Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მე პროკურორი ვარ, შენ - არავინ“ - ძიძები პროკურორ მილენა მითაიშვილის წინააღმდეგ

31 იანვარი 2018

ერთ თვეზე მეტია, თბილისის მთავარი პროკურატურა მოქმედი პროკურორის  მილენა მითაიშვილის საქმეზე შიდა სამსახურეობრივ მოკვლევას აწარმოებს. პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ჩაიდინა თუ არა პროკურორმა ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი.

მოკვლევა მთავარმა პროკურატურამ ნინო ბოჭორიშვილის ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

ნინო ბოჭორიშვილი მილენა მითაიშვილის ოჯახში ძიძად მუშაობდა. 

„ლიბერალი“ მილენა მითაიშვილს გამოთქმული ბრალდებებზე სასაუბროდ არაერთხელ დაუკავშირდა, თუმცა მან პროკურატურის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. პრესსამსახურთან გადაგვამისამართა გამომძიებელმა ლევან ხარაიშვილმაც. პროკურატურაში კი ამ ეტაპზე ამბობენ, რომ მოკვლევა მიმდინარეობს.

ნინო ბოჭორიშვილი ამბობს, რომ პროკურორი თანამდებობას ბოროტად იყენებდა, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას; ერეოდა მის პირად ცხოვრებაში და ხშირად ამოწმებდა მის პირად, სატელეფონო მიმოწერებს.

არის კიდევ ერთი ეპიზოდი - ნინო ბოჭორიშვილის თქმით, პროკურორი მას ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა.  კერძოდ, სთხოვდა პატრულისთვის განეცხადებინა, რომ თითქოს მასზე მილენა მითაიშვილის მეუღლე ძალადობდა.

ნინო ბოჭორიშვილის თქმით, მილენა მითაიშვილი ოჯახიდან წამოსვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.  არ ატანდა პირად ნივთებს და ემუქრებოდა. მან ერთ დღეს პარკში ეს ისტორია უცხო ადამიანებს მოუყვა და მათ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირება ურჩიეს.

სწორედ ასეთ დაიწყო ინგა არახამიამ ნინო ბოჭორიშვილის ინტერესების დაცვა. 

ინგა არხამია ჰყვება, რომ ნინო ბოჭორიშვილის ზარის საფუძველზე ის ადგილზე (პარკში) გავიდა უფლებადამცველ ნინო ბოლქვაძესთან ერთად. გამოიძახეს პატრული, რომელიც ნინო ბოჭორიშვილს სახლიდან პირადი ნივთების წამოღებაში დაეხმარა, ბავშვი კი პროკურორის დედას ჩააბარეს.

სწორედ ამ დღის შემდეგ პატრულმა აღნიშნული საქმე მოსაკვლევად პროკურატურის გენერალურ ინსპექციას გადასცა.

გენერალურ პროკურატურაში შიდა სამსახურეობრივი მოკვლევის ფარგლებში დაიკითხა ნინო ბოჭორიშვილი.

ინგა არხამიას თქმით,  გენერალურ პროკურატურაში მისვლამდე პროკურორი მილენა მითაიშვილი ნინო ბოჭორიშვილს სახლში მიუვარდა და სთხოვდა, ეთქვა, რომ მას პრეტენზიები არ ჰქონია. 

აღმოჩნდა, რომ ნინო ბოჭორიშვილი ერთადერთი არ არის, ვინც მილენა მითაიშვილს  ძალადობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.  

პროკურატურას დამოუკიდებლად მიმართა მარიამ მინდიაშვილმა. ნინოს მსგავსად მარიამ მინდიაშვილიც პროკურორის ოჯახში ძიძად მუშაობდა.

ძიძების ინტერესების დამცველი ინგა არახამია ამბობს, რომ პროკურორ მითაიშვილის წინააღმდეგ ჩვენება იმ ბინის მეპატრონემაც მისცა, რომელშიც თავად პროკურორი ცხოვრობს, რადგან ის ფულს არ იხდის.

„მეპატრონე ეუბნება - ან სახლი დამიცალე, ან ქირა გადამიხადეო. მითაიშვილი კი ემუქრება, შენს თავს დავაჭერინებ და ბინასაც დაკარგავო, და არ უხდის. ამ კაცმაც მისცა ჩვენება. მას უნდა, რომ უფასოდ ამუშაოს ადამიანები, აგრესიულია. სულ ხაზს უსვამს, რომ პროკურორია და ამიტომ რასაც მოისურვებს, შეუძლია, რომ ის გაუკეთოს ადამიანებს. შეუძლია აგინოს“, - ამბობს ინგა არახამია

რას ჰყვებიან ძიძები პროკურორის შესახებ

მარიამ მინდიაშვილი თბილისში, პროკურორის სახლში 8 თვე მუშაობდა. მისი თქმით, შესრულებული სამუშაოსთვის 1 თვის ანაზღაურება დღემდე არ მიუღია.

„ჩემ შემდეგ ერთი ჰყავდა, ის უცემია, მერე კიდევ ჰყავდა სხვა. იმ მესამეს უჩივლია, მეც დამიბარეს ჩვენების მისაცემად“, - იხსენებს მინდიაშვილი

როგორც მინდიაშვილი „ლიბერალთან“ ჰყვება, პროკურორსა და მის ჩვილთან ერთად მესტიაში იმყოფებოდა, როდესაც მარიამს ქმარმა დაურეკა და 87 წლის დედამთილის ავადმყოფობის შესახებ შეატყობინა, თუმცა აღნიშნული ამბავი მილენა მითაიშვილმა არ დაიჯერა და დაჭერით დაემუქრა.

„მესტიაში წავედით სასტუმროში. ვიღაცას საქმე გავუკეთეო და მის სასტუმროში დარჩა 3 კვირა. იქ რომ ვიყავით, ჩემმა მეუღლემ დამირეკა, რომ ჩემი 87 წლის დედამთილი ცუდად გახდა. მილენას ქუთაისის სამმართველოს უფროსისთვის დაურეკავს. სახლში გამომიგზავნა პოლიციელები გადასამოწმებლად, გაგიჟებული იყო სამეზობლო. ჩვენს ოჯახში ასეთი რამეები არ ხდება. ყველას უკვირდა, თქვენს ოჯახში პოლიციას რა უნდაო. გაგიჟებული იყო ჩემი მეუღლე.

იტყუებით  და დაგიჭერთო. წამართვა ტელეფონი, დაურეკა ვიღაცას პორკურატურაში, გადაიმისამართა ჩემი ტელეფონის ნომერი და მე ვინც მირეკავდა, შვილები, მეუღლე, ახლობლები, ეგ პასუხობდა“, - იხსენებს მინდიაშვილი. 

მარიამ მინდიაშვილის თქმით, პროკურორი მას სთხოვდა, რომ თავისი მეუღლის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცა.

„დავილურჯებ სხეულს, ავიღებ ექსპერტის ცნობას და შენ თქვი, რომ მეუღლემ სცემაო. მე ვუთხარი ტყუილს არ ვიტყვი-მეთქი. პირიქით, ეგ კაწრავდა ქმარს. ის არ სცემდა“, - ამბობს მინდიაშვილი. 

მარიამი ამბობს, რომ სამსახურს თავი მას შემდეგ დააღწია, რაც მითაიშვილმა მესტიიდან გურიაში გაგზავნა. მისი თქმით, წამოსვლისგან თავს აღსაზრდელი ჩვილის გამო იკავებდა. წამოსვლის შემდეგ კი ის ამბობს, რომ მითაიშვილი მის შვილებს ურეკავდა და ემუქრებოდა.

ჩვენება რომ მივეცი, ჩემს შვილებს დაურეკა. მან ჩემი შვილების ნომრები არ იცოდა. ამის გასაგებად ისევ სამსახური გამოიყენა. ჩემს გოგოს დაურეკა, ლანძღავდა, აშანტაჟებდა და ემუქრებოდა. ბიჭსაც დაურეკა, ასევე ლანძღვითა და შანტაჟით. არაფერი დაგვიშავებია და რომც დამეშავებინა, ჩემი შვილები რა შუაშია?“ - ამბობს მინდიაშვილი. 

„2 თვე ვმუშაობდი და ეს 2 თვეც როგორ გავძელი, არ ვიცი“, - ამბობს კიდევ ერთი ძიძა ნინო ბოჭორიშვილი. 

ნინო ბოჭორიშვილიც მინდიაშვილის მსგავსად ამბობს, რომ მითაიშვილი თავისი ქმრის დადანაშაულებას სთხოვდა.

„პროკურორობას იყენებდა მსუბუქი ნათქვამია. განუწყვეტლივ მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. როცა მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა და პატრული მოვიდა, პატრულის თანდასწრებით დამიწყევლა ბავშვი. მაიძულებდა, რომ მის მეუღლეზე რაღაც ცუდი მეთქვა პატრულთან; რომ თითქოს მისი მეუღლე მე მავიწროებს, მჩაგრავს, მლანძღავს, მაგინებს და ა.შ. მე წინააღმდეგობა გავუწიე“, - ამბობს ბოჭორიშვილი 

როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, როდესაც სამსახურიდან წასვლაზე საუბრობდა და პროკურორს შემცვლელის პოვნას სთხოვდა, პასუხად მუქარას იღებდა.

„განუწყვეტლივ მეუბნებოდა, რომ პატრულს გამოიძახებდა და ღმერთმა იცის, რას დამაბრალებდა. როგორ ფიქრობ, ვის დაუჯერებენ შენ თუ მე? მე პროკურორი ვარ, შენ არავინ ხარ. პატრულს გამოიძახებდა, დამაბრალებდა ნებისმიერ რამეს... მაგიტომაც ვერ მოვდიოდი, მუქარის გამო ვიკავებდი თავს“, - ამბობს ბოჭორიშვილი.

მისი თქმით, მითაიშვილმა ტელეფონი წაართვა და უნებართვოდ წაიკითხა მისი პირადი მიმოწერები.

„ტელეფონი წამართვა და ჩემს მეუღლეს დაურეკა. ძალადობდა, ჩემს ტელეფონში იქექებოდა“, - აცხადებს ბოჭორიშვილი

მინდიაშვილის მსგავსად ნინო ბოჭორიშვილიც ამბობს, რომ წამოსვლის შემდეგ მის შვილსაც ემუქრებოდნენ.

„მილენა დედამისს ჩემთან აგზავნიდა ასეთი ტექსტით: ფრთხილად იყავი, ბავშვი გეზრდება - ეს როგორ უნდა გაიგო? ეს არის პირდაპირი მუქარა.

მერე სახლში მომივარდა ვიღაც თანამშრომელთან ერთად. ის ბიჭი სახლში არ შემოსულა. მოაწყო წივილი და კივილი. ჩემი შვილი გამოვიდა და უთხრა, ქალბატონო ხმას დაუწიეთ, თუ შეიძლება და გაბრძანდით აქედან, ნუ ყვირით სხვის სახლშიო. შენ არავინ გელაპარაკება, გადი იქეთ ოთახშიო, უთხრა მილენამ. ჩემს სახლში ხართ და თქვენ მიბრძანდით აქედანო, უპასუხა ჩემმა შვილმა. ახლავე ჩაალაგე და უკან წამოდიო მაიძულებდა; მემუქრებოდა, ნახავ რა მოგივაო“, - ამბობს ბოჭორიშვილი.

ადვოკატ არახამიას თქმით, საქმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა დაიწყოს გამოძიება. სისხლის სამართლის კოდექსში არის ასეთი მუხლი - პირადი კომუნიკაციის ხელყოფა. გარდა ამისა, არის სისხლის სამართლის დანაშაული და რაც აშკარად სახეზეა, თან არაერთხელ. აქედან გამომდინარე, პროკურატურა ვალდებულია, რომ მის მიმართ გამოძიება დაიწყოს. მას კი უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს“, - ამბობს არახამია

ძიძების ადვოკატის, ინგა არახამიას მიმართ კი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის წესით გამოძიებაა დაწყებული „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების, სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. როგორ ინგა არახამია ამბობს, მან ერთ-ერთი ძიძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო Facebook-ზე გააზიარა და სწორედ ამის გამო დაიწყო გამოძიება.

„ამ საქმის გამო, რომ მე ეს ფაქტები გავასაჯაროვე, ჩამიტარეს ჩხრეკა. ჩემ მიმართ გამოძიებაა დაწყებული. ერთი თვეა მილენა მითაიშვილი ამ ხალხს ემუქრება, მათ პირად ცხოვრებას არღვევს და მის მიმართ გამოძიება არ დაწყებულა. ჩემი ტელეფონები, კომპიუტერები, ყველაფერი წაიღეს“, - ამბობს ინგა არახამია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^