კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) 2009
ქართველები ახალი ამბების ხარბი მომხმარებლები არიან. ტეელვიზორს რესპონდენტთა 84 პროცენტი ყოველდღიურად უყურებს. გამოკითხულთა 86 პროცენტი ასევე კითხულობს ყოველკვირეულ გაზეთებს, 80 პროცენტი - ჟურნალებს, თვეში ერთხელ მაინც. რესპონდენტთა 33 პროცენტი კი ინფორმაციას ყოველდღიურად რადიოდან იღებს. იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვიც - ნეტში ყოველდღიურად გამოკითხულთა 12 პროცენტი ერთვება.
ქვეყნის უდიდეს ნაწილს მხოლოდ სამი ტელემაუწყებელი - "რუსთავი 2", "იმედი ტვ" და საზოგადოებრივი მაუწყებელი ფარავს. გამოკითხულთა 51.33 პროცენტი ამ არხებს პროსახელისუფლებო მაუწყებლებად აფასებს. თბილისის მოსახლეობის 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ "კავკასია" ოპოზიციის ინტერესებს იცავს, 50 პროცენტის აზრით კი, ოპოზიციის მხარდამჭერია "მაესტროც".
მაშინ, როცა გამოკითხულთა 40 პროცენტი თანხმდება იმაზე, რომ ქართველი ჟურნალისტები უბრალო ადამიანების ინტერესებს ემსახურებიან, ამ მოსაზრების სისწორეს არ ეთანხმება გამოკითხულ მედიაპროფესიონალთა 79 პროცენტი.
მედიაპროფესიონალების 83 პროცენტს სჯერა, რომ ჟურნალისტებზე გავლენას სამთავრობო ინტერესები ახდენს, არადა, ასე საზოგადოების მხოლოდ 18 პროცენტი ფიქრობს. მათი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მედიასაშუალებების მფლობელების გაუმჭვირვალეობა აიოლებს ჟურნალისტებზე ზეწოლას. გამოკითხულთა 79 პროცენტს მიაჩნია, რომ ტელემაუწყებლების მფლობელები მათ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ.
მედიაპროფესიონალებისთვის ტელემაუწყებლები უფრო პოლარიზებულია, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობისთვის. გამოკითხული საზოგადოების მხოლოდ 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2" სამთავრობო ინტერესებს ემსახურება, ხოლო ამ მოსაზრებას ეთანხმება გამოკითხული მედიაპროფესიონალების 94 პროცენტი.
გამოკითხულთა 75 პროცენტისთვის ახალი ამბების მიკერძოებული გაშუქება მიუღებელია, მაგრამ უმრავლესობას მაინც ჰგონია, რომ სატელევიზიო ახალ ამბებში ობიექტურობა დაკარგულია. რესპონდენტთა 61 პროცენტი ფიქრობს, რომ ახალი ამბების გაშუქებაზე გავლენას არხების მფლობელები ახდენენ. ქართველების 49 პროცენტი კი ეთანხმება აზრს, რომ ჟურნალისტები რაღაც დოზით მთავრობის ინტერესებს იცავენ.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება