Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბედნიერება ერთი დაქოქვით

19 სექტემბერი 2016

“მთელი ზაფხულის განმავლობაში ღამე ფანჯარას ვერ ვაღებ. დავიხუთე. გავაღებ და მთელი ღამე ვერ ვიძინებ ხმაურისგან. გონკაობენ, აბღუილებენ. მოკლედ, ტვინი წაიღეს“ - ასეთია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მცხოვრები მეგობრის დამოკიდებულება ბაიკერების მიმართ.

Cross Riders MC დამოუკიდებელი ქართული მოტოკლუბია, რომელიც თბილისში 3 წლის წინ დაფუძნდა. მისმა კლასიკურმა სტრუქტურამ სათავე ამერიკაში 50-იან წლებში აიღო. კლუბს აქვს ბარი, სადაც წევრები ყოველდღე იკრიბებიან. კლუბის მთავარი ღირებულებები პატივისცემა, ლოიალობა და თავისუფლებაა. ეს პირველ რიგში ოჯახია, შემდეგ კი ორგანიზაცია. შეიძლება ითქვას, რომ ერთი სამეგობროა, სადაც საერთო ინტერესებისა და ღირებულებების ადამიანები ერთიანდებიან.

- რა არის შენთვის მოტოციკლი?

დაფი: მოტო ჩემთვის ყველაზე ახლობელი რამაა, ვისაც ენდობი და ვინც მუდამ შენ გვერდითაა. ჩემი სხეულის ნაწილია. როგორც კი ვქოქავ და მივდივარ, ყველა პრობლემა და უსიამოვნო ფიქრი უკან მრჩება. საკმარისია, ერთი წუთით გავჩერდე, რომ ეს ყველაფერი მეწევა და ისევ მაწუხებს. ამიტომ არასოდეს უნდა გაჩერდე და სულ წინ უნდა იარო მასთან ერთად, ვისთანაც ყველაზე ბედნიერად გრძნობ თავს.

დათა: როცა ბაიკზე ზიხარ ყველა შეგრძნება გააქტიურებული გაქვს. გარემოს ნაწილი ხარ. გადაადგილებისას განსაკუთრებულად შეიგრძნობ, როგორ იცვლება ტემპერატურა, სუნი, პეიზაჟი, ხმები და ამ ყველაფრისგან ძალიან დიდ სიამოვნებას იღებ, თუნდაც იმის ყურებით, როგორ მოძრაობს ასფალტი შენი ტერფის ფონზე. “ჩოპერით” მოგზაურობისას ყველაფერს ბევრად უფრო მძაფრად გრძნობ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით. ამიტომ არსებობს გამოთქმა - “ვერასდროს ნახავ მოტოციკლს ფსიქოლოგის კაბინეტთან”. ჩემთვის ბაიკი ერთდროულად ექსტრემალურიცაა და რომანტიკულიც.

Cross Riders MC წევრების რეჟიმი დღისით არაფრით განსხვავდება სხვა ადამიანების რეჟიმისგან ისინი სწავლობენ, მუშაობენ. ჩვენ შორის არიან ქიმიურ-რადიაციულ-ბიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის სპეციალისტი, მომავალი ექიმი, ივენთების მენეჯერი, მექანიკოსი, კონსტრუქტორი. მათი ღამის ცხოვრება კი მოტოციკლეტით, ბევრი rock'n'roll-ით, ალკოჰოლური სასმელით და არაამქვეყნიური გართობით გრძელდება. თუმცა კლუბის ერთ-ერთი წესი ასეთია: ნასვამზე მოტოციკლეტის ტარება არ შეიძლება! ასეთ შემთხვევაში ნასვამი ბაიკერი ადგილზე ტოვებს მოტოციკლს. ფხიზელ ბაიკერს ის სახლამდე მიჰყავს. ალკოჰოლთან დაკავშირებული კლუბის წესი დაჩი გაჩეჩილაძის ავარიის შემდეგ უფრო გამკაცრდა.

დაჩი გაჩეჩილაძე: მოტოციკლეტზე აქტიურად 2013 წლიდან ვზივარ. ის ჩემი ყოველდღიური ტრანსპორტიცაა და ცხოვრების წესიც. სანამ ავარია შემემთხვეოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მის გარეშე გავძლებდი. პარასკევი იყო და მეორე დღეს ყველა ვისვენებდით. დავლიე და სახლში მისვლას არც ვაპირებდი. იმ საღამოს ბართან ძველ მეგობარს გადავაწყდი, რომელიც სიგარეტზე გადიოდა და მოტოციკლეტით გაყვანა შევთავაზე. ვერც მან და ვერც ჩემმა მეგობარმა, რომელსაც მოტოციკლი გამოვართვი, ვერ შეამჩნიეს, რომ ნასვამი ვიყავი და მაღაზიისკენ გავეშურეთ. ზაფხულის მშვენიერი საღამო იყო. ამინდმა და ალკოჰოლმა კიდევ უფრო გამაგიჟა. გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ბორდიურს დავეჯახე. მანქანის ქვეშ მიპოვეს. ჩემი მეგობარიც ძლიერად დაიმტვრა. 31 დღე კომაში ვიყავი. ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვეში შედგა სასამართლო პროცესი. სამი წელი ვერ დავჯდები მოტოციკლზე. მაგრამ ყველაფერს ორი მხარე აქვს და აქაც ასეა. მე და ჩემი მეგობარი ერთად ვართ. ეს სამი წელი მოტეხილობების შესახორცებლად და რეაბილიტაციისთვის დამჭირდა. რაც მთავარია, ეს შემთხვევა ყველა ჩემი მეგობრისთვის დიდი გაკვეთილი აღმოჩნდა. ყველამ ცხადად შეიგნო, რომ მოტოციკლზე ნასვამი არ უნდა დაჯდე.

სიმართლე გითხრათ, სანამ ფოტორეპორტაჟზე მუშაობას დავიწყებდი, ჩემი დამოკიდებულება ჩემი მეგობრისგან დიდად არაფრით განსხვავდებოდა. თუმცა, როდესაც პირველად ვესტუმრე ბარს ბაიკერების გასაცნობად, მათი ინტელექტუალური და შთამბეჭდავი საუბრებით, rock'n'roll-ით, გართობის სტილით და მათი მოყოლილი საინტერესო ისტორიებით, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი და მათზე შეხედულებაც რადიკალურად შემეცვალა. ჩამომიყალიბდა აზრი, რომ ქროსრაიდერები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისგან. ამისათვის მხოლოდ ბაიკების დაქოქვაა საჭიროა …

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^