ყარაბაღის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში უპრეცედენტო აქტიურობაა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები - ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი მიუნხენში მთიანი ყარაბაღის საკითხზე საგანგებო, წელს უკვე მეექვსე შეხვედრას გამართავენ. ამ შეხვედრის შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზული გარღვევაა მოსალოდნელი.
მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988 წელს დაიწყო, როცა ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა. კონფლიქტის შეიარაღებული ფაზის დასრულებისა და 1994 წელს მხარეების დაზავების შემდეგ ყარაბაღს მართავს მთავრობა, რომელიც ადგილობრივი სომხებითაა დაკომპლექტებული. ათობით ათასი აზერბაიჯანელი დევნილობაშია. გარდა უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიისა, სომხური მხარის კონტროლქვეშაა ასევე აზერბაიჯანის შვიდი რაიონი, რომელიც ყარაბაღს ესაზღვრება. გაერო-ს უშიშროების საბჭომ მრავალრიცხოვანი რეზოლუციებით დაგმო სომხეთის მიერ ყარაბაღის მოსაზღვრე აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპირების ფაქტი. მთიანი ყარაბაღი დღეს არც ერთი ქვეყნის, მათ შორის, არც სომხეთის მიერ არ არის აღიარებული.
მართალია, მთიანი ყარაბაღი გაყინულ კონფლიქტად ითვლება, მაგრამ მშვიდობა აქ ძალზე მყიფეა. კონფლიქტის შეიარაღებული ფაზის დასრულების შემდეგ საზღვართან ორმხრივი სროლებისა და სნაიპერთა ტყვიების შედეგად ორივე მხარეს ყოველწლიურად დაახლოებით 150-200 ჯარისკაცი იღუპება. მუდმივ შიშში ცხოვრობენ საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებნი, რომელთათვისაც მიწის ნაკვეთების დამუშავება და საქონლის მწყემსვაც კი ძალზე სახიფათო საქმიანობაა.
კონფლიქტის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე მხარეები კონფლიქტის მოგვარების პრინციპებთან დაკავშირებული ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილან. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი თითქმის შეჯერებულია, თუმცა კვლავაც რჩება წყალქვეშა ნაღმები, რომლებმაც ნებისმიერ წუთს შეიძლება შეწყვიტონ სამშვიდობო პროცესი.
ყარაბაღთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის სასიკეთო ატმოსფეროს შექმნა ოქტომბრის შუა რიცხვებში ციურიხში ხელმოწერილმა სომხეთ-თურქეთის ოქმებმაც განაპირობა.
თურქეთი - აზერბაიჯანის მეგობარი ქვეყანა, რომელმაც 1993 წელს სომხეთთან საზღვარი ბაქოსთან სოლიდარობის ნიშნად ჩაკეტა, აცხადებს, რომ ამ საზღვარს მხოლოდ მაშინ გახსნის, რაც ერევანი მთიანი ყარაბაღის გარშემო ოკუპირებული ტერიტორიებიდან გავა. ამ შინაარსის განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა უკვე რამდენჯერმე გააკეთა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება ერდოღანის აშშ-ში ვიზიტი დეკემბრის დასაწყისში.
ანკარასთან დიალოგისას სომეხი დიპლომატები ცდილობენ, ყარაბაღის საკითხი მკვეთრად გამიჯნონ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების თემისგან და თურქ კოლეგებთან შეხვედრებისას სიტყვა "მთიანი ყარაბაღის" ხსენებასაც კი გაურბიან. ერევანს არ სურს თურქეთთან ურთიერთობების ყარაბაღის ხარჯზე აღდგენა.
მიმდინარე წლის ივლისში პრესაში გამოქვეყნდა ეგრეთ წოდებული "მადრიდული პრინციპები", რომელთა საფუძველზეც, მოსალოდნელია მთიანი ყარაბაღის საკითხზე მხარეებს შორის ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერა. ეს პრინციპები შემდეგი პუნქტებისგან შედგება:
1.მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე ტერიტორიების აზერბაიჯანის კონტროლქვეშ ან აზერბაიჯანისთვის დაბრუნება;
2.მთიანი ყარაბაღისთვის გარდამავალი სტატუსის მინიჭება, მისი უსაფრთხოებისა და თვითმმართველობის უზრუნველყოფა;
3.სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის უზრუნველყოფა;
4.რეფერენდუმის ჩატარების გზით ყარაბაღისთვის საბოლოო სამართლებრივი სტატუსის მინიჭება, რასაც აუცილებელი სამართლებრივი შედეგები უნდა მოჰყვეს;
5.ადგილმონაცვლე პირებისა და დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება;
6.უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები, რაც ასევე სამშვიდობო საქმიანობასაც გულისხმობს.
ცხადია, ამ სახით ჩამოყალიბებული პრინციპები ძალზე არაკონკრეტულია და სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. სწორედ ამით სარგებლობს ორივე მხარე შიდა აუდიტორიასთან საუბრისას.
სომხეთი თანახმაა, საწყის ეტაპზე შვიდი ოკუპირებული რაიონიდან ხუთი გაათავისუფლოს. დანარჩენი ორიდან გასვლას კი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, როცა მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსი განისაზღვრება. აზერბაიჯანიც არ არის ოკუპირებული რაიონების ეტაპობრივად დაბრუნების წინააღმდეგი. ის თანახმაა, პირველ ეტაპზე 5 რაიონი დაუბრუნდეს, თუმცა ითხოვს, დანარჩენი ორი რაიონიდან სომხური ძალების გასვლის ვადები წინასწარ განისაზღვროს.
აზერბაიჯანი ასევე თანახმაა მთიანი ყარაბაღისთვის გარდამავალი სტატუსის მინიჭებაზე. თუმცა, ამ თანხმობას ყოველ ჯერზე თან ახლავს პირობა, რომ სტატუსი "აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში" უნდა განისაზღვროს. კონკრეტულად რა დატვირთვა ექნება ამ სტატუსს, ჯერ არაა ცნობილი.
თითქმის შეთანხმებულია მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნის საკითხი. აქ მხოლოდ ტექნიკური დეტალების გარკვევაა დარჩენილი.
მხარეებს შორის ყველაზე პრინციპულ აზრთა სხვადასხვაობას მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა იწვევს.
აზერბაიჯანის კონსტიტუცია ქვეყნის ერთ ცალკეულ ნაწილში რეფერენდუმის ჩატარებას კრძალავს. ამდენად, თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ პუნქტს დათანხმდება, მაშინ ჯერ ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა მოუწევს (გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ავორიტარული მმართველობის პირობებში ეს ძალზე იოლი საქმეა). თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჯერ რეფერენდუმზე თანხმობა არ განუცხადებია. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი "მადრიდული პრინციპების" კომენტირებისას ამბობს: "პირველ ეტაპზე შეიძლება დროებით სტატუსზე შევთანხმდეთ, ხოლო საბოლოო სტატუსი მაშინ გადაწყდება, როდესაც ამაზე მოვილაპარაკებთ. ეს, შესაძლოა, ერთ წელიწადში მოხდეს, შესაძლოა - ათ წელიწადში, ასში, ან სულაც არ მოხდეს".
ჯერ ისევ დაუდგენელია აზერბაიჯანელი დევნილების მთიან ყარაბაღში დაბრუნების პირობები და ვადები. სომხურ მხარეს მიაჩნია, რომ დევნილები ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ უნდა დაბრუნდნენ. აზერბაიჯანული მხარე კი თვლის, რომ ეს მანამდე უნდა მოხდეს, რათა მათაც მიიღონ მონაწილეობა სტატუსის განსაზღვრის პროცესში.
კონსენსუსი მიღწეულია საერთაშორისო გარანტიებისა და მშვიდობისმყოფელთა განლაგების საკითხშიც. აზერბაიჯანი წინააღმდეგი არ არის თავის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალებს უმასპინძლოს. დასაზუსტებელია მხოლოდ მათი შემადგენლობა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "მადრიდული პრინციპები" მისი ქვეყნის ინტერესებს პასუხობს. ამასთან ალიევმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე განგებ აჭიანურებს სამშვიდობო პროცესს, რადგან არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება მის ინტერესებშია.
ალიევის ოპტიმიზმს "მადრიდულ პრინციპებთან" დაკავშირებით აზერბაიჯანში ბევრი არ იზიარებს.
მაგალითად, ყოფილმა სახელმწიფო მრჩეველმა, ახლა კი დამოუკიდებელმა პოლიტოლოგმა ვაფა გულუზადემ მკაცრად გააკრიტიკა მომავალი შეთანხმების პრინციპები: "ეს პრინციპები საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება და აზერბაიჯანის დანაწევრებისკენაა მიმართული. შუამავლები ცდილობენ, ერის თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები შეაჯვარონ, მაგრამ ამასთან აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციის ფაქტს არ გმობენ", - ამბობს პოლიტოლოგი.
"მადრიდული პრინციპების" წინააღმდეგ აზერბაიჯანული ოპოზიციაც გამოდის. მაგალითად, კლასიკური სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერმა მირახმუდ მირალიოღლუმ "მადრიდული პრინციპების" წინააღმდეგ ყველას ეროვნული დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ამ საკითხში მას მხარს უჭერს დეპუტატთა ოპოზიციური ჯგუფის "მუსავათის" წევრი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პანაჰ ჰუსეინი. მისი შეფასებით, "აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბოლო გამოსვლებში აღარ შეინიშნება ძველებური სიმტკიცე ოკუპირებული ტერიტორიების ნებისმიერი გზით გათავისუფლებასთან დაკავშირებით". ჰუსეინი საზოგადოებას "სამარცხვინო მშვიდობის" წინააღმდეგ კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "მადრიდული პრინციპები" "სამარცხვინო მშვიდობის" დამყარებისკენაა მიმართული და არა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.
საზოგადოებრივი აზრი და კონფლიქტის მონაწილე რომელიმე ქვეყანაში შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია მშვიდობიანი პროცესის სერიოზულ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს. მაგალითად ისეთი, როგორიც 1999 წელს სომხეთში იყო, როცა 27 დეკემბერს სომხეთის პარლამენტში ტერაქტი მოხდა. მსგავსი სცენარის განვითარება აზერბაიჯანში ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამის სრულიად გამორიცხვაც არ შეიძლება.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად შეიძლება იქცეს "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის" ხელმძღვანელების პოზიცია, რომლებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი მონაწილეობის გარეშე ხელმოწერილი ნებისმიერი შეთანხმება უარყოფილი იქნება. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აშშ-ს, ევროკავშირისა და რუსეთის ინტერესთა თანხვედრის შემთხვევაში, ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება ვერ გაბედავს წინ აღუდგეს მოსკოვსა და ერევანს.
ფაქტია, რომ სერიოზული ცვლილებების დრო დგება. 15-ზე მეტი წლის განმავლობაში პირველად "მშვიდობას შანსი მიეცა". ახლა პოლიტიკოსების საქმეა, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვან.
კომენტარები
სტუმარი (შეუმოწმებელი), მაისი 16, 2010, 09:03:33
ახალი კომენტარის გამოქვეყნება