Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► უსინათლო მოქალაქის გზავნილი პრემიერსა და თბილისის მერს

13 ნოემბერი 2017

დღეს, უსინათლო მოქალაქემ, დათო ყვირილიანმა მთავრობის კანცელარიასა და თბილისის მერიაში განცხადების შეტანა სცადა. მას სურდა, თავისივე დაწერილი განცხადება ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ ფორმატში წარედგინა.

მთავრობის კანცელარიაში განცხადების ამ ფორმატში დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს:"ამას ვერ ჩავიბარებთ. იქნებ თქვენ დაუწეროთ და ხელი მოაწეროს", - უპასუხეს გია ჯვარშეიშვილს, რომელიც მოძრაობა "ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელია, ის დათო ყვირილიანს კანცელარიაში ახლდა. გია ჯვარშეიშვილმა მათ აუხსნა, რომ განცხადების ჩაბარება უსინათლო ადამიანს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს; ასევე, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით განსაზღვრულია, რომ ნებისმიერი საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ბრაილის შრიფტით დაწერილი განცხადება ჩაიბაროს:"ესაა უსინათლო ადამიანის უფლება და კანცელარია ვალდებულია, ის მიიღოს ისეთ ფორმატში, როგორშიც თავად უსინათლო ადამიანს სურს", - ამბობს ჯვარშეიშვილი. 

საბოლოოდ, კანცელარიაში დათო ყვირილიანის განცხადება არ მიიღეს, რადგან ყვირილიანმა განცხადების დაწერაში სხვის დახმარებაზე უარი თქვა. მან კანცელარიის თანამშრომლებს უთხრა, რომ ან ბრაილის შრიფით დაწერილ დოკუმენტს გაუგზავნის პრემიერ-მინისტრს, ან უარს ამბობს მის ჩაბარებაზე:"ესაა კონვენციის დარღვევა და ჩემი უფლებების შელახვა. მე მაქვს უფლება, აზრი გამოვთქვა ისე, როგორც შემიძლია და ამისთვის სახელმწიფო ინსტიტუციები მზად უნდა იყვნენ", - განაცხადა დათომ.

ყვირილიანმა განცხადების შეტანა თბილისის მერის სახელზეც სცადა. თავდაპირველად მერიის თანამშრომლებმა მას განუცხადეს, რომ საჭიროა, სხვის მიერ დაწერილი განცხადების თანდართვაც. თუმცა, შემდეგ თბილისის მერიაში მოძებნეს ერთ-ერთი უსინათლო თანამშრომელი და მისი დახმარებით, განცხადება დაარეგისტრირეს :"ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, რომ თბილისის მერიას აღმოაჩნდა უსინათლო ადამიანი, რომლის პირდაპირი ვალდებულებაც არ იყო დათოს დახმარება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსინათლო ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია ხმა მიაწვდინოს თუნდაც თბილისის მერს", - განაცხადა გია ჯვარშეიშვილმა.

"დაინახე უსინათლო თანამოქალაქე", - ესაა გზავნილის შინაარსი, რომელიც დათო ყვირილიანმა თბილისის მერის სახელზე შეიტანა. 

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის(საქართველოში მისი რატიფიცირება 2014 წელს მოხდა) 21-ე მუხლში(რომელიც აზრისა და შეხედულების გამოხატვის თავისუფლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ეხება) წერია, რომ წევრი ქვეყანა ვალდებულია, ოფიციალური ურთიერთობისას, შშმ მოქალაქეს საშუალება შეუქმნას  საკუთარი არჩევნით, ჟესტების ენის, ბრაილის შრიფტის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციისა და სხვა ხელმისაწვდომი ფორმების, მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებას.

"ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენლები გეგმავენ, რომ აღნიშნული ფაქტი სახალხო დამცველს აცნობონ და დისკრიმინაციის არსებობის შესახებ განაცხადონ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^