Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წინასაარჩევნო აქტიურობა სამხრეთ ოსეთში

11 ოქტომბერი 2013

სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები 2014 წლის მაისშია დაგეგმილი, მაგრამ პოლიტიკური ამბიციების მქონე მოღვაწეებისა და პარტიების გააქტიურება უკვე ძალზე შესამჩნევია. რესპუბლიკის პარტიები იმდენად დიდი გზნებით შეუდგნენ საქმეს, რომ სამხრეთ ოსეთის მეთაურს, ლეონიდ თიბილოვს უკვე დაუსწრებელ პოლემიკაში უწევს ჩართვა მათ ლიდერებთან. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს, 7ოქტომბერს, თიბილოვმა მისთვის ჩვეული მანერით, შეფარულად გაკიცხა პარტიათა გააქტიურება: „პარტიები ხალხს უნდა ემსახურონ, კი არ უნდა გააღიზიანონ ის. შეხედეთ ჩვენს საცოდავ ხალხს, რად გადააქციეთ? ადამიანებს აღარც თქვენი სჯერათ, აღარც არავისი, აბსოლუტურად“, განაცხადა თიბილოვმა. მისი ირიბი და გადაკვრით გამოთქმული საყვედურები იმას უკავშირდება, რომ დღეს განსაკუთრებით გააქტიურებული ზოგიერთი პარტიული ლიდერი მისი მთავრობის შემადგენლობაში შედის, მაგალითად, სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ანატოლი ბიბილოვი. ეს უკანასკნელი უპირველეს ყოველისა იმითაა ცნობილი, რომ პირწმინდად დამარცხდა ოპოზიციის კანდიდატთან, ალა ჯიოევასთან საპრეზიდენტო პაექრობაში 2011 წელს.

გარდა იმისა, რომ ბიბილოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარტიის, ,,ედიანაია ოსეტიას“ ლიდერია, მას, ორი წლისწინანდელი მარცხის მიუხედავად, როგორც ჩანს, ზურგს სერიოზულად უმაგრებს  რუსეთი. ამიტომ თიბილოვს თავისი მინისტრის ამბიციების მოსათოკად მაინცდამაინც დიდი შესაძლებლობები არ გააჩნია.  „ედინაია ოსეტია“ მთავარ მიზნად სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ისეთის გაერთიანებას ისახავს, რუსეთის ფედერაციის ფარგლებში.  ანუ,  რესპუბლიკის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად რაიმე დეტალური პროგრამის ნაცვლად, ბიბილოვის პარტია მასებს მარტივ და გასაგებ გამოსავალს სთავაზობს - რუსეთის ფედერაციაში შესვლას,  და სამხრეთ ოსეთის ყველა პრობლემის ერთი ხელის მოძრაობით მოგვარებას.

სამხრეთ ოსეთის მცირე რესპუბლიკის პირობებში, როცა მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რესურსი რუსეთიდან მოდის, რომელიმე მსხვილი პარტიის არსებობა ფინანსირების რუსულ წყაროებს უკავშირდება. საკმაო დამაჯერებლობით შეიძლება იმის მტკიცება, რომ სწორედ რუსეთის გარკვეული წრეები აფინანსებენ არა მხოლოდ,,ედინაია ოსეტიას“ , არამედ მის ძირითად თემას რფ-ს ფარგლებში გაერთიანების შესახებ. იმის ხსენებაც საკმარისი იქნება, რომ პარტიის ფუნქციონერების თქმით, მისი წევრების ოდენობა დღეს 2 000-ს სცდება. ეს უზარმაზარი ციფრია სამხრეთ ოსეთისთვის და იმ პარტიისთვის, რომელიც რესპუბლიკის პარლამენტშიც კი არ შედის. დღეს ძნელი სათქმელია, რას გულისხმობენ რუსი ავტორები საკუთარ სლოგანში სამხრეთ ოსეთის რუსეთში შესვლის შესახებ. ერთი მხრივ, ეს შეიძლება მხოლოდ მომგებიანი წინასაარჩევნო შეპირება იყოს, რომლის მეშვეობითაც ,,ედინაია ოსეტია“ და მისი რუსი მფარველები ხელისუფლებაში მოსვლას ფიქრობენ. მეორე მხრივ, ეს შეიძლება საქართველოზე ზემოქმედების მოხდენის უფრო ფართო რუსული გეგმის ნაწილი იყოს.

რაკი საქართველოს ევროსაბჭოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ასე მძაფრად დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში, მოსკოვს, სავსებით შესაძლებელია, ამგვარი ბერკეტების მოსინჯვის და ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლის იმედი ჰქონდეს. ძალიან საეჭვოა, ამ გეგმებმა პრაქტიკულ სიბრტყეში  უახლოეს წლებში გადაინაცვლოს - თუნდაც რუსეთისათვის შესაძლებელი საერთაშორისო გართულებების გამო, თუმცა, როგორც ,,პიარ“ აქცია, ეს ზემოქმედების სავსებით გამოსადეგი იარაღია.

ბიბილოვის მხრიდან წამოსულ ამ გამოწვევას, სამხრეთ ისეთის მოქმედმა ხელისუფლებამ სულ მცირე, ორი პასუხი შეაგება. ერთი მხრივ, თიბილოვიც ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთის რფ-ში შესვლის მომხრეა, თუმცა, აქ საუბარია რუსეთის ფედერაციის ეგიდით შეკრულ  პოსტ-საბჭოთა სივრცის ამა თუ იმ გაერთიანებაში შესვლაზე.  მეორე მხრივ, რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა ,,ედინაია ოსეტიაზე“ გამანადგურებელი იერიში მიიტანოს. 3 ოქტომბერს  ინტერნეტ-რესურსმა osradio.ru-მ მკითხველს ამცნო, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა პარტიაზე სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს. ამ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ( მას კი ისეთი რეპუტაცია აქვს, თითქოს მოსკოვში ინფორმაციის სანდო წყაროები ჰყავს), მოსკოვის მხარდაჭერამ ანატოლი ბიბილოვს ისე ავნო, რომ ახლა მის წინააღმდეგ უკვე ცხინვალის ხელისუფლებაც ილაშქრებს. კერძოდ, 2013 წლის ივლისში, მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის განზრახ მოწყობილი ფინანსური შიმშილის პირობებში, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ რესპუბლიკის რსს სამინისტროს 3 მლნ.-ზე მსხვილი დახმარება დაუფარავად  და დემონსტრატიულად გამოუყო. იმის სანაცვლოდ, რომ ბიბილოვს ღიად დაუპირისპირდეს, ამ ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უბრალოდ სამსახურებიდან დაათხოვინა იმ საინფორმაციო საშუალებებში მომუშავე არაერთი პირი, რომლებიც საგანგებო სიტუაციათა მინისტრსა და მის პარტიას ინფორმაციული მხარდაჭერით უზრუნველყოფდნენ.

უკანასკნელი გამწვევებები სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაში იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვი ცდილობს, რესპუბლიკაში ხელისუფლება შეცვალოს. რესპუბლიკის რუსი კურატორები მძაფრი ქმედებებისთვის მზად არ არიან, ამის მაგიერ იმედოვნებენ, რომ რესპუბლიკის პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებენ, მას მაქსიმალურ რესპექტაბელობას შესძენენ და საჭირო ცვლილებებს ამის მეშვეობით მოახდენენ. ამავე დროს, ჩნდება სამომავლოდ ასამოქმედებელი ,,პიარ“ თემა საპარლამენტო არჩევნებში პრომოსკოვური კანდიდატისათვის მიმზიდველობის მისანიჭებლად  და საქართველოზე ზემოქმედების მოსახდენად. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემა ამიერიდან და სულ მცირე, მთელი მომდევნო წლის განმავლობაში, პერიოდულად ამოტივტივდება ხოლმე ზედაპირზე. ასეა თუ ისე, რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები, წესითა და რიგით, საკმაოდ საინტერესო მოვლენად უნდა იქცეს, რადგან სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური ბრძოლა უკვე ახლავე იძენს სერიოზულ მასშტაბებს.

 

 სტატია მომზადებულია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, "ლიბერალისა“ და ხსენებული ფონდის ერთობლივი პროექტის, "სამხრეთ კავკასიის ხმების“ ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, მასში გამოყენებული ტერმინოლოგია, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ჟურნალის რედაქციისა და ბიოლის ფონდის პოზიციას. 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^