Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მოხმარება პატიმრობით

01 აგვისტო 2016

„ნარკოტიკების მოხმარებისთვის სამჯერ 6-6 თვით ვიყავი დაპატიმრებული. ქუჩაში გამაჩერეს.  რა გითხრათ, არაფრის გამო ციხეში რომ ზიხარ...  არავინ მინახავს ციხიდან გამოსული ადამიანი, რომელიც აღარ იკეთებს. ეს ავადმყოფობაა. რას შველის ციხეში ყოფნა?  ვერც ვერაფერს, გამოდიხარ და ისევ იკეთებ“, - ირაკლი.

„უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. იქიდან უფრო დაზიანებული ფსიქიკით გამოვედი, საზოგადოების განწყობაც შეიცვალა. სამსახურშიც ასეთი წარსულით არავის გიღებს“, - გიორგი.

„ჩემი მეუღლე ორი წლის წინ დაიჭირეს. 6 თვე იჯდა ციხეში. ეს ყველაზე მეტად ოჯახს დააწვა ფინანსურად. პატიმარს ციხეში ხომ ყურადღება სჭირდება -  სიგარეტი, თეთრეული, საჭმელი. მანამდე ბინის ჩადებაც მოგვიწია გირაოსთვის, ერთი თვით რომ გარეთ გამოსულიყო. სახლიდან დავდიოდით სასამართლოებზე. ციხიდან გამოსვლის შემდეგ საერთოდ შეიცვალა ფსიქოლოგიურად, ძილის დროს სულ შიშები აქვს“,  - ლელა.

„ადამიანების უმრავლესობა სასჯელის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ ისევ იწყებს ნარკოტიკების მიღებას,  უკლებლივ ყველა მათგანი კი ნარკოტიკებს 11 თვის თავზე მიუბრუნდა“, - ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც 2012 წელს ადიქტოლოგიის კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯიამ“ ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ეგიდით მოქმედი უწყებები მოუწოდებენ ქვეყნებს ნარკოტიკების პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაციისკენ, სახელმწიფო ნარკომომხმარებლების მიმართ მკაცრ მიდგომებს მაინც არ ცვლის. საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება კრიმინალია.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით,  ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით, გასაღების მიზნის გარეშე, უკანონოდ შეძენა ან შენახვა, ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ითვალისწინებს 500 ლარის ჯარიმას  ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ამ დანაშაულისთვის ნასამართლევმა პირმა იგივე დანაშაული ჩაიდინა, მას უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება (სსკ 273-მუხლი) და პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით. ხოლო იმ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება/შეძენისთვის, რომელთა მცირე ოდენობები კანონით განსაზღვრული არაა, ადამიანები უფრო მკაცრად აგებენ პასუხს.

„ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში 26 ივლისის მდგომარეობით, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელს 667 პირი იხდის. მათ შორის 3 ქალია.

ნარკომოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა: 2012 წელს - 861 პირი, 2014 წელს - 4003

რატომ არ უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მოხმარება - „ლიბერალი“ ამ თემაზე ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორს ტომაშ ზაბრანსკის ესაუბრა.

„ნარკოდამოკიდებული ადამიანის ციხეში ჩასმა ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რადგან მათ დამოკიდებულება აქვთ - ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს დაავადებაა. ადამიანის დასჯა, იმის გამო, რომ ის ავადაა, არაჰუმანურია. ვერ ვხედავ არგუმენტს, რომელიც შეიძლება ამას დავუპირისპიროთ“, - ამბობს ზაბრანსკი.

მისი თქმით,  ყველაზე მარტივი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ უნდა ჩაჯდეს ადამიანი ციხეში ნარკოტიკის მოხმარებისთვის, არის ის, რომ იგი მიზანს არ ამართლებს.

როგორც ის ამბობს, უამრავი კვლევა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულა, აჩვენებს, რომ  ნარკოტიკის მოხმარებისთვის სასჯელი მოხმარების პრევენციას ხელს არ უწყობს.

„ის ასევე ზრდის ალბათობას, რომ არაპრობლემური ნარკომომხმარებელი პრობლემური ნარკოდამოკიდებული გახდება.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუმჯობესების ნაცვლად აუარესებს მათ მდგომარეობას. ეს არის პასუხი ყველა პოლიტიკური მენეჯერისთვის  - რატომ ატარებთ პოლიტიკას, რომელიც კონტრეფექტურია?!“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ზაბრანსკი.

ზაბრანსკი ამბობს, რომ თავისუფალ სამყაროში ადამიანებს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებაც უნდა ჰქონდეთ.

„არავინ უნდა ისჯებოდეს იმის გამო, თუ რას უშვებს საკუთარ სხეულში. დემოკრატიულ საზოგადოებაში, შენს სხეულს რას უზამ, შენი გადასაწყვეტი უნდა იყოს. ეს ასე არ იყო კომუნისტურ სამყაროში - შენი სხეული მათი საკუთრება, სუიციდი კი დანაშაული იყო. სუიციდისგან გადაგარჩენდნენ, რომ შემდეგ დაესაჯეთ. თუმცა საქმე ახლა არც კომუნიზმთან გვაქვს და არც ფაშიზმთან. ჩვენ თავისუფალი არსებები ვართ და იმის თავისუფლებაც უნდა გვქონდეს, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - ამბობს ზაბრანსკი.

ზაბრანსკი მიიჩნევს, რომ ადამიანს ყველაფრის კეთების უფლება უნდა ჰქონდეს, თუკი ის საკუთარი ქმედებით სხვას ზიანს არ აყენებს. „არსებობს ქცევები, როცა ადამიანები საკუთარ თავს აყენებენ ზიანს -  ბევრი ჭამა, ექსტრემალური სპორტი, ალკოჰოლის მიღება,  რაც ამავდროულად ამ ქვეყანაში ლეგალურია", - ამბობს ის.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რამდენად სწორია, ე.წ. მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა, როდესაც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზებაზე საუბრობენ, ზაბრანსკი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიდგომა არასწორი და მოძველებულია. მისი თქმით არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე ვსაუბრობთ, დასჯით არავინ უნდა ისჯებოდეს. ხოლო როდესაც საუბარია ლეგალიზაციაზე, რაც არამარტო მოხმარებას, არამედ წარმოებას, გაყიდვას, გავრცელებას ეხება, ზაბრანსკი მიიჩნევს, რომ სანქციები სოციალური და ჯანმრთელობის რისკების მიხედვით უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია, რომ დეკრიმინალიზებას მომხმარებლების რაოდენობის ზრდა მოჰყვება, ადვილად გასაქარწყლებელია.

„მიმოიხედეთ და მაჩვენეთ თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც ასე მოხდა. ასე არ მომხდარა არც პორტუგალიაში, არც ჩეხეთში, არც შტატებში, არც ლათინურ ამერიკაში და არც ყაზახეთში. რით  არის ქართული ბუნება ან ქართული მეტაბოლიზმი განსხვავებული?“, - ამბობს ის.

მისი თქმით, საქართველო დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციების მქონე ქვეყანაა. მან ჰუმანური ნარკოპოლიტიკის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნად ჩეხეთი დაასახელა.

„ვფიქრობ, ჩეხეთში ყველაზე მნიშნელოვანი ამბები კომუნიზმის დაცემის შემდეგ მოხდა. პარლამენტში მიიღეს პაკეტი, რომელმაც მოახდინა ჰომოსექსუალური კავშირის დეკრიმინალიზაცია, გააუქმა სუიციდის კრიმინალიზაცია, გააუქმა ყველა შეზღუდვა, რომელიც ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ ადამიანის უფლებაა, რაც უნდა ის, თუნდაც ცუდი რამ გაუკეთოს საკუთარ სხეულს. მოხდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და ფლობის დეკრიმინალიზაცია“, - ამბობს ზაბრანსკი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზებაზე საუბრისას ყურადღებას საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ მოხმარების დეკრიმინალიზება ზიანის შემცირებისა პროგრამების ეფექტიანობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. მათი თქმით, დეკრიმინალიზაციის გარეშე C ჰეპატიტის ელიმინაცია და აივ/შიდსის ინციდენტობის მაჩვენებლის ზრდის შეჩერება ვერ მოხდება, ვინაიდან რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ნარკომომხმარებელი ადამიანები თავს იკავებენ პროგრამებით სარგებლობისგან.

მოსახლეობა არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე - რას ამბობს კვლევა

მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობას მოსახლეობის 69%, ხოლო ინექციური ნარკოტიკისთვის - 55% არ ემხობა - ესაა კვლევის შედეგები, რომელიც საზოგადოებას დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯიამ“ გასულ კვირას წარუდგინა.

კვლევის მიხედვით, „მოსახლეობის უმრავლესობას (69%-70%) მიაჩნია, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი უფრო დაავადებულია, ვიდრე კრიმინალი (14%-15%). ყველა ასაკობრივ ჯგუფში ადამიანთა დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მარიხუანისა და ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატიმრობის შეფარდება შესაფერის ზომას არ წარმოადგენს. პატიმრობას მარიხუანის მოხმარებისათვის მხოლოდ 12%-13% უჭერდა მხარს, ხოლო გამოკითხულთა დაახლოებით მეოთხედი - 25%-26% - ფიქრობს, რომ ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისათვის პატიმრობა მისაღებია“.

აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზების კუთხით - კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ადიქციის კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი აცხადებს, რომ ეჭვის შეტანა კვლევის შედეგებში ძალიან რთული იქნება. მისი თქმით,  კვლევა წამყვანი უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა და შერჩეული იყო ზუსტი მეთოდოლოგია.

„აქამდე ჩვენ გვქონდა ფრაგმენტული მონაცემები საზოგადოების განწყობაზე სადამსჯელო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა ექსპერტთა წრეებში ბევრი კითხვა გაჩნდა კვლევის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მე პირდაპირ  გამოვრიცხავ ამგვარ კითხვებს. ძირითადი, რაც შეგვიძლია დავასკვნათ არის ის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ ემხრობა სადამსჯელო პოლიტიკას როგორც მარიხუანასთან, ისე ინექციურ ნარკოტიკებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ეწინააღმდეგება საპატიმრო ზომის გამოყენებას. ეს მონაცემი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და უნდა უბიძგოს პოლიტიკოსებსა და მთავრობას გადაწყვეტილების მიღებისკენ. ის, რაც დღეს ნარკოპოლიტიკაში ხდება, ეწინააღმდეგება  მოსახლეობის განწყობასა და ნებას“, - აცხადებს ოთიაშვილი.

მისი თქმით, რესპრესიული ნარკოპოლიტიკა  უბიძგებს ნარკოტიკების მომხმარებელს, გადავიდეს იატაკქვეშეთში. „შემდეგ ისინი თვალთახედვიდან ქრებიან, რაც საშუალებას უკარგავს სხვადასხვა პროგრამების განმახორციელებლებს, თავიანთი მომსახურება შესთავაზონ და დაეხმარონ მათ“.

მისი თქმით, ნარკოტიკების მოხმარება მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა არ არის. ეს არის - ადამიანების კრიმინალიზაცია, მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, სესხები, ჯარიმებისა და საპროცესო შეთანხმებებისთვის გაყიდული სახლები. სწორედ ამ მიზეზის გამო სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს არსებული მიდგომების შეცვლაზე.

რას აკეთებს მთავრობა

გაითვალისწინებს თუ არა უწყება კვლევის შედეგებს ნარკომოხმარებასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრისას? - ამ და სხვა კითხვებით „ლიბერალმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა მათ ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

საქართველოში რესპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი მოძრაობების აქტიურობა იზრდება.

„ლიბერალთან“ საუბრისას  „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი მაკა გოგია აცხადებდა, რომ მკაცრი/სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება. ქსელის მონაცემებით, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა რაოდენობა 2010  წელს 40 000 იყო, 2012 წელს – 45 000, 2014  წელს კი – 49,700.

რატომ იკავებს მთავრობა, ძალოვანი უწყებები თავს ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციისგან და რამდენად გულწრფელია მათი არგუმენტები, რომ მკაცრ მიდგომას მოხმარების ზრდის პრევენციისთვის იყენებენ? ამ კითხვებზე თავისი არგუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვთ. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტის გურამ იმნაძის თქმით ის, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დანაშაულია, ეს ძალიან კარგი საშუალებაა სამართალდამცავი უწყებისთვის, რომ მოახდინონ თვითრეაბილიტაცია.

„ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში ხდება სხვადასხვა ტიპის დანაშაული. და ეს დანაშაულები ნარკოტიკების მოხმარებაზე უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა შსს-ს ვებგვერდზე ყოველი მეორე სიახლე ეხება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან ფლობის გახსნას. 2013 წელს, სწორედ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო უპრეცენდენტო ამნისტიის აქტი, იმატა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელიც ნარკოტესტირებაზე გადაიყვანეს. აქედან მხოლოდ 35%-ს დაუდგინდა მოხმარების ფაქტი. ეს რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გახსნილი დანაშაულების მთლიანი სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით უკეთესი ყოფილიყო. შესაბამისად, როცა სახელმწიფოს დასჭირდება, რომ გაუხსნელი დანაშაულის სტატისტიკა გახსნილით დააბალანსოს, მაშინ გაააქტიურებს იძულებითი ნარკოტესტირების მექანიზმს“, - ამბობს იმნაძე.

როგორც მან აღნიშნა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი მიზანი ბიუჯეტის შევსებაა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოში არ არსებობს ზიანის შემცირებისა თუ ხელმისაწვდომი სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამები, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ციხით ვერ შველიან თავს, არ ხდება მათი განკურნება, „ეს ყველაფერი კარგად იცის სამართალდამცავმა უწყებებმა, ამიტომ ეს ადამიანები მათი მხრიდან მუდმივი კონტროლის პირობებში იმყოფებიან“.

მისი თქმით, ძალოვანი უწყებების ხელში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ზეწოლისა და გავლენის ძირითადი მექანიზმია, რისი დათმობაც ასე მარტივად არავის სურს.

პრევენცია და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

2015 წელს ნარკოტესტირებაზე 37 503 ადამიანი გადაიყვანეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^