Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერდოღანის გამბიტი

27 ნოემბერი 2015

2014 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის დღეს, ათათურქის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და მისმა მეუღლემ, ემინემ გახსნეს პრეზიდენტის სასახლე - აქსარაი, რაც თურქულიდან თარგმანში თეთრ სასახლეს ნიშნავს. 300 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული სამსართულიანი ფეშენებელური რეზიდენცია, რომლის დერეფნებიც მწვანე მარმარილოთი და ბორდოსფერი გრანიტითაა მოპირკეთებული, თეთრ სახლზე 50-ჯერ, ხოლო კრემლსა და ვერსალის სასახლეზე 3-ჯერ დიდია. აქსარაის მშენებლობა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, თურქეთის ბიუჯეტს ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა. ალბათ, სწორედ ამ სასახლეში აღნიშნავს ერთ დროს სტამბოლის გარეუბანში მცხოვრები რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თავისი პარტიის „სამართლიანობისა და განვითარების” გამარჯვებას. 1 ნოემბრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა 49 პროცენტზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მმართველმა ძალამ 5-თვიანი პაუზის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა დაიბრუნა და ახალი მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად შეძლებს. მმართველ ძალას 550-ადგილიან დიდ ეროვნულ მეჯლისში 317 დეპუტატი ეყოლება.

ასეთი შედეგი ბევრი ანალიტიკოსისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. „ხალხმა აირჩია სტაბილურობა” - ასე შეაფასა თავად პარტიის წარმატება  თურქეთის 61 წლის ლიდერმა. პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ კი მხარდამჭერებისადმი პირველივე მიმართვაში ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ბოლო წლებში ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები, თავდასხმა ოპოზიციურ მედიაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებული შემთხვევები, დაპირისპირება „ქურთ მუშათა პარტიის” წევრებთან, ტერაქტების სერია, სირიელი ლტოლვილები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ საკითხებისა, რომლებთან გამკლავებაც თურქეთის ახალ მთავრობას მოუწევს; ამას კი ემატება ბოლო 5 თვეში გამართული ორი არჩევნების შედეგად უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება.

„შიშის გამარჯვება”

7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნები თურქეთის ისტორიაში გამორჩეული იყო.  ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად ერდოღანის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტია. მმართველ ძალას მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება ოპოზიციასთან ერთად მოუხდა, თუმცა მოლაპარაკებები, როგორც ბევრი ვარაუდობდა, უშედეგოდ დასრულდა. რიგგარეშე არჩევნებამდე კი ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. 22 ივლისს, დიდი ხნის ორჭოფობის შემდეგ, ანკარა დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას და აშშ-თან ერთად მეზობელ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. ამერიკული მოიერიშეები ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე დაეშვნენ. თუმცა, თუ აშშ-ის ავიაციის სამიზნე სირიაში ექსტრემისტების პოზიციები იყო, თურქულმა გამანადგურებლებმა იერიში „ქურთ მუშათა პარტიის” ბანაკებზე მიიტანეს. ციხეში მყოფ აბდულა ოჯალანთან 2013 წელს გაფორმებული სამშვიდობო ზავი ივლისში სურუჩში მომხდარი ტერაქტის გამო დაირღვა. ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქში მოწყობილ ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკში, რომლებიც მეზობელ სირიაში გადასვლას და ექსტრემისტების მიერ დანგრეული ყობანის აღდგენას აპირებდნენ, 20 წლის სტუდენტმა აიფეთქა თავი. გამოძიების ვერსიით, დამნაშავე „ისლამურ სახელმწიფოსთან” იყო დაკავშირებული, თუმცა მოსახლეობა ამტკიცებს, რომ თავდამსხმელს თურქი პოლიციელები ეხმარებოდნენ, რომლებსაც ხელისუფლება აფარებს ხელს. ორი დღის შემდეგ ორი სამართალდამცველი სახლში მოკლული იპოვეს.

მომხდარზე პასუხისმგებელობა „ქურთ მუშათა პარტიის” წევრებმა აიღეს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემდეგ და რიგგარეშე არჩევნებამდე ორი თვით ადრე ავიაიერიშებთან ერთად თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული სპეცოპერაციების სერია მოაწყვეს. სექტემბრის დასაწყისში ქალაქ ჯიზრეში თურქ სამართალდამცველებსა და ქურთ სეპარატისტებს შორის შეტაკებებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. მათ შორის იყო 10 წლის ბავშვი. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გამოაცხადეს. ამას მოჰყვა თავდასხმების სერია თურქ პოლიციელებზე. დაიღუპა ათეულობით სამართალდამცველი. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში, ფაქტობრივად, სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. თურქეთის პრეზიდენტმა კი პირობა დადო, რომ ბრძოლა არ შეჩერდება სანამ ტერორისტები იარაღს არ დაყრიან ან ქვეყანას არ დატოვებენ. თავის მხრივ ერდოღანის თანამებრძოლები პროქურთული პარტიის წევრებს ქურთ მეამბოხეებთან ფარულ კავშირში ადანაშაულებდნენ.

ამ ფონზე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შეუძლებელი გახდა. დაძაბულობის დამაგვირგვინებელი აღმოჩნდა 10 ოქტომბერს ანკარაში მომხდარი ორმაგი ტერაქტი, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით, 97 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ვერსიით, აფეთქებები „ისლამურმა სახელმწიფომ” და „ქურთ მუშათა პარტიამ” დაგეგმეს. ამასთან პრეზიდენტმა სპეცსამსახურების შეცდომები აღიარა და რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან მოხსნა. ანკარაში ტრაგედიით დასრულებული მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უმრავლესობა „სახალხო დემოკრატიული პარტიის” აქტივისტი იყო. მომხდარის გამო პროქურთულმა პარტიამ საარჩევნო კამპანია საერთოდ შეწყვიტა, ხოლო მისმა ლიდერმა ძალადობის ესკალაციაში მთავრობა დაადანაშაულა. სელაჰატინ დემირტაში და მისი თანამებრძოლები მიიჩნევენ, რომ მთავრობა 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელ კურსს დაუბრუნდა და ქვეყანაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები განგებ ამომრჩევლების დასაშინებლად გამოიყენა. ხელისუფლება ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

„შეთქმულების თეორია”

1 ნოემბრის რიგგარეშე არჩევნებს თურქეთში არც ხმაურიანი სკანდალები აკლდა. კენჭისყრამდე ოთხი დღით ადრე პოლიციამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის მქონე რამდენიმე მედიასაშუალება, ფაქტობრივად, შტურმით აიღო. „Bუგუნ თV"-ის ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში დააპატიმრეს. გაზეთების რედაქციებიდან არასასურველი პუბლიკაციების ავტორები მთავრობის მიერ დანიშნულმა დროებითმა მმართველებმა უკვე გაათავისუფლეს.

მედიაჯგუფ Kოზა-Iპეკ-ის სტამბოლის ოფისში სამართალდამცველები სასამართლოს განკარგულების საფუძველზე შევიდნენ. შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ კი ცრემლმდენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. პროკურატურის ცნობით, მედიაჯგუფს ტერორიზმის პროპაგანდა და დაფინანსება ედება ბრალად. აღნიშნული კომპანია დაკავშირებულია აშშ-ში მცხოვრებ გავლენიან მქადაგებელ ფეტულა გულენთან, რომელიც ერთ დროს ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ახლო მოკავშირედ მიიჩნეოდა, ბოლო წლებში კი მისი ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია. გულენი რელიგიურ-სოციალურ მოძრაობა „ჰიზმეთს” ხელმძღვანელობს. თურქეთში მქადაგებლისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში დაიწყო და დღემდე გრძელდება. მაშინ კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა ერთდროულად სამმა მინისტრმა დატოვა. ამას მოჰყვა ე.წ. სატელეფონო ჩანაწერების სკანდალი. მედიაში გაასაჯაროვეს თავად ერდოღანისა და მისი შვილის საუბრის ჩანაწერი, სადაც იმ დროს თურქეთის პრემიერი ლაპარაკობს დიდი რაოდენობით ნაღდ ფულზე, რომელსაც სახლში ინახავს. ჩანაწერების გამოქვეყნებას ერდოღანმა მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებითა და ძალოვან უწყებებსა თუ სასამართლოში კადრების მასობრივი წმენდით უპასუხა.

სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით ასობით პოლიციელი, მოსამართლე და პროკურორი გაათავისუფლეს თანამდებობიდან ან დააკავეს. უნდა ითქვას, რომ ზოგადად „შეთქმულების თეორიები” თურქეთში უკვე დიდი ხანია, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი გახდა. განსაკუთრებით კი არჩევნების წინ ან საპროტესტო აქციების ფონზე. საინტერესოა, ის ფაქტიც რომ „ტერორიზმის პროპაგანდაში” ეჭვმიტანილი Kოზა-Iპეკ-ის კუთვნილი ტელევიზიებისა და გამოცემების დაყადაღების განკარგულება იმავე მოსამართლემ გასცა, რომელმაც თავის დროზე თურქეთში მიკრობლოგ „ტვიტერის” დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მედიასაშუალებების წინააღმდეგ განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირსა და აშშ-ში. მედიის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებზე საუბრობენ ევროპელი დამკვირვებლებიც. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია თურქეთში არასამართლიანი იყო და დაშინების ფონზე მიმდინარეობდა.

„ევროკავშირის დახმარება”

„მმართველი პარტიის გამარჯვება თურქეთში შესაძლოა, ევროკავშირისთვის სასარგებლო იყოს” _ ეს შეფასება გერმანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს, ეკუთვნის. ის, რომ ბრიუსელს ლტოლვილების კრიზისის გადასაჭრელად ანკარის დახმარება სჭირდება, გერმანიის კანცლერის თურქეთში ოქტომბრის ვიზიტმაც დაადასტურა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად თურქეთი სოლიდურ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მოითხოვს. მერკელის ვიზიტისას საუბარი შეეხო თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებასაც. ამასთან ბრიუსელი უკვე წავიდა დათმობაზე და თურქეთში არსებული ვითარების შესახებ ევროკომისიის მორიგი ანგარიში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება. ანკარის მიმართ ასეთი ლმობიერი პოზიციის გამო, ანგელა მერკელის ვიზიტი მკაცრად დაგმო თურქეთის საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. გერმანიის კანცლერის სახელზე გამოქვეყნებულ ღია წერილში მათ მოუწოდეს მერკელს, შიდაპოლიტიკური სარგებლის სანაცვლოდ არ თქვას უარი ისეთი ღირებულებების დაცვაზე, როგორიც არის მაგალითისთვის სიტყვისა და პრესის თავისუფლება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მოწოდება უპასუხოდ დარჩა.

აჰმედ დავითოღლუსთან პრესკონფერენციაზე მერკელს ადამიანის უფლებები არ უხსენებია. დასავლეთში ასევე თანხმდებიან, რომ თურქეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სირიაში კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ამ თემაზე საუბარს მსოფლიო ლიდერები ნოემბრის შუა რიცხვებში ანტალიაში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე აპირებენ. თავად თურქეთის მოთხოვნით დღის წესრიგში დაამატეს ტერორიზმი და ლტოლვილების კრიზისი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში თურქეთში ჩავა აშშ-ის პრეზიდენტი.

„არაფორმალური მმართველი”

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მმართველი პარტია უპირველეს ამოცანად ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების გზით თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაქცევას ასახელებს. ამ შემთხვევაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის მისაღწევად მმართველ უმრავლესობას 13 დეპუტატის ხმა აკლია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ერდოღანმა ამ იდეაზე საერთოდ უარი თქვას. თურქეთის პირველი პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ვადა 2019 წელს იწურება, ხოლო ავტორიტეტი დღეს, როგორც ჩანს, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მმართველი პარტია და ახალი მთავრობაც დროებით „თეთრი სასახლიდან” მართოს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^