Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► თოვლში მოყოლილი მოხის ამბავი

16 მარტი 2018

მოხის, ე.წ. სადავო ნაგებობის ირგვლივ 2014 წელს განვითარებული მოვლენების შედეგად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც ისტორიული ნაგებობის კონფესიური წარმომავლობა უნდა შეესწავლა, შენობა არც ქრისტიან და არც მუსლიმ თემს არ გადასცა. კომისიამ ნაგებობის წარმომავლობა არ შეისწავლა და მას „სადავო კულტურული ძეგლის“ სტატუსი მიანიჭა.

ადგილობრივი მოსახლეობა კომისიას იმთავითვე უნდობლობას უცხადებდა, რადგან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც პროცესის კოორდინაციაზე იყო პასუხისმგებელი, კომისიაში მათი ნდობით აღჭურვილი პირები არ შეიყვანა.

ადგილობრივი მუსლიმები მუსლიმთა სამმართველოზე ხელისუფლების მაღალ გავლენებზე და ლოიალობაზე მიუთითებდნენ. სახელმწიფომ სოფელში ახალი მეჩეთი ააშენა, რომელშიც ადგილობრივი მუსლიმების ნაწილი ლოცულობს, თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა, რადგან მუსლიმთა მეორე ნაწილი პროტესტის ნიშნად ლოცვას დღემდე, ე.წ. სადავო ნაგებობასთან განაგრძობს. ისინი კვლავ შენობის ისტორიული წარმომავლობის დადგენასა და საკუთარი ისტორიული და კულტურული კვალის დაცვას მოითხოვენ. ეს ბრძოლა მათთვის ღირსების დაცვის საკითხად იქცა.

სახელმწიფო მიიჩნევს, რომ პრობლემა გადაიჭრა, თუმცა ადგილობრივ მუსლიმებს მაინც რჩებათ განცდა, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა დისკრიმინაციულია. ამაზე მოხესა და მის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიაც მიუთითებს.

2013 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის ფაქტებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. ადგილობრივების თქმით, მათი დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პოლიტიკა, ხელისუფლებაზე ადგილობრივი სამღვდელოების გავლენის შედეგია, რომელიც რეგიონში ისლამური ისტორიის წაშლას და დათრგუნვას ცდილობს.  

  • 2013 წლის ზაფხულში სოფელ ჭელაში მეჩეთთან ახლადაშენებული მინარეთი შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში მოხსნეს. სამართალდამცველებმა მუსლიმებს სცემეს და 21 პირი დააკავეს. მუსლიმების თქმით, მინარეთის მოსახსნელად ხელმოწერების შეგროვება ადგილობრივმა სამღვდელოებამ დაიწყო.

  • მინარეთის წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი კოპაძე იყო, რომელიც ადგილობრივი სამღვდელოების რეზიდენციაში მუშაობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარად წარადგინა. დღეს კოპაძე პარლამენტის წევრია.

  • 2013 წლის ნოემბერში ჭელის მეჩეთს მინარეთი დაზიანებული დაუბრუნეს.

  • 2014 წლის 22 ოქტომბერს მოხის, ე.წ. სადავო ნაგებობის დემონტაჟის ხელის შეშლისთვისთვის პოლიციამ მუსლიმებს სცემა და 14 პირი დააკავა.

  • 2014 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ თანამდებობაზე გამგეობაში სოფელ მოხის წარმომადგენელი აღარ დანიშნა, რომელიც მანამდე ამ პოზიციაზე მუშაობდა და რომელსაც, მისი თქმით, გაცილებით მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე ახლად დანიშნულ ქრისტიან კანდიდატს. ადგილობრივების მითითებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში მათი რეპრეზენტაცია ძალიან დაბალია და არცერთი მუსლიმი (გარდა 100%-ით მუსლიმი თემით დასახლებული სოფლების რწმუნებულებისა) ადგილობრივ ხელისუფლებაში არ არის დასაქმებული.  

  • 2014 წლის მიწურულს, ისტორიული შენობის კონფესიური წარმომავლობის შესწავლის მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ კომისია შექმნა, სადაც ადგილობრივ თემს საკუთარი ნდობით აღჭურვილი წარმომადგენლების შეყვანის შესაძლებლობა არ მისცა.

  • 2016 წლის აპრილში მოხის სკოლის მუსლიმი დირექტორი თემურ ბერიძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სკოლას ხელმძღვანელობდა, ერთი წლის განმავლობაში მიღებული 2 გაფრთხილების მოტივით გაათავისუფლეს. ადგილობრივები მიიჩნევდნენ, რომ მის გათავისუფლებას სხვა მიზეზი ჰქონდა და წინასწარ იყო დაგეგმილი.

  • თემურ ბერიძის ნაცვლად მოხის საჯარო სკოლის დირექტორად ნათია რეხვიაშვილი დაინიშნა, რომელიც 2014 წელს მიმდინარე აქციების დროს ისლამოფობიური რიტორიკით გამოირჩეოდა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო შენობის მუსლიმებისთვის გადაცემის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებში. 

  • 2016 წლის ნოემბერში მოხის კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო - მან ნაგებობის წარმომავლობა არ შეისწავლა და შენობა არცერთ მხარეს არ გადასცა. სანაცვლოდ, სახელმწიფომ მუსლიმებისთვის ახალი მეჩეთის აშენება დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი თემის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ისინი ყოველ პარასკევს ისტორიული შენობის წინ ლოცვას აგრძელებენ.

  • იმამი, რომელიც ადგილობრივ თემთან ერთად ისტორიული შენობის წინ ლოცვას აგრძელებდა, სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველომ პოზიციიდან გაათავისუფლა და ხელფასი შეუწყვიტა. აღსანიშნავია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გადაწყვეტილებით, მუსლიმი თემისთვის გადახდილი თანხების ძირითადი ნაწილი სასულიერო პირების ხელფასებზე იხარჯება, რაც მუსლიმი მრევლის განმარტებით, მათი სასულიერო პირების კონტროლის იარაღია.   

  • რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება 2016 წლის გაზაფხულზე, სოფელ ადიგენში მოხდა. დავის საგანი მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს გასაკეთებლად მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი გახდა. ორ თემს შორის დაპირისპირების შედეგად 3 მუსლიმი დაშავდა, რასაც, ადგილობრივების თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელიც ესწრებოდა. მათი თქმით, პოლიციას ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

  • 2016 წლის მიწურულს მოხის სკოლის მეთორმეტეკლასელ მუსლიმ გოგონას დირექტორმა სკოლაში თავსაფრის მოხსნა მოსთხოვა. ამ გადაწყვეტილებას მუსლიმი მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა. განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა დისკრიმინაციული მოპყრობა არ დაადგინა და მიუთითა, რომ სკოლას ასეთი აკრძალვის დაწესების ლეგიტიმური საფუძველი აქვს.

  • 2018 წელს მუსლიმი მასწავლებლები დირექტორის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობენ. 

რატომ ვერ გავიგეთ, ვის ეკუთვნის მოხის სადავო ნაგებობა

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 აგვისტო
13 აგვისტო

ვიდეო► „დაუვიწყარი გულისტკივილი" - მუსლი ...

► 2014 წელს მუსლიმური სასწავლებლის მუშაობისთვის ხელის შეშლის მიზნით, ქობულეთში, პანსიონის ეზოში მართლმადიდებელმა მოსახლე ...
07 აგვისტო
07 აგვისტო

ვიდეო ► ომის ისტორია

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან ზუსტად 10 წელი გავიდა.
03 აგვისტო
03 აგვისტო

ვიდეო► კრისტინა სნოპი - სამოქალაქო პოზიც ...

რუსი ჟურნალისტი კრისტინა სნოპი და მისი მეუღლე დენისი მე-5 თვეა, რაც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ლტოლვილთა თავშესაფარ ...

მეტი

^