Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო►ბავშვთა უფლებები ყველა პრემიაზე მაღლაა - რას ითხოვენ მშობლები

20 მარტი 2017

"თბილისის მერიის ერთი თვის პრემია = 290 ბავშვის რეაბილიტაციას ერთი წლის მანძილზე", "ბავშვთა უფლებები ყველა პრემიასა და დანამატზე მაღლა დგას" - თბილისის მერიასთან დღეს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა საკრებულოს 129-ე დადგენილების ის ჩანაწერი გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, რეაბილიტაციის პროგრამაში მხოლოდ ის ბავშვები არიან ჩართულები, ვინც დედაქალაქში 2015 წლის 1 ივლისამდეა დარეგისტრირებული.

რეაბილიტაციის პროგრამა(ABA თერაპია), ადრეული განვითარების პედაგოგის მომსახურებას ითვალისწინებს, რომელსაც ოკუპაციური თერაპევტის, ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის ვალდებულებები აქვს შეთავსებული. თერაპია უნდა იყოს უწყვეტი, დღეში საათების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ბავშვის საჭირობებზეა დამოკიდებული, თუმცა რეკომენდებულია, რომ ამ თერაპიით ბავშვი დღის განმავლობაში 8 საათი იყოს დატვირთული.

თერაპია საკმაოდ ძვირია, მაგალითად, ოკუპაციური თერაპევტის 45-წუთიანი მომსახურება 30 ლარიდან 40-მდე მერყეობს. ხელმისაწვდომი არაა ბევრ რეგიონში.  აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს ხშირად თბილისში უწევთ გადმოსვლა, რომ ბავშვმა შესაბამისი მომსახურება მიიღოს. თუმცა, დადგენილების ჩანაწერის გამო, მშობლები რომლებმაც შვილები ამ პროგრამის 1 ივლისამდე ვერ დაარეგისტრირეს, მომსახურების გარეშე დარჩნენ. ასეთი დაახლოებით 40-მდე ბავშვია. სწორედ ამ ბავშვების მშობლები ითხოვენ მთელი დღის განმავლობაში დავით ნარმანიასთან შეხვედრას. 

საპასუხო განცხადება მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ 2015 წელს ამ რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავების პროცესში მერიასთან ერთად ჩართულები იყვნენ არასამთავრობოები, მშობლები და აუტიზმის ასოციაცია. ამიტომ, მერიამ რაიმე სახის გადაწყვეტილება სწორედ მათთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღოს. მხარეებთან შეხვედრა პარასკევსაა დაგეგმილი, თუმცა გელა ჩივიაშვილი მშობლების მოთხოვნებთან დაკავშირებით კონკრეტულად მაინც არ საუბრობს.

ამბობს, რომ პროგრამის ბიუჯეტი ამ დროისთვის 2 მილიონია, "მისი გაზრდის საკითხი კი ძალიან სენსიტიური". ამიტომ, ჯერჯერობით გაურკვეველია, დაკმაყოფილდება თუ არა დღევანდელი აქციის მონაწილე მშობლების მოთხოვნები, ისარგებლებს თუ არა 40-მდე ბავშვი ABA თერაპიით:

"გადაწყვეტილებას სხვა ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ, თუმცა, მინდა აღვნიშნო ერთი დეტალი - თუ ამ 37 ბავშვს ჩავრთავთ ახლა პროგრამაში და ეს ჩანაწერი გაუქმდება, არსებობს რისკები, რომ რეგიონებიდან, სადაც მსგავსი მომსახურება არ არსებობს, მშობლებმა სხვა ბავშვებიც თბილისში გადმოიყვანონ. ამიტომ, ამაზე წინასწარ საუბარი, რისკების შეფასებაა საჭირო", - აღნიშნა მერიის წარმომადგენელმა.

თამუნა ელიკაშვილი აუტიზმის მქონე ბავშვის დედაა. ადრე გურჯაანის რაიონში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ბავშვს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, თბილისში გადმოსახლდა. მერიის აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული არაა, რადგან თბილისში 2015 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. ამიტომ, ბავშვის რეაბილიტაცია საკუთარი სახსრებით დაიწყო.  თბილისში ქირით ცხოვრობს, 45-წუთიან სეანსებში დაახლოებით 30 ლარს იხდის. თვეში სრული კურსის გავლა 2000 ლარამდე უჯდება. ხშირად, გარკვეულ სეანსებზე უარის თქმა უწევს. არაერთხელ მიმართა მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს და ითხოვა, ბავშვისთვის რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა. ამბობს, რომ მის ოჯახს ბავშვისთვის ფინანსები აღარ აქვს, ამიტომ, თუ თბილისის მერი მათ არ მოუსმენს და არ გაითვალისწინებს მოთხოვნებს, მშობლები მერიასთან შიმშილს დაიწყებენ. 

ბესარიონ ცინცაძეც აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელია. დღეს აქციაზე საჯარო ინფორმაციით ხელში იმყოფებოდა, სადაც გამოთხოვილი ჰქონდა თბილისის მერიის თანამშრომლების პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია: "2016 წლის მხოლოდ დეკემბერში 1 470 000 ლარია პრემიებზე დახარჯული, ბავშვების დაფინანსებას კი წლის ბოლომდე 140 ათასი ლარი ეყოფა. ეს არის თერაპია, რომელიც ამ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის, რომ რეაბილიტაციის პროგრამაში ადრეულად ჩაერთონ, სხვა მხრივ, შესაძლოა, არც ეფექტი ჰქონდეს და რეალურად, წყალში ჩაიყაროს ყველაფერი. ამიტომ, მერიას მოვუწოდებთ, გააუქმოს ეს დისკრიმინაციული ჩანაწერი, ჩართოს დაახლოებით 40 ბავშვი ამ პროგრამაში".

აქციაზე ამ მშობლების გვერდით იყვნენ დედებიც, ვისი შვილებიც სარგებლობენ ამ პროგრამით, თუმცა თვლიან, რომ დადგენილების ჩანაწერი სხვა ბავშვების მიმართ დისკრიმინაციულია. ნანო მირზაშვილის შვილი სარგებლობს თბილისის მერის პროგრამით, მაგრამ თვლის, რომ ბავშვების ასეთი დიფერენცირება მათ განვითარებას ხელს უშლის:

"აუტიზმის მქონე ბავშვისთვის ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა. პროგრამის გარეთ დარჩენილი ბავშვები კარგავენ ძალიან ძვირფას დროს, მაქსიმალურად ადრეულ ასაკში დაწყებული თერაპია გარანტიაა იმისა, რომ მომავალში აუტიზმი დაძლიონ", - ამბობს ნანო მირზაშვილი. 

თბილისის მერიასთან მშობლები ამ წუთებშიც იმყოფებიან. დღის ბოლომდე თბილისის მერთან შეხვედრას ელოდებიან. დავით ნარმანიასგან შეხვედრაზე უარის თქმი შემთხვევაში, დაიწყებენ შიმშილს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 ივლისი
12 ივლისი

ვიდეო ► თეონა ბერიძის არჩევანი

18 წლის მუსლიმი გოგონა არჩევნის წინაშეა - სთხოვენ, თავსაფარი მოიხსნას, რომელიც ნებაყოფლობით დაიფარა და გადაწყვიტა, მთელი ...
19 მაისი
19 მაისი

ვიდეო ► "უფრო სქელი კანი" - ეძღვნება ჰომ ...

17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, კლუბ "ელექტროვერკის" სივრცეში პოეტმა ანდრო დადიანმა პერფორმანსი ჰომ ...
03 მაისი
03 მაისი

ვიდეო ► „დეკრიმინალიზება - უალტერნატივო ...

2 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ და „ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“ ნარკოპოლიტიკაში ...

მეტი

^