• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

გარდამტეხი ფაქტორი

ინტერვიუ საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორთან ლორენს შიტსთან.

ლიბერალი თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა საქართველოში დღეს შექმნილ ვითარებას ჩიხური ვუწოდოთ?
ლ.შ. ეს არ არის ჩიხი, თუმცა გამოსავლის პოვნა ორივე მხარისგან დიდ ძალისხმევას ითხოვს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რაციონალურ აზროვნებას გამოიჩენენ პოლიტიკური მოთამაშეები. რა არის მათთვის მთავარი – ძალაუფლებისთვის ბრძოლა ან მისი შენარჩუნება, თუ ქვეყნის გამოყვანა ურთულესი მდგომარეობიდან.
  სიტუაციას ამძიმებს ის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი არ არის. ეს პრობლემა აპრილამდე ბევრად ადრე წარმოიშვა და იგი აფერხებს ქვეყნის განვითარებას.
  პოლიტიკური პროცესები ურთიერთბრალდებების ფონზე ვითარდება. მხარეები ერთმანეთს მხოლოდ ჩართული ტელეკამერების წინ ელაპარაკებიან. ეს არ არის ნორმალური.
  შეცდომა იყო, როცა ოპოზიციამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებულ მანდატებზე უარი თქვა. პირველ რიგში, ეს იყო უპასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის მიმართ; და, რაც მთავარია – ქვეყანაში დისკუსიის არსებობის შანსი მინიმუმამდე შემცირდა.
  მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ოპოზიციას საკონსტიტუციო რეფორმების კომისიის შექმნას და ამ კომისიის ხელმძღვანელობას სთავაზობს. ეს სერიოზული წინადადებაა და ოპოზიცია უნდა ჩაერთოს ამ საკითხზე მსჯელობაში.

ლიბერალი როგორ ახასიათებს ეს საპროტესტო აქციები ოპოზიციას?
ლ.შ. ოპოზიცია დღეს ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე 2007 წლის ნოემბერში. მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტია, დედაქალაქის მთავარი მაგისტრალი ბლოკირებულია, მაინც ვერ ვიტყვით, რომ სააკაშვილს დღეს ძლიერი ოპოზიცია ჰყავს. საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა ხელისუფლებას  დისკომფორტი შეუქმნეს, მაგრამ არა სერიოზული პრობლემები. მიტინგზე სულ უფრო ცოტა ადამიანი გამოდის. დღეს იქ საკნები უფრო მეტია.
  არავინ იცის როდის დასრულდება ეს პროტესტი, მაგრამ ამავე დროს ძნელი დასაჯერებელია, რომ ის დიდხანს გაგრძელდეს.
  ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რეალურად რა სურს ოპოზიციას – ძალაუფლება თუ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. და იმაზეც, რამდენად შორს არიან წამსვლელი აქციის ორგანიზატორები – თუ ისინი მთავარი მაგისტრალების ბლოკირებას გადაწყვეტენ, მოსალოდნელია ხელისუფლების პასუხი მკაცრი იყოს. წარმოუდგენელია ევროპის რომელიმე ქვეყანაში ადამიანთა მცირე ჯგუფს ხუთი კვირით დედაქალაქის მთავარი მაგისტრალის ბლოკირების უფლება მისცენ.
 
ლიბერალი როგორ შეაფასებდით  ხელისუფლების ნაბიჯებს?
ლ.შ. საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად თავშეკავებულია.
  გარკვეული თვალსაზრისით, ხელისუფლებას თითქოს ხელ-ფეხი აქვს შეკრული. მას ესმის, რომ ნებისმიერ გაუფრთხილებელ რეაქციას შეიძლება დღევანდელი მოვლენების 7 ნოემბრის პროცესებთან შედარება მოყვეს. 7 ნოემბერი საქართველოს ისტორიის საუკეთესო დღე არ ყოფილა და კიდევ ერთხელ ამ დღის განმეორება საქართველოსა და მის ხელისუფლებას დიდ ზიანს მიაყენებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
  არსებობს ფაქტები, რომ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან, რაც შემაშფოთებელია. ძალადობის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, იქნება ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ცემა, თუ აქციის მონაწილეებზე თავდასხმა. სამართალდამცავმა ორგანოებმა თითოეული ინციდენტი ბოლომდე უნდა გამოიძიონ.
  აშკარაა, რომ ქვეყანაში არსებობენ ნაკლებად რაციონალური პოლიტიკური ძალები, რომელთაც ვითარებიდან რეალური გამოსავლის პოვნა არ სურთ. ასეთები არიან ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც.
 
ლიბერალი ამ  ქაოსური სიტუაციის დასრულების შემდეგ ქვეყნაში  სტაგნაციას უნდა ველოდოთ?
ლ.შ. ამ პროცესებში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.  გასული წლის ნოემბერში, საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში საერთაშორისო კრიზისის ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება. აშკარაა, რომ პროცესი საგრძნობლად შენელდა და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ოპოზიციას დღეს ბევრად ნაკლები არგუმენტი ექნებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ.
  საქართველოს შემდგომი პოლიტიკური სტაბილურობისთვის მყარი გარანტია სწორედ რეფორმებია, ხოლო ხელისუფლებისთვის ეს შექმნილი ვითარებიდან ღირსეული გამოსავალი იქნებოდა. თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამ გზაზე, ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში.
ლიბერალი რამდენად სწორად შეარჩია ოპოზიციამ ბრძოლის ტაქტიკა და რამდენად გონივრულია მათი მთავარი მოთხოვნა?
ლ.შ. ოპოზიცია, რომელიც დღეს საპროტესტო აქციებს მართავს, ბევრი პოლიტიკური სუბიექტისგან  შედგება. მათი  ხედვა, პლატფორმა და იდეოლოგია იმდენად განსხვავებულია, რომ შეუძლებელია ეს ერთიანობა დიდხანს გაგრძელდეს. გამოსავალსაც ისინი სხვადასხვაგვარად ხედავენ. ადრე თუ გვიან გამოჩნდება, რომ ოპოზიციაში სერიოზული განხეთქილებაა, რომლის ნიშნები პირველივე დღიდან სახეზეა.
  ოპოზიციაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარს არ ამბობენ დიალოგზე. მაგალითად, ალასანია. იგი, უცხო სხეულივითაა დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში. ის მზადაა ესაუბროს ხელისუფლებას კონკრეტულ საკითხებზე, რეფორმებზე, ცვლილებებზე. მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუ ირაკლი ალასანია პოზიციას შეიცვლის და ხელისუფლებასთან დიალოგზე უფრო თამამად წავა, ამან, შესაძლოა, გარდატეხა შეიტანოს დღევანდელ მოვლენებში.
  ცხადია, ის არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც ბრძოლის მეთოდად სარკინიგზო მაგისტრალის ბლოკირებას და სატრანსპორტო გზების გადაკეტვას აირჩევდა.
 
ლიბერალი თუმცა, დღეს ალასანია მათ გვერდით დგას, ვინც ბრძოლის რადიკალურ მეთოდებს ირჩევს... 
ლ.შ. პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც იგი ლიდერობს, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ბოლომდე ფორმირებულიც არ არის. როცა საპროტესტო ტალღა იწყებოდა, ალასანია რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
  თუნდაც, ჰიპოთეტურად,  ოპოზიციის პროტესტის შედეგად ხელისუფლება რომ წასულიყო, გაერთიანებული ოპოზიციისგან გამიჯნულ ალასანიას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში არავითარი შანსი არ ექნებოდა.
  ის იძულებული გახდა ოპოზიციასთან ერთად დამდგარიყო. ერთი მხრივ, მას სჭირდებოდა სხვადასხვა ოპოზიციური ძალის მხარდაჭერა. მეორე მხრივ კი, ალასანია-დიპლომატს ჰქონდა ასეთი ამოცანა: მან უნდა დაუმტკიცოს ყველას – ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც, რომ მისი ინტერესი უმართავი სიტუაციის შექმნა არ არის. 
  დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში ალასანიას ყველაზე მეტი აქვს დასაკარგი – პოლიტიკური მომავალი. სხვები  ან ხელისუფლებაში იყვნენ, ან სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდნენ და რაღაც ხარისხით დისკრედიტებულნი არიან. ხელისუფლებაც მეტ-ნაკლებად დისკრედიტებულია. ალასანია კი სუფთა ფურცელია და რა ფერის კალმით ჩაეწერება მის ბიოგრაფიაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.
 
ლიბერალი როგორ აფასებენ საქართველოში შექმნილ ვითარებას ამერიკასა და ევროპაში?
 ლ.შ. საქართველოს მეგობრები ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად თავშეკავებულად უნდა იმოქმედოს და რეფორმების გატარება გააგრძელოს. ასევე, საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებაში ვინმე არაკონსტიტუციური გზით მოსვლას გადაწყვეტს, მას ძალიან გაუჭირდება.

 

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.