2016 წლიდან საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვის პორტალი ამოქმედდება. ახალი ელექტრონული სერვისი ერთ ელექტრონულ სივრცეში მოუყრის თავს უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და სკოლების ციფრულ ჩანაწერებს. სერვისი განკუთვნილია საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მოქალაქეებისთვის. სერვისის მომსახურებით საქართველოს 73 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 92 პროფესიული კოლეჯი, 2 334 სკოლა და 150 000-მდე სტუდენტი ისარგებლებს.
საინფორმაციო პორტალი, რომელშიც საგანმანათლებლო ინფორმაცია და ციფრული ჩანაწერები (დიპლომები, ატესტატები, სერტიფიკატები და ა. შ.) განთავსდება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მისი სსიპ-ების „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მეშვეობით შეიქმნა. ახალი ელექტრონული სერვისის წარდგენა 18 დეკემბერს გაიმართა.
საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვის პორტალი გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტმა, სანდრო შელიამ წარადგინა, რომელიც სისტემის შემუშავების პროცესში იყო ჩართული. მისი განმარტებით, სისტემა საშუალებას იძლევა, ერთად შეიკრიბოს დღემდე არსებული საგანმანათლებლო ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა დაწესებულების ბაზაში იყო განთავსებული, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მის გამოყენებას.
სანდრო შელიამ მაგალითიც მოიტანა, იმის საჩვენებლად, კონკრეტულად რა კუთხით გაუმჯობესდება საგანმანათლებო ინფორმაციაზე წვდომა ახალი სერვისის მეშვეობით. მისი თქმით, 2014 წელს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში 7 647 განაცხადი შევიდა დიპლომის ნამდვილობის დასადასტურებლად და მისი ლეგალიზაციისთვის. ცენტრი ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, მართლა არსებობდა თუ არა სასწავლო დაწესებულება, გაიცა თუ არა დიპლომი კონკრეტულ პირზე, არის თუ არა დიპლომზე დასმული ბეჭდის ნიმუში ავთენტური. მისი განმარტებით, დღესდღეობით ამ ინფორმაციის მოძიება ათიდან ოცდაათ დღემდე სამუშაოებს საჭიროებს, ვინაიდან თითოეულ განაცხადს ინდივიდუალური გამოძიება სჭირდება. ახალი სისტემის მეშვეობით კი ამ ტიპის ინფორმაციის მოძიება ერთ დღეში იქნება შესაძლებელი.
სანდრო შელიას თქმით, მიზანი მხოლოდ არსებული საგანმანათლებლო ინფორმაციის შეკრება არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის სისტემაში განთავსების პარალელურად მისი გაფილტვრაც ხდება, რაც სისტემაში მხოლოდ გადამოწმებული, ზუსტი ინფორმაციის განთავსებას განაპირობებს.
შელიას განმარტებით, სისტემაში განთავსებულია ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური და მატერიალური რესურსების შესახებ. გარდა ამისა, სისტემა მოქალაქეების განათლების ისტორიის ერთიანი ბაზის შექმნის შესაძლებლობასაც იძლევა. მისი თქმით, ეს მომენტალურად ვერ განხორციელდება და შრომატევადი საქმეა, თუმცა შესაძლებელია. შელია ამბობს, რომ რადგან სტუდენტი სისტემაში იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიხედვით ფიქსირდება, რომელშიც სწავლობს, მოგვიანებით შესაძლებელი გახდება მისი განათლების შესახებ ძველი ინფორმაციის ნელ-ნელა დამატებაც. ამგვარად რამდენიმე წელიწადში იარსებებს ერთიანი ბაზა, რომელიც თითოეული სტუდენტის განათლების ისტორიას აღრიცხავს.
მისი განმარტებით, ცენტრის თანამშრომლებისთვის მოეწყო ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია საგანმანათლებლო მართვის პორტალის გამოყენების შესახებ. ტრენინგები გაიარეს პროცესში ჩართულმა სპეციალისტებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმაც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნატალია ბარათელი ამბობს, რომ დღესდღეობით უნივერსიტეტების საქმიანობის ჩანაწერები ძირითადად ქაღალდზეა აღრიცხული, რაც არ იძლევა დროული ანალიზის გაკეთების საშუალებას. მისი თქმით, აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესში ყველაზე დიდი მნიშვნელობა დოკუმენტწარმოებასა და აღრიცხვის სიზუსტეს ენიჭება. ამ ინფორმაციის მოძიება აქამდე სხვადასხვა სტრუქტურაში ხდებოდა, ერთი შეცდომაც კი სავალალო შედეგს იძლეოდა როგორც დაწესებულებისთვის, ასევე სტუდენტისთვისაც.
ბარათელის თქმით, სისტემის განხორციელების შემდეგ პროცესი მთლიანად ელექტრონული და ციფრული გახდება. სისტემაში განთავსებულია აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოები. ვინაიდან ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც საბჭოს წევრებს შეიძლება დასჭირდეთ, სისტემაშივეა განთავსებული. მათ ეძლევათ საშუალება, უმოკლეს დროში ელექტრონულად ნახონ ის ინფორმაცია, რომელიც ავტორიზაციასთან დაკავშირებით სჭირდებათ.
მისი თქმით, კიდევ ერთი უპირატესობა, რაც სისტემას აქვს, არის ის, რომ მისი მეშვეობით სტუდენტების მობილობა, ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლა უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე აქამდე.
„ჩვენი სურვილია, სისტემის დანერგვა უნივერსიტეტში უმოკლეს ვადებში თანმიმდევრულად დაიწყოს. ძნელია ამხელა მატერიალური და ადამიანური რესურსის ერთბაშად ელექტრონულად მართვა, თუმცა, ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ ამას მიჩვეულნი არ ვართ. სწორედ ამიტომ, ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს“, - ამბობს ნატალია ბარათელი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, აღნიშნული სიახლით ინფორმაციის მართვის მაღალტექნოლოგიური და მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემა მკვიდრდება. მისი მეშვეობით საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. უფრო ხელმისაწვდომი გახდება საგანმანათლებლო ჩანაწერები, რაც განათლების სისტემაში შეამცირებს ბიუროკრატიას.