პარასკევს ბრიტანეთის ჟურნალისტთა ნაციონალური კავშირის, NUJ-ის საიტზე ასეთი ნიუსი ვიპოვე: "ბიბისი"-ს საერთაშორისო სამსახურის და ახალი ამბების დეპარტამენტი აწყობს რეფერენდუმს, საკუთარი გენერალური დირექტორის მარკ ტომპსონის ხელფასთან დაკავშირებით . ჟურნალისტები ითხოვენ, რომ "ბიბისი"-ს დირექტორს ხელფასი შეუმცირდეს. ტომპსონი წლიურ გასამრჯელოდ 664 ათასი გირვანქა სტერლინგს იღებს, რაც საშუალო ხელფასს ბრიტანულ მედიაში 20-ჯერ აღემატება. ბატონო ტომპსონ, მხოლოდ ხელფასის შემცირების შემდეგ გექნებათ უფლება, დაარწმუნოთ მთავრობა და საზოგადოება, რომ "ბიბისი"-ს დაფინანსების შემცირება მის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნისო, - ამტკიცებენ ჟურნალისტები.
აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე - ბრიტანეთის მთავრობა სექტემბრიდან განიხილავს ახალ იცინიატივას, რომ დაფინანსება შეუმციროს "ბიბისი"-ს და მისი თანხების ნაწილი გადაუნაწილოს კერძო კომპანიებს რეგიონული ახალი ამბების გასაკეთებლად. NUJ-ი, ცხადია, ჯერ ამ ინიციატივას გამოეხმაურა და დიდი საპროტესტო კამპანიაც წამოიწყო "ბიბისი"-ს დაფინანსების დასაცავად, მაგრამ თან ტომპსონსა და "ბიბისი"-ს მაღალჩინოსნებს საკუთარი ხელფასების გადახედვაც ურჩია - მათ რომ საზოგადოების თვალში ნდობა შეინარჩუნონ და სარედაქციო დამოუკიდებლობასა და საერთოდ "მაღალ მატერიებზე" სასაუბროდ უფლება ჰქონდეთ.
არ ვიცი, დანამუსდება თუ არა ტომპსონი და დაიკლებს თუ არა ხელფასს, ანდა მანამდე: საერთოდ, რა შედეგით დასრულდება "ბიბისი"-ს რეფერენდუმი. მაგრამ მე რომ ასეთი ერთი შეხედვით წვრილმანი ამბები ამანთებს ხოლმე და ხანდახან შეუფერებლად სერიოზულ დასკვნებს გამომატანინებს, ფაქტია. ახლაც, NUJ-ის საიტიდან გამოსული არც ვიყავი, რომ ჯერ იმაზე დავფიქრდი, რომ ათასგვარი მიახლოებული, თუ არც იმდენად მიახლოებული მცდელობის მიუხედავად ჟურნალისტური პროფკავშირი არ გვაქვს. შესაბამისად, მოდუნებული გვაქვს პროფესიული სოლიდარობის განცდა და ჩვენში თვლემს იმის ცოდნაც, რომ პრობლემის ხარისხი შენი ქმედების სიმძაფრეს არ განსაზღვრავს. უსამართლობა უსამართლობაა, თვალი არაფერზე უნდა დახუჭო, მით უფრო, რომ ამ უსამართლობაში ჩართული ადამიანები, ტომპსონის მსგავსად, თვითონ თამაშობენ სამართლიანის როლებს. და მით უფრო - თუ ჟურნალისტი ხარ.
ჩვენ სულ იმის ფიქრში ვართ, რა უფრო მნიშვნელოვანია, პროფესიული სტანდარტის ამაღლება და ამისთვის თვითრეგულირების მექანიზმის შექმნა, სარედაქციო დამოუკიდებლობა და ჟურნალისტების დაცვა შრომითი ხელშეკრულებებით, თუ თვითცენზურას უნდა ვებრძოლოთ და ეს გადაგვარჩენს.
მგონი, რომ ამ ორომტრიალში ვიკარგებით. ესეც მესმის, ყველა ასპექტში პრობლემა გვაქვს. მაგრამ მაინც მაწუხებს კითხვა, რატომ არ შეიძლება პარალელურად ვიფიქროთ და პარალელურად ვიმოქმედოთ ჩვენივე პრობლემების მოსაგვარებლად. ზუსტად ისე, როგორც NUJ-ი აკეთებს ამას. მათთვის პატარ-პატარა გამარჯვებები ფასობს. ერთ პრობლემას რამდენიმე კუთხიდან განიხილავენ. ლოგიკურად მიჰყვებიან მოვლენებს იმიტომ, რომ ხედავენ საერთო სურათს და იციან, ამ სურათის დეტალებს შორის უკუკავშირი არსებობს: ჩატარდება რეფერენდუმი, ტომპსონის ხელფასი შემცირდება ისე, რომ ის მხოლოდ ხუთჯერ აღემატებოდეს სრული დატვირთვით მომუშავე მედიაპროფესიონალის საშუალო ხელფასს და მას, როგორც ღირსებადაბრუნებულ დირექტორს, ექნება უფლება, დაიცვას "ბიბისი"-ს ფინანსები ისე, რომ თავისი სინდისის წინაშეც მართალი იყოს, თავისი ჟურნალისტების წინაშეც და ნდობა საზოგადოების თვალშიც შეინარჩუნოს - ვისაც თავისი კომპანიით ემსახურება. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას ცხადია, ისევ ხელისუფლება მიიღებს. თუმცა, ამ სცენარის მიხედვით, ამ ამბავში ჩართულ ყველა მოთამაშეს შესრულებული ექნება თავისი მოვალეობა - ის, რაც მარტივად job description-ში უწერიათ და რის გამოც ჰქვიათ ერთს - პროფკავშირები, მეორეს - ჟურნალისტები, მესამეს - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი.
ჩემთვის NUJ-ის ცხოვრებიდან ეს წვრილმანი სიახლეები ინსპირაციის წყარო გახდა. იქნებ, თქვენთვისაც.
რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტის ინიციატივა რეგიონული ტელეკომპანიების ფინანსური ამნისტიის შესახებ? |
|
|
სამაუწყებლო კომპანია "გურიას" აღმასრულებელი დირექტორი
|
|
|
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე
|
|
კომენტარები
თიკო (შეუმოწმებელი), ნოემბერი 18, 2009, 11:48:07
თიკო (შეუმოწმებელი), ნოემბერი 18, 2009, 13:21:14
სტუმარი გიორგი ბერუჩაშვილი (შეუმოწმებელი), თებერვალი 19, 2010, 15:17:48
ახალი კომენტარის გამოქვეყნება