Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერნეტი 50+ ასაკში

25 დეკემბერი 2017

„აი, Youtube გავხსენი და  ვიდეოც შევარჩიე. ახლა ჩვენს ჯგუფში გასაზიარებლად Facebook-ზე შევიდე ხომ? შემიძლია სტატუსად რამეც დავწერო, მაგრამ ჯერ შრიფტი ქართულ ენაზე უნდა გადავიყვანო“, - ცისანა ბაკურაძე მასწავლებლების პირველ დავალებას ასრულებს და თან ხმამაღლა მსჯელობს. რამდენიმე წამში აუდიტორიაში Facebook-ის შეტყობინების ხმა ისმის, პროექტორის ეკრანზე კი ჩნდება, რომ ცისანამ „50+” ჯგუფში დაპოსტა.

ჯგუფი „50+“ სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა. სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ: მასში თავს ამავე დასახელების სასწავლო პროგრამის მონაწილეები იყრიან. ყველა მათგანი 50+ ასაკისაა და თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობებს სწავლობს. ჯგუფს უკვე მხოლოდ მეცადინეობისთვის აღარ იყებენ: საინტერესო თემებს განიხილავენ და შეკითხვებსაც სვამენ. ცისანაც ამ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა. დღეს მას ბოლო ლექცია აქვს, ამიტომ სხვა მსმენელებთან ერთად  ნასწავლი მასალა უნდა გაიმეოროს და შეაჯამოს.

„ძალიან პროდუქტიული 6 კვირა გვქონდა. ახალგაზრდებმა იმდენი გვასწავლეს... ზოგჯერ ვერ ვიგებდით, მაგრამ მესამედ და მეოთხედაც მშვიდად გვიხსნიდნენ. ცოტ-ცოტა აქამდეც ვიცოდი, რაღაცებს შვილებიც მეუბნებოდნენ ხოლმე, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ახლა მათ ინტერნეტით წერილებს რომ ვუგზავნი, აღფრთოვანებულები არიან“, - მიყვება ცისანა და თან ჯგუფელების პოსტებზე გულებს წერს.

50+ სასწავლო პროგრამა ჯეოსელის ინიციატივაა. ამ ინიციატივის ფარგლებში 50+ ასაკის ნებისმიერი მსურველი, რომელსაც ჰგონია ან ეუბნებიან, რომ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლა დაიგვიანა, ინტერნეტის გამოყენებას უფასოდ სწავლობს. პროგრამა კლავიატურასთან მუშაობას, ბეჭდვას, ინფორმაციის მოძიებას, სოციალური ქსელებითა და ელექტრონული ფოსტით სარგებლობას მოიცავს. ორსაათიანი ლექციები 6 კვირის განმავლობაში ჯეოლაბში ტარდება და მათ ჯეოლაბისვე სტუდენტები ან კურსდამთავრებულები უძღვებიან. ასაკობრივი ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის. იმ 136 მსმენელს შორის, ვინც პროგრამა უკვე გაიარა, ყველაზე უფროსი 79 წლის კაცი იყო, თუმცა მსურველებს შორის  ქალები ჭარბობენ ხოლმე: სტუდენტების 80%-ს სწორედ ისინი შეადგენენ.

ცისანას ნაკადში 25-ნი იყვნენ, ამიტომ ლექციები ორ ჯგუფად უტარდებოდათ. 19 წლის ლევან გოგუაძე, რომელიც ერთ-ერთი მასწავლებელია, ამბობს, რომ მსმენელებს თავიდან გაუჭირდათ, თუმცა მალე შეეჩვივნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ სწრაფადაც ითვისებდნენ. „უფროსი თაობის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად ტექნოლოგიებთან ურთიერთობა ერთულებათ ხოლმე. როგორც კი კომპიუტერთან სხდებიან, ნერვიულობენ... ჰგონიათ, რომ რაღაც გაფუჭდება, რამე წაიშლება. რაღაცნაირი შიში აქვთ. თანაც, მათთვის ტერმინებიც უცხოა, ამიტომ ვცდილობთ,  სასწავლო პროცესი, მარტივად და მხიარულად წარვმართოთ“, - მიყვება ლევანი, რომელიც ინტერნეტის გამოყენებას 50+ ასაკის მსმენელებს უკვე მეორედ ასწავლის.

მონაწილეებს პროგრამაში უმეტესწილად შვილები არეგისტრირებენ. ცისანას შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა სანამ კურსებზე ჩაეწერებოდა, მეგობარსა და ყოფილ თანამშრომელს, ნანა შპეტიშვილს დაურეკა და მონაწილეობა შესთავაზა. ცისანასა და ნანას კომპიუტერთან შეხება ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში ჰქონდათ, მაგრამ მაშინ მხოლოდ წერილებს ბეჭდავდნენ და მარტივ ცხრილებს აკეთებდნენ. ახლა ყოფილი კოლეგები აუდიტორიაში გვერდიგვერდ სხედან.

„პირველად Facebook-ზე ჩემმა გოგომ შემიყვანა, მაგრამ მაშინ არ დავინტერესდი. არ მცალია ხოლმე, ხომ იცით, ქალი რა ძალიანაა სახლის საქმეებით  დაკავებული. ზოგჯერ ნოუთბუქამდე და ტელეფონამდე ვერც მიდიხარ, თუმცა რეალიზებაც საჭროა. ამიტომ ვარ აქ. Facebook-ზე ლექციების დროს დავრეგისტრირდი. მობილურშიც მაქვს და აქედანაც შევდივარ ხოლმე. ჩემს გოგოს რომ მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე და პირველი შეტყობინება მივწერე, გახარებულმა მიპასუხა:  „ქალბატობო ნანა, დაამხეცეთ უკვე Facebook-იო“? - მიყვება ნანა.

  • მობილური აპლიკაციების გამოყენებაც ისწავლეთ? - ვეკითხები მე.
  • აბა როგორ? მესინჯერი და მთელი ამბები, - იცინის ნანა და სოციალურ ქსელში მეგობრობის თხოვნებს ადასტურებს.

დღეს სიხალვათეა. როგორც ჩანს, ბოლო ლექციაზე მხოლოდ ყველაზე ბეჯითები მოვიდნენ. ერთ-ერთი მათგანი თამარ გოგიაშვილი პოსტებზე რეაქციების გამოხატვას იმეორებს და თან მე მესაუბრება: „სულ მაინტერესებდა, ინტერნეტში რა ხდებოდა.  ჩემი შვილები და ქმარი კომპიუტერთან ისხდნენ ხოლმე, ხან იცინოდნენ, ხან ლაპარაკობდნენ, მე კიდევ არ ვიცოდი, რა იყო ან სანახავი, ან სასაცილო. სწავლას ახლა ნელ-ნელა მივეპარე. როცა გვერდით ვინმე მიზის, მაშინ არ ვღელავ, მაგრამ მარტო ჯერ ისევ დაძაბული ვარ“, - მიყვება და კლავიატურაზე დადებულ ფურცელში იხედება. ეს 50+ ასაკის მსმენელების კიდევ ერთი საერთო მახასიათებელია:  უმეტესობას ყველაფრის დაკონსპექტება უყვარს. სალომე გაჩეჩილაძე, რომელიც ლევანის მსგავსად მასწავლებელია, იხსენებს, რომ პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე თითოეული კლიკის თანმიმდევრობასაც კი დეტალურად იწერდა.

კურსებზე ნასწავლს ახალი ამბების გასაგებად და კომუნიკაციის დასამყარებლად იყენებენ. მოსწონთ, რომ სოციალურ ქსელში უამრავი ნაცნობი იპოვეს, მათთან ურთიერთობა აღადგინეს, ინფორმაციასაც ძალიან მარტივად იძებენ. ამბობენ, რომ მთავარი უკვე იციან და ახლა ნასწავლის გასაღრმავებლად თავადაც უნდა მოინდომონ.

Facebook-ზე მეგობრობის თხოვნებს მიგზავნიან. დღეისთვის ეს მათი ბოლო დავალებაა, ამიტომ სოციალური ქსელიდან გამოდიან. ვიშლებით. „ისეთი დადებითი ზეგავლენა მოახდინა ამ პროცესმა, ცოდნა ხომ შევიძინეთ და თან კურსებმა ხალისიც მოგვიტანა. ადამიანი ერთ ადგილას არ უნდა გაჩერდეს, განვითარება ნებისმიერ ასაკში სჭირდება“, - მეუბნება ნანა დერეფანში, სადაც თებერვლიდან უკვე მომდევნო ნაკადის მსმენელები ივლიან. 50+ პროგრამაზე რეგისტრაცია ამ დროისთვის უკვე 204 მსურველს აქვს გავლილი, მათ შორის ერთ-ერთი კი 82 წლისაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^