Skip to content

ავტორიზაცია

პრეზიდენტის გაუმჭვირვალე სასახლე


მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია საჯაროა, გაურკვეველია, რა დაჯდა და რა სახსრებით აშენდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია.

 ირაკლი გედენიძე/Reuters
"ბატონო, პრეზიდენტო, მოგმართავთ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის სახელით, 1992 წელს სოხუმიდან ჩამოსულებმა, ჩვენდა საუბედუროდ, სწორედ იმ ადგილას შევიძინეთ ბინა, სადაც დღეს თქვენი რეზიდენციაა. 2004 წელს, მერიის მოთხოვნით, საცხოვრებელი სახლი დავტოვეთ და იქ თქვენი რეზიდენციის მშენებლობა დაიწყო, მას შემდეგ 5 წელია, ჩემი ოჯახი კომპენსაციის აღებას უშედეგოდ ცდილობს. ეს 5 წელი მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად საშინელ პირობებში ვცხოვრობ, ჩემი ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საშინელი უსამართლობის მსხვერპლია", - წელს ეს წერილი აფხაზეთიდან დევნილმა იზა გვაჯაიამ პრეზიდენტ სააკაშვილს მისწერა.

1992 წელს აფხაზეთიდან დევნილმა ცოლ-ქმარმა - იზა გვაჯაიამ და ბესიკ ფიფიამ თბილისში, ავლაბარში ე.წ. ყაზარმის უბანში ბინა შეიძინეს და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად იქ დასახლდნენ. სახლი, რომელიც სამოქალაქოს ქ. #1-ში მდებარეობდა, ფიფიების ოჯახმა რუსეთის მოქალაქე ლუდმილა ზარიცკაია-კოვტუნისგან მაშინ 3500 დოლარად შეიძინა. ვინაიდან ბინა პრივატიზებული არ იყო, ფიფიებმა მისი გადაფორმება ვერ მოახერხეს და ლუდმილა ზარიცკაიასთან (რომელიც კრასნოდარის მხარეში ცხოვრობდა) 3-წლიანი მინდობილობა გააფორმეს. სამ წელიწადში ერთხელ იზა გვაჯაია კრასნოდარში ჩადიოდა და ახალი მინდობილობა ჩამოჰქონდა, მოგვიანებით მინდობილობის მეშვეობით ფიფიებმა ბინის პრივატიზებაც მოახდინეს და გული დაიმშვიდეს. "ვინაიდან ლუდმილა ზარიცკაიასთან ვმეგობრობდით, არანაირ პრობლემად არ მიგვაჩნდა, ბინის ჩვენ სახელზე გადაფორმება და ალბათ ამიტომაც მიგვრჩა, ბოლო მინდობილობას ვადა 2 თვის გასული ჰქონდა, როცა 2004 წლის შემოდგომაზე თბილისის მერიიდან მოგვაკითხეს და ბინის დათმობა მოგვთხოვეს. გვითხრეს, - აქ პრეზიდენტის რეზიდენცია შენდება და ფართი უნდა დაგვითმოთო", - იხსენებს იზა გვაჯაია.

მერიის წარმომადგენლებმა ფიფიების ოჯახს სახლის საბუთების მოწესრიგება მოსთხოვეს და კომპენსაციის გადახდაც აღუთქვეს. საჭირო გახდა კრასნოდარიდან ახალი მინდობილობის ჩამოტანა. იმ დროს რუსეთთან მიმოსვლა უკვე გართულებული იყო, რის გამოც ოჯახმა  ახლობელს, რუსეთის მოქალაქე მამუკა ტყებუჩავას სთხოვა, მინდობილობა მას ჩამოეტანა.

თაღლითობა #1

"ტყებუჩავამ მართლაც ჩამოიტანა ახალი მინდობილობა ზარიცკაიასგან, ფიფიებმა მას სუფრა გაუშალეს, სადაც მამუკა ტყებუჩავამ შეიტყო, რომ ამ მინდობილობით ფიფიებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია უნდა აეღოთ. ამის შემდეგ  ტყებუჩავა ფიფიებისგან მალულად ისევ ჩავიდა ზარიცკაიასთან. ზარიცკაია მას ენდობოდა და ლუდმილა იოლად დაარწმუნა, რომ ბესიკ ფიფიას ვალის სანაცვლოდ სახლს ართმევდნენ და ამიტომ საჭირო იყო ახალი მინდობილობის გაცემა ვინმე ზურაბ ოთარაშვილზე. ლუდმილა ზარიცკაიამ ტყებუჩავას დაუჯერა, გვაჯაიას სახელზე გაცემული მინდობილობა გააუქმა და ახალი მინდობილობა ტყებუჩავას მეგობარ ზურაბ ოთარაშვილის სახელზე გააკეთა", - აცხადებს ფიფიების ადვოკატი მარიამ ნეფარიძე.

მას შემდეგ, რაც ლუდმილა ზარიცკაიამ ფიფიების სახლის განკარგვის უფლება მინდობილობით ზურაბ ოთარაშვილს გადასცა, ოთარაშვილმა ბინა მამუკა ტყებუჩავას გადაუფორმა. ფიფიებმა ამის შესახებ საჯარო რეესტრში შეიტყვეს და სამართალდამცავებს მიმართეს. თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამ დროს რეზიდენციას უკვე აშენებდნენ. საცხოვრებელი სახლიდან, ფიფიების გარდა, ყველა გაასახლეს. ისინი ზემოთ აღნიშნული თაღლითობის  გამო, კომპენსაციას დროულად ვერ იღებდნენ.

"დაიწყეს კორპუსის მონგრევა, ჩემი ბინა შუაში იყო, თან ყოველდღე გვეუბნებოდნენ, - ვერ ხედავთ, სახლი ინგრევა, აქ ცხოვრება საშიშია, შეიძლება ჭერი ჩამოგენგრეთ, ან ეზოში ბავშვს აგური დაეცეს. ბოლოს იძულებული გავხდით, სახლი დაგვეცალა", - იხსენებს იზა გვაჯაია.

ქალაქის მერია ფიფიებს შეუთანხმდა, რომ თაღლითობის ფაქტზე გამოძიების და სასამართლოს დასრულების შემდეგ ოჯახი სახელმწიფოსგან კუთვნილ თანხას მიიღებდა. ისანი-სამგორის გამგეობა უბინაოდ დარჩენილებს ბინის ქირას 6 თვის განმავლობაში უხდიდა.

ამასობაში მამუკა ტყებუჩავას და ზურაბ ოთარაშვილის საქმე სასამართლოს გადაეცა, 2007 წლის 30 ივლისს საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანი ფიფიების სახლის თაღლითურად მითვისებაში დამნაშავედ ცნო და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მამუკა ტყებუჩავა სასამართლოში არ გამოცხადებულა, მასზე ძებნა გამოცხადდა. იმავე წლის 21 დეკემბერს შედგა მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც, მამუკა ტყებუჩავამ იზა გვაჯაიას სახლი დაუბრუნა. მორიგების აქტზე, ტყებუჩავას ნაცვლად, ხელი მისმა წარმომადგენელმა ელდარ გოგიამ მოაწერა, ვინაიდან ტყებუჩავა ჯერ კიდევ იძებნებოდა.

 

თაღლითობა #2

კომპენსაციის მისაღებად ფიფიების ბრძოლა წარმატებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შემდეგ უკვე სახელმწიფოსთან შეექმნათ პრობლემა. როცა თაღლითმა ტყებუჩავამ გვაჯაიას ქონება ოფიციალურად დაუბრუნა, სახლი მხოლოდ საბუთებშიღა არსებობდა, სახლის ადგილზე კი პრეზიდენტის რეზიდენცია აშენდა. კუთვნილი კომპენსაციის მისაღებად ოჯახი ვიცე-მერ მამუკა ახვლედიანს დაუკავშირდა.

"დანგრეული სახლის სანაცვლოდ თანხას ვითხოვდით, რომლის საერთო ფართი 260 კვადრატული მეტრი იყო. ახვლედიანს ვუთხარი, რომ კომპენსაციად 750 ათასი დოლარი მინდოდა, ეს თანხა ეძვირა და საბოლოოდ 595 ათასი დოლარი შემომთავაზა. ჩემს მეზობლებსაც 1 კვ.მ.-ში 2000 დოლარი გადაუხადეს, ამიტომ ამ თანხაზე დავთანხმდი. მითხრა, - რეესტრიდან ამონაწერი მომიტანე, ხელშეკრულება გავაფორმოთ და ფულს ხვალვე გადმოგირიცხავო", - იხსენებს ბესიკ ფიფია.

საჯარო რეესტრში ფიფიების სახლის ნაწილი - 73 კვ.მ. იყო დარეგისტრირებული.

იზა გვაჯაიას საბუთის აღება ეჩქარებოდა და ამონაწერის 1 დღეში ასაღებად 15 ლარი გადაიხადა. თუმცა, საჯარო რეესტრმა გვაჯაიას 5 დღის დაგვიანებით მისცა ამონაწერი. გაირკვა, რომ ფიფიების სახლი თაღლითობისთვის მსჯავრდადებული ტყებუჩავას მოთხოვნით დაეყადაღებინათ.

საჯარო რეესტრის იურისტმა ამონაწერის დაგვიანებით გაცემა ტექნიკური მიზეზით ახსნა. "შესაძლებელია, საბუთის გაცემა ტექნიკური მიზეზით დაგვიანდა", - გვპასუხობს რეესტრის იურისტი ვანდა ჯიჯელავა.

ეს მიზეზი მეტად საეჭვოა, ვინაიდან  გვაჯაიას ამონაწერი 15 ივლისს 11 საათსა და 45 წუთზე მისცეს. სასამართლომ კი მისი სახლი  11 საათსა და 21 წუთზე დააყადაღა. საჯარო რეესტრმა ყადაღა გვაჯაიასთვის ამონაწერის მიცემამდე 24 წუთით ადრე დაადო ბინას. ნიშანდობლივია ის, რომ გვაჯაიას ამონაწერი ერთ დღეში უნდა მიეღო და 5 დღე ალოდინეს, ყადაღა კი რეესტრმა ძებნილი ტყებუჩავას მოთხოვნიდან 25 წუთში დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრს, კანონით, ტყებუჩავას მოთხოვნილი ყადაღის დადებისთვის 3-დღიანი ვადა ჰქონდა.

რეესტრის ქმედების სამართლებრივი შეფასება იურისტ ირაკლი ცნობილაძეს ვთხოვეთ: "იზა გვაჯაიას დაყადაღებული ქონების ამონაწერი მისცეს, რასაც იგი მერიაში წარსადგენად ვეღარ გამოიყენებდა. რეესტრის ასეთი ქმედება ეჭვს ბადებს, რომ მოხდა ამონაწერის გაცემის ხელოვნური დაყოვნება".

მართლაც, ოჯახმა რეესტრიდან დაგვიანებით მიღებული ამონაწერი ვეღარ გამოიყენა, დაყადაღებულ ქონებაში მერიამ კომპენსაცია აღარ გადაიხადა. გაირკვა, რომ ძებნილმა ტყებუჩავამ სასამართლოს მიმართა და მორიგების იმ აქტის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც თაღლითურად მითვისებული ქონება 2007 წელს იზა გვაჯაიას დაუბრუნა. სააპელაციო სასამართლომ თაღლითობისთვის გასამართლებული, ძებნილი ტყებუჩავას საჩივარი უჩვეულოდ სწრაფად  - 3 დღეში განიხილა და დააკმაყოფილა.

"ძებნილმა ტყებუჩავამ სასამართლოს დახმარებით ის ქონება დაიბრუნა, რისი თაღლითურად მითვისებისთვისაც 2 წელი მიუსაჯეს და იძებნებოდა. ძებნილმა ტყებუჩავამ სასამართლოს გადაწყვეტილება რეესტრში წარადგინა და ქონება ისევ თავის სახელზე დაირეგისტრირა", - აცხადებს ფიფიების ადვოკატი.

კომენტარები

თიკო (შეუმოწმებელი), დეკემბერი 1, 2009, 03:26:23

დიდი მადლობა, ასე გააგრძელეთ!

Teona (შეუმოწმებელი), დეკემბერი 7, 2009, 15:56:00

გამოსვლის დღესვე წავიკითხე ეს სტატია, ძალიან მომეწონა (სტატია) და და დავითრგუნე (გადმოცემული ამბის გამო... წარმატებებს გისურვებთ

Guram Nikolashvili, დეკემბერი 8, 2009, 15:04:21

arachveulebrivi statiaa!

სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 4, 2010, 09:36:44

ამ შემთხვევაში დღგ-ს გადახდა უკანონობაა, - ამბობს "ლიბერალთან" ინტერვიუში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი გია ქარცივაძე, - კერძო პირი დღგ-ს გადამხდელი არაა, თუ მისი წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს არ აღემატება. პირები, რომლებსაც საქართველოში cissp training პროდუქცია არაკომერციული მიზნით შემოაქვთ, კანონით, საზღვარზე საბაჟო მოსაკრებელს არ იხდიან-- აბსურდია. ანუ ნებისმიერი კერძო პირი, რომელსაც არა აქვს 100 ათასი ლარის ბრუნვა, დღგ-ს არ იხდის იმპორტზე? საინტერესოა სად ამოიკითხა ბ-ნ ქარცივაძემ ეს:)

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.