თავისუფალი პრესის განვითარებისთვის ინტერნეტი უნიკალურ მედიუმს გვთავაზობს. თუმცა, საქართველოში მის შესაძლებლობებს მინიმალურადაც კი ვერ იყენებენ. მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ ინტერნეტი ბევრისთვის ისევ ფუფუნების საგანია, ამიტომ მისი შესაძლებლობები ჯერჯერობით აუთვისებელია.
საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა, "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRRC) მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველდღე ინტერნეტს მოსახლეობის მხოლოდ 12 პროცენტი იყენებს, ინფორმაციას კი მისგან სულ 3 პროცენტი იღებს.
დასავლეთში ახალი მედიის პოპულარობას მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების მოთხოვნილება განსაზღვრავს. სოციალური ქსელების, "ფეისბუქის", "თვითერისა" და "იუთუბის" საშუალებით, ადამიანები ამ ინფორმაციას გემოვნებისა და ცხოვრების წესის მიხედვით ირჩევენ.
მედიის დამოუკიდებლობის მხრივ განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში კი ახალი მედია ხელისუფლების წნეხისგან გათავისუფლების გზა და ალტერნატიული ინფორმაციის წყარო ხდება.
ქართულ მედიასივრცეში ერთი წლის წინ პირველი ინტერნეტ-ტელევიზიის გამოჩენაც სწორედ ამ წნეხისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო. ინტერნეტ-ტელევიზია "ჯევიჟენ" 2007 წელს ტელეკომპანია "იმედის" დახურვის შემდეგ წამოსულმა ჟურნალისტებმა დააარსეს. როგორც დამფუძნებელი და პროდიუსერი რუსა ჭაბუკიანი ამბობს, ინტერნეტ-ტელევიზია თავისუფლების ოაზისად წარმოედგინათ. ამ წარმოდგენას ამყარებდა ისიც, რომ ინტერნეტ-ტელევიზიის შესაქმნელად ლიცენზიის აღება საჭირო არაა და ის, წესით, მართლა არის შეუზღუდავი თავისუფლების სივრცე.
თუმცა, "ჯევიჟენ" მალე დადგა ფაქტის წინაშე, რომ რეალური თავისუფლებისთვის თავისუფალი და გარანტირებული ფინანსებიც სჭირდებოდათ. აქ კი ისევ იმ პრობლემას წააწყდნენ, რაც ტრადიციული მედიასაშუალებებისთვის კარგად ნაცნობია - "ჯევიჟენთან" გარიგების დადება რამდენიმე პოლიტიკურმა დაჯგუფებამ სცადა. თუმცა, დამფუძნებლებმა პოლიტიკოსებისთვის აქციათა საკონტროლო პაკეტის მიყიდვაზე უარი თქვეს იმ იმედით, რომ ბიზნესის განვითარებას დამოუკიდებლად შეძლებდნენ. თუმცა, გახსნიდან მეორე წელს "ჯევიჟენის" ხუთი ჟურნალისტი ისევ ერთადერთი კამერით მუშაობს. არხის რეიტინგიც დაბალია. ვებგვერდზე დღეში, საშუალოდ, 160-მდე მაყურებელი შედის.
რომ არა კავკასიის ინტერნეტ-მედია ჯგუფისგან მიღებული დაფინანსება, ვერც მეორე ინტერნეტ-ტელევიზია "აიტივი" განვითარდებოდა. ამ ჯგუფში მასთან ერთად კიდევ 11 გასართობი და საინფორმაციო პორტალი შედის. მათგან შედარებით მაღალი სარეკლამო შემოსავალი ძირითადად გასართობ საიტებს აქვთ. მათი შემოსავალი კი შედარებით დაბალრეიტინგულ "აიტივიზეც" ნაწილდება.
კომპანიების ფინანსური მენეჯერები აცხადებენ, რომ საქართველოში ინტერნეტ-რეკლამაზე დაბალი მოთხოვნაა, მიზეზად ინტერნეტ კულტურის განუვითარებლობას ასახელებენ. ზოგიერთი კომპანია ინტერნეტში რეკლამას მხოლოდ მას შემდეგ ყიდულობს, რაც თავის საიმიჯო საიტს შექმნის.
პოპულარული საიტების რეიტინგს თვალს თუ გადავავლებთ, მოწინავე პოზიციებზე არა საინფორმაციო-ანალიტიკური საიტები, არამედ გასართობი პორტალები ხვდება. პოლონელი ჟურნალისტი იაკუბ გორნიცკი, რომელიც ერთი თვის წინ თბილისში გამართულ ახალი მედიის ფორუმზე ჩამოვიდა, ამბობს, რომ ახალი მედია საქართველოში ზედმეტად პოლიტიზებულია და არა თემატურად მრავალფეროვანი - როგორც წესით უნდა იყოს. ამ ფაქტს არხების პროდიუსერები იმით ხსნიან, რომ მაყურებელს უფრო პოლიტიკური თემები აინტერესებს და დასტურად იმ გამოხმაურებებსა და კომენტარებს ასახელებენ, რომლებიც მათ სიუჟეტებს მოჰყვება.
პოლიტიზების ხარისხით ის სოციალური ქსელებიც გამოირჩევა, რომელთა პოპულარობაც საქართველოში დღითი დღე იზრდება.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ვებგვერდი, რომელსაც რეიტინგით მხოლოდ გასართობი ვიდეო-პორტალები უსწრებს, "თბილისის ფორუმია". ეს ის უნიკალური ადგილია, რომელიც ბევრი ინტერნეტ-მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიღების წყაროც ხდება და სადისკუსიო სივრცეც.
სოციალური ქსელების ასეთი პოპულარობის გამო, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან იზრდება ცდუნება, ამ საინფორმაციო სივრცეზე ზეგავლენით საზოგადოებრივი აზრი აკონტროლონ.
რვა წლის წინათ შექმნილი თავისუფალი სიტყვის ზონა "forum.ge", სოციალური ქსელების ზოგიერთი მოყვარულის აზრით, დღეს სამთავრობო კონტროლის ქვეშ მოექცა.
ფორუმის დამაარსებელი თეიმურაზ ხაინდრავა ასეთი ზეწოლის ფაქტებს უარყოფს. ერთ-ერთი აქტიური წევრის თქმით, ფორუმი "სიტყვის თავისუფლების შუქურა არაა, მაგრამ ბევრ საინტერესოს პირველად აქ გაიგებ". თუმცა, აგვისტოს ომის დროს, როცა საზოგადოებას ინფორმაციის ალტერნატიული წყარო ყველაზე მეტად სჭირდებოდა, "თბილისის ფორუმი" ერთი თვით გათიშეს.
ომის დროს შექმნილი საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოჰყვა, ინფორმაციის ვერც ამ ალტერნატიულმა წყარომ შეავსო. გამოდის, რომ ის მისია, რაც ახალმა მედიამ საკუთარ თავზე აიღო ირანში, საქართველოში ბოლომდე ვერ შეასრულა.
2009 წლის ზაფხულში, როცა საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის სასარგებლოდ გაყალბდა, ათასობით ირანელი ქუჩაში ხმის უფლების დასაცავად გამოვიდა. მასობრივი არეულობა მალე სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა. და როცა ჟურნალისტებს მიმდინარე მოვლენების გაშუქება აუკრძალეს, მაშინ მოქალაქეებმა ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალური ქსელები "თვითერი" და "იუთუბი" გამოიყენეს. სტუდენტები მობილური ტელეფონებით იღებდნენ, "იუთუბზე" ტვირთავდნენ და ასე უყვებოდნენ მთელ მსოფლიოს ირანში განვითარებულ მოვლენებს.
ირანის მაგალითის მოყვანისას ზოგიერთი ხაზს უსვამს, რომ ახალი მედიისთვის ბარიერები არ არსებობს. "გამიგია მოსაზრება, რომ ინტერნეტის რეგულირება იგივეა, მზის ამოსვლის გაკონტროლებას შეეცადო", - ამბობს "ინტერნიუსის" უკრაინელი მედიაკონსულტანტი ოლეგ ხომენიკი, და მაგალითად ჩინეთის მთავრობას ასახელებს, რომელიც "მზის ჩაქრობას" ინტერნეტ-პროვაიდერების დაბლოკვით ცდილობს. თუმცა ინფორმაცია ალტერნატიული წყაროებით, მაგალითად, მობილურით გადაღებული ვიდეოებით, მაინც ვრცელდება.
ცნობილი ბელორუსი ჟურნალისტი ევგენი მოროზოვი "თვითერის რევოლუციასაც" არაერთმნიშვნელოვნად აღიქვამს. მისი თქმით, სოციალური ქსელები ირანის მთავრობისთვის ღია სადაზვერვო ინფორმაციის წყაროდ იქცა. რის გასაგებადაც წინათ "კგბ" თვეების განმავლობაში წვალობდა, ახლა ამ ინფორმაციას "ფეისბუქიდან" იგებს. მოროზოვის თქმით, ავტორიტარული ქვეყნის ხელისუფლება თავისი ინტერესების გასატარებლად სპეციალურად ქირაობს ბლოგერებს, რომ მისთვის სასარგებლო თემებზე წერონ.
ზოგიერთი პოლიტიკოსი ბლოგერებს ქირაობს, ზოგიერთი კი ახალი მედიის შექმნაში უშუალოდ მონაწილეობს.
2009 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საზოგადოებას კრემლის ოფიციალურ საიტზე საკუთარი ვიდეო ბლოგის გახსნის წლისთავი მიულოცა; ანუ იმ ქვეყანაში, სადაც მედიაზე პირდაპირი ცენზურა ვრცელდება, პრეზიდენტიც კი ბლოგოსფეროს საკუთარი პოლიტიკის პროპაგანდისთვის წარმატებით იყენებს. რუსეთის პრეზიდენტი აუდიტორიაზე გავლენის მოხდენას არა მხოლოდ სამთავრობო არხებითა და პრესით, საკუთარი ვიდეო ბლოგის საშუალებითაც ცდილობს და აღწერს, მაგალითად, როგორ გაარემონტებინა საბავშვო კლინიკა, მას შემდეგ, რაც დანგრეული ოთახების ფოტოები ბლოგზე ნახა.
გამოდის, რომ რუსეთის ხელისუფალი ახალი მედიის თამაშის წესებს აღიარებს და იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს მედიუმი სთავაზობს, ღიად და პირდაპირ იყენებს.
საქართველოს პრეზიდენტი ბლოგს თავად არ წერს, სამაგიეროდ, სოციალურ ქსელს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან ასოცირებული პირები იმ საკითხების პროპაგანდისთვის იყენებენ, რომელთა გადაჭრაც თავად სურთ.
"თავისუფლების ინსტიტუტის" წევრ ლევან რამიშვილს "ფეისბუქზე" ოთხი ათასამდე მეგობარი ჰყავს, ამიტომ თემა, რომელსაც იგი ლობირებს, სულ მალე საჯარო განხილვის საგანი ხდება. სწორედ ასე მოექცა მედიის ფოკუსში სტალინის ძეგლის გადატანის, ბაგრატის რეკონსტრუქციის, ჰელოუინისა და თეა თუთბერიძის გარშემო ატეხილი აურზაური.
ასეთი სოციალური აქტივობები ნაკლებად ეხება ქართულ ბლოგოსფეროს, რომელიც ახალი მედიის სხვა საშუალებებთან ერთად ახლა ვითარდება და არც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქართულ ბლოგოსფეროს ინფორმაციის მიწოდებისა და ანალიზის ნაცვლად, პირადი დღიურების სახე უფრო ხშირად აქვს. რეიტინგით პირველი "ყველაზე სკანდალური, ექსტრავაგანტული და სუპერრეალითი ბლოგი" sweet.ge-ც ასეთია.
ინფორმაციის გავრცელების ფუნქციას საქართველოში ვერც "თვითერი" ასრულებს, მაშინ როცა ამ ქსელის დახმარებით, თუნდაც ექსტრემალურ სიტუაციებში, ამბის მყისიერად გადაცემა შეიძლება. მის შესაძლებლობებს ჟურნალისტებთან ერთად ეფექტურად იყენებენ პოლიტიკოსებიც, მაგალითად ბარაკ ობამას "თვითერში" მილიონობით ადამიანი "მიჰყვება" და შეუძლია, ლაკონიური შეტყობინებების სახით მის დღის განრიგსაც კი გაეცნოს.
დასავლეთში უკვე "თვითერის" გამოყენების ალტერნატიულ მეთოდებსაც მიაგნეს. იქ მალე "თვითერობას", ადამიანების გარდა, მანქანები დაიწყებენ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტმა თავისი ფეხმძიმე მეუღლისთვის ვიბრაციის მქონე სენსორებიანი ელასტიური ბანდაჟი გამოიგონა, და ყოველ წამს, როცა ბავშვი მუცელში ინძრევა, სენსორებით "თვითერს" შეტყობინებას გადასცემს: "გავინძერი პარასკევს, 8 საათზე".
საქართველოში ჯერ მხოლოდ იმის ნიშნებია, რაც საზღვარგარეთ უკვე ტენდენციად არის ქცეული. სასურველია, ინტერნეტ მედიუმის შესაძლებლობები ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებზე ადრე სამოქალაქო სექტორმა და მედიამ გამოიყენონ. პოლარიზებული და კონტროლირებადი ტრადიციული მედიის ფონზე ეს ის მედიუმია, რომელსაც შეუძლია, ინფორმაციის გავრცელებისა და გაანალიზების თავისუფალ, ეფექტურ და სწრაფ საშუალებად იქცეს.
კომენტარები
გიგა (შეუმოწმებელი), დეკემბერი 24, 2009, 12:33:40
ახალი კომენტარის გამოქვეყნება