Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანამედროვე ქრისტიანული არქიტექტურა, როგორც სიძველის იმიტაცია

14 ნოემბერი 2016

ქრისტიანული არქიტექტურის ფორმირება და განვითარება იწყება მას შემდეგ, რაც 313 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა თანაიმპერატორ ლიცინიუსთან ერთად გამოსცა მილანის ედიქტი, რის მიხედვითაც ქრისტიანობას მიენიჭა თანაბარი უფლებები სხვა რელიგიებთან მიმართებაში.

ქრისტიანული საკულტო არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ლიტურგიამ. დროთა განმავლობაში ცვლილებას განიცდიდა ღვთისმსახურება და შესაბამისად იცვლებოდა ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპიც, რადგან ჩნდებოდა სხვადასხვა მოთხოვნა და მას ამ მოთხოვნებისთვის უნდა ეპასუხა.

ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ძეგლები ადასტურებს, რომ ადრეულ თუ გვიან შუა საუკუნეებში არქიტექტორებმა კარგად იცოდნენ თავიანთი საქმე და მათ მიერ შექმნილი ნიმუშების უმეტესობა შედევრია. საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის აშენება არასდროს ყოფილა უბრალოდ მშენებლობა. ის ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებდა და აერთიანებდა ხელოვნების სხვადასხვა დარგს. მნიშვნელოვანი იყო გარემო, ლანდშაფტი, კლიმატი, ადგილობრივი კულტურული ტრადიციები, გავლენა მეზობელი ქვეყნებიდან, გამოცდილება, სამშენებლო მასალა, ფერწერა, რელიეფი, ოსტატობა და დამკვეთის გემოვნებაც კი. ის გვიყვება კონკრეტული პერიოდის სოციუმსა და იმაზე, თუ განვითარების რა ეტაპზე იყო რომელიმე პერიოდის საზოგადოება.           

ზოგადად, რატომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი რომელიმე ისტორიული არქიტექტურული ობიექტი? რადგან უპირველესად გვაინტერესებს ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ძეგლზე, რაშიც დიდი ინტელექტუალური, ასევე ფიზიკური შრომაა ჩადებული. ამასთან მათი მშენებლობა მოითხოვდა უზარმაზარ ფინანსურ რესურსს და, რა თქმა უნდა, დღესაც ასე ხდება.

როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ამ გამოცდილებასა და ცოდნას რაციონალურად, კარგად იყენებდნენ. იქმნებოდა ახალი ნიმუშები, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ გამეორება უკვე შექმნილისა. ისინი მხარს უბამდნენ თანამედროვეობის მოთხოვნებს და პასუხობდნენ ახალ იდეურ/თუ ტექნიკურ გამოწვევებს.

მაგრამ, რაც უფრო მოვდივართ თანამედროვე ეპოქისკენ, მით უფრო ნაკლებად იყენებენ იმ ცოდნასა და შესაძლებლობებს, რაც საუკუნეების განმავლობაში დაგროვდა.

XX საუკუნის ბოლოდან დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ეკლესიათა მშენებლობა. უამრავ რეკლამასა და ვიდეორგოლს ნახავთ ტრანსპორტში, მაღაზიებში, ქუჩებში, სადაც მოსახლეობას, მრევლს სთხოვენ, ეკლესიათა მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი დრო ეკლესიათა აქტიური მშენებლობით ხასიათდება. 

იმისათვის, რომ გაგვერკვია, თუ რამდენი ეკლესია აშენდა 2000 წლიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, დავუკავშირდით საპატრიარქოს, თუმცა არქიტექტურის ცენტრის თავმჯდომარემ, თამარ კვანტალიანმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს არ აქვს სტატისტიკის სამსახური და არ დაუთვლიათ აშენებული ეკლესიების რაოდენობა. 

შესაძლოა, რაოდენობა საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისიც იყოს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხატვრული სახე. ის, თუ რას გვიშენებენ სახლის კორპუსებთან, სკოლებთან, პარკებსა და ა.შ.

ხელოვნებათმცოდნე ნათელა ჯაბუა გვიყვება, რომ შუა საუკუნეების ქრისტიანული არქიტექტურა ეპოქისა და ამოცანების შესაბამისად მუდმივად იცვლებოდა. შესაძლოა ამ ცვლილებებს განაპირობებდა პოლიტიკური კონიუნქტურა თუ კულტურული გავლენა; იყო აღმავალი და დაღმავალი ხაზიც. მაგრამ ფაქტია, რომ ის იყო ცოცხალი. დღეს ამა თუ იმ პერიოდში აგებული ნაგებობის მიხედვით რომელიმე ეპოქაზე მსჯელობა შეგვიძლია.

მისივე თქმით, საკულტო არქიტექტურა თავისი არსით არის პრინციპულად განსხვავებული ყველა სხვა არქიტექტურისგან, საცხოვრებელი იქნება, თუ სამოქალაქო. თავისი ფუნქციური თუ იდეური პოზიციიდან, საკრალურობიდან გამომდინარე, მისდამი დამოკიდებულება  განსაკუთრებულია. ის კანონიკური მოთხოვნებით განპირობებულ დაგეგმარებას, ლანდშაფტსა თუ ურბანულ სივრცეში შესაბამისი გარემოს შექმნას მოითხოვს.

„მხოლოდ გუმბათის დასმა ნაგებობას ეკლესიად ვერ აქცევს, თავისი არსობრივი გაგებით. დღეს ქალაქის ურბანულ სივრცეში  მძიმე სურათია. მცხეთის ჯვრისნაირი ადგილმდებარეობა, რა თქმა უნდა, ყველას ვერ ექნება, მაგრამ მცირედი მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული. დიდი პრობლემაა ურბანული სივრცის უცოდინრობა და, შესაბამისად, ამ სივრცეში ეკლესიის ჩასმა“. - გვიხსნის ნათელა ჯაბუა.

ღვთისმშობლის შობის ეკლესია. დიდუბე. თბილისი

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მშენებლობებზე, რომელიც არ უხდება კონკრეტულ ურბანულ ლოკაციას, რომელიც ამახინჯებს ქალაქს, გვართმევს საჯარო სივრცესა და მწვანე ნაწილს, შეძლებისდაგვარად ვაპროტესტებთ ამას. არასდროს გაგვიგია, ვინმე ხმამაღლა შეწინააღმდეგებოდა რომელიმე პარკში მშენებარე ეკლესიას. რადგან იმ უბნის მცხოვრებლები (უმრავლესობა) ამ ტაძრის მრევლი ხდება. ამ პატივისცემით სარგებლობს საპატრიარქოც.

სასულიერო პირები წყვეტენ, რა უფრო მნიშვნელოვანია, „სულიერი საზრდო“, თუ საჯარო სივრცე, გადატვირთულ უბანში მწვანე ნაწილი.

დავუბრუნდეთ ეკლესიათა მხატვრულ და არქიტექტურულ მხარეს. თბილისში ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული ეკლესიაა სამების საკათედრო ტაძარი (სიმაღლე 86.10 მეტრი). მის მშენებლობაზეც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა.

მშენებლობა დაიწყო (1995-2004 წწ) მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტად უჭირდა ქვეყანას. რა თქმა უნდა, საღ აზრსა და ლოგიკას მოკლებულია, თუ რატომ უნდა აშენებულიყო ასეთ მძიმე პერიოდში მსგავსი მასშტაბის ეკლესია, რომელშიც  ბიზნესმენებმა, სახელმწიფომ, მოსახლეობამ დიდი რესურსი ჩადო. ამასთან მნიშვნელოვანია არქიტექტურულ-მხატვრული სახე, მოოქროვილი გუმბათი, უზარმაზარი კარიბჭე-გალავანი და ა.შ. (გუმბათების მოოქროება, ძირითადად, ახასიათებდათ იმპერიებს, რომლებიც ძალაუფლებისა და ეკონომიკურ-პოლიტიკური სიძლიერის დემონსტრირებას ახდენდნენ), თუმცა რა სიძლიერეზეა საუბარი, ან რისი წარმოჩენა უნდა სდომებოდათ?

ნათელია, რომ ელიას მთას, ავლაბარსა და მთლიანად თბილისის ურბანულ სახეს სამების საკათედრო ტაძრის მასშტაბურობა საერთოდ არ მოუხდა. მან „ჩაყლაპა“ ავლაბრის, ძველი თბილისის პატარა  ეზოები, ორი და სამსართულიანი სახლები.

თუმცა სამებას მომგებიანი ლოკაცია ნამდვილად აქვს შერჩეული. თბილისის მთაგორიანი ლანდშაფტის გამო, ყველა მხრიდან ჩანს.

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტურული გადაწყვეტა, მორთულობა, კარიბჭე და საერთოდ, მთლიანად კომპლექსი პომპეზურია, რაც მის უპირატესობად არ შეიძლება მივიჩნიოთ.

ნათელა ჯაბუა მიიჩნევს, რომ ზოგადად ქართულ არქიტექტურას ახასიათებდა მონუმენტურობა. შედარებით მცირე ზომის ნაგებობებიც კი არქიტექტურული გადაწყვეტითა და პროპორციათა შეხამებით მაინც იძენდა მონუმენტურობას. მიუხედავად იმისა, რომ სამებაში აბსოლუტური ზომებია, მისი შესაბამისი დიდებული განწყობა მაინც არ იქმნება.

მიიჩნევენ, რომ ქრისტიანულმა არქიტექტურამ არ უნდა მიიღოს თანამედროვე არქიტექტურის დეტალები. რადგან ეს ცვლილება ვერ უპასუხებს მის მოთხოვნებს და ტაძრის, როგორც საკრალური სივრცის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

არქიტექტორი მამუკა კიკნაძე დღეს რაც შენდება, ყველაფერს ვერ იწონებს: „არის კარგიც და ცუდიც. თანამედროვე ეკლესიებში ახალი და ნოვაციურიც არის შეტანილი. არის ტრადიციული ელემენტები, მაგ: ფორმები და პროპორციები და მისგან გადახვევა არ იქნება მართებული. ზოგიერთ ახალ ეკლესიაში დეტალები ისეთია, რაც 21-ე საუკუნის შესაბამისია. მსგავსი თანამედროვე არქიტექტურის ტაძარი, რაც გვხვდება კათოლიკურ ეკლესიაში, ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, მიუღებელია“.

უპირველესად ჩანს, რომ მიისწრაფვიან, ახალი დაამსგავსონ ძველს. ეს მარტივად გამოიხატება თუნდაც ეკლესიათა ფერში. ამ სიძველისადმი ლტოლვა და მისი რომანტიზება აპრიორი გახდა და ამგვარ მიდგომას შეეწირა ბათუმის წმ. ბარბარეს ეკლესია.

ბულვარის თეთრი, პატარა ეკლესია, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს ააშენეს, ბათუმის ზღვისპირა ზოლთან, გარემოსთან სრულ ჰარმონიაში მოდიოდა. ადგილობრივი სასულიერო პირების გადაწყვეტილებით, მოხდა მისი უკანონო რეკონსტრუქცია-გადაკეთება; ეკლესიას ყვითელი ფილები ააკრეს და ავთენტური სახე დაუკარგეს.

თბილისში, საირმის ქუჩაზე მდებარეობს წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია, რომელიც, ფაქტობრივად, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ეზოში დგას. საკითხავია ისიც, თუ რამდენად კორექტულია ეკლესიის საჯარო სკოლის ეზოში მშენებლობა, თუმცა როგორც ამბობენ, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ადგილას ადრე ეკლესია იყო, შესაბამისად, სკოლის ეზოში მისი აშენება აუცილებელიც გახდა. არცთუ ისე დიდი მასშტაბის ეკლესია თავისი სამრეკლოთი და სატრაპეზოთი, შუა საუკუნეების ტაძრის ელფერით საბჭოთა შენობებსა და სკოლის გარემოსთან დიდ კონტრასტს ქმნის.

გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლიესია. საბურთალო. თბილისი

დიდუბეში, თორნიკე ერისთავის #2-ში მდებარე ღვთისმშობლის შობის ეკლესია, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია თავისი უცნაური ფორმით და თითქმის მიბმულია უზარმაზარ შენობაზე, არასწორი დაგეგმვისა და გააზრების კარგი მაგალითია.

„ეპოქისადმი ადეკვატურობა - რასაც ვერ ვხედავ დღევანდელ არქიტექტურაში. ახალ ეკლესიებს ვერ აღვიქვამ, როგორც 21-ე საუკუნის ნიმუშებს. მე არ ვამბობ, რომ ულტრათანამედროვე აშენდეს, ან კორბუზიემ რაც შექმნა, ისეთი უნდა იყოს, თუმცა ჩვენთან თანამედროვე ეპოქა მხოლოდ ტექნიკურ მხარეში ვლინდება: ბეტონით აშენებენ და თანამედროვე ტექნოლოგიებით ჭრიან ქვებს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს ძველ ეკლესიებს უკეთებენ და ახალს _ მით უმეტეს. დღეს არქიტექტორებს ამოცანებისადმი მიდგომა არ აქვთ სწორი, უბრალოდ ფორმები გადმოაქვთ. აღარაფერს ვამბობ ჩუქურთმაზე, შემკულობასა და ა.შ. მთავარი საკითხები არაა გადაწყვეტილი“. - გვეუბნება ნათელა ჯაბუა.

2010 წლიდან დაიწყო ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია, რასაც იტალიელი არქიტექტორი ადრეა ბრუნო ხელმძღვანელობდა. გამოიყენეს თანამედროვე კონსტრუქციები, რაც მაშინ დიდი კამათის საგანი გახდა და რამაც ბაგრატს დაუკარგა ავთენტური სახე. ნიშანდობლივია, რომ ესაა ერთადერთი ტაძარი საქართველოში, სადაც თანამედროვე კონსტრუქციებია გამოყენებული.

საინტერესოა, რომ ეს პრეცედენტი შეიქმნა იქ, სადაც ამის საჭიროება არ იყო და რასაც საპატრიარქოც არ ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ერთობლივი ნება, რითაც ძეგლი „გადაარჩინეს“.

ბაგრატის ტაძარი. ქუთაისი/ ფოტო: სოფო ბობოხიძე

თუმცა ბაგრატის საკითხი პოლიტიზებული იყო და სახელმწიფო დონეზე გადაწყდა. ამასთან ის ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

რა თქმა უნდა, ახალი პატარა ეკლესიები (ხშირად არცთუ ისე პატარა) ვერ გახდება ისეთი მნიშვნელობის, როგორიც შესაძლოა, იყოს შუა საუკუნეების, რადგან დროის ფაქტორი, ისტორიულობა მას დიდ მნიშვნელობასა და ღირებულებებს სძენს. თუმცა ეს ეკლესიები ჩვენს უბნებში, რომელიც შესაძლოა ათწლეულები და ასწლეულებიც დარჩეს (თუ გაუძლო დროს), როგორ დაგვახასიათებს ჩვენ?

იქნებ, სწორედ ისე, როგორსაც ვიმსახურებთ?  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^