რელიგიური უმცირესობები საქართველოში საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, ხელისუფლების მხრიდან კი მათი უფლებების დასაცავად არაჯეროვან რეაგირებაზე ხშირად საუბრობენ. წლების განმავლობაში რელიგიურ უმცირესობათა შორის განსაკუთრებით მუსლიმი თემის პრობლემები გამოიკვეთა - ახალი მეჩეთის აშენების დღემდე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა ბათუმში, რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტები სამცხე-ჯავახეთის მხარეში, - ადიგენში, ჭელაში, მოხესა და სხვა მხარეებში განვითარებული მოვლენები მუსლიმი თემის უფლებრივ მდგომარეობას ნათლად გამოხატავს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები სახელმწიფოს მხრიდან უმცირესობათა პრობლემების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზე მიუთითებენ. „ლიბერალი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ საარჩევნო სუბიექტები მუსლიმი თემის პრობლემებს და რა ღონისძიებების გატარებას აპირებენ ისინი უმცირესობათა უფლებების დასაცავად არჩევნებში მანდატის მოპოვების შემთხვევაში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მმართველ პოლიტიკურ ძალას მუსლიმთა უფლებების უგულებელყოფაში უკვე დიდი ხანია ადანაშაულებენ, თუმცა, კიდევ ერთი ფაქტი, რომელმაც საკითხს აქტუალობა შესძინა, „ქართული ოცნების“ მიერ მუსლიმებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მხარეში მაჟორიტარ კანდიდატად ისლამოფობიური განწყობებით გამორჩეული გიორგი კოპაძის წარდგენაა.
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელ ჭელაში გიორგი კოპაძე მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდა. ამჟამად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხე-ადიგენში, თანამოაზრეებთან ერთად რეფერენდუმის ჩატარებასაც ითხოვდა, რომლითაც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები. მის მოწოდებებს გოდერძი კუბლაშვილიც უერთდებოდა, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარ კანდიდატად „პატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა, თუმცა როგორც გაირკვა, ამ უკანასკნელმა ახალციხე-ადიგენში მისი კანდიდატურა შეცვალა. თუ რა გახდა ამის მიზეზი, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, იქამდე კი უნდა აღვნიშნოთ, რომ მუსლიმი თემი კოპაძის კანდიდატურას შეურაცხმყოფელად აფასებს.
რას ამბობენ მუსლიმები?
მოხეს მკვიდრი თემურ მიქელაძე „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ კოპაძის კანდიდატურის წარდგენით მუსლიმი მოსახლეობა აღშფოთებულია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს მუსლიმ თემთან მისვლის მორალური უფლება არ აქვს.
„მუსლიმ საზოგადოებას კოპაძის კანდიდატურის დაყენებაზე დიდ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებდნენ. თუმცა, ასე ჰქონდათ გათვლილი, რომ რაც შეიძლება მეტი შეურაცხყოფა უნდა მოგვაყენონ. ამიტომაც წარადგინეს ეს პიროვნება, რომელმაც მუსლიმი თემის ლანძღვით მიაღწია ყველაფერს“ - ამბობს თემურ მიქელაძე.
სოფელ ადიგენის მკვიდრი ჯამბულ აბულაძე გიორგი კოპაძეს რელიგიათა შორის შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ეს უკანასკნელი ჭელაში განვითარებული მოვლენების უშუალო ორგანიზატორი იყო, რომელმაც ადგილობრივი მართლმადიდებლები წააქეზა.
„გული გვტკივა ამის გამო. გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო, მუსლიმების საკითხის მიმართ სახელმწიფოს ზერელე დამოკიდებულებაზე მიუთითებს. პარლამენტში არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც რელიგიათა შორის შუღლს აღვივებს. ასეთია ჩემი აზრი, რომელსაც მუსლიმ თემში უმრავლესობა იზიარებს. ხელისუფლება ვერ ხედავს მუსლიმი თემის ტკივილს, რაზეც კოპაძის კანდიდატად წარდგენა მიუთითებს“ - ამბობს აბულაძე.
ჭელას მკვიდრი ფრიდონ აბაშიძე კი ამბობს, რომ მუსლიმებს კარგად ახსოვთ სოფელში განვითარებული მოვლენები, ამიტომ, გიორგი კოპაძე მუსლიმი მოსახლეობის ხმებს ვერ მიიღებს.
„თუ რელიგიის თავისუფლება გვაქვს, ის ყველაზე უნდა გავრცელდეს. ეს ყველაფერი სახელმწიფოს ბრალია, კანონის უზენაესობას ყველა უნდა ემორჩილებოდეს. წლებია, მუსლიმები ბათუმში ქვაფენილზე ლოცულობენ. ეს სირცხვილია. სულ დაპირებებს იძლევიან, თუმცა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია არ წყდება. ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, თუმცა გახსოვთ მოხეში რა მოხდა...“ - ამბობს ფრიდონ აბაშიძე.
როგორ აპირებენ საპარლამენტო მანდატის მოპოვებისთვის მებრძოლი პოლიტიკური პარტიები რელიგიურ უმცირესობათა, კერძოდ კი მუსლიმი თემის უფლებების დაცვას? - ამ კითხვით „ლიბერალმა“ NDI-ის გამოკითხვებში მოწინავე პოზიციების მქონე 8 პოლიტიკურ პარტიას მიმართა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ მანდატის მოპოვების შემთხვევაში „უზრუნველყოფილი იქნება რწმენის თავისუფლების დაცვა ყველა რელიგიური გაერთიანებისა და თითოეული ადამიანისთვის. გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ინტერრელიგიური დიალოგი. ხელისუფლება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შემწყნარებლობის კულტურის შემდგომ განვითარებას“.
„კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად იყავით“ - ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი კოპაძე, რომელსაც „ლიბერალმა“ ჭელას მოვლენების დროს გაკეთებული ისლამოფობიური გამონათქვამები გაახსენა. მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას კოპაძის ისლამოფობიური განცხადებების შესახებ არ აქვს ინფორმაცია. როგორც ის განმარტავს, მაჟორიტარ კანდიდატად კოპაძის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.
„ჩვენი ღირებულებები და პრინციპები გვაქვს, მათ შორის უმცირესობებთან დაკავშირებით და ამ ღირებულებების ერთგული ვიქნებით მთელი ჩვენი გუნდი“ - ამბობს კობახიძე.
თუ როგორ მოახერხებს კოპაძე მუსლიმთა ინტერესების დაცვას მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ამ კითხვით „ლიბერალმა“ პარტიის ახალ სახეს, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძესაც მიმართა, რომელიც აღნიშნავს, რომ რელიგიური უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ერთ ადამიანის პრეროგატივა და პასუხისმგებლობა.
„ამაზე მთლიანად ხელისუფლება არის პასუხისმგებელი და ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას არამხოლოდ რელიგიური, არამედ სხვა ჯგუფების უფლებების დასაცავად. რაც შეეხება კანდიდატს, ამ შემთხვევაში არჩევანი უნდა გააკეთოს ხალხმა 8 ოქტომბერს და როცა შედეგები გვექნება ხელთ, შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ შეკითხვაზე“ - ამბობს თალაკვაძე.
მისი განმარტებით, კამპანიის ფარგლებში კოპაძე მუსლიმ მოსახლეობას შეხვდება და თუკი რამე კითხვები არსებობს, მას პასუხის გასაცემად სათანადო მანდატი აქვს.
„ჩემთვის პირადად არ არის ცნობილი მისი განცხადებები“ - ამბობს თალაკვაძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში ნათქვამია, რომ პარტია ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებასა და ძალადობისგან უმცირესობების დაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.
რელიგიური უმცირესობების საკითხებზე „ლიბერალი“ სერგო რატიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ წლების განმავლობაში მუსლიმი თემის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა, რაც დაუსჯელობის სინდრომის შედეგია. მისი თქმით, პარტია მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, ხოლო დამნაშავე დაუსჯელი არ უდნა დარჩეს.
„ხელისუფლების მხრიდან ხდება [ძალადობის] წახალისება, ამაში თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართულნი. [უმცირესობათა] უფლებების დაცვის მიმართულებით უამრავი ნაბიჯი უკან გადაიდგა. გავიხსენოთ ღორის თავის მიჭედება, ჭელას მინარეთის საკითხი... ვფიქრობ, ეს ის შემთხვევებია, როცა შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდად იქცევა“ - ამბობს რატიანი.
მისი თქმით, ენმ-ს ყოველთვის ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც კანონის წინაშე ყველას თანასწორობას გულისხმობს.
„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნება, ჩვენი ქვეყნის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ერთად ცხოვრობენ და ამას შეგუება არ სჭირდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება. ჩვენი კულტურა წარმოუდგენელია სხვადასხვა რელიგიების გარეშე“ - ამბობს რატიანი.
სწორედ ამის გამო, მისი თქმით, ვინც ტოლერანტობის პრინციპს არღვევს, ის „ქართული კულტურის კონსტიტუციას“ არღვევს. მისი განმარტებით, რელიგიური უმცირესობების თანასწორობის უზრუნველყოფა პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“
რელიგიურ უმცირესობათა უფლებრივ საკითხებზე „ლიბერალს“ საარჩევნო ბლოკის სახელით „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე ესაუბრა.
საარჩევნო ბლოკის ერთიანი პროგრამა ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა „გირჩის“ პროგრამაში აღნიშნულია, რომ „ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, მიუხედავად მათი რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და პოლიტიკური კუთვნილებისა“, პარტიის პრინციპული პოზიციაა.
ჯაფარიძე განმარტავს, რომ ნებისმიერი კონფესიის ადამიანის პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკურ-სოციალური უფლებები ქვეყნის ნებისმიერი სხვა მოქალაქის უფლებების მსგავსად უნდა იყოს დაცული.
იგი რელიგიურ კონფლიქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არაჯეროვან რეაგირებაზე საუბრობს.
„საქართველოში არის ასეთი პრობლემები. მთავარი პრობლემა ჩემთვის არის ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის არაჯეროვანი რეაგირება როცა ხდება დარღვევა, განსაკუთრებით როცა ადგილი აქვს ძალადობას. სახელმწიფო არ რეაგირებს ჯეროვნად დარღვევებზე“ - ამბობს ჯაფარიძე.
ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“
„სამხრეთის კარიბჭის“ მიერ მომზადებული სტატიიდან ირკვევა, რომ ჭელაში განვითარებული მოვლენების დროს, გიორგი კოპაძესთან ერთად ისლამოფობიური განწყობებით „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბლოკის მიერ ახალციხე-ადიგენში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი გოდერძი კუბლაშვილიც პოზიციონირებდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ამ საარჩევნო ოლქში ბლოკმა გოდერძი კუბლაშვილის კანდიდატურა ნიკოლოზ ინასარიძის კანდიდატურით შეცვალა, რაც კუბლაშვილის ისლამოფობიური განწყობების გამო არ მომხდარა.
ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, რომ კუბლაშვილის კანდიდატურის შეცვლა მის პარტიულ საქმიანობას უფრო უკავშირდება, ვიდრე პიროვნულ განწყობებს. როგორც ის განმარტავს, მისთვის აქამდე უცნობი იყო ჭელას მოვლენებში კუბლაშვილის მონაწილეობის შესახებ.
„ვერ შევთანხმდით სტრატეგიაზე, როგორ უნდა ემოქმედა ჩვენს კანდიდატს. ყველა კანდიდატი უნდა დაემორჩილოს შტაბის განაწესს და ვინც ამ განაწესიდან ამოვარდება, ვისაც იმპროვიზაციულად უნდა არჩევნების ჩატარება, მას შეუძლია დამოუკიდებლად დააყენოს კანდიდატურა“ - ამბობს ინაშვილი.
შეკითხვაზე, მიიჩნევენ თუ არა ბლოკში, რომ დღეს საქართველოში მუსლიმთა უფლებები ირღვევა, ინაშვილი პასუხობს, რომ არის შემთხვევები, როცა როგორც მართლმადიდებლების, ასევე მუსლიმთა უფლებებიც ირღვევა. მისი თქმით, თუკი მუსლიმთა უფლებები შეილახება, იგი მათ გვერდში დაუდგება.
„ჩვენ ის პარტია ვართ, სადაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებიც არიან გაერთიანებული და სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებიც. არც რელიგიური და არც ნაციონალური კუთვნილებით ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“ - ამბობს ინაშვილი.
მისი განმარტებით, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ მუსლიმთა უფლებები უფრო ირღვევა, ან პირიქით.
„მე გეტყვით, რომ როცა მართლმადიდებლების უფლებები ირღვევა, ამაზე რეაქცია არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც მედიას აქვს. სამწუხაროდ ითვლება, რომ როცა მართლმადიდებელთა უფლებები ირღვევა, ეს არის უმნიშვნელო მოვლენა. თუ საქართველოში მცხოვრები მუსლიმების უფლება შეილახება, მე ყოველთვის ვიდგები მათ გვერდით და მათ დასაცავად“ - ამბობს ინაშვილი.
„თავისუფალი დემოკრატები“
„თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ არჩევნების სამართლიანობას ორი მხარე აქვს:
„ერთია არჩევნების შედეგად უმცირესობაში დარჩენილთა უფლებები, რომლებიც გარანტირებულად და ყოველმხრივ უნდა იქნას დაცული უმრავლესობის მიერ. დემოკრატია არის მთელი ხალხის მიერ სახელმწიფოს მართვა და არა არჩევნებში უმრავლესობით მოსული ერთი ნაწილის დიქტატი მეორეზე“ - ვკითხულობთ პარტიის იდეოლოგიისადმი მიძღვნილ ქვეთავში.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახალციხე-ადიგენში მაჟორიტარ კანდიდატად შალვა გოგოლაძე წარადგინეს. იგი „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, რომ მუსლიმებთან დაკავშირებით პრობლემებმა თავი ბოლო წლებში იჩინა, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.
„მე პირადად მომხრე ვართ ტოლერანტობის და საერთოდ შემწყნარებლობის. არ შეიძლება რელიგიური ნიშნით დევნა უფლებების შეზღუდვა. ეს იქნება ლოცვის უფლება თუ სასაფლაოს ქონა... იმ წესით უნდა დაიკრძალოს მიცვალებული, როგორც ამას ადამიანის რელიგია ითხოვს“ - ამბობს გოგოლაძე.
მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრა ჯერ არ დაუწყია, თუმცა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს აუცილებლად შეხვდება.
როგორც ის განმარტავს, სოფელ ადიგენში განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების“ არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე მიუთითებს.
„ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, საერთოდ ხასიათში მაქვს ეს... არამარტო დეპუტატობის კანდიდატის სახელით გესაუბრებით, არამედ ზოგადად ვარ ასეთი ადამიანი, რელიგიური კუთვნილების მიხედვით ადმიანის დევნა დაუშვებლად მიმაჩნია. ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებ ეს საკითხი თუ მანდატს მოვიპოვებ“ - ამბობს გოგოლაძე.
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა ამბობს, რომ საქართველო ისტერიულად ტოლერანტული საზოგადოებაა, რომელშიც განსხვავებული შეხედულებების გამო დევნა არ ხდება, გარდა ერთეული შემთხვევებისა. მისი თქმით, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემა საქართველოში მწვავედ არ დგას.
იგი მიიჩნევს, რომ ყველა რელიგიური მრწამსის ადამიანის უფლებები კანონით უნდა იყოს დაცული, ხოლო ხელისუფლების ნება ყველა ადამიანის თანაბრად დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული.
„მე აგრესიულ პროზელიტიზმს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ბუნებრივია, ტოლერანტობის პრინციპები თანასწორობისა, მკაცრად უნდა იყოს დაცული. საქართველო ისტორიულად არის ტოლერანტული საზოგადოება. აქ არასდროს არ მიმდინარეობდა დევნა განსხვავებული სქესის, რასის, რელიგიური შეხედულებების გამო. ბუნებრივია არსებობს გამოხდომები, მაგრამ ამას უფრო ერთეული ხასიათი აქვს. ზოგადად ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არ დგას მწვავედ“ - ამბობს გუგავა.
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“
„მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ვფიქრობ ეს დამაკმაყოფილებლად ასახავს იმ პრინციპებს, რომელიც გარანტია უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დაცვისა. თუ რომელიმე რეგიონში ხდება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, ამასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს საპროკურორო, საზედამხედველო დასკვნები გამოძიების მართლზომიერ წარმოებასთან დაკავშირებით. ინსტიტუციური დაცვის გარანტიები კონსტიტუციით მოცემულია“ - ასე პასუხობს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ლიბერალის“ კითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ დღეს საქართველოში მუსლიმი თემის უფლებები ირღვევა.
როგორც ის განმარტავს, პარტიის პრიორიტეტია, უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი საარჩევნო სისტემის ცვლილების გზით დააჩქაროს.
„თუ ჩვენ სამხარეო პროპორციული სისტემით ჩავანაცვლებთ მაჟორიტარულ სისტემას, მაშინ ნებისმიერ რეგიონში, მათ შორის ეროვნული, რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შესაძლებელი გახდება რეგიონი ერთდროულად რამდენიმე უფლებამოსილმა პირმა წარმოადგინოს, რითაც სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდება,რადგან საკანონმდებლო ორგანო წარმოდგენილი იქინება ყველა ტიპის უმცირესობით“ - ამბობს ლორთქიფანიძე.
იგი პირობას დებს, რომ თუკი პარტია ხელისუფლებაში მოვა, უმცირესობათა უფლებების დასაცავად საქართველოს კონსტიტუციის ყველა დებულებას აღასრულებს.
„რესპუბლიკური პარტია“
„რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო პროგრამაში ნათქვამია, რომ პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება იქნება რათა ისინი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში იყვნენ აქტიურად ჩართულნი.
„ინტეგრაციის მიმართულებით საჭიროა, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებებისა და ინტერესების დაცვას. კოალიცია „ქართული ოცნების“ ფარგლებში, სწორედ ჩვენი პარტიის წარმომადგენლების ინიციატივით მოხდა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ რეპრესირებული რელიგიური ორგანიზაციებისთვის ზარალის სიმბოლურ ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღება და რეალიზაცია. შესაბამისად, რესპუბლიკური პარტია მომავალ პარლამენტშიც გააგრძელებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის თანასწორობის პირობების განმტკიცებას“ - ნათქვამია პარტიის საარჩევნო პროგრამაში.
თამარ კორძაია „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, რომ რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევაზე არაერთი ფაქტი მიუთითებს, თუმცა ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა, თითოეული შემთხვევა სათანადოდ გამოეძიებინა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, აუცილებელია თანასწორობის კრიტერიუმების არსებობა. გადაწყვეტილება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შექმნის შესახებ, 4 რელიგიური კონფესიის დაფინანსება იყო თანასწორობის უზრუნველყოფისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი. რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხი ჩვენი პრიორიტეტი იქნება“ - ამბობს კორძაია.