Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"გეოლოგიური დეპარტამენტიდან აღარაფერი დარჩა"

23 აპრილი 2013

ზურაბ ქუთელია პროფესიით გეოლოგია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში, მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. 2007–2012 წლებში სხვადასხვა სამთო–გეოლოგიური პროექტის დირექტორია. 2012 წლიდან – Rich Metals Group –ის (სააქციო საზოგადოება "მადნეულის" და შპს „კვარციტის“ ახალი სახელწოდება) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. 

Rich Metals Group ძვირფასი მეტალების მარაგების უახლოეს ანგარიშს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ამ წლის  ზაფხულში წარუდგენს. კომპანია ანგარიშს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ–საკონსულაციო ფირმა Wardell Armstrong–ს უკვეთავს.  მარაგები ავსტრალიური  სტანდარტით JORC (Joint Ore Reserves Committee) დაითვლება.   

მარაგების  ანგარიში, JORC –ის სტანდარტიდან გამომდინარე, საჯარო გახდება.

 

Rich Metals Group-ის მიერ აუქციონზე შეძენილ წიაღისეულის მოპოვების ორივე ლიცენზიაში ჩაიწერა,   რომ კომპანიას მარაგები JORC-ის სტანდარტით უნდა დაეთვალაკომპანიას საკუთარი ინიციატივით ხომ არ შეუთავაზებია სახელმწიფოსთვის მარაგების JORC-ის სტანდარტით დათვლა? 

მარაგების  JORC-ის სტანდარტით დათვლა კომპანიის იდეა არ ყოფილა. 

დავიწყოთ იმით, რომ “მწვანე ველზე” არ შევსულვართ - კომუნისტების დროსაც მუშაობდნენ ახლანდელ ჩვენს მარაგებზე - ბოლნისი მეტ-ნაკლებად ცნობილი რეგიონია მიუხედავად იმისა, რომ იქ მარაგები დამტკიცებული ჯერ არაა. 

ჩვენთვის სამუშაოდ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, რომ ძველი მასალის გამოყენება შეგვძლებოდა ისე, რომ ყველაფერი JORC-ში არ გადაგვეყვანა. ძველი მასალა მომზადებულია საბჭოური GKZ (მარაგების დათვლის რუსული სისტემა) კლასიფიკაციის მიხედვით. ზღვა მასალაა და ამ ყველაფრის JORC-ში გადაყვანას და მატებითი ძალისხმევა და ხარჯები სჭირდება.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოში მითხრეს, რომ თქვენი ანუ კომპანიის, იდეა იყო სალიცენზიო პირობებში მარაგების დათვლის JORC-ის სტანდარტის ჩაწერა

ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ჩვენ ვიკითხეთ, თუ რატომ ჩაგვიწერეს სალიცენზიო პირობებში JORC, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.

იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა მარაგების შეფასება ბოლომდე მიგვეყვანა რუსული სისტემით. თუ ვნახავდით, რომ რაღაც უბნებში დადებით შედეგს მივიღებდით და იმ მარაგის საერთაშორისოდ აღიარება მოგვინდებოდა, მხოლოდ ის ნაწილი გადაგვეყვანა JORC-ში.

ხშირ შემთხვევაში, უკვე ვიცი, რომ კონკრეტულ ადგილებში საბადო არ იქნება და ამ მასალის მაინც JORC-ში გადაყვანა მოგვიწევს.

მაგალითად, საბადო “წითელსოფელზე” ვიცი, რომ ძალიან ცოტა პერსპექტივაა საბადოდ იქცეს: საბადოს 90 პროცენტი წყლის დონის ქვეშაა. ამ საბადოს დამუშავება რომ დავიწყო, სულ წყალმოდენა მექნება. სალიცენზიო ტერიტორიაზე გაშენებულია “ხატისოფელიც.”

რამხელა რენტაბელობა უნდა ჰქონდეს ამ ნაწილს, რომ სოფლის გადასახლებაც და ამის გაბურღვაც აიტანოს? - გამორიცხულია.

ამიტომ, აქ რაც არ უნდა მარაგი იყოს  რაოდენობრივი თვალსაზრისით, ვერასოდეს იქცევა საბადოდ. მიუხედავად ამისა, ეს მარაგიც JORC-ის სტანდარტით უნდა დავითვალოთ, რადგან ასე წერია სალიცენზიო პირობაში. 

ზოგადად, დათვლის საერთაშორისო სტანდარტი სალიცენზიო პირობებში არ უნდა იწერებოდეს. უნდა იყოს ეროვნული სტანდარტი და მეწარმის გადასაწყვეტი უნდა იყოს, გავა საფონდო ბირჟაზე თუ არა და დაითვლის თუ არასაკუთარ მარაგებს JORC-ით.  ეს სტანდარტი ჩვენთან შეთანხებული არ ყოფილა.  მერე ვითხოვეთ, რომ შეეცვალათ, მაგრამ უარი მივიღეთ.

ყველა მარაგი არ უნდა დაითვალოს JORC-ით, არამედ - მხოლოდ დადებითად შეფასებული.

არის თუ არა მისაღები კომპანიისთვის, რომ საქართველოს წიაღისეული მარაგების შეფასების საკუთარი სტანდარტი ჰქონდეს? 

მე ნაცნობი სტანდარტების მომხრე ვარ, ვინაიდან დღემდე გეოლოგების ის თაობა მუშაობს, რომელსაც უმუშავია საბჭოურ და შემდგომში, რუსულ სტანდარტზე. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, რუსული სტანდარტის მომხრე ვიქნებოდი. 

თუ თქვენ გაქვთ რუსული სტანდარტი, ის თავისუფლად შეიძლება გადაიყვანოთ JORC-ში - ურთიერთშესაბა­მისო­ბის სქემები არსებობს. 

მეორე საკითხია, საქართველოს უნდა ჰქონდეს თუ არა თავისი ეროვნული სტანდარტი. მე რომ მომცე თავისუფლება,  JORC-ისნაირ სტანდარტს ავირჩევდი.

იქნება თუ არა მისაღები ქვეყნის ეროვნული სტანდარტი იმ საფონდო ბირჟისთვის, სადაც თქვენ აპირებთ გასვლას?

რთული სათქმელია, იმიტომ, რომ არა მხოლოდ ქართული, არამედ ბევრი განვითარებული ქვეყნის სდანდარტი არაა მიღებული საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, მათ შორის, არც ინგლისური. 

ამიტომ, ყველა კომპანიას ურჩევნია იმ სტანდარტით მუშაობა, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული.

შესაძლოა ქართულ კანონში ჩაიწეროს JORC, როგორც მარაგების დათვლის ერთ-ერთი სისტემა?

ალბათ, უფრო იურისტებს უნდა ვკითხოთ, მაგრამ მე ვერ ვხედავ პრობლემას.

არის თუ არა რომელიმე საფონდო ბირჟა Rich Metals Group-ის სამიზნე? 

საფონდო ბირჟაზე გასვლას ყველა კომპანია გეგმავს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს სურვილებზე არაა დამოკიდებული, არამედ იმაზე, რა ოდენობის მარაგებს მივიღებთ.

ჩვენ მივიღეთ საწარმო, რომელსაც აქვს გამოლევადი რესურსები - ერთ დღეს რესურსი დამთავრდება. თუ ჩვენ მას ახალი არ დავამატეთ, ის ამოიწურება. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა მარაგების ზრდაა.  თუ დადებითი შედეგი მივიღეთ, მხოლოდ მერე შეიძლება საფონდო ბირჟაზე საუბარი. 

თქვენი აზრით, მარაგების შეფასების დროს, რა უნდა იყოს კონფიდენციალური და რა - საჯარო?

მაგალითად, მაქვს დიდი მარაგი და არ მინდა, რომ მარაგების სახელმწიფო კომისიის გარდა (რომელმაც უნდა დამიმტკიცოს ეს მარაგი), ვინმემ იცოდეს, რამდენია ჩემი საწარმოს რენტაბელობა.

კომერციულად სენსიტიური შეიძლება იყოს თვითონ მარაგი, კომპონენტების რაოდენობა, რენტაბელობის დონე.

თუ ბირჟაზე გადიხართ და გინდათ წილები გაყიდოთ, მაშინ უნდა გაასაჯაროოთ ინფორმაცია. მაგრამ როცა არ გინდათ გაყიდვა და თქვენთვის მუშაობთ, ინფორმაციის  საჯაროობა  თქვენი  გადასაწყვეტი  უნდა იყოს.  

ქართული კანონითწიაღის შესახებკომპანიის ხარჯით მოპოვებული, ანუ დაძიებული მარაგების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. მას შემდეგ, რაც კომპანია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გავა, ყველა სახის ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს? შეუქმნის თუ არა ეს უხერხულობას Rich Metals Group-?

მე რომ მკითხოთ, კანონში ეს შეიძლება იყოს მითითებული. მომავალში კი ინფორმაცია მარაგების შესახებ შეიძლება გაიხსნას ან არ გაიხსნას.

თუ ჩვენ საფონდო ბირჟაზე გავედით, თავისთავად გავხსნით ამ ინფორმაციას - პრობლემა არ იქნება.

როდესაც მარაგებს დაითვლით, რასაც აუდიტორულ კომპანია Wardell Armstrong-ს უკვეთავთ, ის მარაგების სახელმწიფო კომისიას უნდა წარუდგინოთ

მგონი, სახელმწიფო ინსტიტუტებში კარგად არ ესმით, რომ JORC–ის შესაბამისად შედგენილი მარაგები ნიშნავს კომპეტენტური პირების (ამ შემთხვევაში, Wardell Armstrong)ან ინსტიტუტის მიერ შედგენილ და დამტკიცებულ ანგარიშს, რომელსაც ყველა საფონდო ბირჟა აღიარებს. 

ჩვენს მარაგებს დაამტკიცებს კომპანია Wardell Armstrong და შემდეგ ისევ აქაურ მარაგების კომისიას რომ უნდა წარვუდგინო დასამტკიცებლად - ეს პროცედურა არც ერთ წესში და ეთიკაში არ ჯდება.

რამდენად შეძლებს მარაგების სახელმწიფო კომისია Wardell Armstrong-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის გადამოწმებას?

ვინც ეს ლიცენზიის პირობები შეადგინა, მან უკეთ იცის. მაგრამ მე, როგორც გეოლოგი,  ვერ ვხედავ ამ პროცედურის ლოგიკურობას.

თუ მე ანგარიშს JORC-ის მიხედვით ვითვლი, ეს იმას ნიშავს, რომ ამას მე კი არ ვადგენ, არამედ Wardell Armstrong სწავლობს ან შეიძლება დამოუკიდებლად დაითვალოს - ჩვენ არც ჩაგვრიოს შეფასებაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, Wardell Armstong-ია ამაზე პასუხისმგებელი. მე ის ანგარიში სხვაგან რატომ უნდა წავიღო? მიზანი გაუგებარია.  

ამ შემთხვევაში, რაში ხედავთ მარაგების სახელმწიფო კომისიის როლს? 

ცოტა ეთიკურ უხერხულობას ქმნის, ცხადია, როცა მე მარაგებს Wardell Armstrong მითვლის და მე ქართულ მარაგების კომისიაში ვაგზავნი. მე რომ ვიყო, არ მივიღებდი მონაწილეობას კომპეტენტური პირის ანგარიშის ხელახლა რევიზიაში.

სახელმწიფო კომპეტენტურ პირს (ამ შემთხვევაში, Wardell Armstrong-) უნდა ენდოს?

საქმე მარტო ნდობაზე არაა. სახელმწიფო კომისიის დასკვნა წარმოადგენს მარაგების ბალანსზე აყვანის ერთადერთ საფუძველს.

როცა ჩვენ წარვადგენთ  ჩვენს ანგარიშს, ისინი, ალბათ, დასკვნაზე დასკვნას დაწერენ და ეს დასკვნა გახდება მარაგების ბალანსზე აყვანის საფუძველი.

ამ შემთხვევაში, მარაგების სახელმწიფო კომისიას ზედმეტ რგოლად  ხედავთ? 

ერთი მხრივ, არის ზედმეტი რგოლი, მაგრამ მეორე მხრივ, მათ გარეშე, მარაგებს ბალანსზე ვერ აიყვან. 

როცა JORC-ით დათვლილი ანგარიში მიდის, ალბათ, ეს სახელმწიფომ ცნობად უნდა მიიღოს და არ უნდა გადააგზავნოს ხელახლა მარაგების კომისიასთან გადასამოწმებლად. 

როცა საფონდო ბირჟა იღებს და მსოფლიო აღიარებს JORC ის მიერ დათვლილ და Wardell Armstrong-ით დამტკიცებულ მარაგებს, უხერხულია რომელიღაც ქართულმა უწყებამ ამ დოკუმენტს ექსპერტიზა გაუკეთოს.

თუ კომპანია საფონდო ბირჟაზე  არ გავიდა, რა მექანიზმი აქვს     სახელმწიფოს, რომ საკუთარი მარაგები აკონტროლოს? 

მარაგების გადამოწმება ლიცენზიის გამცემის და იმ ორგანოს ფუნქციაა, რომელსაც მარაგები ბალანსზე აჰყავს. 

დამტკიცებული მარაგი სულაც არ ნიშნავს, რომ რეალურად ადგილზე იმდენი საბადო იქნება.  გვქონდა მარაგების არდადასტურების შემთხვევები. გვქონდა შემთხვევები, როცა არ ველოდით და იქ აღმოჩნდა.

ზაფხულში მარაგების ნაწილს JORC-ის სტანდარტით დაიცავთ. შემდეგ ამ დოკუმენტს მარაგების კომისია განიხილავს. კომისიის სხდომის ოქმი კონფიდენციალურია.  თუ JORC  გამჭვირვალობას მოითხოვს, რა აზრი აქვს ოქმის კონფიდენციალურობას?

არ ვიცი. ჩემი აზრით, მარაგები საერთოდ არ უნდა იყოს კონფიდენციალური. დიდი კომპანიების უმრავლესობას მარაგები ღია აქვთ. შეიძლება დახურული ჰქონდეთ რენტაბელობა.

მაგალითად, მე შეიძლება მქონდეს 10 ტონა ოქრო. მაგრამ მეორე საკითხია, რა მოგებას მაძლევს 10 ტონა ოქრო.

მხოლოდ ოქროს საბაზრო ფასზე არაა დამოკიდებული კომპანიის მოგება, არამედ: მოპოვების ღირებულებაზე, გადასახადებზე, ტექნოლოგიაზე, ამოღებაზე, მინარევებზე, გაწმენდაზე და ასე შემდეგ... 

შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე ობიექტი, სადაც  კარგი რესურ­სებია, მაგრამ ვერავინ ხელს ვერჰკიდებს იმის გამო, რომ დაბალირენტაბელობაა. მაგალითად, კომუნიტების დროიდან არსებობს ინფორმაცია, რომრთ-ერთ ობიექტზე თითქმის 10  ტონა ოქროა. ხელს ვერავინ ჰკიდებს იმიტომ, რომ საბადო ძალიან მაღლაა, სეზონი მოკლეა,  გზები კი რთული,  ოქროს ანთიმონი ურევია. მათი გამოცალკევება კი ძნელია.

ასე რომ, თავისთავად 10 ტონა ოქრო არაფერს არ ნიშნავს.

სახელმწიფო ინტიტუციებთან ურთიერთობისას, განიცდიდით მათი მხრიდან გეოლოგიური ცოდნის ნაკლებობას?

ნაკლებობას კი არ განვიცდიდი. უბრალოდ, ცალკე გეოლოგიური სამსახური საერთოდ არ არსებობს.

ვფიქრობ, რომ საქართველოში ცალკე გეოლოგიური სამსახური უნდა არსებობდეს თუნდაც იმის გამო, რომ ორი უზარმაზარი საბადო გვაქვს: ჭიათურის და ჩვენი (იგულისხმება ძველისა ხელწოდებით“მადნეულის” და “საყდრისის”საბადოები).

სახელმწიფოს სჭირდება სერიოზული სამთო-გეოლოგიური სამსახური მარაგების მოძრაობის გასაკონტროლებლად. ეს სამუშაოს გაუადვილებს სახელმწიფოსაც და ჩვენც.

თავის დროზე, თქვენც მუშაობდით სახელმწიფო უწყებაში. რატომ გადაწყვიტეთ იქიდან წამოსვლა?

მომბეზრდა სახელმწიფო სამსახურში ყოფნა. კერძო სექტორიდან მივედი და 10 წელი დავყავი სახელმწიფო სტრუქტურებში: 5 წელი - გეოლოგიურ სამსახურში და 5 წელი - გარემოს დაცვის სამინისტროში.

გეოლოგიის დეპარტამენტში, სწორედ ლიცენზირების საკითხების ინფორმაციული მოგვარება მევალებოდა. იგივე მოვალეობას ვასრულებდი გარემოს დაცვის სამინისტროში. 

სახელმწიფო უწყებები სუსტდება იმიტომაც, რომ გამოცდილ გეოლოგებს არ უნდათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა და კადრების კერძო სექტორში გადინება ხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, მეტი ანაზღაურებაცაა

გეთანმხებით - ხალხი კერძო სექტორში გაედინება.

გეოლოგიის შემთხვევაში, არსებობს მეორე მიზეზი: სახელმწიფომ თავის დროზე გეოლოგიური სამსახური გააუქმა და გეოლოგებს მორალურადაც დაეკარგათ ხალისი.

როცა ქვეყანაში არ არსებობს სამსახური და რაღაცას ქმნი, მაშინ შეიძლება დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფისგან ახალი სამსახური შეიქმნას. იქ მუშაობა მიღწევაც შეიძლება იყოს და სახალისოც.  მაგრამ როცა ხედავ, როგორ მიდის ეს ყველაფერი უკან-უკან  და უზარმაზარი გეოლოგიური დეპარტამენტიდან აღარაფერი დარჩა, რასაკვირველია, ხალისი გეკარგება. 

რამ უნდა წაახალისოს გამოცდილი სპეციალისტი, იგივე გეოლოგი თუ სხვა, რომ სახელმწიფო სამსახურში დარჩეს?

დღეს ძალიან დიდი განსხავებაა სახელმწიფო გეოლოგიურ სამსახურსა და კერძო გეოლოგიურ სამსახურს შორის.

კერძო გეოლოგიურ სამსახურში, ამ შემთხვევაში სამთო-გეოლოგიურ კომპანიაში, სადაც მე ვმუშაობ, გეოლოგი გაცილებით თავისუფალია და აქვს ყოველდღიური საქმე, ველზე გასვლა და ასე შემდეგ.   

სახელმწიფო გეოლოგიური სამსახური კი დღეს პრაქტიკულად მხოლოდ ლიცენზირებამდეა დასული. გეოლოგიური სამსახური კი მხოლოდ ლიცენზირება არაა.  გეოლოგიური სამსახურია გეოლოგიური რუკა, მეწყრები, მიწისძვრის პროგნოზირება და ათასგვარი საინტერესო რამ. ამას არავინ არ აკეთებს ან ძალიან დაკნინებულია.

არც სახელმწიფო გეოლოგიური დეპარტამენტი არსებობს, არც გეოლოგიური ინტიტუტი - ქართული გეოლოგია ცუდ მდგომარეობაშია. არ არსებობს ფუნდამენტური მეციერება.  პრაქტიკულად აღარ არსებობს გამოყენებითიც. ექსპერიმენტული ბაზა ნოლზეა: არც ლაბორატორიაა,  არც სხვა სახის ბაზები. საველე გეოლოგიაც ჩამკვდარია.

სახელმწიფომ რა უნდა დაუპირისპიროს კერძო სექტორს, რომ იგივენაირი ადამიანური რესურსი ჰქონდეს, როგორც კერძო სექტორს? 

კარგად ვერ გეტყვით, როგორ. მაგრამ გეოლოგიური სამსახური უნდა აღდგეს.

ის გადასახადები, რომელიც შედის თუნდაც ჩვენი კომპანიიდან, საკმაოდ სოლიდური რაოდენობისაა. იმ თანხის ნაწილი უნდა დაიხარჯოს გეოლოგიურ ფაკულტეტებზე, აკადემიური ინტიტუტების აღდგენაზე და შემდეგ გეოლოგიური სამსახურის დაფინანსებისთვის.  ამისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და რეგულირებისათვის მოსაკრებლების გადასახადის თუნდაც ნახევარი სრულიად საკმარისი იქნება.

კომპანიის მიერ მარაგების დამალვის რა საფრთზე არსებობს, როცა სახელმწიფოს გეოლოგების საკუთარი ძლიერი ჯგუფი არ ჰყავს?

როცა გეოლოგიური სამსახური არ არსებობს, როცა არ არსებობს ანგარიშგება, ანგარიშის წამკითხველი - ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფომ არ იცოდეს, რეალურად რა მარაგები იქნა ამოღებული და რაა დარჩენილი.

რეალურად სახელმწიფომ შეიძლება ვეღარც დაამტკიცოს მარაგები, თუ კვალიფიციური კადრი არ ჰყავს. 

აქედან გამომდინარე, თუ არ იცი მარაგი, მისი მოძრაობა, არსებობს საფრთხე, რომ ეს ყველაფერი ვერ გააკონტროლო.

ხშირად,  მარაგების დამალვა კი არ არის უფრო საშიში, უფრო საშიშია მტაცებლურად და არარაციონალურად გამოყენება.  თქვენ თუ გაქვთ 10 ტონა  ოქროს საბადო, ზოგან უფრო დაბალი და ზოგან უფრო მაღალი შემცველობით და მაგალითად, მაღალი შემცველობები არის სულ 5 ტონა, არ არის გამორიცხული, რომ თქვენთვის უფრო მომგებიანი იყოს მდიდარი ნაწილების ამოღება და ის რაც დარჩება, უკვე არ იყოს დასამუშავებლად რენტაბელური. ასე მიიღება მოკლევადიან პერსპექტივაში, მეტი მოგება. ანუ ჩნდება მარაგების მტაცებლური მოპოვების საფრთხე. 

სახელმწიფო არ უნდა იყოს სხვის იმედზე - მას უნდა ჰყავდეს კარგი სამთო-გეოლოგიური სამსახური, რომელიც ამას დაალაგებს.

ადრე,  სახელმწიფო თვითონ აფასებდა/ითვლიდა საკუთარ წიაღისეულ მარაგებს. გარკვეული პერიოდის მერე, დაფინანსების შემცირების გამო, მარაგების შეფასება შეწყდა. თქვენი აზრით, სახელმწიფო თვითონ უნდა ითვლიდეს საკუთარ მარაგებს?

არა. სახელმწიფო არ უნდა აფასებდეს თავის მარაგებს. ესაა კერძო მეწარმის ვალდებულება.  სახელმწიფო უნდა იღებდეს ამ მარაგების ანგარიშებს და გადამოწმებისთავი უნდა ჰქონდეს.

სახელმწიფოს საქმეა სწორად განსაზღვროს, რომ კონკრეტულ ადგილზე სწორად გაიცეს ლიცენზია, იყოს მარაგების სწორი ექპერტიზა და სწორი კონტროლი, რომ მერე ეს მარაგები არ იქნეს არასწორად გამოყენებული.  ერთი შეხედვით,  მარტივისაქმეა, მაგრამ რეალურად, სერიოზული გეოლოგიურ სამსახურს მოითხოვს.

შესაძლოა სახელმწიფომ მარაგების დათვლა საკუთარ თავზე აიღოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - მაგალითად, როცა საქმე ეხება ურანს ან სხვა გასაიდუმლოებულ სტრატეგიულ რესურსებს.

ამჟამად თქვენ Rich Metals Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ხართ. თქვენს განკარგულებაში,  რა ოდენობის მარაგია დარჩენილი?

უახლოეს მომავალში მარაგებით ჯერ-ჯერობით უზრუნველყოფილი ვართ, ვგულისხმობ ოქროსა და ოქრო-სპილენძის მადნებს - ეს არის Measured კატეგორია JORC-ისმიხედვით, და შესაბამისად C1(A, B) კატეგორიები რუსული კლასიფიკაციით, ამდენად მათი უტყუარობის ხარისხი მაღალია. 

ყველა დანარჩენი ინდიკატური (სავარაუდო) და პროგნოზული მარაგებია. უნდა ითქვას, რომ დამაიმე­დებელი პროგნოზები გვაქვს. ველოდებით, რომ კომპანიას ნელ-ნელა ახალ მარაგებს შემოვუმატებთ. ახალი მარაგების პირველი შედეგები უკვე ივლის-აგვისტოში უნდა გვქონდეს.

რა ინვესტიციები ჩადო ახალმა ინვესტორმა მარაგების გეოლოგიურ კვლევა-ძიებაში?

მხოლოდ გეოლოგიაში დაახლოებით 25 მილიონი გვაქვს დახარჯული. ერთ წელიწადში ბევრი ვბურღეთ:  დაახლოებით 50 ათასი მეტრი. თანამედროვე ლაბორატორიულ-ტექნიკური ბაზა შევქმენით - ეს არის როგორც სინჯის მოსამზადებელი, ასევე ქიმიური და აღწერილობითი ლაბორატორიები. ეს ყველაფერი გეოლოგიის ნაწილია და მარაგების შეფასებაში გვეხმარება. 

JORC-ის დასკვნაში ეს ყველაფერი იქნება და ზაფხულში ნახავთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^