• მთავარი
  • |
  • ახალი ამბები
  • |
  • სტატიები
  • |
  • ბლოგები
  • |
  • საავტორო სვეტები
  • არქივი
  • მოგვწერეთ

ხელოვნების და პოლიტიკის კეთება ქართულად

სოფო ტაბატაძეს ბლოგი

საქართველოში პოლიტიკური არტი რომ უკუღმართ თუ არა, უცნაურ ჭრილშია აღქმული, პირველად 2005 წელს მომხვდა თვალში, როდესაც რვა წელი ჰოლანდიაში ცხოვრების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. იმ დროისთვის ჩემი ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურად იყო ანგაჟირებული და ჩემი საქართველოში დაბრუნების მთავარი მიზეზიც ამას უკავშირდებოდა. მდიდარ და აწყობილ ჰოლანდიაში ამ თემებზე მუშაობა თითიდან გამოწოვილი მეჩვენებოდა და მინდოდა ეს თემები საქართველოში გამეღრმავებინა, სადაც მაშინაც და დღესაც გამადიდებელი შუშის გარეშეც კარგად იკითხება პოლიტიკური მიმართულებები და მისგან გამოწვეული სოციალური ცვლილებები. თუმცა, როგორც მალევე მივხვდი, არავის სიამოვნებს გამადიდებელი შუშით ნაჩვენები პრობლემები და ბევრად უფრო მომგებიანია პრობლემების ესთეტიური შირმით დამალვა და გალამაზება.

2005-07 წლებში ნადია წულუკიძესთან ერთად "ხინკალი Juice"-ის სახელით შექმნილი პერფორმანსებით ძირითად აქცენტს სოციალურ თემებზე ვაკეთებდი. ესენი იყო: ქალის ფუნქცია ქართულ საზგადოებაში, გროტესკულობამდე მისული სადღეგრძელოები, ოქროსფერი შადრევნები, დამამშვიდებელი საშუალება: სუბუტექსი - კაცებს, დიეტები - ქალებს და ასე შემდეგ. სხვა თემებზე მუშაობა ვერც კი წარმომედგინა და დღესაც მიმაჩნია, რომ ხელოვანი თავისი ნამუშევრით თავის დროს და გარემოს უნდა ირეკლავდეს. მაყურებლის უმეტესობა უკმაყოფილოდ ხვდებიდა ამ პერფორმანსებს და მირჩევდა, თავი გამენებებინა ამ თემებისთვის და ისევ ძველ ნაცად ხერხს, ხატვას დავბრუნებოდი.

ამავე წლებიდან დამამახსოვრდა ორი ღონისძიება: პირველი - გია გუგუშვილის (უმცროსის) მიერ ორგანიზებული პრეზიდენტის მხარდამჭერი ჯგუფური გამოფენა, სადაც არცერთი ნამუშევარი არ ეხებოდა არაფერ "საშიშს" და მხოლოდ ზეთსა და აკვარელში შესრულებული პეიზაჟები თუ ნატურმორტები ამშვენებდა დარბაზს. მეორე კი რუსთაველზე გამართული ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ინსტალაცია - საკნები. აქ ერთ-ერთი საკანში მხატვრები ერთიანდებოდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ხელოვანს ეპატიება პოლიტიკური სარჩულის მქონე პრო- თუ ანტისამთავრობო გამოფენებში მონაწილეობა, იმ შემთხვევაში თუ თვითონ ნამუშევრის ენა იქნება აპოლიტიკური. ხოლო თუ ხელოვანი თავისი ნამუშევრით მტკივნეულ თემებს ეხება, ეს მაყურებელში აგრესიას და ნამუშევრისგან დისტანცირებას იწვევს. ამ თამაშით მაყურებელი და ხელოვანი ერთად დარაჯობენ ხელოვანის "სუფთა გულს", რომელიც ვერ იტანს პოლიტიკაში ამოთხვრას და მხოლოდ იმას ცდილობს, რომ თავისი წვალების ფასად მაყურებელს ესთეტური სიამოვნება მიანიჭოს. ამ მსხვერპლის გაღებისთვის მაყურებელი ხელოვანს აჯილდოვებს და გამოფენის კონტექსტზე თუ მის დაფინასების წყაროზე თვალს ხუჭავს.

ცოტა ხნის წინ, ვენაში, ქართულ თანამედროვე ხელოვნებაზე კამათისას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახე ეს ყველაფერი: ჩემი ავსტრიელი მეგობარი ფრიდრიხ პელოშეკი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და ქართული ხელოვნების ნიმუშების კოლექციაც აქვს, 2009 წლის ვენეციის ბიენალეს საქართველოს პავილიონზე თავის აზრს მიზიარებდა. ამ წელს საქართველოს პავილიონის კურატორის და მხატვრის არჩევა სხვა წლებთან შედარებით თანამედროვე ხელოვნების "წესების" დაცვით მოხდა, კულტურის სამინისტროს მიერ დასახელდა კურატორი ხათუნა ხაბულიანი, რომელმაც კომისიას რამდენიმე მხატვარის ნამუშევარი წარუდგინა. კომისიამ კი კოკა რამიშვილი შეარჩია. კოკა რამიშვილმა საქართველო ვიდეონამუშევრით - "Change" წარადგინა. ამ ვიდეოში დოკუმენტური კადრებია გამყენებული და მაყურებელი ხედავს სააკაშვილის პარლამენტში შესვლას და შევარდნაძის "გაგდებას", ოღონდ შენელებულ კადრებად, გაბოხებული ხმებით, რაც ნაჩვენებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ჩემი ავსტრიელი მეგობრისთვის, ეს ვიდეო იმისი ნიშანი იყო, რომ საქართველოში ყველაფერზე ცენზურაა, რომ სააკაშვილი უკვე ბოლომდე სტალინად გადაიქცა და ყველა სფეროში, თვით ხელოვნებაშიც კი, ის იღებს გადაწყვეტილებას და ამის შედეგია ისიც, რომ ვენეციაში საქართველოს წარმოსაჩენად ის ვიდეო შეირჩა, რომელიც ამბობს, - Change კარგია, - მიშა კარგია. თან ეს ყველაფერი რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე. ამ შთაბეჭდილებამ ჩემ მეგობარ-მაყურებელზე ისეთი უკურეაქცია მოახდინა, აღარ მოუნდა ჩაღრმავებოდა ამ ვიდეოს და მისი სხვა შრეებიც წაეკითხა. კოკა რამიშვილი ამ ვიდეოთი თვითონ ცვლილებას და მის მოტანილ ახალ მიმართულებებს სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ, იგი დამოუკიდებლად მოღვაწე ხელოვანია, რომლმაც ზემოაღნიშნული ვიდეო 2006 წელს გადაიღო.

გადის კიდევ ორი წელი და 2011 წელს საქართველოს ვენეციაში უკვე მეორედ წარადგენს თამრიკო კვესიტაძე, რომელმაც 2007 წელს, მაშინაც ჯერ კიდევ ცოტათი უფრო "წესების" დაცვით, ორ სხვა მონაწილსეთან, ეთერ ჭკადუასა და ჩემთან ერთად უკვე წარადგინა საქართველო ვენეციის ბიენალეზე. 2011 წელს, მხატვრის შესარჩევად "open call"-ის შედეგად გამოხმაურებული სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრები არ ყოფილა განხილული. ახლა უკვე არანაირი ფორმალური წესების დაცვა აღარაა საჭირო. ვისაც ფული აქვს, ის უკვეთავს მუსიკას. თამრიკო კვესიტაძის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და როგორც ჩანს, ასეთი გარიგებით ივანიშვილი არა მარტო ვენეციის ბიენალის ხარჯებს იღებს საკუთარ თავზე. ბათუმის ქანდაკებაც " All you need is love " და სტალინის ძეგლის ადგილზე მომავალში დასადგამი ქანდაკებაც (პროტესტის მიუხედავად თუ მაინც დაიდგა) ხომ თამრიკო კვესიტაძეს ეკუთვნის და ჩნდება ეჭვი, რომ ივანიშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგებაა: სახელმწიფო უზრუნველყოფს საუკეთესო პოდიუმებს ივანიშვილის პროტეჟეს წარმოსაჩენად, ხოლო ივანიშვილი ფინანსურად მხარში ამოუდგება სახელმწიფოს.

ალბათ ამ მიზეზის გამოა, რომ ვენეციის ბიენალის ქართული პავილიონი კვესიტაძისათვის ერთგვარ პერსონალურ საგამოფენო დარბაზად იქცა. ამ კითხვაზე კულტურის სამინისტროს, კერძოდ დავით ცხადაძეს ერთადერთი რეაქციაა, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.

კვესიტაძის ნამუშევრები ვისაც ნანახი აქვს, მან უკვე იცის, რომ მათში არ გამოჩნდება მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალა და ბიზნესგარიგებები, ტექნიკურად ხუთიანზე შესრულებული მექანიკურად მოძრავი თოჯნები კი მაყურებელს ესთეტურ სიამოვნებას მოჰგვრის და ტექნიკური გამართულობით გააკვირვებს. პავილიონის მდიდრული გახსნა და მისი მთელი მსვლელობა იქნება "სვეცკი ტუსოვკა", რასაც არც საქართველოში არსებულ რეალობასთან, არც ქართულ თანამედროვე ხელოვნებასთან და არც საერთოდ თანამედროვე ხოლოვნებასთან კავშირი არ ექნება.

რას მოვითხოვ კვესიტაძისგან? რახან მდიდარი მფარველი ყავს არ გამოფინოს ნამუშევრები? მაგას არ ვითხოვ, უბრალოდ ძალიან მომწყინდა ხელოვანების მიერ ათვისებული ის როლი, რომ მათ პოლიტიკა არ ეხებათ, რომ ისინი ამის ყველაფრის მიღმა დგანან, და რომ "სილამაზეს" ემსახურებიან. ისიც მომწყიდნა, რომ მაყურებელს ნამუშევრის უკან მდგომი ძალების დანახვა არ სურს. ეს ყველაფერი ხომ ძველი სტრუქტუების გამაგრებაა, პოზაა, რომლიდანაც ვერ ან არ გამოვდივართ.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობის მიღება საკუთარი თავით ტკბობის საშუალება არ უნდა იყოს. ეს არ უნდა იყოს პიედესტალი, რომელზეც ისედაც ბოლომდე დაფინანსებული, კარგად გაპრიალებული და შელამაზებული რეალობა დაიდება.

ვენეციის ბიენალე უნდა იყოს გამოცდილება, რომელიც კარგად შერჩეული მხატვრების ჯგუფისთვის განვითარების და ახალი პერსპექტივების მომტანი გახდება. ეს მხატვრები უნდა ფლობდნენ თანამედროვე ხელოვნების ენას და თავიანთი კრიტიკული აზროვნებით, შეულამაზებლად ასახავდნენ რეალობას. ეს რეალობა შეიძლება მტკივნეულია, მაგრამ ტკივილის და შიშის საკუთარი თავში დაძლევა და სხვებისთვის ჩვენება ხომ ამ ტკივილზე მაღლა დადგომას ნიშნავს, რისკს შეიცავს, რითიც ხელოვნების ნიმუში საინტერესო და თანამედროვე ხდება.

----------------------------------------

* სოფო ტაბატაძე დაიბადა 1977 წელს, თბილისში. ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სადაც ერთი კურსი დახურა და ამსტერდამის, გერიტ რიტფელდის აკადემიაში გადავიდა სადაც ბაკალავრის დიპლომი მოიპოვა. ამჟამად სოფო ტაბატაძე ცხოვრობს და მუშაობს თბილსსა და ბერლინში. იგი მონაწილეობას იღებს მრავალ საერთაშირისო გამოფენაში და ხშირად იფინება საქართველოშიც. 2007 წელს სოფო ტაბატაძემ საქართველო ვენეციის სეართაშორისო ბიენალეზე წარადგინა და ამავე წელს მონაწილეობა მიიღო სტამბულის ბიენალეში. მისი ნამუშევრების შესახებ დაწერილა მრავალ ქართულ ბეჭდვით მედიაში და ასევე საერთაშორისო სახელოვნებო ჟურნალებში კუნტსფორუმი (kunstforum international) და ფლეშარტი (flesh art international). 2003 წელს მან საქართველოში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია გეოეარი, რომლიც კულტურულ პროექტებს და მხატვრების და კურატორების გაცვლას ემსახურება.

 

სოფო თქვენი ნამუშევრების ნახვა სად შეიძლება ? ელექტრონული პორტფოლიო თუ არის სადმე ინტერნეტში რომ ვნახო, ძალიან მაინტერესებს. გმადლობთ
estetiurobis cinaagmdegi xar :)) eeh kai ra... vai iset xelovnebas romelic politikashi echreba!
სოფოს საიტია http://www.sophia-tabatadze.com/ მგონი ამ ბოლო დროს აღარაფერი დაუდევს, მაგრამ რაც დევს, ისიც საინტერესოა.
ჯერ ერთი საიდან მოიტანეთ რომ კვესიტაძის უკან ივანიშვილი დგას, ან რა შუაშია დამფინანსებლის ფული ნამუშევრის მხატვრულ ღირებულებასთან? მიქელანჯელოს უკან სიქსტ მეოთხე იდგა და ეს რამე პრობლემას გიქმნით?
michelangelos da kvesitadzis shedareba odnav gadametebulad mechveneba:)da statias rac sheexeba artistisgan artistis tundac vitomda obiuqturi kritika dsalian ugemovno ramea...
მომეწონა! საინტერესოა ეს წერილი. როგორც ჩანს ერთმანეთის შესახებ წერა, კრიტიკული მოსაზრება ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო და ცოტა გაუგებარია,არადა რა ძნელია გეყოს გამბედაობა და თქვა,დაწერო და ასე მაინც გაუწიო წინააღმდეგობა იმას რაც ხდება და ყველამ ვიცით! მიმაჩნია თუ ნამუშევარი ან მხატვარი ზედმეტი მფარველობით სარგებლობს,აქტუალურობას კარგავს,საეჭვოს ხდის მის გულწრფელობას........ხელოვნება მძაფრია–როცა ის მართალია.
უცხო და გაუგებარი არ არის, უბრალოდ არაკოლეგიალურია!.. და არა მგონია არაკოლეგიალობას დიდი გამბედაობა ჭირდებოდეს...
tqven seriozulad tvlit, rom chveni sazogadoebistvis ertmanetis kritika ucxo da gaugebaria??? meti ra vicit?! pirikit, kargis tqmas chirdeba gambedaoba. an ras gulisxmobt, ra xdeba, rac khvelam vicit??? egredcodebul art-scenas rame uchirs? gaandsrion erti adgili, caikitxon, iazrovnon , dsalian bevri imushaon, daixvecon, chamobrdsandnen im maghali safexuridan, sadac nebismieri sakutar tavs utolebs magalitan duchamp-s da nu gadmoakataveben 70-ani clebidan mokholebuli rac gaketebula evropashi imas. savaraudod mati carmatebis 15 cutic mova,, tumca shuri, echvi, kritika, kompeneturoba khvela sakitxshi da mciredi sisulele...mainc chveni mudmivi tanmdevi ikneba!
არაკოლეგიალობასთან ერთად უსამართლოცაა ეს წერილი. ჯერ ერთი, როგორც ვიცი კვესიტაძე თოჯინებს აღარ აკეთებს და მეორეც, მისი ბოლო ნამუშევრები, რომლებიც ბიენალეზე იყო გამოფენილი საკმაოდ კონცეპტუალური იყო და სოციალური თემატიკით დატვირთული. რა პოლიტიკა გინდათ ვერ გავიგე, გრეჩიხა-სააკაშვილის ძეგლები უნდა გააკეთოს მაინცდამაინც?! :D და რაც გორის ქანდაკებას შეეხება, რომელიც აგარ დაიდგმებაო- როგორც ამბობენ, სწორედ "არაესთეტიურობის" გამო აკრიტიკებდენ... ასე რომ გაუგებარია რას ითხოვთ და განსაკუთრებით სქოლიოში გამოტანილი ბიოგრაფია :D ანუ გასაგებია!
statia zalian mogvecona, vinaidan kritikulia da samartliani, rogorc cans sazogadoebis umravlesobas simartlis gageba ar surs da realobaze tvals xucavs. amitomac xelovnebisagan mxolod estetikur tkobas elian. tumca xelovneba mxolod mashin aris saintereso da kuradgebis girsi, rodesac mas kritikuli elementi gaacnia. Kvesitaczis namushevrebs rac sheexeba, ra tkma unda sainteresoa da uzadot shesrulebuli, magram sakartvelos dgevandel realobastan araperi akvs saerto da rac kidev uaresia kritikuli elementi ar gaacniat, amitomac gaugebaria ratom carmoadgenen es namushevrebi sakartvelos veneciis bienaleze. rogorc cans male gadavikcevit im avtomaturad mozrav pigurebad, romlebitad Kvesitazem saxeli gaitkva... LF

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.

OSGF

ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ned_logo

გვერდი ფუნქციონირებს NED-ის ფინანსური მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” და NED-ის პოზიციას. შესაბამისად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation and NED. Therefore, the Open Society Georgia Foundation and NED are not responsible for the content of the information material.