Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლადო ვარდოსანიძე - "მერის დაძახილზე ქალაქი გარეთ უნდა გამოვიდეს!"

09 ოქტომბერი 2017

რა არის ქალაქი? რა არის თბილისის უმთავრესი პრობლემა დღეს? თბილისი, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ასპარეზი... დეტალები, რომლებიც ამახინჯებს ქალაქს, სივრცითი ქცევის პრობლემები, მტკვარი - მიტოვებული მდინარე და საზოგადოებრივი საპირფარეშოების გადაუჭრელი პრობლემა - ამ და სხვა საკითხებზელიბერალიურბანისტ  ლადო ვარდოსანიძეს ესაუბრა.

რა არის ქალაქი?

ჩემზე კარგად ამ შეკითხვას სულხან-საბა ორბელიანმა უპასუხა, ზეპირად მახსოვს:

„თანამრავლობასა და თანასახლობასა ქალაქ სახელედების ვინათგან ვერ კმაეყოფის ერთი კაცი თავსა თვისსა, არამედ რათა შევეწეოდეთ ერთი მეორესა და სარგებელსა მივანაყოფებდეთ“.

ეს არაჩვეულებრივი განმარტება ქალაქის ორბუნებოვნებას გვიჩვენებს - ფიზიკური და სოციალური, კულტურული ქალაქი.

ქალაქი ვართ ჩვენ, შესაბამისად, სოციალური კომპონენტი უფრო ცვალებადია, ვიდრე შენობა-ნაგებობები და ა.შ.

ქალაქი მუდმივად იცვლება და შეძახილები, რომ ვაი, ძველი თბილისი ვეღარ დაბრუნდება, უბრალოდ, ალოგიკურია. კი, ემოციური, რომანტიკული ამბავია ძველი თბილისი, მაგრამ ვეღარ დააბრუნებ ამქრებს, ვერ გააცოცხლებ უკანასკნელ მეფაიტონეს. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა სხვა საკითხია - საით მივდივართ, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ. ხომ არ არის ისეთი კომპონენტები, რომლებიც ნაადრევად ქრება?!

ყველა მთავრობა გვიმტკიცებს, რომ ქალაქი პროგრესის გზაზეა, ოპოზიცია კი პირიქით გვეუბნება. რა ქნას ამ დროს ადამიანმა? რომელს დაუჯეროს? ამის გასაზომად არსებობს ურბანული განვითარების ინსტრუმენტები - ინდიკატორები. ეს ჩვენთვის, ურბანისტებისთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა ურბანმენეჯერებს, ხელისუფლებასარაფრით არ სურს ამ ინდიკატორების შემოტანა.

რა არის თბილისის უმთავრესი პრობლემა დღეს?

თბილისს სჭირდება ინსტიტუციური მეხსიერება! ქალაქი არის სისტემების სისტემა. პირველ რიგში, აუცილებელია კონსენსუსი საზოგადოებაში: როგორი ქალაქი უნდა იყოს თბილისი 15 წლის შემდეგ? ეს ხედვა ამბიციური და ამავე დროს რეალისტური უნდა იყოს! ადრე თუ გვიან თბილისში მოვა ქალაქის მცოდნე მერი და ამ ბერკეტებს აამოქმედებს!

ასევე, დანაშაულია ტენდერების გზით ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავება. უნდა გვქონდეს ინსტიტუციური მეხსიერება, სადაც ამ ტიპის ინფორმაცია იქნება დაცული!  შეიძლება კონკრეტულმა ორგანიზაციამ ბრწყინვალე პროექტი შექმნას. თუმცა, შემდეგ ჩააბარებს დამკვეთს, ქუდს დაიხურავს და წავა. ინსტიტუციის არარსებობის გამო ასეთი დოკუმენტები ჰაერშია გამოკიდებული! არ მითხრათ, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახური რამეს გააკეთებს!

თბილისი, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ასპარეზი...

დემოკრატია გარკვეულწილად არითმეტიკასაც გულისხმობს. ცუდი პოლიტიკოსია ის, ვინც ხმებს არ ითვლის - ხომ?! „მიზანი ამართლებს საშუალებას“, - რა ვქნათ, ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ამიტომაცაა, რომ ხშირად, ღირსეული კანდიდატებიც კი, პოპულისტურ სვლებს აკეთებენ - მოგება სჭირდებათ, რომ, როგორც თავად მიიჩნევენ, სიკეთე მოუტანონ ქალაქს.

ვფიქრობ, მუნიციპალური პოლიტიკა - პოლიტიკის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ძალიან ღირსეული მიმართულებაა. ჩვენ უნდა გვყავდეს მუნიციპალური პოლიტიკოსები - თბილისის არჩევნები არ არის ნახევარფინალი, ფინალში - პარლამენტში მოსახვედრად.

მუნიციპალური პოლიტიკოსი მნიშვნელოვანი ფიგურაა, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ასეა. კი ბატონო, ქალაქის მერები ხშირად ხდებიან პრეზიდენტები, მაგრამ მთელი გუნდი, რომელიც ურბანულ საკითხებზე მუშაობს, ადგილზე რჩება.

ურბანული უწიგნურობის გამო, იმის გამო, რომ ჩვენ კანონებს არ ვკითხულობთ, არ ვიცით, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება-მოვალეობები, თავად ჩვენი უფლებები, გვგონია, რომ მოვა კარგი ბიჭი, რომელიც პენსიებსა და ფულს დაარიგებს. ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საქმე!

ქუჩაში მოსახლეობას რომ ჰკითხოთ, რა არის თბილისის მთავარი პრობლემა, ყველა სოციალურ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. ეს თბილისის კი არა, მთელი ქვეყნის პრობლემაა! თბილისს სხვა რაღაცეებიც უჭირს!

ჩვენი პრობლემა კანდიდატების პრობლემა კი არა, ამომრჩევლის პრობლემაა. ყველა ცდილობს ამ ჩვენი მოუმზადებელი ამომრჩევლის გულის მოგებას.

ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც ამახინჯებს ქალაქს...

ღამის განათება ქალაქის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. დღეს ძველი თბილისი სამარცხვინოდაა განათებული.

ავიღოთ თუნდაც კლდის უბანი, რომელიც, ძირითადად, საცხოვრებელი სახლებითაა შეფენილი. აქ მენტალურ პრობლემასა და პრინციპულ შეცდომასთან გვაქვს საქმე. სახლი შიგნიდან უნდა ანათებდეს! ციმციმი, ჩაქრა, აინთო, რბილი განათება, ფერების სხვაგვარი ასახვა...

თბილისი - სინათლის ქალაქი! ამ კონცეფციის ავტორებმა „მიაყარეს და მიაყარეს“ სინათლე.

საინტერესოა ეკლესიების განათების საკითხი. ღამით თითქმის ყველა ჩვენი ეკლესია თავმოკვეთილია. გუმბათის ყელი განათებულია, თავად გუმბათი - არა. ეს აბსოლუტურად ცვლის ღამის ქალაქის სტრუქტურას.

ჭყეტელა ფერები ბარათაშვილის ქუჩის აივნებზე - ურბანული კულტურის დეფიციტის აშკარა ნიშანი.

პრინციპული მნიშვნელობისაა თბილისობის შეცვლა - საშინელებაა ქალაქს ღორის მწვადის ოხშივარი რომ ასდის. ამ დღეს თბილისი მასპინძელი კი არა, სტუმარია. თბილისი იმდენად გაძლიერდა კულტურული მიმართულებით, რომ თავისუფლად შეგვიძლია უამრავი ღონისძიების დაგეგმვა. ეს იქნებოდა დემონსტრირება იმისა, რომ თბილისი განვითარების ახალ საფეხურზე ადის.

ცალკე განხილვის თემაა მიკროურბანისტიკა. დღეს შეიძლება ვნახოთ, როგორ მოთქრიალებს წყალი ახალგარემონტებული მაღაზიიდან გადმოყოფილ მილში. ქალაქს პატრონი არა ჰყავს?

კი, ეს პრობლემები თვალსაჩინოა, მაგრამ გააჩნია მხედველობას. „ნიმბიზმის“(Not in my backyard) უამრავი მაგალითი გვხვდება დღეს - წყალი მე თუ არ მასველებს და ჩემს აივანზე არ გადმოდის, წყალსაც წაუღია...

საზოგადოებრივი საპირფარეშოების გადაუჭრელი პრობლემა...

ეს ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, თუმცა, ეს არ აწუხებს მას, ვისაც ამ პრობლემის გადაწყვეტა ეხება.

ქალაქში სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც, პრაქტიკულად ქუჩაში ცხოვრობენ, ვგულისხმობ გარემოვაჭრეებს, ტაქსისა და ავტობუსის მძღოლებს, ე.წ. „სტაიანშიკებს“, ადამიანებს, ვინც რუსთავიდან, გარდაბნიდან, მცხეთიდან ჩამოდიან და მთელ დღეს თბილისში ატარებენ; ბოლოს და ბოლოს ტურისტებს!

არსებობს ტუალეტების მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ საკუთრივ ტუალეტს. ეს არის სანიტარიული კულტურა. გაერო-ის ადამიანთა დასახლებების ცენტრს  („ჰაბიტატი“) ერთი არაჩვეულებრივი მოტო აქვს - „წყალი სიცოცხლეა, სანიტარია - ღირსება“.

ამ კუთხით ჩვენ უღირსი საზოგადოება ვართ!

მტკვარი... ადამიანებისა და ქალაქისგან მიტოვებული მდინარე

წყალმცირობის პერიოდში მტკვარში დაახლოებით 30% ხელოვნური მინარევია... ხვდებით ალბათ, რასაც ვგულისხმობ.

საერთოდ, კომუნისტურმა ქალაქმშენებლობამ ქალაქი მტკვარს მოწყვიტა. მაგრამ ამის საფუძვლები ადრეც იყო. მაგალითად, ოპერის თეატრს რომ შეხედოთ, მტკვართან ზურგით დგას. დღეს მტკვართან კონტაქტი ძალიან გაძნელებულია. პრაქტიკულად მხოლოდ და მხოლოდ დიღმის ჭალები და ორთაჭალის ქვემოთ არსებული ტერიტორიაღა რჩება.

ორთაჭალჰესმა მტკვრის ბუნება შეცვალა და ერთ დროს ბუნებით მთის მდინარე, ახლა დაჭაობებულ ზონად იქცა, რომელსაც არა აქვს ბუნებრივი სანიტარია, ჟანგბადი და ა.შ. საკმაოდ რთული საკითხია და ისევ და ისევ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის პრობლემას ვეჯახებით.

ამ ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მტკვარს არაერთი კაპილარი აქვს, რომლებიც დღეს ბეტონის კოლექტორებშია მოქცეული. დიდი გარღვევა იყო ლეღვთახევის გახსნა და ეს ყველამ კარგად დავინახეთ, თუმცა დღეს უკვე იწყება ამ ტერიტორიის დანაგვიანება.

სწორედ მცირე მდინარეებია ჩვენი ერთ-ერთი რესურსი. უნდა ნახოთ, როგორ უვლიან, ელოლიავებიან მცირე მდინარეებს თუნდაც ლიტვაში, სადაც ქალაქების ცხოვრება, ემოციები, რეკრიაციული ზონები სწორედ ამ მდინარეებზეა აგებული.

მტკვარი აღარ არის სარეკრიაციო მდინარე, მაგრამ იმას მაინც იმსახურებს, რომ სუნი არ ასდიოდეს! ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის.

ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნება. თემატური ტურისტული მარშრუტები.

სამწუხაროდ, ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი ხარვეზები გვაქვს. ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობისა და არქიტექტურის მარშრუტებია შედგენილი, მაგრამ თემატური აშკარად გვაკლია. არადა, საამისოდ მომზადებულიც კია მასალები, მაგალითად თბილისური მოდერნი, წითელი ტერორის თბილისი და ა.შ.

მეტი მრავალფეროვნება, მეტი ეთნიკური თუ კონფესიური ინტერესია გასათვალისწინებელი, მაგალითად, სომხების თბილისი, კათოლიკური თბილისი, გერმანელების თბილისი. ეს ყველაფერი ქალაქია და ამ მიმართულების განვითარება კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 

დასასრულ, ვინ უნდა იყოს ქალაქის მერი ქალაქისთვის?

ქალაქის მერის დაძახილზე ქალაქი გარეთ უნდა გამოვიდეს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^