გიორგი და გიორგი თითქმის ნახევარი წელია ერთმანეთს ხვდებიან. მათი გადაღება სამიოდე კვირის წინ დავიწყე. ჩემს წინადადებას დასთანხმდნენ, რადგან ფიქრობენ, რომ ასე სხვა გეიწყვილებს თავიანთ სექსუალობასა და ურთიერთობებზე ღიად საუბრის მოტივაციას მისცემენ.
"ადამიანები შანტაჟის მსხვერპლნი სწორედ იმის გამო ხდებიან, რასაც მალავენ. გეები განსაკუთრებულად განიცდიან მსგავსი ტიპის ზეწოლას და ამისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება ქამინგ აუთია. თუმცა გმირობას ვერავის მოსთხოვ, მით უმეტეს, როდესაც არსებობს იმის საფრთხე, რომ ოჯახისგან გაირიყები", - ამბობენ ისინი.
27 წლის გიორგი კიკონიშვილი ონლაინსივრცეში ცნობილი ბლოგერია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოცემისთვის წერდა და ერთ-ერთი ბლოგპოსტისთვის ევროკავშირის პრიზიც აქვს მოპოვებული. მეორე გიორგი კი გრაფიკის საკმაოდ წარმატებული დიზაინერია. მისი ნამუშევრები არაერთ გამოცემაში დაბეჭდილა.
საქართველოში მეინსტრიმული მედია და მასკულტურა ჰომოსექსუალ ადამიანებს ხშირად კარიკატურულ ან ეგზოტიკურ არსებებად წარმოაჩენს. ამ ფოტოპროექტით შევეცადე საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ ლგბტ ადამიანებსა და სოციუმის დანარჩენ წევრებს შორის მსგავსება გაცილებით მეტია, ვიდრე განსხვავება. რომ მათ, როგორც საზოგადოების წევრებს, იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც სხვებს - სოციალური უსამართლობა, ექსპლუატაცია და სხვადასხვა ფორმის ჩაგვრა. ისინი ხშირად არიან ჩართული სოციალურ აქტივიზმში. ცოტა ხნით მაინც თუ გექნებათ მათთან კონტაქტი და დააკვირდებით მათ ბუნებრივ, იუმორით გაჯერებულ ურთიერთობას, აუცილებლად გაქრება ის დისტანცია, რომელსაც საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები წარმოქმნის.
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.