Skip to content

ავტორიზაცია

რა ჭირს მედიას?


უშუალო ცენზურა მხოლოდ აისბერგის თავია. ხელისუფლება მედიაზე არაპირდაპირი ზეწოლის მექანიზმებს იყენებს.
 ლევან ხერხეულიძე

როდესაც "ლიბერალის" რედაქციაში გამართულ ჟურნალისტურ შეხვედრაზე დავსვით კითხვა, რა სჭირს ქართულ მედიას, ჩვენი ამოცანა იყო იმ მიზეზების გამოვლენა, რომლებმაც ქართული მედიის მდგომარეობა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პარადოქსულად შეცვალა.

მედიის პრობლემების დიაგნოზირებისას ერთადერთი სფერო, რომელიც კრიტიკას არ ექვემდებარებოდა, საკანონმდებლო ბაზა გახლდათ. 2003 წლის შემდეგ მედიასთან დაკავშირებული კანონები იმდენად დაიხვეწა, რომ ის ლიბერალიზმის და სიტყვის თავისუფლების გარანტად ჩაითვალა.

თუმცა, ამ თემებზე მსჯელობისას, რადიკალურად სხვანაირად დავინახეთ პრობლემების სათავე. აღმოჩნდა, რომ ქართული მედიის სისუსტეები უშუალო ცენზურას იმდენად არ უკავშირდება, რამდენადაც სწორედ ამ კანონმდებლობას.

ეფექტურად შეფუთული დოკუმენტაცია, სინამდვილეში, ხელისუფლებას მედიაზე კონტროლის შენარჩუნებისთვის ლეგალურ გზებს უტოვებს. 2003-მდელი რეალობა, რომლის დროსაც თავისუფალ მედიასთან გამკლავების გაცილებით უფრო პირდაპირ და უხეშ გზებს იყენებდნენ, შეიცვალა. ახლა ცენზურა უფრო ირიბი, ერთი შეხედვით, იურიდიულად გამართული და მოწესრიგებულია.

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ქართული მედიის პრობლემებს ეხებოდა, ლიტვის რადიოტელევიზიის კომისიის დირექტორმა ნერიუს მალიუკევიჩუსმა პირდაპირ თქვა: "ტელე-რადიო კომპანიების მფლობელების გამჭვირვალობა ეჭვქვეშ ჩვენთან არასდროს დამდგარა. ლიტვაში ტელეკომპანიას არც ერთი ოფშორული კომპანია არ ფლობს. ყოველთვის კონკრეტულად ვიცით, ვინ არის არხის მეპატრონე და მეწილე, თუნდაც ის აქციების მხოლოდ ათ პროცენტს ფლობდეს. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ პასუხი კითხვებზე ყველა ცნობისმოყვარე მოქალაქემ მიიღოს".

საქართველოს ორი ყველაზე მსხვილი ნაციონალური მაუწყებლის (ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ტელევიზიის) რეალური მფლობელის ვინაობა გაურკვეველია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ რამდენჯერმე გასხვისებული "რუსთავი 2" ბოლოს ივნისში გაიყიდა და მისი წილების 70 პროცენტის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია Degson Limited გახდა. საზოგადოებისთვის ამაზე მეტი ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. წილების გაყიდვა აბსოლუტურად დახურულ და გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა ისევე, როგორც წინა ჯერზე, როდესაც "რუსთავი 2" ასევე ოფშორულმა, კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ გადაიფორმა, მისი მეწილეების შესახებ ინფორმაცია კი დაიბლოკა.

უამრავი ეჭვი და უპასუხო კითხვა დარჩა ტელეკომპანია "იმედის" გაყიდვის შემდეგაც. მიუხედავად იმისა, რომ მსჯელობა "იმედის" გაყიდვის შესახებ, "რუსთავი 2"-თან შედარებით, ღიად მიმდინარეობდა, მაინც გაურკვეველია მისი წილების 90 პროცენტის მფლობელი კომპანიის - Rakeen Georgian Holding-ის სამართლებრივი სტრუქტურა და პასუხი კითხვაზე - მართლაც დგას თუ არა ამ კომპანიის უკან ქართველი მფლობელი.

ბუნდოვანია ტელეკომპანია "საქართველოს" მფლობელობის საკითხიც. დოკუმენტაციის მიხედვით, ეს კომპანიაც დამოუკიდებელი და კერძოა, მისი მფლობელია ასევე გაურკვეველი წარმოშობის კომპანია Denal Union. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიხედვით, "საქართველო" ოფიციალურად თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან და მისი ეთერის უდიდეს დროს სამხედრო პროგრამები ავსებს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით მზადდება.

ამ ბუნდოვანების ლეგალიზებას საკანონმდებლო ხარვეზები იწვევს. ერთი მხრივ, კანონი არ ავალდებულებს მფლობელებს, გასცეს ინფორმაცია მეწილეებისა და პარტნიორების შესახებ; მეორე მხრივ კი,  მაუწყებლობის შესახებ კანონით, დაუშვებელია, ფიზიკური ანდა იურიდიული პირი ფლობდეს ერთზე მეტ ლიცენზიას ტელევიზიისთვის და ერთზე მეტს - რადიოსთვის.

გამოდის, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ფირმის რეალური მფლობელი შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიას განკარგავდეს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აზრით, საჭიროა ფინანსთა მინისტრის 2008 წლის ბრძანება გაუქმდეს და სამეწარმეო რეესტრის ბაზაში ის გრაფა აღდგეს, რომელიც პარტნიორებისა და მეწილეების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.

საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს მედიასივრცის რა საბაზრო წილი შეიძლება იყოს ერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირის კონტროლქვეშ. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის თანახმად, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ფლობს "რუსთავი 2"-ის აქციების 30 პროცენტს, "მზის" 45 და "პირველი სტერეოს" 65 პროცენტს. მისი შვილობილი კომპანია Georgian Media Incorporated კი "იმედის" აქციების მფლობელიც არის. ანუ, გამოდის, რომ "ინდუსტრიული ჯგუფი", საერთო ჯამში, მედია ბაზრის ორ მესამედს აკონტროლებს.

ეს ცვლილებები შესაძლებელია შეუმჩნეველიც დარჩენილიყო, რომ არა ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკა. 2004 წლიდან მოყოლებული თანდათან - დაფარულად და თანმიმდევრულად - ტელეეთერი სახელისუფლებო პროპაგანდამ ამოავსო. "კავკასიისა" და "მაესტროს" თვითმიზანი კი კონტრპროპაგანდა გახდა.

IREX-ის 2009 წლის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური გავლენით მიმდინარეობს მაუწყებლების ლიცენზირების საკითხიც. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებები კი იმდენად ფართოა, რომ მას მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საშუალებას აძლევს.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.