Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდრე ზოგადი განათლების სისტემა შეიცვლება...

29 დეკემბერი 2012

პრობლემები, რომელთა წინაშეც ქართული განათლების სისტემა დგას, მრავალფეროვანია. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალმა მმართველმა გუნდმა პედაგოგებს, მოსწავლეებს და საერთოდ მთელ საზოგადოებას განსახილველად ზოგადი განათლების „ორდონიანი სისტემა“ შემოგვთავაზა. განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, როდესაც სკოლაში გამოცდების ჩაბარების სისტემის ცვლილებაზე საუბრობდა, ზოგადი განათლების „ბრიტანული მოდელი“ ახსენა.

"შემდგომ წელს სკოლებში გამოცდების სხვა სისტემით ჩატარებას ვაპირებთ. როდესაც მოსწავლე ამა თუ იმ საგნის სწავლას დაასრულებს, ის იმ საგანში გამოცდას იმავე წელს  ჩააბარებს. ეს იქნება მანამ, სანამ სწავლების სხვა მოდელზე არ გადავალთ. საუბარია ბრიტანულ მოდელზე, სადაც 10 კლასია საშუალო განათლება და შემდგომ ორი წელი - მოსამზადებელი უნივერსიტეტისთვის," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემის შემოღების წინააღმდეგია, თუმცა სკოლაში სწავლების ისეთ სისტემას, სადაც ზოგად განათლებას 10 წელი, „high school”-ს კი 2 წელი დაეთმობა, მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ უნდა დადგეს, რაც ამასთანავე გარკვეულ დროს მოითხოვს. ალბათ გახსოვთ, რომ ზოგადი განათლების „ორდონიან სისტემაზე“ გადასვლის ინიციატივით 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და მას მაია მიმინოშვილმაც დაუჭირა მხარი, მაგრამ საკითხის განსახილველად მაშინ განათლების სამინისტროსგან შემხვედრი ნაბიჯები არ გადაიდგა.

„მე თუ ვინმე მკითხავს, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული განათლების საშუალო საფეხური, კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის სწავლების მოდელის შემოღების წინააღმდეგი ვარ, რადგან ჯერ სერიოზული დაფიქრება გვმართებს იმაზე, თუ რა მისი აკისრია სკოლას? საშუალო განათლება ასრულებს თუ არა თავის მისიას და თუ ვერ ასრულებს, რატომ? სკოლის მისია მხოლოდ მოსწავლის უმაღლესი სასწავლებლისთვის მომზადებაში არ გამოიხატება, აქ საუბარია მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაზე. კმაყოფილიც რომ ვიყოთ პედაგოგების კვალიფიკაციით და სასკოლო სახელმძღვანელოებით, ეს 12–წლიანი სისტემა თავის ფუნქციას მაინც ვერ ასრულებს, რადგან პირდაპირ უმაღლეს სასწავლებელზეა ორიენტირებული და ამასაც აკეთებს თუ არა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იმისთვის რომ სკოლამ თავისი ფუნქცია შეასრულოს, სერიოზულად უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაში, თუ რა უნდა იცოდეს მოსწავლემ თითოეულ დისციპლინაში. ამ შემთხვევაში კი ზოგადი განათლების ორსაფეხურიანი სისტემა უკვე გამართლებული იქნება. პირობითად, ჩემი აზრით, სრული ზოგადი განათლების მისაღებად 10 წელი საკმარისია. მომდევნო 2 წელი ორიენტირებული უნდა იყოს კონკრეტულ მიმართულებებზე. მეორე საფეხურზე სკოლამ შესაძლოა მოსწავლე უმაღლესი სასწავლებლისთვის მოამზადოს, ან შეიძლება კონკრეტული პროფესიის დაუფლება უზრუნველყოს“, – აცხადებს მიმინოშვილი.

მას შემდეგ რაც საშუალო სკოლის მისია სწორად განისაზღვრება, მაია მიმინოშვილი ჯერ კიდევ არსებულ რეალობაში რამდენიმე საკვანძო პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას ხედავს. გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალი პედაგოგების აღზრდის თვალსაზრისით სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს, ეროვნული სასწავლო გეგმა ხშირად იცვლება, სასკოლო სახელმძღვანელოები კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

“პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე არა იძულებითი გამოცდები, არამედ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. რა თქმა უნდა, სერტიფიცირების პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას სერიოზული წინა პერიოდი უნდა ახლდეს. დღეს გამოცდა მხოლოდ სერტიფიკატის მისაღებად ტარდება და ამასთან, ბევრი კომპონენტი შეფასების მიღმა რჩება. კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე მინდა ყურადღების გამახვილება:

როცა  პედაგოგისთვის ღირსების დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ 1000–ლარიანი მასწავლებლებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ზოგადად, მომავალი პედაგოგების აღზრდის თვალსაზრისით სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. მომავალი მასწავლებლების აღზრდის კვლევაში, რომელიც 2008 წელს ჩატარდა და რომელშიც 20 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენ ბოლო ადგილი დავიკავეთ. პრობლემაა, როცა პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებელი არ არსებობს. ჩვენ კი გვაქვს პრიორიტეტად გამოცხადებული პედაგოგისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, მაგრამ ეს საკმარისი არაა. დიდ ბრიტანეთში პედაგოგს პარლამენტარის ხელფასი აქვს, რადგან ამ ქვეყანამ იცის, რომ მისი მომავალი თაობა ამ ადამიანების ხელშია.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ეროვნული სასწავლო გეგმის სწორად გამართვაა. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რადგან ყველაფერი მასზე აიგება. ბოლო პერიოდის განმავლობაში სასწავლო გეგმა ბევრჯერ შეიცვალა. მართალია, ეს ცოცხალი ორგანიზმია, მაგრამ უეცრად ერთი პოლუსიდან მეორეზე გადასვლა არ შეიძლება. მოსწავლეები ადაპტაციას ვერ ახერხებენ.

მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,  მე-7 კლასში შემოდის საგანი – ბუნებისმეტყველება, რაშიც ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია ინტეგრირებულია. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, ბევრ ქვეყანაში ისწავლება ეს სამი საგანი ერთად, მაგრამ სადაც ამ საგანს ასწავლიან, პედაგოგების კვალიფიკაცია და მომზადების დონე სამივე საგანს სწვდება. ჩვენთან კი ასე არ ხდება, რადგან ერთ პრობლემას ვაწყდებით – ქიმიის მასწავლებელი ფიზიკას ვერ ასწავლის. ასე რომ, ამ კუთხით სრული არეულობაა.

რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, ისინი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ. სახელმძღვანელოები ათასჯერ შეიცვალა და სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებებით, ყველაფერი დავანგრიეთ“, – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემების გადაჭრა მეცნიერული კვლევების საფუძველზე უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ზოგადი განათლების სხვა სისტემის შესამუშავებლად, ან არსებულის გასაუმჯობესებლად.

როგორც მიმინოშვილი აღნიშნავს, საერთაშორისო თუ ნაციონალურ საგანმანათლებლო კვლევებში გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მოგეხსენებათ, რომ განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, გარკვეული პერიოდი ამ კუთხით გამოცდების ცენტრის საქმიანობა შეფერხდა.

„კვლევებში კვლავ ჩავერთვებით. რამდენიმე მათგანში ადრე ვმონაწილეობდით და ახლა გავაგრძელებთ. რამდენიმე საერთაშორისო კვლევის ანგარიშს ვამზადებთ, მათ შორის ერთ-ერთი მოსწავლეთა წიგნიერების კვლევას ეხება. ზოგადად, მეცნიერული ანალიზი საშუალო განათლების არსებულ სისტემაში პრობლემების ხარისხის სწორად შეფასების საშუალებას მოგვცემს. აქვე მინდა პრობლემებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა გამოვყო. აუცილებელია დისკუსიის წარმართვა, რაშიც მედიაც უნდა დაგვეხმაროს. გადაწყვეტილებები კაბინეტებში აღარ უნდა მიიღებოდეს. ზოგადი განათლების სისტემასთან დაკავშირებით საზოგადოების კონსენსუსი უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს მაია მიმინოშვილი.

ზოგადი განათლების სისტემის ცვლილების დავით ზურაბიშვილის მიერ გახმოვანებული ინიციატივის შეფასებისას, პროფესორი გიორგი გახელაძე განმარტავს, რომ თავად დიდ ბრიტანეთში ზოგადი განათლების სისტემის ოთხი მოდელია და მათი ერთ „ბრიტანულ მოდელად“ მოხსენიება იმთავითვე არასწორია. ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ზოგადი განათლების სისტემების განხილვას კი გახელაძე შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა ვიდრე რაიმე შეიცვლება, მისი აზრით, მანამდე ჩვენი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში არსებული პრობლემების მოგვარებაა აუცილებელი.

„მთავარი პრობლემა სასწავლო პროცესის ძირითადი წარმმართველი ძალის –  მასწავლებლებისა და დირექტორების დაბალი მოტივაციაა საიმისოდ, რომ საქმე კარგად აკეთონ. ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. გასათვალისწინებელია, რომ ეს პროფესია მიმზიდველი არ არის, კვალიფიცირებული კადრების შენარჩუნება ჭირს, გვაქვს გადინება და ახალი კვალიფიციური ადამიანების სურვილი ამ საქმით დაკავდნენ, კლებულობს. პროფესია ბერდება და დეკვალიფიცირდება, რაც განათლების ხარისხზეც აისახება. როცა განათლების ხარისხზე ვსაუბრობთ, აქ მოსწავლეთა მიღწევებიც ჩანს, რაზეც თავის მხრივ, 60%–იან გავლენას მასწავლებლები ახდენენ.

მეორე პრობლემა, რის წინაშეც სკოლა დგას – მიუხედავად ზოგადი განათლების რეფორმის მცდელობებისა ჩვენმა საზოგადოებამ სკოლა თავისად არ აღიქვა. სკოლა ჩვენი საპატრონებელია. გარდა ამისა, სკოლა არ გახდა საერთო ზრუნვის საგანი იმ ადამიანებისა, რომლებიც იქ საქმიანობენ. საყურადღებოა განათლების სისტემაში მომუშავე ცვალებადი მესვეურების დამოკიდებულება განათლების მიზნების მიმართ და ამ პირობებში საზოგადოების ერთგვაროვანი დამოკიდებულება ზოგადი განათლების მიმართ – სკოლა უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელ ტრამპლინად აღიქმება, რაც არამართებულია. ზოგადი განათლება ჩვენთვის ღირებული არ არის, რასაც თავისი ახსნა აქვს. ჩვენში ჯერჯერობით, ზოგადი და უმაღლესი განათლების გარდა, სხვა კომპონენტის დამკვიდრება ვერ მოხდა. პროფესიული განათლების სისტემა, რომელიც საშუალო კლასის მამოძრავებელია, მასშტაბურად ვერ ამუშავდა.

გარდა ამ ყველაფრისა, კიდევ ერთი პრობლემაა მოსაგვარებელი – სკოლის დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს. ამჟამად სკოლა პოლიტიზირებულია და ეს ჩვენი საბჭოთა მემკვიდრეობაა. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლებაში ვინც არ უნდა მოვიდეს, სკოლას ამ კუთხით არავინ შეეხება“, – აცხადებს გახელაძე.

ვიდრე ზოგადი განათლების არსებული სისტემის შესაცვლელად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, გიორგი გახელაძის აზრით, საკითხის ირგვლივ დისკუსია უნდა გაიმართოს, რომელსაც თავისი მკაფიო მიზანი ექნება.

„უნდა ვიცოდეთ რისთვის ვკამათობთ, რისი მოლოდინი გვაქვს და რას მივიღებთ. დისკუსიას, რომელშიც განათლების საკითხებში პროფესიონალებთან ერთად საზოგადოების რიგითი წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ, შემკრები ჯგუფი უნდა ჰყავდეს, რომ დებატების შემდეგ დასკვნებს ლეგიტიმაციის ხასიათი მიეცეს. ეს ჯგუფი შეიძლება წარმომადგენლობითი იყოს და მასში მთავრობის და პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართულნი“, – აღნიშნავს გიორგი გახელაძე.

განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების სისტემის შემუშავების საკითხის განხილვის პროცესში მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, დირექტორებს, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რიგით, დაინტერესებულ მოქალაქეებს თანამონაწილეობისკენ მოუწოდებს.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლჩიძე განმარტავს, განათლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ხედვის ფორმირებისთვს ჯგუფი უკვე მუშაობს, სადაც ჩართულნი არიან განათლების სამინისტროს სააგენტოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მისივე თქმით, ამ სამუშაო პროცესს ჰყავს ფასილიტატორები – ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მას ორგანიზებას უწევს.

„პრობლემების ხის შექმნა მიმდინარეობს, შემდეგ პრობლემების დადასტურება მოხდება, რაშიც კვლევები თავის როლს შეასრულებს და როცა სისტემური მიდგომის პრინციპი შეიქმნება, უკვე განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება დაიწყება. სტრატეგიის საჯარო განხილვის შემდეგ კი დადგება საკითხი – გადავალთ ორდონიან სისტემაზე თუ არსებულს დავტოვებთ და განვავითარებთ. არც ერთი ქვეყნის ზოგადი განათლების მოდელის კალკირება არ მოხდება. ჯერ პრობლემები უნდა შევისწავლოთ და ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით დიაგნოზი უნდა დავსვათ. ჩვენ ვერც დიდი ბრიტანეთი, ვერც კანადა და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები გავხდებით. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმას ფინურს, ჩინურს და სხვა ქვეყნების სასწავლო გეგმებს ვადარებთ. გარდა ამისა, ზოგადი განათლების მიმართულებით რესტრუქტურიზაცია განვახორცილეთ, რომლის ფარგლებში ჩვენს სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტები ჩამოვაყალიბეთ“, – აცხადებს გოგლიჩიძე და იქვე საშუალო განათლების სისტემის სწორად მართვისთვის კომპეტენციებისა და საკითხების დელეგირების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.  

მას შემდეგ რაც სტრატეგიული მიზანი გამოიკვეთება, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს ყველაფრი, მათ შორის სკოლის მენეჯმენტი გადაიხედება, რაც საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, მით უმეტეს, რომ 2013 წლის ივლისში იმ დირექტორებს, რომლებიც თანამდებობებზე 2007 წელს დაინიშნენ, კონტრაქტის ვადა ეწურებათ.

დასასრულს, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს შეგახსენებთ:

ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^