Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას პროფესიულ განვითარებასთან კავშირი არ აქვს"

24 დეკემბერი 2016
ხელოვნურად თავსმოხვეული პროცესი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას - ასე აფასებს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას. ინტერვიუ შალვა ტაბატაძესთან.

თქვენ ყოველთვის კრიტიკულად აფასებდით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას. სქემაში ახლა ცვლილებები შევიდა, რომელთა შორის ყველაზე პრინციპული გამოცდისთვის ბარიერის გაუქმება და აქტივობების ახალი ჩამონათვალია, სადაც  შესულია ისეთი აქტივობებიც, რომელიც, წესით, პედაგოგთა პროფესიული ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს. ამ ცვლილებებით ხომ არ შეცვლილა თქვენი დამოკიდებულება  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიმართ?  

მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფოსგან ამ სქემით რამდენიმე სერიოზული მესიჯი მივიღეთ. პირველი სერიოზული მესიჯი არის ის, რომ მასწავლებლისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს საგნის ცოდნასა და კომპეტენციას. სამინისტრომ თქვა, რომ შეიძლება მასწავლებელმა საგანი არ იცოდეს, მაგრამ ასწავლოს და იყოს კარგი მასწავლებელი. ეს გზავნილი ძალიან ცუდია სკოლებისა და მასწავლებლებისთვის. მეორე, რაც სამინისტრომ ძალიან ცუდად თქვა, არის ის, რომ თურმე, აქტივობების ის ჩამონათვალი, რომელიც პრაქტიკოსებისთვის გაკეთდა, არ უნდა იყოს სკოლის ყოველდღიურობა, მაგალითად, ტექნოლოგიების გამოყენება, იგივე მასწავლებლების ერთმანეთთან შეხვედრები. ეს ყველაფერი სკოლის კულტურის ნაწილი უნდა იყოს. გასაგებია, რომ ჯერ ასე არ ხდება, მაგრამ სამინისტრომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ეს სკოლის ყოველდღიურობად აქციოს. რა მექანიზმებს აამუშავებს ამისთვის, ეს ცალკე საკითხია. მხოლოდ სქემის არსებობა ამ აქტივობებს ყოველდღიურობად ვერ აქცევს. რაც მე თავისუფალ გაკვეთილებში წავიკითხე, იქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, იმას მასწავლებელი გაკვეთილზე ისედაც უნდა აკეთებდეს. რაც სტანდარტულად კარგი უნდა იყოს, იმას სამინისტრო არქმევს განსაკუთრებულს. შესაბამისად, მას სკოლის კულტურის ნაწილად ვერ აქცევ. კრედიტების მისაღებად ერთჯერადი აქტივობების გაკეთება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ყველაფერი სკოლის კულტურის ნაწილად იქცეს.

კიდევ ერთი პოლიტიკური მესიჯი არის ის, რომ წესით (ეს გზავნილი წინა სქემაშიც ჩანდა, მაგრამ აქ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა) ამოსავალი უნდა იყოს მოსწავლე და მისი საჭიროებიდან გამომდინარე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. მთელი სქემის არსი ეს უნდა იყოს! დღევანდელი სქემით სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სქემის მიზანი მოსწავლისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა არაა. ჩვენი მიზანი არის ის, რომ მასწავლებლებმა  ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე გადასვლა შეძლონ, თუნდაც ხელოვნური და ფორმალური პროცედურებით.

ბიოროკრატიული ჩარჩოები კიდევ უფრო გაფართოვდა. ორიენტირი ისეთი სასკოლო კულტურის შექმნა კი არაა, რომელიც პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს. არამედ იქმნება რაღაც ხელოვნური ბიუროკრატიული მექანიზმები, რომელიც სკოლის კულტურის ნაწილი არაა.  ყველა ეს აქტივობა ჩატარდება და ამით დაინტაჯება ყველა:  მასწავლებლები,  დირექტორები. როგორც თვითშეფასების კითხვარმა აჩვენა, მასწავლებლები თვითშეფასების კითხვარს ავსებდნენ იმიტომ, რომ ცენტრმა მოსთხოვა, და არა იმიტომ, რომ ამ გზით საკუთარი პრობლემების ინდენტიფიცირებას მოახდენდნენ და შემდგომ პროფესიულ განვითარებას დაგეგმავდნენ.

თვითშეფასების კითხვარს ყველა პედაგოგისთვის ერთი მასწავლებელი ავსებდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თვითშეფასების კითხვარის დაწერისთვის თანხებიც იყო დაწესებული. შესაბამისად, ახლა ვიღაცები სხვების ნაცვლად ბლოგების წერას დაიწყებენ. ყველა ეს მოთხოვნა ხელოვნურადაა თავსმოხვეული. სწორედ ესაა მთავარი პრობლემა.  

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ამ სქემამ პროფესიაში ახალი კადრების შესვლას ჩაუკეტა გზა.  

ალბათ გამონაკლისი პედაგოგებიც არსებობენ, ვინც სქემაში მოცემულ ინსტრუმენტებს მართლა პროფესიული განვითარებისთვის იყენებენ.

რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი მასწავლებლებიც არიან, რომლებიც საღამოს სახლში რომ მიდიან, სხედან და  თავიანთ საქმეს აგრძელებენ. ხოლო მასწავლებლები, რომელსაც კომპეტენცია არ ჰყოფნით, არც საგნობრივი და არც პროფესიული, ისინი ეძებენ სხვადასხვა გზებს, რომ რაღაც მაქინაციებით დააგროვოს კრედიტები.

სხვა რა პრობლემები დაინახეთ განახლებულ სქემაში?

ძალიან ცუდი პრეცენდენტია დიპლომების სხვადასხვა სტატუსის აღიარება. ცვლილებების მიხედვით, თუ პრაქტიკოსი მაგისტრის ან დოქტორის ხარისხს აიღებს, ის შემდეგ კატეგორიაში გადადის. რატომ არ ხდება უფროსი მასწავლებელი კურსდამთავრებული, რომელიც ახლა მუშაობს და რომელმაც ორი წლის წინ აიღო შენ მიერვე აღიარებული დიპლომი? მაშინ სხვა დიპლომს გასცემდი? ჯეჯელავას შემდეგ ახალი მინისტრი მოვა და მან შეიძლება თქვას, რომ ახლა მისი მინისტრობის დროს აკრედიტირებული პროგრამის კურსდამთავრებულებს მისცემს სტატუსს. 

თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს აქტივობები ძალიან დაბალ მოთხოვნებს უწესებს პედაგოგებს და მათ კიდევ უფრო გაუადვილდებათ სტატუსის მოპოვება?

სახელმწიფო მასწავლებლებს უბრალოდ აგროვებინებს ქულებს, რომ ის საფეხურიდან საფეხურზე გადავიდეს, მიუხედავად მათი კომპეტენციისა. ამას კავშირი პროფესიულ განვითარებასთან არ აქვს. ასეც რომ არ იყოს, სკოლაში პროფესიული განვითარების თვალსაზრისით სქემის მიღმა კიდევ ბევრი სხვა მექანიზმია ასამუშავებელი.

არსობრივი შეცდომაა ის, რომ სახელმწიფოს  ფიქრობს რაღაც სქემების ფარგლებში 65 ათასი პედაგოგის პროფესიული განვითარების უზრუნველყოგაზე. ეს სრული აბსურდია. აქცენტი არსობრივად არასწორად კეთდება.  ჩვენ გვჭირდება 2000 კარგი სკოლის დირექტორი, ოღონდ ნამდვილად კარგი, რომლებიც სასკოლო დონეზე სამართლიან და ობიექტურ სისტემას შექმნიან, და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და შეფასებას უზრუნველყოფენ. უნდა ვიზრუნოთ, რომ გვყავდეს 2000 კარგი დირექტორი, შემდეგ ამ 2000 დირექტორს მაქსიმალური ფუნქციები უნდა მივცეთ და 65 ათასი პედაგოგის პროფესიული განვითარება სასკოლო დონეზე მოვახდინოთ. სახელმწიფო კი ამ პროცესის მხარდამჭერი უნდა იყოს. გამორიცხულია ამხელა ამოცანის ცენტრალურად განხორციელება. იმიტომ იქცა ეს სქემა ფორმალობად, რადგან საქმის ასე ცენტრალიზებულად გაკეთება შეუძლებელია. 

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ პროფესიული განვითარება რეალურად უნდა იყოს სრულად დელეგირებული სკოლაზე, კარგი სკოლის დირექტორს უნდა მივანდოთ ეს პროცესი და სახელმწიფო მხოლოდ პროცესის მხარდამჭერი უნდა იყოს?  

კი თვითონ დირექტორმა სასკოლო დონზე პროფესიული განვითარების მექანიზმების ამუშავება, ასევე შეფასების სისტემის შექმნა უნდა შეძლოს. სახელმწიფოს შეიძლება მინიმალურად ჩაერიოს როგორც შეფასებაში, ისე რეგულირებაში. ის უნდა იყოს ამ პროცესის მხოლოდ მხარდამჭერი. რეალურად კარგი დირექტორები უნდა შევარჩიოთ, რომ შემდეგ კითხვის ნიშნები არ დარჩეს იმის ირგვლივ, რომ შესაძლოა სასკოლო სივრცეში პროფესიული განვითარების გადატანამ  ნეპოტიზმი გამოიწვიოს. არა, გარანტირებულად უნდა ვიცოდეთ, რომ გვყავს 2000 კარგი დირექტორი. აქ მნიშვნელოვანია დავაყენოთ სკოლის დირექტორის არჩევისა და დანიშვნის საკითხიც. სახელმწიფომ ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ დირექტორი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სტანდარტს აკმაყოფილებს. როგორ წარმართავს ამ პროცესს - დანიშვნით, არჩევით თუ შერეული მოდელით - ეს უკვე სხვა საკითხია და ამაზე სამსჯელოა. ასევე მნიშვნელოვანია, დირექტორებს ჰქონდეს კარგი ანაზღაურება.

რას ფიქრობთ პედაგოგებთან მიმართებით არსებულ სახელფასო პოლიტიკაზე?

ჩემი აზრით, პედაგოგებმა ხელფასი 40-საათიან დატვირთვაზე უნდა აიღონ. მასწავლებლები იმიტომ კი არ უნდა მოდიოდნენ პროფესიაში, რომ დილას 9-დან პირველამდე იმუშავებენ  და 1-ზე სახლში იქნებიან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისინი არიან სრული დატვირთვის მასწავლებლები, მუშაობენ დილიდან საღამომდე და მარტო გაკვეთილები არაა მათი ფუნქცია. დღევანდელ რეალობაში, როცა ხელფასს მხოლოდ საათებით უსაზღვრავ, ფაქტობრივად ეუბნები, რომ შენი ფუნქცია გაკვეთილის ჩატარებაა. მან უნდა იცოდეს, რომ მისი ფუნქციაა გაკვეთილის ჩატარება, მისი მომზადება, გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მონაცემთა ანალიზი, კოლეგებთან მუშაობა და ა.შ. უნდა გადაიხედოს ხელფასის დადგენის წესი.

მოდელი, როცა პროფესიული განვითარება სასკოლო სივრცეშია გადატანილი, როცა პროცესის მთავარი მენეჯერი დირექტორია, ის არჩევს პროფესიული განვითარების მექანიზმებს. სახელმწიფო ამ პროცესის მხოლოდ მხარდამჭერია. როგორ ამოწმებს ამ დროს სახელმწიფო კომპეტენციებს, ანუ როგორ ამოწმებს შეესაბამება თუ არა სკოლის პედაგოგთა კვალიფიკაცია მის მეირ დადგენილ სტანდარტებს ?

სახელმწიფომ შეიძლება შეაფასოს სკოლა და მისი მიღწევები და დირექტორს ექნება მოტივაცია, რომ მის სკოლას ჰქონდეს მიღწევები, შესაბამისად, კარგი პედაგოგები ჰყავდეს. ინდვიდუალურად  ყველა მასწავლებლის შემოწმება შეუძლებელია. ამისთვის შეიძლება ცენტრალიზებულად პერიოდულად რაღაც კომპეტენციების შემოწმების მექანიზმი გქონდეს.

შესაძლოა, სქემამ ვერ უზურნველყოს პროფესიული განვითარება, ეს აზრი ხშირად გაჟღერებულა, მაგრამ აქამდე ამბობდნენ, რომ ეს სქემა პროფესიულ განვითარებასთან ერთად, სისტემაში ახალი კადრების შემოყვანას უზრუნველყოფს. იმიტომ, რომ სისტემიდან გადიოდნენ ის პედაგოგები, რომლებიც საგნობრივ კომპეტენციას ვერ დაადასტურებდნენ. თუმცა ბოლო ცვლილებებით  ეს შესაძლებლობაც გაქრა. თქვეს, რომ იგეგმება დამოუკიდებელი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც სასკოლო სისტემაში კადრების შესვლას და გაშვებას დაარეგულირებს. რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ამის შესახებ. არის თუ არა ეს ნაცნობი პრაქტიკა თქვენთვის, ორი დამოუკიდებელი დოკუმენტი, ერთი პროფესიული განვითარებისთვის, მეორე სისტემაში შესვლის და გასვლის დოკუმენტი?

საუბარია იმის შესახებ, რომ იქნება მეორე სქემა, შეშვების და გაშვების, რომელსაც უკვე სკოლა გადაწყვეტს. ესეც სრული აბსურდია - რომ დღევანდელი მოქმედი დირექტორი რაღაცეებს გადაწყვეტს. ის რაღაც ნიშნითაა დირექტორად დანიშნული. და დღეს სწორედ იმიტომ გვყავს, რომ სისტემა ვერ არის მოწყობილი - გვაქვს გაბერილი შტატები, დაბალი კვალიფიკაციის კადრები, რომლებსაც დირექტორები ინარჩუნებენ. ამიტომ ამის სკოლის დონეზე გადატანა, როცა დირექტორმა შეიძლება გაუშვას პრაქტიკოსი და წამყვანი პედაგოგიც კი, ნიშნავს პრობლემის დროებით გადაწევას. ამ სისტემის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი და შეიძლება ამ მინისტრმა ამის გაკეთება ვერც მოასწროს.

თქვენი აზრით, უფრო ეფექტური ხომ არ იქნება, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება არ იყოს სავალდებულო; არსებობდეს პროფესიული განვითარების სისტემა, სახელმწიფო მხარს უჭერდეს ამ პროცესს, თუმცა მასში მონაწილეობა პედაგოგების გადასაწყვეტი იყოს, მართლა ვინც მოწადინებულია, თავზე მოხვევის გარეშე, მხოლოდ ისინი ერთვებოდნენ?

ამ სქემას, რა თქმა უნდა, მასეთი სისტემა სჯობს. ამ სქემით ჩვენ ბევრ ფულს, ბევრ ქაღალდს და ბევრ ფორმას ვხარჯავთ არაფერში. ამას, რა თქმა უნდა ჯობია, რომ თავი დავანებოთ ამ სკოლებსა და მასწავლებლებს და განვითარდეს ის, ვისაც ეს უნდა. შედეგების თვალსაზრისით უკეთესი შედეგი და ნაკლები დანახარჯები იქნება. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ გარე დახმარების მექანიზმების ეფექტი მინიმუმია. სულ ტრენინგები რომ ატარო, სასკოლო კულტურაში მისი დაახლოებით 5 %-ის გამოყენება ხდება, მაგრამ სასკოლო დონეზე გადატანილი ყოველდღიური პროფესიული განვითარების ეფექტი 95%-ია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^