Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეკრიმინალიზაციის მომხმარებელი

15 ივნისი 2016

ცოტნე ცხვედიანი, გიორგი ფირცხალაიშვილი

არის საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით.  დიდი გაბედულება არ სჭირდება იმის თქმას, რომ ‘’მოსაწევის’’ გამო არ უნდა დაიჭირონ, მაგრამ საკითხი გაცილებით უფრო მწვავედ დგას.

115-ე აუდიტორიაში გამართული დისკუსიის ბოლოს  ‘’თეთრი ხმაურის მოძრაობის’’ წევრებმა   გვიჩვენეს  რამდენიმე ვიდეო. ერთ-ერთი განსაკუთრებით მძიმე იყო. (https://www.facebook.com/WNmovement/videos/1699806830269364/)

არსებობს  საკითხები, რომელზეც არ იცი, როგორ ილაპარაკო. 

ყელში მომდგარი ბურთი და ნერვული მოძრაობები არ უნდა შევიმჩნიოთ. სხვა გზა არ გვაქვს. მაინც უნდა ვიპოვოთ სიტყვები.

ბესო ხუციშვილს პოლიციამ აიძულა, რომ თავისი მეგობრის  დაპატიმრებაში მიეღო მონაწილოება. უფრო მარტივად  რომ ვთქვათ, აიძულეს  ჩაეშვა. (მან პოლიციელის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც მის ოჯახს ემუქრებოდა, მოამზადა ნარკოტიკების დოზა.  შემდეგ დაუძახა მეგობარს, რომ ეს უკანასკნელი დანაშაულის ჩადენის  ფაქტზე აეყვანათ).

ბესო ხუციშვილმა იცის, რომ ამ საქციელს არავინ აპატიებს. არც ოჯახის წევრები, არც მეზობლები, არც მეგობრები. საზოგადოებამ  შეიძლება ყველაფერი დაივიწყოს, მაგრამ ასეთ საქციელს არასოდეს პატიობენ. უბანში, სადაც ქუჩური ტრადიციები ძლიერია, ‘’ჩამშვებად’’ შერაცხულ ადამიანებს პატარა ბავშვებიც კი შეურაცხყოფას აყენებენ. 

ასეთ სიტუაციაში უბრალოდ გამაოგნებელია, რომ ადამიანმა იპოვა ძალა ამაზე ღიად სალაპარაკოდ.

ახლა იგი კარგად აცნობიერებს, რომ საფრთხე ემუქრება პოლიციისგანაც და ქუჩისგანაც. შესაძლოა, მას სამართალდამცველებმაც კი მიუგზავნონ კრიმინალები, რომლებიც მას თავიანთი წესებით ‘’გაასამართლებენ’’.

ყველა იოლად გამოუტანს  განაჩენს. მარტივი, ბანალური მორალის საფუძველზე.

სინამდვილეში კი, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ეგ კაცი აქამდე. ფაქტია, ახლა ის ყველაზე გაბედულია ადამიანია, ყველაზე მართალი.

მისი დანაშაული იმდენივეა, რამდენიც ჩვენი, ვინც ვიცით, რომ ეს ყველაფერი ხდება და ჩუმად ვართ.

პოლიცია მოგაშარდვინებს, ჯარიმას გადაგახდევინებს, დაგიჭერს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სისტემა არჩევანს არ გვიტოვებს და ისეთ რამეს გაკეთებინებს, რომ მერე უბრალოდ გარშემო ყველას ეზიზღები და შენი თავიც გძულს. ერთადერთი გზა გრჩება, რომ ისევ პოლიციას  და შავ საქმეებს ემსახურო.

ამ ადამიანმა გააცნობიერა, რაც გაუკეთეს. არ უცდია შელამაზება, თავის მოტყუება, ან უკეთესი ვერსიის გამოგონება.

ეს ნიშნავს ბრძოლის დაწყებას. 

შარშან პოლიციელებმა  ლევან აბზიანიძე მოკლეს. ისტორიები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, რადგან სისტემა იმაზე უფრო ბანალურად მუშაობს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ლევან აბზიანიძესაც აიძულებდნენ ინფორმატორი გამხდარიყო. საბოლოოდ კი შემოაკვდათ.

ისინი ვინც, გულწრფელად ვთქვათ - და გულში ვფიქრობთ, რომ სხვებზე უფრო უშიშრები ან ემპათიურები ვართ, შარშან შევიკრიბეთ და საპროტესტო გამოსვლებს ვგეგმავდით. მსვლელობაც მოვაწყვეთ, სადღაც სოლოლაკში ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი პოლიციამ სცემა. მერე წრე შემოგვარტყეს და არ გვიშვებდნენ. ბოლოს კანცელარიასთან მივედით. იქაც ჩვენზე მეტი პოლიციელი იყო და ბოლოს დავიშალეთ. უფრო მეტისთვის არ გვეყო ძალა.

სინამდვილეში ჩვენ პოლიციური რეჟიმი ზუსტად ისე გვამცირებს, როგორც ბესო ხუციშვილს. ისინი გვაიძულებენ ჩუმად ვიყოთ, როცა ადამიანს კლავენ ან ღირსებას ართმევენ. არის ალბათ რაღაც წამები, როცა ვფიქრობთ, რომ ავფეთქდებით და ამ ყველაფერს გავაპროტესტებთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სისტემის ნებას დავყვებით.

ბესო ხუციშვილისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ თავზე გადაგვიარეს, ღირსება წაგვართვეს. ჩვენ რეალობას ვალამაზებთ, თავს ვიმართლებთ და ვანუგეშებთ, რომ მეტი არ შეგვეძლო.

არ დაგავიწყდეთ, რომ ბესო ხუციშვილი ომის ვეტერანია. სახელმწიფოს უყვარს დაღუპული გმირები - წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ცოცხლებს კი ღირსებას ართმევს.

დღეს არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღდეგ ბრძოლის ფერად ფესტივალებამდე და კონცერტამდე დაყვანა არის  სიმულაცია, რომელიც ისევ სისტემას აძლიერებს. ლევან აბზიანიძე შარშან ორი ივნისის აქციიდან ორ კვირაში, 17 რიცხვში გარდაიცვალა. ეს იყო სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის უკიდურესი ცინიზმი, გნებავთ ცინიკური რეფლექსია, რომელიც დარწმუნებულია, რომ წელიწადში ერთხელ ხუთიათასამდე ადამიანის შეკრება, ერთჯერად ხასიათს ატარებს.  მას არ შესწევს არც მობილიზაციის უნარი და არც რადიკალური ნება, კონკრეტულ, პერმამენტულ რეალობებთან დასაპირისპირებლად. ამ ფორმით ჰუმანური ნარკოპილიტიკისთვის ბრძოლა იქცევა რიტუალად, წარმოდგენად, რომელიც მოთხოვნა/პროტესტის მიღმა ტოვებს ადამიანების სიცოცხლეს ან მათ დანგრეულ ცხოვრებას.

პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ თავს სხვებზე უფრო პროგრესულებად მიიჩნევენ ან თავს დასავლურ ღირებულებებთან აიგივებენ, ყოველთვის ხაზს უსვამენ მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის აუცილებლობას. ართქმა შელახავს მათი პროგრესულობის იმიჯს, სამაგიეროდ ამგვარი პოზიორობაში საკუთარი პოზიცია არ ვლინდება, მაშინ როცა საქმე ეხება ძირეულ პრობლემას - პოლიციურ რეჟიმს. სწორედ ამ დროს, როცა პოლიტიკოსები ტელევიზიებთან თავიანთი პროგრესულობის  თვითკმაყოფილებით კეკლუცობენ, სისტემა ისევ ისე არაადამაინურად მოქმედებს. ეს თეატრალურობა განაპირობებს მითოლოგიურობას.

შედეგად ვიღებთ დეკრიმინალიზაციის მითს, რომელიც თავად დეკრიმინალიზაციის გადავადებას იწვევს, რადგან ის შევსებულია იმგვარი სოციალური შინაარსით, რომელშიც სოციალური შინაარსის ყოფნა შეუძლებელია, რადგან ის საფუძველშივე გაყალბებულია. როლან ბარტი წიგნში „მითოლოგიები“ წერს: თუ მითი არის დეპოლიტიზებული სიტყვა, არსებობს ერთი სახის სიტყვა მაინც, რომელიც მითს ეწინააღმდეგება, ეს არის სიტყვა, რომელიც რჩება პოლიტიკურად“.

მეტისმეტად ინფანტილურია ახლა ვისაუბროთ იმაზე, რომ მარიხუანა საშიში არაა,  პირიქით, ჯანმრთელობისთვის კარგია და ა.შ. მით უმეტეს არასერიოზულია აპელირება იმაზე, რომ თურმე ადამიანს აქვს არჩევნის თავისუფლება და რასაც უნდა, იმას გააკეთებს.

ძირითადი დებატები მიმდინარეობს დეკრიმინალიზაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ორივე მხარეს აქვს გარკვეული არგუმენტები, მაგრამ ამ დებატების მიღმა აღარ ჩანან პოლიციური რეჟიმის შემოქმედები, სახელისუფლებო და ფინანსური ელიტები, რომლებიც ამით საზრდოობენ.

ამ მოცემულობაში ნარკოტიკი მეორეხარისხოვანია. მთავარი პოლიციური რეჟიმია, რომლის ერთ-ერთი ბერკეტი რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა. საუკეთესო შემთხვევაში თუ მას ამ ბერკეტს გამოვაცლით, რეჟიმი მაინც უცვლელი დარჩება და ის სხვა საცეცებს აამოქმედებს.

დღეს ბრძოლა უნდა დაიწყოს პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ და არა ნარკოტიკების რაღაც ჯგუფის დეკრიმინალიზაციისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^