Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის განაშენიანება - რას გვპირდებიან მერობის კანდიდატები

17 ოქტომბერი 2017

21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება და თბილისის მოსახლეობა მერს აირჩევს. კანდიდატები საარჩევნო პროგრამაში თავიანთ პრიორიტეტებზე საუბრობენ. როგორია თბილისის მერობის კანდიდატების ურბანული პოლიტიკა, იხილეთ სტატიაში:

ქართული ოცნებისთბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე

კახა კალაძის ურბანული პოლიტიკა ყველა უბნის თანაბარ განვითარებას, მშენებლობების რეგულაციების გამკაცრებასა და ძველი შენობების რეაბილიტაციას მოიცავს.

უფრო კონკრეტულად კი, კალაძის განმარტებით, დამუშავდება და დამტკიცდება თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის ყოველდღიურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

კახა კალაძის გეგმა თბილისში ქაოსური და უსახური განაშენიანების პრობლემის მოგვარებასაც გულისხმობს, რისთვისაც დადგინდება შენობის ფასადების იერსახის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების და მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები. ამასთან, მკაცრად იქნება დაცული მშენებლობის უსაფრთხოების სტანდარტები და ქალაქის დასახლებული ტერიტორიების მიმდებარედ სასაფლაოების გაფართოება შეიზღუდება. ასევე, იგეგმება ავარიული და ძველი შენობების რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების კონცეფციის შექმნა.

კალაძის ურბანული პოლიტიკის მიხედვით, ქალაქის ყველა უბანი თანაბრად განვითარდება და გაგრძელდება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. ამასთან,  ქალაქის სხვადასხვა უბანში განვითარდება მულტიცენტრები.

შემუშავდება თბილისის იერსახის ერთიანი სტილი, რაც მოიცავს წარწერების შრიფტების, აბრებისა და ვიტრინების დიზაინის სტანდარტებს.

რაც შეეხება ქალაქის კეთილმოწყობას, პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, დაიგება ასფალტი და დაიხვეწება წყალმომარაგებისთვის, გაზმომარაგებისა და ენერგომომარაგებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოსთბილისის მერობის კახა კუკავა

საარჩევნო პროგრამის ურბანული ნაწილის თანახმად, თბილისში შეჩერდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და  ქალაქის მთელი დარჩენილი ტერიტორია მწვანე საფარის, გზების და ავტოსადგომების ქსელის გაფართოებას მოხმარდება.

დედაქალაქის განტვირთვის მიზნით, სამთავრობო დაწესებულებების ნაწილი თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლებს. ადგილს შეიცვლიან კაზინოები და სათამაშო დაწესებულებებიც - გეგმის თანახმად, ისინი ნაკლებად დასახლებულ ტურისტულ ცენტრებში (მაგ: გუდაურში) გადაინაცვლებენ.

კუკავას საარჩევნო პროგრამის მიხედვით, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს გადაეცემათ, საძოვრები და ტყეები კი - თვითმმართველობებს. ამასთან, ყველა სარეკლამო დაფა მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ  უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ უსახური შენობებით ქალაქი აღარ დამახინჯდება.  ამის უზრუნველსაყოფად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი არქიტექტურის სამსახურის  უფროსის ღია წესით,  საჯარო კონსულტაციების შემდეგ შერჩევა იქნება.

უდუმაშვილის გეგმის თანახმად, გაიზრდება სამშენებლო კომპანიებისთვის მწვანე სივრცის შექმნის ვალდებულება. ამასთან, მკაცრად იქნება დაცული მშენებლობებზე დასაქმებულთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, მშენებლობებს შორის დასაშვები მანძილი გაიზრდება. ერთ-ერთი პრიორიტეტი ავარიული კორპუსებისა და სახლების რეაბილიტაცია იქნება და ამისთვის ყოველწლიურად 50 მლნ. ლარი დაიხარჯება. მოწესრიგდება სადარბაზოები, შეკეთდება ლიფტები და სახურავები.

ერთობა - ახალი საქართველოსთბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ დღეს თბილისი არის დანაწევრებული ტერიტორია „ელიტური" და პერიფერიული უბნებით და ეს ქალაქის განვითარებას აფერხებს. მისი გეგმის თანახმად, თბილისის ყველა უბანს თავისი ფუნქცია უნდა ჰქონდეს და თანაბარი განვითარების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

ვაშაძის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ყველა უბანს თავისი ცენტრი ექნება, სადაც საფეხმავლო ბილიკები და ველოსიპედის გზები მოეწყობა. ამასთან, გაიხსნება ინტერაქციული მუზეუმი, კაფეები, რესტორნები და სხვა ბიზნესობიექტები.

თბილისის ცენტრალური უბნების განტვირთვის მიზნით გიორგი ვაშაძე დედაქალაქში პირველი ბლოკჩეინ-ქალაქის შექმნას გეგმავს. ის თბილისის ზღვასა და აეროპორტს შორის აშენდება და იქ ახალი ოფისები და სამუშაო ადგილები მოეწყობა.

ვაშაძე განმარტავს, რომ თბილისის თითოეულ მცხოვრებს დაურიგდება ბლოქჩეინ-ქალაქის კრიპტო-აქცია. დანარჩენი აქციებს ICO-ზე გაიტანენ, რითაც  საერთაშორისო ინვესტორებს მოიზიდავენ. კრიპტო-აქციები მათ მფლობელებს საშუალებას მისცემს, იჯარიდან და სხვა კომერციული პროექტებიდან შემოსავალი მიიღონ.

გეგმის მიხედვით, ბლოკჩეინ-ქალაქი სრულად მზის ენერგიაზე იმუშავებს და იქ მხოლოდ ელექტროტრანსპორტი იქნება.

ევროპული საქართველოსთბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარიას ურბანული პოლიტიკა გამოუყენებელი ტერიტორიების ათვისებასა და ამ პროცესში მერიის როლს ეხება. ხოშტარიას განმარტებით, თბილისის 17% დაკავებული აქვს ისეთ შენობებს, რომელთაც არანაირი ფუნქცია აღარ აქვთ, ესენია ყოფილი სამრეწველო ტერიტორიები.  მათი ნაწილი კერძო საკუთრებაშია, ნაწილი მერიის, ნაწილი კი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.

ხოშტარია მიიჩნევს, რომ მერიამ ბიზნესთან უნდა ითანამშრომლოს და შესთავაზოს, რომ ამ ტერიტორიებზე რამე გააკეთოს. მაგრამ  უნდა დაუწესოს, რა შეიძლება გააკეთოს იქ და რა - არა. მისი გეგმის მიხედვით, ეს ადგილები სარეკრეაციო ზონად, რესტორნებად და სახელოვნებო ცენტრებად უნდა იქცეს.

ხოშტარიას გეგმის მეორე ნაწილი ავარიულ შენობებს ეხება. მისი განმარტებით, ამ სახლებში ცხოვრობს ხალხი, ბიზნესს კი იქ ინვესტიციის ჩადება უნდა. მისი თქმით, ასეთ დროს მერიამ უნდა შეარჩიოს უბანი, რამდენიმე სახლი და ბიზნესთან ერთად თვითონაც  ჩადოს ფულის ნაწილი რეაბილიტაციის პროცესში.

შენების მოძრაობისმერობის კანდიდატი, თენგიზ შერგელაშვილი

თენგიზ შერგელაშვილს საარჩევნო პროგრამაში გაწერილი აქვს, კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს თბილისის ურბანული განვითარებისთვის. მისი გეგმის მიხედვით, ქალაქის ყველა უბანი თანაბრად უნდა იყოს განვითარებული -  ყველგან უნდა შეიქმნას მუნიციპალური სერვისები, ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების არეალები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული, გასართობი და გამაჯანსაღებელი ობიექტები.

მისი გეგმის მიხედვით, დედაქალაქი თანაბრად კომფორტული უნდა გახდეს ქვეითად მოსიარულეებისა და ავტომობილების მფლობელებისთვის, მოხუცების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.  

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით დამტკიცდება  ქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა. მანამდე კი აუცილებლად ჩატარდება გარემოსდაცვითი ექსპერტიზა.  შერგელაშვილი გეგმავს, რომ თბილისის მოსახლეობას გაწეული სამუშაოების შესახებ 6 თვეში ერთხელ ჩააბაროს ანგარიში.  

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, მერიაში შეიქმნება თბილისის განვითარების ინსტიტუტი, სადაც თავს მოიყრის თბილისის ისტორიის კვლევის და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხები, ქალაქის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის საკითხები, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ტრანსპორტის, მშენებლობისა და ქალაქის ფუნქციონირების სხვა საკითხები და მათი ანალიზი.  

შერგელაშვილის გეგმა ავარიული შენობების ახალი საცხოვრებელი სახლებით ჩანაცვლებასაც მოიცავს. ანუ მოქალაქეს, რომელიც დღეს ცხოვრობს ავარიულ სახლში, შესაძლებლობა ექნება, უსასყიდლოდ გადავიდეს ხარისხიან ბინაში. ეს პროცესი ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფი შენობებიდან დაიწყება და 4 წელი გაგრძელდება.

„შენების“ გუნდის პროგრამის მიხედვით,  ყოველ მშენებარე კორპუსს ენერგოეფექტიანობის მოთხოვნას წაუყენებენ, რაც შენობის ენერგოდანაკარგების მნიშვნელოვნად შემცირებას, გათბობისა და ცხელი წყლის ცენტრალიზებულ სისტემებზე გადასვლას გულისხმობს. უკვე არსებული შენობების შემთხვევაში ეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობითა განხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი „შენების“ გუნდის უმთავრესი მოთხოვნებია: თანამიმდევრულობა, მაღალი ხარისხი და შესრულების სისწრაფე. მუნიციპალური შესყიდვების დაგეგმვისას ჩვენ დავნერგავთ ორცვლიან და, ზოგიერთ შემთხვევაში, სამცვლიან სამშენებლო სამუშაოებს.

დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილს საარჩევნო პროგრამა გაწერილი არ აქვს. თუმცა სხვა კანდიდატების მსგავსად საკუთარი გეგმების შესახებ მედიასთან ისიც საუბრობს.

მისი ხედვის მიხედვით, მერიაში ურბანისტიკის სამსახური შეიქმნება და არქიტექტურის სამსახური მის დაქვემდებარებაში გადავა. ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებული  გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავად მოქალაქეები ჩაერთვებიან.

ელისაშვილის გეგმა ინვესტორებისთვის შესაბამისი მოთხოვნების დაწესებას გულისხმობს, რათა მშენებლობისას მთი მთავარი ამოსავალი წერტილი მოსახლეობისთვის  გემოვნებიანი შენობების ჩაბარება იყოს.

რაც შეეხება ქალაქის იერსახეზე ზრუნვას, ამისთვის ელისაშვილის გუნდი შესაბამისი რეგულაციების დაწესებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მშენებლობის პროექტი და ურბანისტულ გეგმასთან მისი შესაბამისობა  წინასწარ შეფასდება.

პატრიოტთა ალიანსისთბილისის მერობის კანდიდატი, ირმა ინაშვილი

რამდენიმე სხვა კანდიდატის მსგავსად გაწერილი საარჩევნო პროგრამა არც ირმა ინაშვილს აქვს. თუმცა ქალაქის განაშენიანების შესახებ მედიასთან საუბრობს.

მისი განმარტებით, თბილისის მერმა  ურბანიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება პროფესიონალებთან, ურბანისტებთან და არქიტექტორებთან შეთანხმებით უნდა მიიღოს. ინაშვილის შეფასებთ, ამ მიმართულებით დღეს სერიოზული პრობლემებია და ეს კორუფციულ გარიგებებთანაა დაკავშირებული.

ინაშვილის გეგმა ასეთია - არც ერთი ახალი შენობა ძველი თბილისის ტერიტორიაზე. თბილისის ურბანული განვითარება რუსთავის მიმართულებით 25 კმ-იან ზოლზე უნდა მოხდეს. მისი გეგმის მიხედვით, უნდა გაშენდეს ეკოლოგიური კვარტლები, როგორც ამას იაპონია აკეთებს. ინაშვილი აუცილებლად მიიჩნევს ყოველ ახალ მშენებლობაზე ნებართვის გამკაცრებას. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს  ავტოსადგომი, მწვანე საფარი და ის, რომ ვიწრო ქუჩაზე მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა არ შეიძლება.

ლეიბორისტული პარტიისთბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა

გიორგი გუგავას საარჩევნო პროგრამა გაწერილი არ აქვს. მას არც ურბანიზაციის კონკრეტული გეგმა წარმოუდგენია. თუმცა როგორც ის მოსახლეობასთან  შეხვედრებზე აღნიშნავს, შეჩერდება ყველა მშენებლობა და სამეწარმეო პროცესი, სადაც  შრომის უსაფრთხოების წესები დაცული არ იქნება და დაქირავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება. მისი განმარტებით,  უბედური შემთხვევის დროს დამქირავებელი ვალდებული იქნება, გარდაცვლილის ოჯახს კომპენსაციის სახით არანაკლებ მილიონი გადაუხადოს.

ორგანიზაციამ - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ - საარჩევნო პროგრამები გააანალიზა. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საარჩევნო დაპირებები შესაძლებლობებს ყველაზე მეტად ელენე ხოშტარიას, კახა კალაძისა და თენგიზ შერგელაშვილის შემთხვევაში ემთხვევა. კვლევის თანახმად, თითქმის ყველა კანდიდატს ერთნაირი პრიორიტეტები აქვს. მაგრამ ზოგი მათგანის პროგრამაში პოპულისტური იდეები ჩანს და არა რეალური.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^