Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მდიდარ-ღარიბის ძველი ამბავი

10 მარტი 2016

ამასწინეებზეც, შუა ზამთრის, იქ კი ზაფხულის შესვენებისას ერთმანეთს ამხანაგურად შეხვდნენ ბოკა  და  რივერი. ვითომ ისეთი არაფერი, მით უმეტეს, რომ ასი წელიწადია და მეტიც, რომ არგენტინის დედაქალაქის ეს ორი განთქმული გუნდი საუკუნეზე მეტია, ერთმანეთს  ეჯაჯგურება იმ ამოუცნობი რაღაცისთვის, რაც კარგა ხანია გასცდა სპორტულ სახელსა და დიდებას.

ამხანაგური თითქოს არაფერია, მაგრამ ერთი ქვეყნის მსოფლიო ახალ ამბებში ბოკა-რივერის სწორედ ამ თამაშზე იმდენი ილაპარაკეს, ისეთი წიხლაობითა და  წითელი ბარათების ფრიალით  გაჯერებული ნაწყვეტები აჩვენეს, რომ კიდევ ერთხელ გაგახსენდებოდა ცნობილი ამბავი: ბოკას და  რივერს შორის ამხანაგური არ არსებობს.

ეს ორი ძველისძველი კლუბი 1913 წლიდან ხვდება ერთმანეთს. შეხვედრათა რეესტრი მოიცავს  ხუთასზე მეტ მატჩს, იმათ შორის კი ას ოცი სრულიად არაამხანაგური ამხანაგურია. ასე  რომ, ამხანაგობა და მეზობლობა ორთა შორის დიდი ხნის მორჩენილია.

ყოველ  განთქმულ დერბის თავისი სოციალური, პოლიტიკური, ისტორიული, თუ რელიგიური საფუძველი აქვს. ამ მსოფლიოს უპირველეს და უხისტეს სუპერკლასიკოში, რა თქმა უნდა, ყველა ამგვარ ფესვს იპოვი, თუმცა აქ მთავარი მაინც უბნიდან გაქცევის ამბავია, რომელსაც  სხვანაირად  სიღარიბისა და  სიმდიდრის ომი შეიძლება  დავარქვათ.

ორივენი, ბოკაცა და რივერიც მუშებისა და ღატაკების უბანში, ნავსადგურში დაარსდა: ბოკაში,  სადაც ღარიბი პორტენოები დოკებში ღვრიან ოფლსა და სადაც ქუჩები ვიწროა, ჯიბე  თხელი, სადილი უბრალო, ვახშამი კი ხშირად არც მოიპოვება.

რივერი ბოკაზე ოთხი წლით ბებერია, მაგრამ საუკუნოვან ასაკში ეს უკვე პირობითობაა. მით უმეტეს, რომ რივერმა ადგილის დედას  უღალატა.

 გარდამტეხი  ბოკას უბნის ორ გუნდს შორის ცხოვრებასა და დერბიში  1925  წელია, როცა რივერმა ნავსადგურის კიდე დატოვა და ჩრდილოეთისკენ, საშუალო  კლასის გარეუბნებისკენ, კერძოდ, ნუნიესისკენ წაიწია, სადაც  გულშემატკივართა სრულიად ახალი ლაშქარი შემოემატა და საბოლოო წყალგამყოფიც აქ დაიდო: მდიდრები და ღარიბები.  ბოკას გულშემატკივრებად  დარჩნენ პორტენოები, ღატაკ იტალიელთა შთამომავლები, ხალხში ხენიესესად წოდებულნი, რაც გენუელებს ნიშნავს, რივერს კი სამუდამო მეტსახელად  დაუმკვიდრდა მიიონარიოს, რაც ცხადია, მილიონერებს ნიშნავს.

ეს მეტსახელი უფრო იმ ძვირიანი ტრანსფერების გამო გაჩნდა, რივერმა რომ 30-იან წლებში განახორციელა. იმავე დროებაში რივერმა  საბოლოოდ დაიბრუნა მაისურაზე წითელი დიაგონალური ლენტი, რაც ერთგვარი ზეიმურობისა და ფუფუნების მინიშნებაც კი იყო. მალევე რივერმა ბელხრანოში ააშენა ქვეყანაში მანამდე უნახავი სტადიონი, რომელსაც ხალხმა მონუმენტალი შეარქვა.

ბოკა კი იქ დარჩა, სადაც ოდითგან იყო.

საერთოდ, სამხრეთ ამერიკის საკლუბო ფეხბურთის ისტორია სწორედ ამგვარ დერბთა უკვდავებაზეა  აწყობილი. მათ შორის კი უპირვლესი მაინც ბოკა-რივერია.

კი, ფეხბურთი არგენტინაში ინგლისელებმა შეიტანეს, მაგრამ  კონტინენტზე თამაშის გავრცლებაში არგენტინელებმა არანაკლები წილი დაიდეს. ჭრელ სამხრეთამერიკულ ფეხბურთში უამრავი რამის უკან სწორედ საფეხბურთო ბუენოს-აირესი და მისი მაგალითი იდგა.

ალბათ, არსად ისე მკვეთრი არ  ყოფილა  მდიდართა და ღარიბთა  გულების ბრძოლა ფეხბურთისათვის, როგორც სამხრეთ ამერიკაში და  სწორედ ბოკა-რივერი იყო პირველი მაგალითის მიმცემი.

რივერი წავიდა, უარი თქვა თავის  ფესვებზე, უარი თქვა იმ სულზე, რომელიც ბარაკების ქუჩებსა  და ნაგავსაყრელებზე სუფევს. უარი თქვა ამაზე, რაც ბოკას  აქვს: შოკოლადების ცარიელი  კოლოფივით სტადიონი, დაკიდებული ტრიბუნებით, ვიწრო  გასასვლელებითა და სკამებით და  ამიტომაც, რივერის ქომაგი ბოკელ მეტოქეს ბოსტეროს, ნაკელის შემგროვებელს, დაუბანელ ტიპს  ეძახის, ხოლო ამდენი ვნების დამტევ ბომბონიერას  სტადიონს ლამის საღორედ მოიხსენიებს, რადგან შემოგარენში მართლა შეიგრძნობა გოჭების ფერმებიდან მოვარდნილი სურნელი.

საპირისპიროდ, მონუმენტალი ფართოა, მასთან მისასვლელად წვალება საჭირო არ არის. განიერი ქუჩები, კარგი ავტოსადგომები, თვითონ მოედნის  გარს კი სარბენი ბილიკები. ხალხი მინდვრიდან მოშორებით ზის. მაშინ, როცა ბოკას კოლოფი თანამონაწილეობას გულისხმობს. დერეფნები და  გასასვლელები მონუმენტალზე ისეთი ხალვათია, აეროპორტებს შეშურდება.

ბოკა შეწირვა და ვნებაა, რივერი უფრო გონება და თვლა. ეს  ყველაფერი გასული საუკუნის ორმოციანი წლებისთვის უკვე კლასიკურად იყო ჩამოქნილი.

რაც აერთიანებთ ამ კლუბებსა და მათ სტადიონებს, ტრიბუნების ზანზარია. ეს ოდესღაც ბონბონიერას ექსკლუზივი იყო: მთელი მაყურებელი ხტის და ამიტომ, კოლოფი ზანზარებს. მრავალი წელია, რაც ზანზარებს მონუმენტალიც, რომელმაც ხერხი მშვენივრად გაითავისა.

ისინი თამაშობენ, ერთმანეთს ებრძვიან და ალბათ ასე  იქნება, სანამ სამყარო არსებობს. მრავალი საშინელი და ლამაზი ისტორია მომხდარა ამ სუპერკლასიკოში. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ამ დიდ დერბიში კვლავაც შენარჩუნებულია თავდავიწყების ამბავი.

ამბობენ, რომ დღევანდელ ბოკა-რივერს გულშემატკივრები არანაკლებად  ქმნიან, ვიდრე თავად გუნდები. კი, დღეს სხვა მსოფლიოა, ბოკაც, თავისი გულშემატკივრებისგან განსხვავებით, ღარიბი სულაც არ  არის და არც რივერია იმდენად მდიდარი, მაინცდამაინც მილიონერები რომ ერქვათ, მაგრამ სუპერკლასიკოს სოციალური ქვეტექსტი ცოცხალია და ამიტომ მდიდართა და ღარიბთა თამაშისა და წინააღმდეგობის მარადიულობასა და  მოქმედების წესებს სწორედ  გულშემტკივრები ჰკარნახობენ.

საგულშემატკვირო ომები, მსხვერპლი, ხანძრები, ნგრევა, ძალადობა ფეხბურთისა დ სუპერკლასიკოს მოტანილი არ არის. ეს წარსულიდან შობილი უკვდავი სიძულვილია, რომელიც, ალბათ, უკეთესია, დიდი ქალაქის ორ სტადიონზე და მათ შემოგარენში იბერებოდეს და სკდებოდეს, ვიდრე ეპიდემიასავით გავრცელდეს.

 სიყვარული, სიძულვილი და ძველი ბაირესი. ეს ყველაფერი, არის. ამიტომ ამხანაგურს ვინ უყურებს, ვინ მოგცემს საშუალებას, რომ ამხანაგურად ითამაშო.

იმ ადგილიდან შორს, სხვა დერბის დასაწყისისას  ვაით ჰართ ლეინზე, თამაშის დაწყებისას ტრადიცული შეძახილი  გაისმა:

აღსდექ, ვისაც სძულს არსენალი!

მთელი სტადიონი წამოდგა. ხნოვანმა ჟურნალისტმა ჰანტერ დევისმა მის გვერდით მჯდომ მოხუც კაცს  გადახედა და თქვა:

ძალიან მოხუცი ვარ იმისთვის, რომ მძულდეს.

მოხუცმა მეზობელმა უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა:

მე კი ძალიან მოხუცი, რომ ავდგე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^