცა არ დაუპატიმრებიათ, რადგან საქმეში მის წინააღმდეგ, გარდა გიორგი მწარიაშვილის ჩვენებისა, სხვა მტკიცებულება არ მოიპოვებოდა.
...ქურდობის ადგილზე დამნაშავეებმა სისხლის კვალი და თითის ანაბეჭდები დატოვეს. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, არც სისხლის კვალი და არც თითის ანაბეჭდი გიგა გოგიჩაშვილს არ ეკუთვნოდა. დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი სისხლის კვალის შესაბამისი სისხლის ჯგუფი ზაქარია სვიანაძის აღმოჩნდა, რომელმაც დანაშაული აღიარა, თუმცა გიგა გოგიჩაშვილის ქურდობაში თანამონაწილეობა უარყო...
....გამომძიებელ ქებაძის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, ბრალდებულად ჯერ სვიანაძე დაკითხეს. დაკითხვას ესწრებოდა პროკურორი როზა სამუშია და ადვოკატი თოთლაძე. დაკითხვა დაიწყო 14 საათსა და 20 წუთზე და ერთ საათში დამთავრდა. დროის ზუსტად ამ მონაკვეთშია დაკითხული გოგიჩაშვილიც, იმავე პროკურორის მიერ და მის ინტერესებსაც იგივე თოთლაძე იცავდა. ანუ ერთსა და იმავე დროს ადვოკატი და პროკურორი ორ ადგილას იმყოფებოდნენ....
გიორგი მწარიაშვილს პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი რევაზ რევაზიშვილი ეჭვობს, რომ მწარიაშვილს საპროცესო გარიგება იმის გამო გაუფორმეს, რომ სასამართლოზე გოგიჩაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. "ვიდრე გიგა გოგიჩაშვილს უშუალოდ პროცესზე არ დაადო ხელი და ამხილა ვითომცდა დანაშაულის ჩადენაში, მანამდე საპროცესო არ გაუფორმეს. ამის შემდეგ კი სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს".
"თავს დამნაშავედ არ ვცნობ. პოლიტიკური პატიმარი ვარ. ამირჩიეს თუ არა პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, მეორე თუ მესამე დღეს დამაკავეს კიდეც. რაც არ გამიკეთებია, იმის გულისთვის, გთხოვთ, ნუ დამსჯით", - თქვა განსასჯელმა გიგა გოგიჩაშვილმა სასამართლოზე.
2009 წლის 12 აგვისტოს ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვახტანგ მრელაშვილმა გიგა გოგიჩაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000 ლარის ჯარიმა დააკისრა. მიუხედავად შეთავაზებისა, რომ ბრალი აღიაროს და საპროცესო გარიგებით გაათავისუფლებენ, იგი დანაშაულს არ აღიარებს.
სრული ვერსია წაიკითხეთ ლიბერალის მე–12 ნომერის მხოლოდ
ბეჭდურ ვერსიაში
გამოიწერეთ ჟურნალი>>
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება