ჯორჯაძის ქუჩის მხრიდან ქაშვეთის ეკლესიის ეზოში ძველი ცენტრალური ჭიშკრით შესულები ტაძრისკენ მიმავალ ბილიკზე მაღაზიას დაინახავთ. თუ ხატების, ჯვრების, სანთლების, ნაკურთხი წყლის, ნათლობისთვის საჭირო ან სხვა რაიმე საეკლესიო ატრიბუტიკის შეძენა გსურთ, ამ მაღაზიაში ყველაფერს მიაგნებთ. უბრალოდ, გამოსვლისას უნდა იფრთხილოთ, ფეხი ამ ეკლესიის ამშენებლის საფლავის ქვას რომ არ წამოკრათ. მაღაზიის კარში მოქცეული თეთრი მარმარილო წარწერით „მადლიერი შთამომავლებისგან“ დავით სარაჯიშვილს ეძღვნება. ქვის ქვეშ ქართველი მეცენატი და მისი მეუღლე ასვენია, უკან - მაღაზიის დახლები. მაღაზიაში მომუშავე ქალბატონს თუ ჰკითხავთ, ეს როგორ მოხდა, გაგიბრაზდებათ. ვერც იმას დაადგენთ, რატომაა ეკლესიის ეზოში საფლავის გარშემო მანქანები გაჩერებული ისე, რომ თეთრი მარმარილოს ქვის შემჩნევა, სადაც სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის სახელები წერია, შეუძლებელია.
დავით სარაჯიშვილი ამ ეზოში 1995 წელს დაკრძალეს, თუმცა ის ქაშვეთის ეკლესიას სიცოცხლეშივე დაუკავშირდა.
საარქივო მასალების მიხედვით, პარლამენტის შენობის ადგილას, 1871-1897 წლებში მაშინდელ ღუნიბის მოედანზე მეფის რუსეთმა სამხედრო სობორო ააშენა „ნიშნად რუსული ძლევამოსილი არმიის გამარჯვებისა კავკასიაზედ“. მრევლი იყო არა უბრალო მოსახლეობა, არამედ ჯარი. 26 წელიწადი მიმდინარეობდა სობოროს მშენებლობა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართველები მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო „რუსული თათი კავკასიის ცენტრში“. გადაწყდა, მის საპირწონედ და რუსული იმპერიული ძალების გასანეიტრალებლად დაენგრიათ იმჟამინდელი ქაშვეთის ეკლესია, რომელიც კონსტრუქციის მხრივ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო და მის ნაცვლად აეშენებინათ ახალი. სარაჯიშვილმა წამოაყენა ინიციატივა, რომ ახალი ეკლესია სამთავისის პროტოტიპი ყოფილიყო და ამისთვის საჭირო ფინანსებიც გაიღო. სამხრეთის ფასადის შესასვლელის 2 მოჭედილ კარზე დღესაც დაგხვდებათ ინიციალები „დ“ და „ე“, რაც დავით სარაჯიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს აღნიშნავს. რუსული სობორო კი XX საუკუნის 30-იან წლებში ლავრენტი ბერიამ დაანგრია.
მე-19 საუკუნის მეცენატებისგან დავით სარაჯიშვილს ბევრი ნიშან-თვისება გამოარჩევდა და მათგან ეკლესიების მშენებლობაში ღვაწლი მხოლოდ მცირე დეტალია. თუმცა არ შეიძლება, არ აღინიშნოს ის სამსახური, რაც მან სვეტიცხოვლის, იკორთის, სამთავროსა და მარტყოფის მონასტრების, თბილისის სამების, მამადავითის, კალაუბნის წმინდა გიორგის ეკლესიისა და კიდევ ბევრი სხვა ტაძრის რესტავრაციისა და შენარჩუნებისთვის გასწია.
თუმცა საქმიანობა, რომლითაც ის ყველას ახსოვს, კონიაკის წარმოებაა. დავით სარაჯიშვილმა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე პირველმა დაიწყო ღვინისა და სპირტის ფრანგული წესით დამზადება. მისი საწარმოებიდან პირველი 1888 წელს თბილისში გაიხსნა და მას მოჰყვა ქარხნები ყიზლარში, ერევანში, კიშინიოვის სიახლოვეს, ბაქოში. ცნობილი სომხური კონიაკი დღესაც დავით სარაჯიშვილის მიერ დაარსებულ ქარხანაში მზადდება. ქარხნების მუშებისთვის ის ქირაობდა მასწავლებლებს და სპეციალურად მათთვის გახსნილ ბიბლიოთეკებში წერა-კითხვას ასწავლიდა. ყველა მუშა თავისსავე ფონდში ჰყავდა დაზღვეული და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯს უფარავდა. მუშების ჯგუფურ ფოტოებს ქალაქში საფოსტო ბარათების სახით არიგებდა. თუ მისი გამოზრდილი რომელიმე თანამშრომელი გადაწყვეტდა, ცალკე წარმოების გახსნას, ფინანსურად უჭერდა მას მხარს. რომ აღარაფერი ვთქვათ სტიპენდიებზე, რითაც იმ დროისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებს განათლების მიღებაში ეხმარებოდა. მათ შორის იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, აკაკი შანიძე, გერონტი ქიქოძე, თედო სახოკია და სხვა მრავალი.
უცნაური არ არის, რომ 1911 წელს მისი გარდაცვალება ქალაქმა გამორჩეულად იგლოვა. მისი და ილია ჭავჭავაძის დაკრძალვა ერთმანეთს ჰგავდა, ალბათ, იმიტომაც, რომ სცენარის ავტორი ორივე შემთხვევაში ვალერიან გუნია იყო. მის პატივსაცემად დამზადებული სამგლოვიარო 33 ვერცხლის გვირგვინიდან 28 ექვთიმე თაყაიშვილმა განძის სახით გაიტანა და შემდეგ დააბრუნა საქართველოში. სარაჯიშვილის ქვის დამზადება ილიას საფლავის ქვის ავტორს, იაკობ ნიკოლაძეს დაუკვეთეს, რაც შემდეგ, მეუღლის თხოვნით, სამომავლოდ გადაიდო _ „მე ჩემს დათიკოს ვერ დავადგამ ამ სიმძიმის ქვას. მე რომ მოვკვდები, ორივეს ერთი ქვა დაგვადეთ, რომ ეს სიმძიმე თანაბრად გადავინაწილოთო“.
თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 1911 წელს დავით სარაჯიშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1939 წელს კი კომუნისტების მოთხოვნით შექმნილმა კომისიამ დიდუბის პანთეონში უცხო საფლავთა სია შეადგინა (მათი, ვისაც შეხება არ ჰქონდა ლიტერატურასთან, მეცნიერებასთან, საზოგადო მოღვაწეობასთან). სიაში მოხვდნენ დავით სარაჯიშვილი და ეკატერინე ფორაქიშვილიც. ჭირისუფალს, რომელთაც ნეშტის ამოსათხრელი ფულიც კი არ ჰქონდათ, გადასვენებისთვის 10 დღის ვადა მისცეს. მათ საფლავი გახსნეს, დაკრძალვისას ჩატანებული ბრილიანტისთვლიანი ოქროს ბეჭედი ამოიღეს და გადასვენების ხარჯი ამით დაფარეს. იმ დროს ბერიასგან „მექარხნედ“ წოდებული დავით სარაჯიშვილი მეუღლესთან ერთად ვაკის სასაფლაოზე, ხევში დაკრძალეს. 1995 წელს ის კიდევ ერთხელ გადაასვენეს, ამჯერად - ქაშვეთის ეკლესიის ეზოში. სწორედ აქედან იწყება საფლავისა და მაღაზიის საზიარო კედლის ისტორია.
„ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, ურბანისტი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ რუსთაველის ქუჩის მხარეს საფლავის თავთან არსებული სივრცე გადასვენების დროს დაკავებული არ ყოფილა, ანუ იქ მაღაზია არ არსებობდა, „მარტივად შესამჩნევია, რომ ის ნახევარწრე, თაღი და სვეტები საფლავის დეტალებია“.
ელისაშვილი ამ ე.წ. საფლავი-მაღაზიის ერთობას იმდენად დამამცირებლად მიიჩნევს, რომ ამ ფონზე ქვაზე მინაწერი „მადლიერი შთამომავლებისგან“, ირონიულად აღიქმება. ურბანისტის უკმაყოფილებას საფლავის წინ არსებული ერთგვარი საპარკინგე სივრცეც იწვევს, რომლით სარგებლობაც მხოლოდ სასულიერო პირებისთვისაა ნებადართული და სადაც ავტომანქანები მუდმივად დგას.
1995 წელს დავითისა და მისი მეუღლის ვაკის სასაფლაოდან ქაშვეთის ეზოში გადასვენება კომპანია „სარაჯიშვილის“ მფლობელის გუჯა ბუბუტეიშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით მოხდა. პროცესში საქართველოს საპატრიარქო და მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძეც იყვნენ ჩართულები.
კომპანია „სარაჯიშვილის“ მესვეურებსვე ეკუთვნით წერილი, რომელიც ქაშვეთის ეზოში საფლავზე მაღაზიის მიშენებით შეწუხებულებმა 2004 წელს საპატრიარქოს მისწერეს.
საპატრიარქოსგან პასუხად მიღებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ:
„ამონაწერი საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმიდან:
საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭომ განიხილა საკითხი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში არსებული დავით სარაჯიშვილის საფლავთან შექმნილი ვითარების შესახებ.
გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ეკლესიის ეზოში საეკლესიო მაღაზიის წინ საფლავის არსებობა ამ სიახლოვით მიუღებელია. სასურველია ცხედრის გადასვენება დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. საკითხი საჭიროებს განმეორებით განხილვას“.
წერილი დათარიღებულია 2004 წლის 10 ნოემბრით. ხელს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის მაშინდელი მდივანი ნინო გველესიანი აწერს.
ნინო გველესიანის ადგილს ახლა თამარ კვანტალიანი იკავებს. საპატრიარქოს ამჟამინდელი პოზიციით დაინტერესებულებს ის იმ კრიტერიუმებს განგვიმარტავს, რითაც მსგავს შემთხვევებში ეკლესია ხელმძღვანელობს.
კვანტალიანის თქმით, ეკლესიის ეზოში ან მონასტრის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამშენებლო პროექტი საპატრიარქოს შესაბამის საბჭოსთან თანხმდება. ყველა ასპექტის გათვალისწინებით დგინდება ასაშენებელი ობიექტის ადგილი, ზომა, გარეგნული იერი.
„შესაძლოა, იქ ახლოს იყოს პატივსაცემი ადამიანის საფლავი, მაგრამ მაღაზიისთვის სხვა შესაფერისი ადგილი ამ ტერიტორიაზე არ მოიძებნოს. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, უკეთესი ვითარება არ იყო მაღაზიის ჩადგმისთვის და მაღაზია რომ სჭირდება ტაძარს, ეს ფაქტია. ამას წინამძღვარი წყვეტს. ის ამბობს, რომ სჭირდება ეზოში მაღაზია და ვერავინ ეტყვის, იცით რა, მაღაზია არ გექნებათ. სხვა ფაქტორებს არ აქვს მნიშვნელობა. მაღაზია ტაძრისთვის არის აუცილებლობა და საფლავი შეიძლება იყოს ერთ ადგილას, შეიძლება იყოს სხვა ადგილას. ჩვენი სამსახური ვერ ეტყვის ტაძრის წინამძღვარს, რომ მაღაზია არ გინდა, იმიტომ რომ იქ არის საფლავი, რადგან, რეალურად, ტაძარს მაღაზია სჭირდება“, - განმარტავს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი.
„მე არც ერთი წერილი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ერთის შინაარსიც ვიცი, მეორისაც და ისიც ვიცი, რომ მამაზეციერი ვერ აიღებს მაგ მაღაზიას“, - მკვლევარი გოგი სარაჯიშვილი დავით სარაჯიშვილის შთამომავლად გვეცნობა. ქართველი მეცენატის ქაშვეთის ეზოში გადასვენების ფაქტი მის უკმაყოფილებას მაღაზიის გამოჩენამდეც იწვევდა. დავით სარაჯიშვილის მოგვარე საფლავისთვის ერთადერთ შესაფერის ადგილად დიდუბის პანთეონს მიიჩნევს და განმარტავს კიდეც, რატომ.
„დავით სარაჯიშვილის ნატვრა იყო, დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ. ამისათვის 4200 რუბლი აქვს გადახდილი. მე ამის დამადასტურებელი დოკუმენტები დღესაც მაქვს. მისი სურვილის აღსრულება იქნებოდა, 1995 წელს იქ რომ დაებრუნებინათ. მაშინ მერიაში ნიკო ლეკიშვილი იყო, რომელსაც მე პირადად დავურეკე და ვთხოვე, არ მოეწერა ხელი ქაშვეთის ეზოში გადმოსვენებაზე. პასუხად მივიღე, რომ „შენ უკვე დაიგვიანე, რაშები შეკაზმულიაო“. ვაკის სასაფლაოზე, სადაც ის 1939 წელს გადაასვენეს, დავითი უხეირო ადგილას იყო დაკრძალული, თითქმის ხევში. მე სულ მქონდა იმედი, რომ მას ძველ ადგილას დავაბრუნებდით და ის ადგილი დიდი ხნის განმავლობაში შევინახე. მაგრამ არც დამიჯერეს, არც მკითხეს. უკვე დაწყებული ჰქონდათ პროცესი კონიაკის ქარხანაში. მე დაკრძალვასაც არ დავსწრებივარ“, - გოგი სარაჯიშვილი ამბობს, რომ მაღაზიის მშენებლობის პროცესს თავადაც შეესწრო, თუმცა საპატრიარქოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, არც ის იცის, რა განვითარება მოჰყვა 2004 წლის მიმოწერას.
ქალაქში არსებულ ხელოვნების ძეგლებსა და პანთეონებზე ზრუნვა კულტურის საქალაქო სამსახურის ერთ-ერთი სამუშაო მიმართულებაა. თბილისის მერიის ამ სამსახურში ამბობენ, რომ 2004 წლის შემდეგ დავით სარაჯიშვილის გადასვენებაზე განცხადება მათთან არ შესულა და მისი დიდუბის პანთეონში გადასვენების საკითხი არასდროს განუხილავთ.
საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება. თბილისში სულ სამი პანთეონია - მთაწმინდის, დიდუბისა და სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა. კულტურის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, დიდუბისა და მთაწმინდის პანთეონები საკრებულოს გადაწყვეტილებით დახურულია, რადგან არც ერთ მათგანში ადგილები აღარ არის. ამ მიზეზით, მერია ახლო მომავალში მახათას მთაზე ახალი პანთეონის გახსნისათვისაც ემზადება. გამოდის, კომპანია „სარაჯიშვილის“ მესვეურებს საპატრიარქოს რეკომენდაცია რომც გაეთვალისწინებინათ, დიდუბის პანთეონში დავით სარაჯიშვილის ნეშტის დაბრუნება, სულ მცირე, გაუჭირდებოდათ.
რაც შეეხება 4200 რუბლად ნაყიდ ადგილს, რომლის დამადასტურებელ დოკუმენტსაც გოგი სარაჯიშვილი ფლობს, მერიაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც პანთეონი მუნიციპალური გახდა, ნებისმიერ მსგავს საბუთს ძალა დაეკარგა.
ამას ადასტურებს დიდუბის პანთეონის დირექტორი ბადრი ქუთათელაძეც. როგორც ის განმარტავს, პანთეონის ტერიტორიაზე მიწის შესყიდვის არავითარი დოკუმენტი არ მოქმედებს და არც დავით სარაჯიშვილის საფლავის ადგილი ინახება. მისი განმარტებით, პანთეონებში ადგილი შესაძლებელია შეენახოთ მხოლოდ იქ უკვე დაკრძალული საზოგადო მოღვაწეების ოჯახის წევრებს, მიუხედავად იმისა, აქვთ მათ რაიმე დამსახურება, თუ არა. ადგილის შენახვის სხვა მეთოდი არ არსებობს.
ურბანისტი ცირა ელისაშვილი კიდევ ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც, მისი თქმით, ეს „დაუსრულებელი ისტორია“ 1995 წელს კიდევ უფრო გაართულა. მაშინ გადასვენების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე ადამიანმა მიიღო და შეასრულა კიდეც. მოქალაქეებისთვის ამის შესახებ აზრი არავის უკითხავს. როგორც ელისაშვილი ამბობს, თუკი სარაჯიშვილის გადასვენების საკითხს კვლავ განიხილავენ, „აღარ უნდა დაივიწყონ, რომ საზოგადო მოღვაწესთან გვაქვს საქმე და ეს ისევ ისე დახურულად აღარ უნდა მოხდეს, როგორც 1995 წელს“.
ქაშვეთის ეზოდან სარაჯიშვილის გადასვენების კატეგორიული წინააღმდეგია კომპანია „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბუბუტეიშვილი. ის მიიჩნევს, რომ 1995 წელს მათ საუკეთესო ადგილი შეარჩიეს - ქაშვეთის ეზო. ძირითადი მოტივაცია ამ ტაძარზე სარაჯიშვილის ამაგის გარდა ის იყო, რომ ეკლესიის ეზოში გამვლელებს გაეხსენებინათ და სანთელი დაენთოთ მისთვის. საფლავის უკან თაღი კი, სადაც ახლა მაღაზიაა განთავსებული, სწორედ ამისთვის იყო გამიზნული.
„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ამ კაცის სახელს მოვუფრთხილდეთ. მის დაწყებულ საქმეს კონიაკის წარმოების კუთხით ვაგრძელებთ და იმ ხრამიდან პატივისცემის ნიშნად გადმოვასვენეთ. გული მწყდება, ხელს რომ ისევ ჩვენსკენ იშვერენ, ბუბუტეიშვილმა რატომ არ დაკრძალა სარაჯიშვილი დიდუბის პანთეონში და რატომ დაკრძალა ქაშვეთის ეზოშიო. რატომ უნდა გადაასვენონ დიდუბის პანთეონში, ვიღაც ტუტუც მღვდელს ფულის კეთებაში ხელი რომ არ შეეშალოს? ეკლესიას შესასვლელშიც ხომ აქვთ მაღაზია? საპატრიარქო მიიჩნევს, რომ სარაჯიშვილის საფლავი იმ ეზოში არ უნდა იყოს?“
ამ კითხვებზე პასუხი ზურაბ ბუბუტეიშვილს არ აქვს, მაგრამ 2004 წელს საპატრიარქოსგან მიღებული წერილით იმედგაცრუებული მათთან საფლავი-მაღაზიაზე დავის გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავს. მეტიც, მისი თქმით, როცა მეორე მხარეს საპატრიარქოა, ვერაფერს გააწყობ: „ჩვენ ამ დაპირისპირებებით კიდევ უფრო დავაზიანებთ და საფლავშიც არ დავაყენებთ ამ კაცს. თუ საპატრიარქო მაღაზიის გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ მზად ვართ, კვლავ გავიღოთ ხარჯი და კეთილმოვაწყოთ ეს საფლავი“.
„რას ანიჭებს საპატრიარქო პრიორიტეტს, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, კომერციული საქმიანობა თუ სხვა ტიპის ღირებულებები. მათი მხრიდან ჩანს სერიოზული თვითნებობა და მოუწესრიგებელი მენეჯმენტის პრობლემაც. ალბათ, მერიას უნდა შეეძლოს გარკვეული მექანიზმების ამოქმედება და საპატრიარქო ერთპიროვნულად არ უნდა იღებდეს ასეთ გადაწყვეტილებებს“.
იმ პირობებში, როცა მეორე მხარეს საპატრიარქო დგას, საზოგადოების ბერკეტად, ხაბულიანის თქმით, მხოლოდ სამოქალაქო სივრცის მოთხოვნა რჩება. ხელოვნებათმცოდნე განმარტავს, რომ ასეთ დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ, სამოქალაქო საზოგადოება კი ახლა სწავლობს თავის უფლებებს და იმას, რომ შეიძლება გადაწყვეტილებების მიღებაში მათაც ჰქონდეთ როლი.
„ქალაქში განვითარებულ მოვლენებსა და ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივ სივრცეს ეხება, საზოგადოება, ძირითადად, ინფორმირებული არ არის და ამბებს მოქალაქეები პოსტფაქტუმ იგებენ. თითქოს უგულებელყოფენ საზოგადოების უფლებას, მონაწილეობდეს ამ პროცესებში. არადა, ასეთ შემთხვევაში, როცა ვითარება ჩიხში შედის და კედლის სახით საპატრიარქოს აწყდება, ერთადერთი გავლენის მომხდენი, ფორმალურად მაინც, შეიძლება პატრიარქი იყოს. ამ ვითარებიდან გამოსავალი, კონკრეტულად, შეიძლება პატრიარქის ჩარევა იყოს. პატრიარქს კი ისევ საზოგადოებამ უნდა მიაწოდოს თავისი პოზიცია და თხოვნა“.
არავინ იცის, შეიცვლება თუ არა კიდევ ერთხელ დავით სარაჯიშვილის საფლავის მდებარეობა, თუმცა ფაქტია, რომ დღეისათვის, არც გადასვენების და არც მაღაზიის აღების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მეცენატის საფლავზე კი იშვიათად თუ ანთებენ სანთელს „მადლიერი შთამომავლები“ - საფლავის ქვა მაღაზიასა და ავტოსადგომს შორისაა ჩაკარგული.