Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაურინიუ ვერაფრით

20 ნოემბერი 2016

რა ხდება და ჟოზე მაურინიუ კვლავ ვერ აეწყო. ჯერჯერობით მაინც. მიაყოლა და მიაყოლა მისმა მანჩესტერმა უვარგისი თამაშები და საქმეს პირიც ისეთი უჩანს, რომ გუნდის ამოთრევა უფრო და უფრო რთული ხდება.

არ ეტყობა, რომ მაურინიუ მალე დაითხოვონ, თუმცა მის ცხოვრებაში ასეთებიც ყოფილა. მაგრამ კიდევ ერთი მწვრთნელის გაშვება ამ კლუბში ნამეტანი იქნებოდა.

აგე, მანჩესტერმა იმ დღესაც წააგო სტამბოლში, ფენერთან, რომელსაც მანამდე სულ იოლად მოუგო შინ. მგონი, ის ბოლო თამაში იყო, რომელიც რაღაცას ჰგავდა და მერე, უკვე მერამდენედ, ყველაფერი აირია. მაურინიუმ კი თქვა, რაც ვიცი და არ ვიცი, გუნდს ყველაფერი დავარიგე, გავაფრთხილე კიდეც, ეგ თურქები შინ სხვანაირები არიან-თქო, მაგრამ ესენი საკურორტო განწყობით გავიდნენ და ამიტომაც დავისაჯეთო, თუმცა ნეტავ, მანჩესტერის მთავარი პრობლემა ესეც არ იყოს. მაურინიო დასჯილია, უკვე დააჯარიმეს დაახლოებით 60 ათასი ფუნტით, სტადიონის გვირაბში მსაჯთან კამათისთვის და თავიდან სტადიონზე მის შეშვებასაც არ აპირებდნენ, რადგან გვირაბში მსაჯს ეჩხუბა.

საერთოდ, მანჩესტერში მძიმე ვითარებაა ნერვების მხრივ და უფრო სამწვრთნელო შტაბში, თორემ ფეხბურთელების უმეტესობა ლანდებივით დაღოღავენ და, უკეთეს შემთხვევაში, დაფარფატებენ. ამ რუნიმ და კარიერის სახელოვნად დასამთავრებლად დიდი ამბით და სათავისო სარფით გადმოყვანილმა მსოფლიოს დამპყრობმა ამხელა იბრაჰიმოვიჩმა, მგონი, საერთოდ არ უნდა ითამაშონ. საერთოდ, როგორ, პრემიერლიგა დღეს ისეთია, რომ სახელისა და გენიის გარდაც ითხოვს რამეებს.

 ჩემი მოკლე ჭკუით, რუნის ხუთი-ექვსი წელიწადია,  დიდი ფეხბურთი არ  უთამაშია,  მაგრამ რუნია, მშრომელია, სახელია და ჰყავდათ. ახლა სულ გამოიფიტა, მაგრამ ეს წელიწადიც როგორმე და გზას კი იპოვნის. აგერ, შანხაიში უხმობს კვლავაც მოქმედი სვენ გორან ერიქსონი, კვირაში 500 ათასად. იბრაჰომოვიჩი კი, სავარაუდოდ, კვარტალში ერთხელ გაიბრწყინებს და თან მწვრთნელობისთვის მოემზადება, რაც, როგორც ირკვევა, ყველას ინგლისში უნდა, თუნდაც დაბლა ლიგებში. იმ დღეს კი ფენერბახჩესთან პირველ ტაიმში შეცვლაზე შემოსული, სიმონ კაიერს ახრჩობდა უკნიდან ვარდნისთვის.

რა თქმა უნდა, რუნი და იბრაჰიმოვიჩი არ არიან მანჩესტერის მთავარი ფიგურები მოედანზე და ნეტავ კი ისე ევარგათ, რომ ყოფილიყვნენ, რადგან გამოცანაც ეს არის, თუ ვინაა იქ მთავარი. ეს კვლავაც დასადგენია და პრობლემაც აქაა.

 მანჩესტერი, ასე თუ ისე, ართმევს თავს რაღაცას და შეუძლია, თამაშში ორმოცჯერ დაარტყას პატარა გუნდის კარში, მაგრამ საბოლოოდ ამ გუნდს ვერ მოუგოს. მის შუა მოედაზნე რამხელა ამბით მოყვანილი რამხელა პოგბა დგას, რომელიც თითქოს პოგბა კი არა, ლერწამია, რომელიც ირხევა ქართაგან ძლიერთა. რაშფორდი კი არის ერთგვარი იმედი, მაგრამ მეტად რბილი და ხუან მატას მოძრავი ნიჭიც და ანტონიო ვალენსიას უბერებელი ერთფეროვნებაც ვერ სწვდება პრემიერლიგის უმაღლესი ადგილების მოთხოვნებს. ახლა ეს ფელაინი, ოქროსფერი და მთელი დანარჩენი სამოსნები, ხანდახან სიმღერაში ხუთიანებით, ზემოდან კი მაურინიუ, რომელიც არასამუშაო საათებში მოწყენილი ზის სელფორდის სასტუმროში და ლონდონში დარჩენილ ოჯახს ისაკლისებს.

ამბობენ, რომ იანვარში კიდევ იყიდიან ახალ ხალხს. კიდევ, დღევანდელი ფეხბურთი დიდწილად ყიდვაა. სხვანაირად არ გამოდის. მაგრამ ყიდვა უბრალოდ აუცილებელი პირობაა წინსვლის გასაგრძელებლად. ამას კი, ცნობილი და გაცვეთილი ტერმინი „გუნდის გაკეთება“ უნდა მოჰყვეს. მაურინიუ, ერთ-ერთი ცნობილი გუნდის მკეთებელია მსოფლიოში და პრემიერლიგაში წლეულს სხვა გუნდის მკეთებლებიც გამოჩნდნენ, მასავით ლათინები. დიდად ამ კაცებსაც არ ეიოლებათ. იქ თამაში ძნელია, მაგრამ გვარდიოლაცა და პოჩეტინიოც დაზეთილ გუნდებს მეთაურობენ და ლიდერები არიან, იქვეა იურგენ კლოპიც, სხვა დროული ხალხი რომ აღარ ვახსენოთ.

მაურინიუმ იმ დღეს თქვა, განა 75 წლის ვარ, მხოლოდ ორმოცდაცამეტის და თამაშისადმი კვლავ დიდი ვნება მაქვსო. ჰოდა, აბა, ეს ვნება მის სავარძელსა და მინდორს შორის უჩინარდება. ჯერჯერობით და ცოტა არ იყოს, ხანგრძლივადაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^