• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

პრეზიდენტის გაუმჭვირვალე სასახლე

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია საჯაროა, გაურკვეველია, რა დაჯდა და რა სახსრებით აშენდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია.

როგორ იყიდა მერიამ 1500 ლარად 150-ათასიანი ქონება

ტყებუჩავამ ფიფიების ქონება 5 სექტემბერს ხელახლა დაირეგისტრირა.  73 კვადრატული მეტრი ფართი, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 150 ათას დოლარს შეადგენდა, ტყებუჩავამ იმავე დღეს 5 ათას ლარად მიჰყიდა ყოფილ პოლიციელს, გელა შინჯიკაშვილს. გელა შინჯიკაშვილმა კი 5 ათას ლარად შეძენილი ქონება 3 დღეში თბილისის მერიას 1500 ლარად მიჰყიდა. საბოლოოდ თაღლითების მეშვეობით მერიამ ქონება, რომლის სანაცვლოდაც, ფიფიებს 595 ათას დოლარს სთავაზობდა, 1500 ლარად ჩაიგდო ხელში.

ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ გელა შინჯიკაშვილს, და ვკითხეთ:

- რატომ მიჰყიდეთ მერიას სახლი ასე იაფად?

-შენი საქმე არ არის, ძმაო, მოდი ესე გეტყვი - ა ეგრე, ლამაზად ავდექი და მივყიდე...

- თქვენ როგორ შეიძინეთ?

- ჭრელად, ა ეგრე, ზეციდან ჩამოვარდა.

- 5000 ლარად რომ იყიდეთ 3 დღეში, 1500 ლარად რატომ მიჰყიდეთ?

- იმიტომ, რომ ვალი მქონდა.

- ტყებუჩავას რომ თაღლითური გზით ჰქონდა მითვისებული ეს ყველაფერი, ხომ იცოდით თქვენ, და რატომ იყიდეთ?

- ეხლა სასამართლოზე ხომ არა ვარ? - ამის შემდეგ შინჯიკაშვილმა ტელეფონი გაგვითიშა.

მცდელობის მიუხედავად, ქონების იაფად შეძენის თაობაზე არც თბილისის მერიაში გვიპასუხეს. თუმცა მოვიპოვეთ გიგი უგულავას ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც ამ ფართის შეძენას ეხება. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქე გელა შინჯიკაშვილმა 8 სექტემბერს მერიას მიმართა და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილზე მდებარე 73 კვ.მ. ფართის 1500 ლარად შეძენა შესთავაზა. იმავე დღეს თბილისის მთავრობა შეიკრიბა, რომელმაც შინჯიკაშვილის შეთავაზება მოიწონა და ფართის ყიდვა გადაწყვიტა. იმავე დღეს მერიასა და შინჯიკაშვილს შორის საჯარო რეესტრში ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაც გაფორმდა.

ფიფიების ადვოკატი ამბობს, რომ მის კლიენტებს სახელმწიფომ ქონება ტყებუჩავას ხელით წაართვა: "ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლოდან დაწყებული რეესტრით დამთავრებული, მამუკა ტყებუჩავას არსად მიუმართავს. მისი სახელით სხვა მოქმედებდა და მისი ხელმოწერებიც გაყალბებულია. ხელმოწერების ექსპერტიზა მოვითხოვეთ, მაგრამ პროკურატურამ ეს არ გააკეთა, რაც კიდევ უფრო  მაეჭვებს. მას შემდეგ, რაც მერიამ ტყებუჩავას დახმარებით ეს ქონება 1500 ლარად ჩაიგდო ხელში, მას საპროცესო გარიგება გაუფორმეს და თაღლითობისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა და იმალებოდა, სასჯელი მაინც შეუმსუბუქეს".

 

თაღლითის საკუთრებაში აშენებული რეზიდენცია

დოკუმენტაციის მიხედვით, 2008 წლის 8 სექტემბერს ქალაქის მერიამ გელა შინჯიკაშვილისგან 73 კვ.მ. ფართი აბდუშელიშვილის ქუჩა #1ბ-ში შეიძინა - ანუ მერიამ იმ ადგილას მდებარე უკვე აშენებული პრეზიდენტის რეზიდენციის ნაწილი იყიდა.

"სხვის საკუთრებაში რაიმეს აშენება არ შეიძლება, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა", - აცხადებს იურისტი ირაკლი ცნობილაძე.

საბუთების მიხედვით, პრეზიდენტის რეზიდენცია სხვის საკუთრებაში, კერძოდ, ძებნილი მამუკა ტყებუჩავას მიწაზე აშენდა, რაც კანონდარღვევაა. თუმცა  თაღლითობისთვის გასამართლებულ ტყებუჩავას ეს არ გაუსაჩივრებია და ალბათ არც გაასაჩივრებს, მას ხომ მერიისთვის 1500 ლარად ფართის მიყიდვაში გაწეული დახმარების შემდეგ საპროცესო გარიგება გაუფორმეს".

 

"პოლიციიდან კი არ ვარ, რამე დაგიგდო"

ფიფიები ამტკიცებენ, რომ მათ წინააღმდეგ სახელმწიფო ზეწოლას დღემდე ახორციელებს. ამის ერთ-ერთ მაგალითად 2008 წლის 12 ივლისს მომხდარ ფაქტს იხსენებენ, როცა ღამის 11 საათზე ფიფიების ნაქირავებ ბინაში 3 პიროვნება შეიჭრა, რომლებმაც თავი სასამართლოს კურიერებად გამოაცხადეს. იზა გვაჯაიამ ისინი ვიდეოკამერით გადაიღო. ეს პირები სახლში ძალით შეუვარდნენ, რაც თავად ვნახეთ. "უწყება მოგიტანეთო, მე ვუთხარი, დაეტოვებინათ, მაგრამ ისინი სახლში შემოვარდნენ და საწოლების ქვეშ იყურებოდნენ. ვფიქრობ, ჩემ ქმარს ეძებდნენ. ბესო სახლში რომ დახვედროდათ, აუცილებლად ნარკოტიკს ან იარაღს დაგვიგდებდნენ, რომ ამის შემდეგ მაინც შეგვეწყვიტა ჩვენი კუთვნილი კომპენსაციისთვის ბრძოლა".

ჩვენ გვაჯაიას და მისი "სტუმრების" ვიდეოჩანაწერიდან რამდენიმე დიალოგს ვბეჭდავთ:

- "სახლში ვერ შემოგიშვებთ, მეშინია, რომ დამიგდოთ რამე...

- აქამდე ათასჯერ დავდებდი, გეუბნები, სასამართლოდან ვარ მეთქი და არა პოლიციიდან ან პროკურატურიდან, მე რა უნდა დავდო, კაცო.

- რომელი სასამართლოს კურიერი ხარ?

- სამოქალაქო სასამართლოსი.

- რა გვარი ხარ, მერე რატომ საბუთს არ მაჩვენებ?

- სიგუა ვარ სოსო".

სახლში შეჭრილთაგან ერთი რომ მართლაც სოსო სიგუა იყო, იმავე ღამეს ფიფიებთან გამოძახებულმა პატრულმა დაადასტურა. ოღონდ პატრულის მიერ შედგენილ ოქმში ვკითხულობთ, რომ სოსო სიგუა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელია და არა სასამართლოს კურიერი.

ფიფიებმა მათ სახლში შეჭრილი პოლიციელების დასჯა მოითხოვეს, მოკვლევა დაიწყო, მაგრამ ისე შეწყდა, პოლიციელები არ დაუსჯიათ.

ფიფიებმა ქართული სასამართლოს დახმარებით კუთვნილი კომპენსაციის მიღება 5 წლის განმავლობაში რომ ვერ მოახერხეს, ევროპულ სასამართლოს მიმართეს. ოჯახი, სამართლიანი სასამართლოს იმედით, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში ერთ პალატაში ცხოვრობს.

 

იდუმალი სასახლე

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა. მიხეილ სააკაშვილი პირველი ოფიციალური პირი იყო, ვინც რეზიდენციის მშენებლობის ხარჯებზე ღიად ილაპარაკა. "ის, რაც ჩვენ დავხარჯეთ, თუნდაც ამ სასახლის მშენებლობაში, ეს არის 0,17-0,18% საქართველოს საერთო ხარჯების, ეს არის პრაქტიკულად ძალიან ცოტა". პრეზიდენტის მიერ დასახელებული პროცენტები ექსპერტებმა დაიანგარიშეს და დაახლოებით 50-60 მლნ ლარი მიიღეს. რეზიდენციის ინტერიერის კადრები ქართული მედიიდან მხოლოდ "რუსთავი 2"-მა გადაიღო. P.S.- ის სიუჟეტშივე დასახელდა კიდევ ერთი ციფრი - 40 მლნ.

ზუსტად რამდენი დაიხარჯა რეზიდენციის მშენებლობაზე, ამის მოძიება სტუდია "მონიტორმა" 3 თვის წინ დაიწყო.  მივმართეთ თბილისის მერიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას  შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფას",  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს. თუმცა, რა დაჯდა რეზიდენციის მშენებლობა და საიდან დაფინანსდა - ეს ინფორმაცია არავინ მოგვაწოდა.

შეკითხვაზე არ გვიპასუხა ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც ქვეყნის ფინანსების მთავარი განმკარგველია. სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ავლაბრის რეზიდენცია ბიუჯეტის ფულით არ აშენებულა.

გიორგი კაკაურიძე, საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი: "ბიუჯეტში რეზიდენციის მშენებლობისთვის თანხა არ ყოფილა გათვალისწინებული, არც სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხულა თანხები. ჩემი ინფორმაციით, ავლაბრის რეზიდენცია ბიუჯეტის სახსრებით არ აშენებულა".

გაურკვეველია, რა სახსრებით აშენდა ავლაბრის რეზიდენცია. სახელმწიფოს ბიუჯეტს გარე ლეგალური ხარჯები არ გააჩნია, არადა სოლიდურ ხარჯზეა საუბარი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ სასახლის მშენებლობა 800 მლნ დოლარი დაჯდა. რამდენი დაიხარჯა რეზიდენციის მშენებლობაზე და საიდან, ამ კითხვაზე, კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის მიუხედავად, პასუხი ვერც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიიღო. "შეუძლებელია კანონიერი იყოს მშენებლობა, რომელიც ღმერთმა იცის, რა წყაროებით დაფინანსდა, იმიტომ რომ ერთადერთი კანონიერი რესურსი, რაც სახელმწიფოს აქვს, ეს არის ბიუჯეტი. ცხადია, მშენებლობა არალეგალური წყაროებით დაფინანსდა", - აცხადებს ასოციაციის წევრი თამარ ჩუგოშვილი.

 

კანონდარღვევით აშენებული რეზიდენცია

ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობის მიმდინარეობა 2004 წელს სასამართლოს განხილვის საგანიც გახდა,  მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციას "არქმშენინსპექციამ" სასამართლოში უჩივლა. "არქმშენინსპექციის" მაშინდელი უფროსი, ნესტან თათარაშვილი რეზიდენციის მშენებლობის უკანონობაზე ღიად ლაპარაკობდა.  "ჩვენ შევამოწმეთ პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა და აღმოჩნდა, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა მშენებლობის ნებართვის გარეშე. შევადგინეთ ოქმი და კონკრეტული ვადის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს, რათა აღეკვეთა უნებართვო მშენებლობა. ვთვლიდი და ვთვლი, რომ პრეზიდენტსაც ისევე მოეთხოვება კანონის დაცვა, როგორც სხვას", - ამბობდა თათარაშვილი.

სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ ნესტან თათარაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით განუმარტეს, რომ გათავისუფლების მიზეზი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი გახდა. საბოლოოდ სასამართლო დავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამარჯვებით დასრულდა, სასამართლოს გადაწყვეტილება "არქმშენინსპექციას" აღარ გაუსაჩივრებია. ნესტან თათარაშვილი იქ უკვე აღარ მუშაობდა.

P.S. ნიშანდობლივია ის, რომ ამერიკული თეთრი სახლის და გერმანული რაიხსტაგის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, ინტერნეტში ამ შენობების მშენებლობის ხარჯების შესახებ ინფორმაცია ცენტების სიზუსტითაა გამოქვეყნებული. საქართველოში კი ინტერნეტ-ფორუმებზე გამოკითხვებს მართავენ, სადაც მთავარი კითხვა ასეთია -  რა დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენცია? სავარაუდო პასუხები 100-დან 900 მლნ დოლარამდე მერყეობს. რეზიდენციის გამჭვირვალე გუმბათს მიღმა ისევ გაუმჭვირვალე ხარჯები იმალება.

დიდი მადლობა, ასე გააგრძელეთ!
გამოსვლის დღესვე წავიკითხე ეს სტატია, ძალიან მომეწონა (სტატია) და და დავითრგუნე (გადმოცემული ამბის გამო... წარმატებებს გისურვებთ
arachveulebrivi statiaa!
ამ შემთხვევაში დღგ-ს გადახდა უკანონობაა, - ამბობს "ლიბერალთან" ინტერვიუში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი გია ქარცივაძე, - კერძო პირი დღგ-ს გადამხდელი არაა, თუ მისი წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს არ აღემატება. პირები, რომლებსაც საქართველოში cissp training პროდუქცია არაკომერციული მიზნით შემოაქვთ, კანონით, საზღვარზე საბაჟო მოსაკრებელს არ იხდიან-- აბსურდია. ანუ ნებისმიერი კერძო პირი, რომელსაც არა აქვს 100 ათასი ლარის ბრუნვა, დღგ-ს არ იხდის იმპორტზე? საინტერესოა სად ამოიკითხა ბ-ნ ქარცივაძემ ეს:)

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.