Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსაფრთხო სკოლა - გამოწვევები და შეფასებები

22 მარტი 2017

უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ერთ-ერთ რგოლზე, მანდატურის ინსტიტუტზე, ჩვენ უკვე წინა სტატიაში ვისაუბრეთ. ამჯერად გვაინტერესებს უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა ფართო კონტექსტით: როგორი უნდა იყოს უსაფრთხო სკოლა? რამდენად არის სკოლა ზრუნვაზე ორიენტირებული? რა კეთდება იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში თავი როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნონ? რა გამოწვევები აქვთ სკოლებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და როგორ უმკლავდებიან მათ? რამდენად არის კავშირში სკოლის მიტოვება  სასკოლო უსაფრთხოებასთან?

როგორ ესმით უსაფრთხოება სკოლაში

სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკის განხილვისას, როგორც წესი, აქცენტი ფიზიკური გარემოს უსაფრთხოებაზე კეთდება. სკოლაში პედაგოგები თუ სკოლის დირექტორები ხშირად აღნიშნავენ, რომ მანდატურები, სათვალთვალო კამერები, გამართული ინფრასტრუქტურა, სკოლის შენობაში უცხო პირების შესვლის აკრძალვა იმის გარანტია, რომ ბავშვებმა თავი დაცულად იგრძნონ.  თუმცა, უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა მხოლოდ ფიზიკური გარემოს კონტროლს არ გულისხმობს და ის მოსწავლეების ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც მოიცავს. ზრუნვაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო -  სწორედ ამგვარ გარემოს მიიჩნევენ განათლების ექსპერტები უსაფრთხო სკოლის კონცეფციის მთავარ ნაწილად. გარემო, სადაც სასკოლო ცხოვრებაში ჩართული ყველა პირისთვის არსებობს სოციო-ემოციური მხარდაჭერის სისტემა.

75-ე საჯარო სკოლა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მცირეკონტიგენტიანი სკოლაა. 250-მდე მოსწავლის უსაფრთხო სასწავლო გარემოზე ზრუნვა, როგორც დირექტორი ამბობს,  რთული არ არის. სკოლაში უცხო პირების შესვლა მკაცრად კონტროლდება, მშობლების სტუმრობისთვისაც ერთი დღეა გამოყოფილი. ყველა სართულზე გაკვეთილების თუ შესვენების დროს  მორიგე მასწავლებელია.

დირექტორი, ინგა დალაქიშვილი ამბობს, რომ ფიზიკური გარემოს მხრივ სკოლაში ყველაფერი წესრიგშია: არასოდეს მომხდარა არანაირი ინციდენტი და თითოეული მოსწავლე გამუდმებით პედაგოგების ყურადღების ცენტრშია. სკოლაში ორი მანდატურია და ისინი, როგორც დირექტორი ამბობს, დიდ დახმარებას უწევენ სკოლას.

რაც შეეხება ზრუნვას და უშუალოდ სასწავლო პროცესს, დირექტორის აზრით,  რანდენიმე წელია არსებობს სადამრიგებლო საათი, რომელიც კარგი საშუალებაა კვირაში ერთხელ მაინც ბავშვებმა პედაგოგებთან ისაუბრონ და თავიანთი პრობლემები განიხილონ. ასევე, მათ ნებისმიერი წუხილის პირადად დირექტორისთვის გაზიარებაც შეუძლიათ. ფიქრობს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სკოლას არანაირი გამოწვევა არ აქვს და როგორც ფიზიკური გარემო, ისე სასწავლო პროცესი სკოლაში ყველასთვის მისაღებია.

ეკა ცხადაია ნოჯიხევის მე-2 საჯარო სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. ამბობს, რომ  განათლების სამინისტრომ უსაფრთხო სკოლა პრიორიტეტად აღიარა და ამაზე სოლიდური თანხებიც დაიხარჯა,  მაგრამ მიუხედავად ამისა ჯერჯერობით მაინც მხოლოდ კონტროლზე ორიენტირებული მიდგომა გვაქვს. ის მიიჩნევს, რომ უსაფრთხოება  კომპლექსურად  გულისხმობს   სასკოლო  საზოგადოების  როგორც   ფიზიკურ, ასევე  სულიერ და სოციალურ დაცულობას, სიმშვიდეს, არაძალადობრივ კომუნიკაციას  და არაძალადობრივი  სამუშაო  კლიმატის შექმნას.

„სკოლა   სოციალური   ინსტიტუტია  და  ყოველი  მოსწავლე  ამ  გარემოს  მონაწილეა.  აქ ის   სწავლობს კრიტიკულ აზროვნებას, არჩევანის გაკეთებას, ემზადება მომავლისთვის.      როდის გრძნობს მოსწავლე სკოლაში თავს კარგად?  როცა  დაცულია,  როცა  არავინ  ჩაგრავს, არ დასცინის, არ ჭორაობს  მასზე, არ სთხოვენ  პასუხს; როცა პროფესიონალები  ასწავლიან და  იგებს, რასაც  ასწავლიან;  როცა  ხალისობს,  არ  იღლება, გრძნობს  სიყვარულს;  როცა  მის აზრს ითვალისწინებენ, პატივს  სცემენ. რამდენად  შესაძლებელია  თითოეულ  მოსწავლეს მსგავსი   გარემო  შევუქმნათ - საკითხავი აი ეს  არის. სამწუხაროდ, ასეთი  იდეალური  პირობების  შეთავაზება  ჩვენს  სკოლას  ჯერჯერობით არ შეუძლია. ცოტა  გვყავს  პროფესიონალი მასწავლებელი  და ა.შ. პრობლემების ჩამოთვლა  შორს  წაგვიყვანს. განტვირთული სასწავლო პროგრამები,  საინტერესო  გაკვეთილები, მათ  შორის, სპორტული  და  სახელოვნებო,  კეთილგანწყობილი მასწავლებლები ქმნიან  მოტივიციას არსებულ  რეალობაშიც  კი“, - ამბობს ეკა ცხადაია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თითოეული სკოლის უსაფრთხოების პრობლემა  ინდივიდუალურია. შესაბამისად, ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს საკუთარი, ინდივიდუალური უსაფრთხოების პოლიტიკა, მუდმივად სწავლობდეს სიტუაციას,  ახდენდეს ძალადობის პრევენციას. მისი აზრით, ეს არის სწორედ ზრუნვაზე  ორიენტირებული მიდგომა, რომ მოსწავლეს ჰქონდეს პირობები, თავი მაქსიმალურად დაცულად  იგრძნოს და თვითრეალიზება შეძლოს.

კერძო სკოლის პედაგოგი მაგდა აბესაძეც უსაფრთხო სკოლის პოლიტიკას განიხილავს როგორც კომპლექსურ საკითხს. მისი გამოცდილება განსხვავებულია. მაგდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ასწავლის. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სკოლების  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კამერები, სკოლის დაგეგმარება სათადარიგო გასასვლელებით და ა.შ. რაც, როგორც ამბობს, კერძო სკოლების შემთხვევაში ხშირად  უზრუნველყოფილია, თუმცა უსაფრთხო სასწავლო პროცესის გააზრება უფრო ფართოდ უნდა მოხდეს.

ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ მათ სკოლაში აღინიშნება ბულინგის კვირეული, სადაც ფსიქოლოგთან ერთად დამრიგებლები და თითქმის ყველა საგნის მასწავლებელია ჩართული. მიმდინარეობს აღმზრდელობითი და ღირებულებითი მუშაობა მრავალი ფორმით: დისკუსია, ფილმები, ნაწარმოებები, პლაკატებისა და სლოგანების დამზადება;  მუშაობა მოსწავლეთა სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბებაზე, რაც ეხმარება მოსწავლეს იმ ემოციური კომფორტის მიღწევაში, რომელიც სწავლისადმი პოზიტიური განწყობისა და მაღალი მოტივაციისთვისაა საჭირო.

მაგდა აბესაძე აღნიშნავს, რომ მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია ემოციური კონფლიქტების მართვასა და განეიტრალებაში, მოსწავლეთა შორის კეთილგანწყობის ჩამოყალიბებაში: „ბავშვებს სჭირდებათ მოსმენა, კეთილგანწყობის გამოხატვა, იმაში დარწმუნება, რომ ისინი სკოლაში უყვართ და სკოლა ზრუნავს თითოეულ მათგანზე, ორიენტირებულია მათ უსაფრთხოებასა და განათლების ხარისხზე. სკოლა უნდა აძლევდეს მოსწავლეს იმის მუდმივ მტკიცებულებას, რომ ის ძალიან დაცულ და საჭირო გარემოშია“.

უსაფრთხო სასწავლო პროცესში მშობლების როლზე ამახვილებს ყურადღებას თელავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი, ეკატერინე გურგენაშვილი. როგორც ამბობს, მუდმივად სთხოვს მშობლებს, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და ითანამშრომლონ მათთან, რადგან სასკოლო საზოგადოების  ყველა წევრი მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული.

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა საკმაოდ მრავალრიცხოვანია და 800-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, მესამე მანდატურის დამატებაც გახდა საჭირო. დირექტორის თქმით, მცირეა ტერიტორია, დასვენების დროს ბევრ ბავშვს უწევს ერთად ყოფნა, ამიტომ გახდა საჭირო კონტროლის გამკაცრება. დირექტორი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია სკოლაში პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა. ამისათვის მათ შემუშავებული აქვთ სასკოლო კოდექსი, ასევე მუდმივად ზრუნავენ კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფაზე. 

უსაფრთხო სკოლა - შეფასებები და სახელმწიფო პოლიტიკა

უსაფრთხო სკოლის პროგრამა, რომელიც განათლების სამინისტრომ 2008 წელს UNICEF-ის დახმარებით დაიწყო, სკოლებში ძალადობის შემცირებას და ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ხელშეწყობას გულისხმობდა. გატარდა სხვადასხვა ღონისძიება, თუმცა, ეტაპობრივად მინისტრების ცვლასთან ერთად განათლების პოლიტიკაც იცვლებოდა. მოგვიანებით კი, 2010 წელს, მანდატურის ინსტიტუტის შემოღებამ, შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო სკოლის თავდაპირველი გეგმა ჩაანაცვლა. როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, სასკოლო მანდატურის იდეა დასაწყისში საზოგადოებისთვის ბუნდოვანი იყო. თუმცა ცვლილებები ამ ინსტიტუტმაც განიცადა და ის უსაფრთხო სასკოლო გარემოს ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი გახდა. შესაბამისად, მანდატურის ინსტიტუტის მიზნები ზოგადი განათლების კანონშიც აისახა და მანდატურებს სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა დაევალათ. 

2012 წელს USAID-ის მხარდაჭერით სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის - „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირების” - ფარგლებში უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტი მომზადდა. მისი ავტორები ილიას უნივერსიტეტის პროფესორები სიმონ ჯანაშია და სოფო გორგოძე არიან. დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს სკოლა უსაფრთხო. ალტერნატიული კონცეფციის ამოსავალია არა კონტროლზე, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული უსაფრთხოება. განათლების სამინისტროში მაშინ ამბობდნენ, რომ უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა წარმატებული იყო და ამას სხვადასხვა კვლევებიც ადასტურებდა.

ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც სკოლებში უსაფრთხოების შესახებ კონკრეტულ სურათს მოგცემდა, წლებია არ ჩატარებულა. განათლების ექსპერტები, 2008 წლის „გაეროს ბავშვთა ფონდის“ კვლევას იხსენებენ, რომელიც სასკოლო უსაფრთხოების შესახებ მოსწავლეების დამოკიდებულებებს და გამოცდილებას ასახავს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უსაფრთხო სკოლის პოლიტიკაზე სასაუბროდ მანდატურის სამსახურში დარეკვა გვირჩიეს, თუმცა შემდეგ ჩვენი კითხვების პასუხად იმ პროგრამების ჩამონათვალი გამოგვიგზავნეს, რომელსაც განათლების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის უზრუნველყოფისთვის ახორციელებს. აქვე აღნიშნეს, რომ უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მათი თქმით, მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვაა, რაც სკოლაში რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ფორმალური განათლების ფარგლებში საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლებით გამოიხატება, არაფორმალური განათლების ფარგლებში კი - ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი პროექტებით, როგორიცაა: „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ (შსს), „არა ძალადობას!“ (შსს) „იმიტირებული გამოძიება (საქართველოს მთავარი პროკურატურა), „სამოქალაქო განათლებისა“ და „სამართლებრივი განათლების პროგრამა საქართველოში“ (PH International) და სხვა.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ 1000-ზე მეტ სკოლაში მოქმედებს სამოქალაქო განათლების კლუბები. მოსწავლეები მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ბავშვთა უფლებები, ძალადობის  წინააღმდეგ ბრძოლის გზები და სხვა. რაც შეეხება პედაგოგებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რეგულარულ ტრენინგებს ატარებს მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით. შემუშავებულ მოდულებში გათვალისწინებულია ბავშვთა შორის ძალადობის, კონფლიქტების მართვის, სწორი კომუნიკაციის საკითხები.

სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ახლადშექმნილი მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო სკოლებში სისტემატიურ მონიტორინგს უზრუნველყოფს და რაიმე ტიპის გადაცდომის შემთხვევაში შესაბამისად რეაგირებს.

ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პროექტს, რომელიც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიულ განვითარებას ეხება. პროექტის ფარგლებში ყველა საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორის 2016-2018 წლებში გადამზადებაა გათვალისწინებული. როგორც სამინისტროში ამბობენ, ტრენინგების ერთ-ერთი თემაა „მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო“.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2016 წლის 12 სექტემბრიდან შეიმუშავეს  და დაამტკიცეს ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული შიდაწესები „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.  ამ წესის საფუძველზე სკოლებში დაინიშნა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დაცვაზე პასუხისმგებელი პირები - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, მანდატურის არარსებობის შემთხვევაში - სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე.

„იმ მიზნით, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა შეძლონ ძალადობის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგი. დღეის მდგომარეობით გადამზადებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მანდატური (1275) და მიმდინარეობს სკოლის წარმომადგენლების გადამზადების პროცესი. პროგრამის ფარგლებში საერთო ჯამში გადამზადდა საჯარო სკოლების 1342 წარმომადგენელი“,   - ამბობენ განათლების სამინისტროში.

საქართველოში არსებული უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის შეფასებისას, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და IREX-ის პროფესიული განვითარების ექსპერტი, სოფო გორგოძე ამბობს, რომ სკოლაში ფიზიკური საფრთხეები უფრო ხილულია, ამიტომ ბუნებრივიც არის, რომ მეტი ყურადღება ფიზიკურ უსაფრთხოებას ექცევა, მაგრამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მოსწავლეების ემოციური უსაფრთხოება. რადგან  როცა მოსწავლე თავს ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობს, ცხოვრებაში, ურთიერთობაში, სწავლაშიც უფრო მეტად რეალიზებული და წარმატებულია.

 „რა არის ემოციური უსაფრთხოება? როცა ბავშვი მიდის სკოლაში და მას არ ეშინია, რომ თანატოლები დასცინებენ, ნივთებს წაართმევენ, დაჩაგრავენ თუ არ ეშინია გაკვეთილზე შეცდომების დაშვების რომ მასწავლებელი მას დასჯის და ცუდი ნიშნებით დაემუქრება. თუ ეს განცდები არ აქვს არის უფრო ლაღი, ბედნიერი და რეალიზებული, ღირებულად გრძნობს თავს. მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ბავშვი არის ემოციურად უსაფრთხო გარემოში და სკოლა ამას უზრუნველყოფს, „_ ამბობს სოფო გორგოძე. 

მისი თქმით, ამგვარი გარემოს მისაღწევად ბევრი სხვადასხვა ფაქტორია საჭირო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბავშვების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე ზრუნვაა. ეს მიზანმიმართულად უნდა ხდებოდეს, იმისათვის, რომ ბავშვებს ვასწავლოთ პოზიტიური კომუნიკაცია, კომპრომისზე წასვლა და ა.შ.

სოფო გორგოძის აზრით, უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ობიექტურად შესაფასებლად  კარგი იქნებოდა ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება, მათ შორის, მანდატურის სამსახურის საქმიანობის შესახებაც, იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო პოლიტიკის თუ ღონისძიებების გაუმჯობესება როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად უფრო უსაფრთხო სკოლის მისაღებად.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ სკოლაში ბავშვების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და, სამწუხაროა, როდესაც ეს ასე არ არის დანახული და  აქცენტი ფიზიკურ უსაფრთხოებაზე კეთდება. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ სასკოლო უსაფრთხოების ერთიანი ხედვა არ არსებობს, რადგან ეს არის საკითხი, რომელზეც არ შეიძლება სასკოლო ცხოვრების მხოლოდ ერთი რომელიმე რგოლი იყოს პასუხისმგებელი. 

რამდენად არის კავშირში სკოლის მიტოვება უსაფრთხო სკოლასთან? - მაია ცირამუა 2009 წლის კვლევას იხსენებს, რომელიც ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ჩატარდა. რამაც აჩვენა, რომ რესპონდენტთა 58%-მა სწავლა მიატოვა. მიზეზებად კი სახელდებოდა სკოლიდან გარიცხვა, კონფლიქტები როგორც თანატოლებთან, ისე პედაგოგებთან.

„ასეთი კვლევა დღეს რომ ჩატარდეს, არ ვიცი, რა სურათი გვექნება, მაგრამ ეს კვლევაც კი აჩვენებს, რომ რაღაც ტიპის კავშირი არსებობს სკოლის მიტოვებასა და სკოლის უსაფრთხოებას შორის. ჩემი პრაქტიკიდან მოგიყვებით, როცა არაჰეტერონორმირებული ქცევის გამო მასწავლებელმა მოსწავლე აითვალწუნა, რის გამოც შემდგომ ის თანატოლებისთვის შესამჩნევი გახდა და ბულინგის მსხვერპლად იქცა. მან თანდათან უკლო სკოლაში სიარულს, დაიწყო გაცდენები და საბოლოო ჯამში მიატოვა სკოლა, დარჩა საგანმანათლებლო სივრცის გარეთ. საბაზისო განათლება მიიღო, მაგრამ მერე სწავლა აღარ გააგრძელა“, - გვიყვება მაია ცირამუა. 

მაია ცირამუა ასევე, ამბობს, რომ ყოველთვის, როდესაც ბავშვი სკოლის გაცდენას იწყებს, ეს ნიშნავს, რომ ეზარება სკოლაში სიარული, ხელი აიღო სწავლაზე, არამოტივირებულია, ამიტომ ყოველთვის უნდა მოხდეს მიზეზების სიღრმისეულად შესწავლა, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, რატომ იწყებს მოსწავლე სკოლის გაცდენას, ხომ არ არის სკოლაში დარღვეული მისი როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური უსაფრთხოება. 

განათლების სპეციალისტების შეფასებით, გარდა სახელმწიფო რეგულაციებისა, მნიშვნელოვანია სკოლებმა თავად მოახდინონ ყველაზე მწვავე პრობლემის იდენტიფიცირება და თავადვე შეიმუშაონ ინტერვენციის გზები. სწორედ ამას ისახავს მიზნად პროექტი ,,ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის“, რომელიც ევროკავშირის დაფინასებით ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში პარტნიორმა სკოლებმა შეიმუშავეს სკოლაში უსაფრთხოების გაძლიერების ინიციატივები, სადაც ხაზგასმულია საზოგადოების როლი და რამდენიმე სკოლა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^