ჟურნალი "ფორბსი" 2011 წლის დეკემბრიდან ქართულ ენაზეც გამოიცემა.
ქართულენოვანი "ფორბსი", ჟურნალის მეოცე საერთაშორისო გამოცემა იქნება და ყოველთვიურად 3000-იანი ტირაჟით გამოვა. "ფორბს - საქართველოს" შესახებ ოფიციალური განცხადება 2011 წლის 8 დეკემბერს გაკეთდა.
ქართულენოვანი გამოცემის მთავარი რედაქტორი რევაზ საყევარიშვილი იქნება: „ჟურნალის მთავარი იდეოლოგიაა – მოიძიოს და მკითხველს მოუთხროს ადამიანებზე, იდეებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც ცვლიან სამყაროს. იგი ქართველ მკითხველს მიაწოდებს საუკეთესოს, რაც Forbes-ის ამერიკულ და სხვა საერთაშორისო გამოცემებში იქმნება და ფასეულია წარმატებასა და წინსვლაზე ორიენტირებული ყველა ქვეყნის, კომპანიის, ბიზნესმენისა თუ ცალკეული ადამიანისთვის.“ - განაცხადა რევაზ საყევარიშვილმა.
"ფორბს - საქართველოს" ჟურნალი და ვებ-გვერდი ადგილობრივი ბიზნესის შესახებ სტატიების გარდა, ამერიკული და სხვა საერთაშორისო გამოცემების თემებსაც გააცნობს ქართველ მკითხველს. "ფორბს - საქართველო" პირველი საერთაშორისო ბიზნეს ჟურნალია საქართველოში. დღეისათვის "ფორბს-მედია" ბეჭდურ და ინტერნეტ-გამოცემებს მოიცავს.
"ფორბსის" ვებ-გვერდი წამყვან პოზიციას იკავებს მსოფლიოში ბიზნეს გამოცემების ელექტრონულ ვერსიებს შორის. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ყოველთვიურად 21 მილიონზე მეტი ადამიანი კითხულობს. ჟურნალი "ფორბსი" და "ფორბს-აზია" კი მსოფლიოში 6 მილიონ მკითხველზე მეტს ითვლის.












დატოვე კომენტარი