Skip to content

ავტორიზაცია

სატელევიზიო სივრცე საქართველოში - მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო


"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", ნოემბერი, 2009

საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე ორი კერძო ტელეარხი - "რუსთავი-2" და "იმედი" -დომინირებს. 2009 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საბაზრო წილის 35,6%-ით "რუსთავი-2" ქვეყანაში ყველაზე პოპულარული არხია. მას მოსდევს "იმედი" 25,4% საბაზრო წილით. ორივე არხს ერთად ბაზრის 61% უკავია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზორის წინ გატარებული ყოველი 100 წუთიდან 61-ს საქართველოს მოქალაქეები "რუსთავი 2-სა" და "იმედს" უთმობენ.

სატელევიზიო რეკლამაში 2008 წელს სულ დაახლოებით 30-დან 33 მილიონამდე ამერიკული დოლარი დაიხარჯა. სატელევიზიო ბაზრის ყოფილი წარმომადგენელი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, თვლის, რომ ეს მონაცემებიც კი ზედმეტად ოპტიმისტურია. სამწუხაროდ, საქართველოს სარეკლამო ბაზრის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რადგან  არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც რეკლამის სუფთა გასავლების ან ზრდადი შემოსავლების განსაზღვრით არის დაკავებული. 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური კრიზისის შედეგად რეკლამაზე დანახარჯებმა კიდევ უფრო იკლო.

კერძო ტელევიზიებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2008 წელს მათი შემოსავლები 80,8 მილიონი ლარი იყო. საკაბელო ლიცენზიის მფლობელების შემოსავალმა იმავე წელს 11,3 მილიონი ლარი შეადგინა. საბოლოო ჯამში, საქართველოს სატელევიზიო არხების ოფიციალურად გაცხადებული შემოსავლები 2008 წელს 92 მილიონ ლარზე მეტი იყო. ამ მონაცემებში არ შედის სატელიტით მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე კომპანიების შემოსავლები. თუ ჩავლთვლით, რომ 2008 წელს სატელევიზიო რეკლამებზე 35 მილიონი ამერიკული დოლარი (58 მილიონი ლარი) დაიხარჯა, გამოდის, რომ საქართველოს ტელევიზიებმა, სულ მცირე, 34 მილიონი ლარი (20,2 ამერიკული დოლარი) სხვა, უცნობი წყაროებიდან მიიღეს.

საქართველოს სატელევიზიო რეკლამების საერთო ღირებულება 2008 წელს 20-23,5 მილიონ ევროს შეადგენდა. იგივე რიცხვი მაკედონიაში (2 მილიონი მოსახლეობით) 180 მილიონი ევროა, ბელორუსში (მოსახლეობა 9,6 მილიონი) -  238 მილიონი ევრო, ლატვიაში (2,2 მილიონი მოსახლეობით) - 335 მილიონი ევრო, ლიტვაში კი (3,6 მილიონი მოსახლეობით) - 331 მილიონი ევრო.

2009 წლის მარტში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაამტკიცა მაუწყებლობის  ლიცენზიის მქონე პირების ქცევის კოდექსი, სადაც მედია საქმიანობის მთავარი პრინციპები, წესები და პროფესიული სტანდარტებია განსაზღვრული. ეს კოდექსი რეგულირების სავალდებულო სისტემას აწესებს და ეროვნულ მაუწყებლებს ავალდებულებს, 2009 წლის 12 სექტემბრამდე თვითრეგულირების ინდივიდუალური მექანიზმები შეიმუშაონ. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიღებულ ქცევის კოდექსს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, რადგან ის მომხმარებელს საჩივრის პირდაპირ სასამართლოში მიტანას უკრძალავს და ამ საჩივარის თავდაპირველად მაუწყებელში წარდგენას ავალებს.

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ამჟამად კომუნიკაციების ეროვნული კომისია სამაუწყებლო ლიცენზიებს არ გასცემს. 2008 წლის მაისში მარეგულირებელმა ლიცენზიების გაცემა დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი, მისი განცხადებით, იყო ის, რომ კომისიას სურდა, სამაუწყებლო ბაზარი შეესწავლა და დაედგინა, თუ რა პრიორიტეტებზე უნდა გამახვილებულიყო მომავალში ყურადღება, ანუ რა სახის ლიცენზიები უნდა გაეცა. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა, ეს პროცესი კი კვლავ გრძელდება და ჯერაც უცნობია, როდის დასრულდება. ამრიგად, მარეგულირებელმა კომისიამ წარმოშვა დროებითი ბარიერი, რომელიც ბაზარზე ახალი მოთამაშის გაჩენას ხელს უშლის.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.