Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"შეგვამცირეს და დაგვამცირეს" - "აზოტის" ქარხნის გარეთ დარჩენილი მუშები

27 იანვარი 2017

რუსთავის აზოტისთანამშრომლების ნაწილი სამი დღეა სამსახურში შესვლას ვერ ახერხებს. დილით სამსახურში მისულ 350-მდე დასაქმებულს საშვები დაბლოკილი დახვდა. კომპანიას წინასწარ ამის შესახებ არავინ გაუფრთხილებია. 24 იანვარს თანამშრომლების ნაწილს სხვადასხვა საწყობის ხელმძღვანელებმა ერთწლიან კონტრაქტებზე მოაწერინეს ხელი. მათთან კი, ვინც დაბლოკილი საშვების გამო სამსახურში შესვლა ვეღარ მოახერხეს, კონტრაქტები არ გაუფორმებიათ. სწორედ ეს 350 თანამშრომელი აღმოჩნდა სამსახურიდან დათხოვნილი.

„აზოტის” შენობასთან დღეს აქცია გაიმართა. ადგილობრივი პროფკავშირის თავმჯდომარემ, გელა ჯობავამ აგვიხსნა, რომ კომპანიამ რეალურად დასაქმებულთა ორივე ნაწილი მოატყუა. ერთი მხრივ, კონტრაქტებზე ხელისმოწერის პროცედურა იყო არასწორი და მისი შინაარსიც არ შეესაბამებოდა შრომის კოდექსს და, მეორე მხრივ, ადამიანები, ვისაც კონტრაქტები არ გაუფორმეს, სამსახურის გარეშე დარჩნენ.

„5-ფურცლიანი კონტრაქტები, რომელზეც თანამშრომლების ნაწილს ხელი მოაწერინეს, წვრილი შრიფტით იყო ნაწერი. ამ კონტრაქტის წაკითხვა და გააზრება, იურისტის გარდა, ყველა ადამიანისთვის რთულია. ჩვენც კი იურისტს ვთხოვეთ ამის გაკეთება და ორი დღეა ვარჩევთ.

მაგალითად ერთ დეტალს მოვიტანშრომის კოდექსში წერია, რომ ტარიფული გადასახადი (როდესაც სამუშაო პროცესი დამსაქმებლის მიზეზით დროებით ჩერდება) დასაქმებულს 100%-ით უნდა აუნაზღაურდეს. ეს კომპანია აქამდე 60%-ით ანაზღაურებდა. ახალ კონტრაქტში ციფრი საერთოდ არაა მითითებული. ეს ნიშნავს, რომ ტარიფულ გადასახადს კომპანია როგორც უნდა, ისე დაადგენს, ან საერთოდ არ გადაუხდის დასაქმებულებს”, - განმარტავს ჯობავა.

მეორე მხარეს არიან გათავისუფლებული თანამშრომლები, რომლებმაც ამის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ:

კომპანიამ დაარღვია რამდენიმე პროცედურა. პირველ რიგში, თანამშრომლები წინასწარ არ გააფრთხილა. გარდა ამისა, გათავისუფლებულია 350-მდე ადამიანი. ეს ნიშნავს მასიურ გათავისუფლებას, როცა კანონის შესაბამისად კომპანია ვალდებულია, გააფრთხილოს ეკონომიკის სამინისტრო. ეს პროცედურები დარღვეულია”.

პროფკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ შეეცდებიან კომპანიასთან მოლაპარაკებებს როგორც ხელშეკრულებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ასევე გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენის შესახებ. თუ ვერ შეთანხმდებიან, სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას.

თამარ ბუჩუკურმა რუსთავის “აზოტში” სილამეჭურვედ (ჭანგიანი მეტალების დასუფთავება) 30 წელი იმუშავა. გუშინ ეგონა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არ მოხვდა, თუმცა დღეს საშვი მასაც დაბლოკილი დახვდა. ხელფასი 500 ლარამდე გამოსდიოდა, კომპანია კვებისთვის თვეში 25 ლარსაც აძლევდა.  

ვალები მაქვსო, ამბობს. მასთან ერთად მისი შვილი, რძალი და პატარა შვილი-შვილი ცხოვრობენ. ის თავისი ხელფასით მათ ეხმარებოდა.

გუშინ ზოგიერთი ავადაც გახდა, როცა საშვები დაბლოკილი დახვდათ. ყველანი საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში ვართ. ქარხანა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. მე 60 წლის ქალი ვარ, მუშაობას ვეღარსად დავიწყებ. პენსია წინასწარ გამოვიტანე, როცა ქმარი ავადმყოფობდა. ჩემ გარდა, ახალგაზრდა თანამშრომლებიც არიან გათავისუფლებული. არავის წინასწარ არ გავუფრთხილებივართ”, - ამბობს თამარი.

გურამ იალტბერიძე 2000 წლიდან ქარხანაშია. ერთ-ერთი საწყობის მუშა იყო. ხელფასი მასაც 500 ლარამდე გამოსდიოდა. კვირაში 5 დღე, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდა.

ჩვენს საწყობში 30-მდე ადამიანი ვმუშაობდით. 22 მათგანს ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, 8-ს - არა. გუშინწინვე მენიშნა, რომ გათავისუფლებას მიპირებდნენ და ასეც მოხდა, გუშინ ვეღარ შევედი შიგნით. უკიდურესად დამცირებული ვართ”, - გვიყვება იალტბერიძე.

ლიბერალიკომპანიის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მითითებულ ნომრებზე არავინ პასუხობს. დღეს კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც კომპანია თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტს უარყოფს და აღნიშნავს, რომ სექტემბრიდან ქარხანას ახალი მესაკუთრე ჰყავსთუმცა დეკემბრის ჩათვლით ქარხანას შპსრუსთავის აზოტი ხელმძღვანელობდა:

„სამწუხაროდ, 2017 წლის იანვრიდან  შპს „რუსთავის აზოტმა“ ვეღარ შეძლო ქარხნის საქმიანობის უზრუნველყოფა, რამაც ქარხნის შეჩერება გამოიწვია. ქარხნის ახალი მესაკუთრე ახლა გარკვეულ ზომებს მიმართავს მის ისევ სრული დატვირთვით ასამუშავებლად. პარალელურად, ახალმა მესაკუთრემ საკუთარ თავზე აიღო ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა უდიდესი ნაწილის (დაახლოებით 90%) სახელფასო ანაზღაურების გადახდა (მათ შორის, იმ პერიოდის, სანამ ქარხანა გაჩერებულია) და ამ კადრებთან ფორმდება ახალი ხელშეკრულებები. ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში, ახალმა ინვესტორმა შესაძლოა განიხილოს დამატებითი კადრების დასაქმების საკითხიც. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქარხნიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება". 

თამაზ დოლაბერიძემ, რომელიც სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარეა, დღეს მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, 25 იანვრიდან კომპანია უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს. მათთან კი, ვისაც ტოვებს, კაბალურ ხელშეკრულებებს დებს. დოლაბერიძის ინფორმაციით, კომპანიის მენეჯმენტი 2016 წლის სექტემბერში შეიცვალა, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია. პროფკავშირის წარმომადგენელი მიმართავს სამსახურში დატოვებულ თანამშრომლებს და მოუწოდებს გათავისუფლებულებს, სოლიდარობა გამოუცხადონ და მათ გვერდით დადგნენ:

„აზოტიდან“ გათავისუფლებულთა გვერდით დგანან ჭიათურელი, ტყიბულელი, ქსნელი, ზესტაფონელი მუშები. მოგიწოდებთ, გვერდით დავუდგეთ ადამიანებს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში მუშაობდით".

პროფკავშირმა განცხადებით უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს, შრომის სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს. 

მანამდე კი, რუსთავის „აზოტის" თანამშრომლები, ვინც ორი დღეა დასაქმების ადგილზე ვეღარ შედის, ხვალიდან აქციებს გეგმავენ. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში იბრძოლებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 მაისი
19 მაისი

ვიდეო ► "უფრო სქელი კანი" - ეძღვნება ჰომ ...

17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, კლუბ "ელექტროვერკის" სივრცეში პოეტმა ანდრო დადიანმა პერფორმანსი ჰომ ...
03 მაისი
03 მაისი

ვიდეო ► „დეკრიმინალიზება - უალტერნატივო ...

2 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ და „ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“ ნარკოპოლიტიკაში ...
20 მარტი
20 მარტი

ვიდეო►ბავშვთა უფლებები ყველა პრემიაზე მა ...

"თბილისის მერიის ერთი თვის პრემია = 290 ბავშვის რეაბილიტაციას ერთი წლის მანძილზე", "ბავშვთა უფლებები ...

მეტი

^