„ხუდონჰესი: ადამიანის უფლებების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა“ - ამ სახელწოდებით სვანეთში, მესტიაში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები სახალხო დამცველის აპარატი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი იყვნენ.
საკუთრების უფლება, კულტურული მემკვიდრეობა, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების ნაკლოვანებები, უფლება-მოვალეობები - ამ და სხვა საკითხებზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის წევრებიც ესწრებოდნენ.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე ამბობს, რომ გარდა სპეციალური, შინაარსობრივი საკითხებისა, რომლებიც ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის აშენებას უკავშირდება, განსაკუთრებით საინტერესოა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა.
„ერთი მხრივ ხელისუფლება აცხადებს, რომ მას აქვს დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან, მაგრამ ამის შესახებ ხაიშის მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს წარმოშობს სამართლიან ეჭვს იმის შესახებ, რომ პროცესს აკლია გამჭვირვალობა. შესაძლოა აქ რამე კანონის ფარგლებს გარეთაც კი გადიოდეს. ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ხაიშის მოსახლეობას, ეს არის ზოგადად ზემო სვანეთისა და საქართველოს მოსახლეობის სატკივარი. მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთი თუ ორი მაღალრანგიანი პოლიტიკოსი, ეს პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე მთელ ხელისუფლებას დაეკისრება, იმედია ამას გაითვალისწინებენ და გადაწყვეტილებას სამართლიანი და ხალხის ერთგულების პრინციპებით მიიღებენ“, - ამბობს თიკანაძე.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ იქ პროექტის უპირატესობებისა და ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იყო მოსული:
„ჩვენ აქ ვართ, რომ მოვისმინოთ მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტები ხუდონის ზეგავლენისა და პოტენციური სარგებლის შესახებ. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, გვესმის გარემოსდამცველებისა და ადგილობირვი თემების წევრთა მოსაზრებები, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ელექტროსადგურს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და შესაძლოა მან ეკონომიკის ზრდა განაპირობოს. ვფიქრობ, ამ ტიპის ფორუმები ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ვუპასუხოთ შეკითხვებს და გვქონდეს ღია დებატები“, - განაცხადა ჰოლ ჰოლმა.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის აზრით კი, სწორედ ზემო სვანეთია ის ადილი, სადაც ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს.
„სწორედ ზემო სვანეთის მოსახლეობას შეეხება აღნიშნული პროექტი და ამ მხრივ მინშვნელოვანია სწორედ რეგიონის მოსახლეობის ჩართულობა მთელ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი დაიწყოს. დიალოგი მოსახლოებას, ხელისუფლებასა და ინვესტორ კომპანიას შორის გარდაუვალია. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების დაცვა არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
2014 წლის მაისში ომბუდსმენის აპარატმა ხუდონჰესის მშენებლობის კანონიერების თაობაზე შემუშავებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. მთავრობისგან მიღებული პასუხის მიხედვით, სახალხო დამცველის რეკომენდაციები რეაგირებისთვის შესაბამის სტრუქტურებს გადაეგზავნათ, თუმცა როგორ გაგრძელდა პროცესი, ომბუდსმენისთვის უცნობია.
როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, სახალხო დამცველის აპარატს ხელისუფლების მისამართით, 7 ძირითადი რეკომენდაცია ჰქონდა:
-ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურა მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან;
-ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შეფასდეს ინვესტიციის მიმზიდველობა და გაკეთდეს ეკონომიკური ანალიზი;
-მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ადეკვატური, დროული და ეფექტური ინფორმირება გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე;
-ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ნებართვების გაცემისას უზრუნველყოფილი იყოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების წესის დაცვა;
- მოსახლეობასთან შეთანხმებით შემუშავდეს ადგილობრივ მცხოვრებთა განსახლების სამოქმედო გეგმა, განსახლების პოლიტიკა და მონიტორინგის გეგმა;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიღებულ იქნას ზომები მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით;
-შეფასდეს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„საკითხი უნდა გადაწყდეს მაგიდასთან, მანამდე კი საჭიროა მოვუსმინოთ ყველა მხარეს“, - ამბობს სახალხო დამცველი.
კონფერენციის დაწყებისას დამსწრეებს სიტყვით მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმაც მიმართა. მისი თქმით, სვანეთში პირველად ხდება ამ თემის დარბაზში განხილვა, რაც მისასალმებელია.
„ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალურად მოსახლეობამაც არგუმენტებით ვილაპარაკოთ და არ ავყვეთ ემოციას. აქ ემოციის ადგილი და დრო არ გვაქვს. მინდა გთხოვოთ ყველაფერი გადავიდეს დიალოგის რეჟიმში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეჩვიოთ ჩვენც ლაპარაკს არა ყვირილით, არამედ არგუმენტებით და ერთმანეთის მოსმენით“, - განაცხადა გამგებელმა, თუმცა შეხვედრა მალევე დატოვა იმ მიზეზით, რომ სხვა ღონისძიებებსაც უნდა დასწრებოდა.
ხაიშის მკვიდრი ზურაბ ნიჟარაძე გამგებლის სიტყვებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქუჩიდან დარბაზში დისკუსიების გადატანა ნამდვილად დადებითია.
„მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ისეთი ტიპის ზემოქმედებები იქნება, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო ხშირი და ახლაც შეინიშნება, ხაიშელები უფლებას ვიტოვებთ, რომ ისევ ქუჩაში გადავინაცვლოთ“, - ამბობს ნიჟარაძე.
სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა კონფერენციაზე ხუდონჰესის პროექტის და სახელმწიფო-კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაკლოვანებებსა და ბუნდოვან მხარეებზე ისაუბრა. ნათია კაციტაძემ განმარტა, რომ პრობლემებია როგორც მარეგულირებელ კანონმდებლობაში, ისე მთლიანად მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ეწინააღმდეგება იმას, რომ სახელმწიფომ სრულად უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვა. პირველი დოკუმენტი, რომელიც ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზევე ქმნის პრობლემას, ესაა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც შეეხება „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესს“, - ამბობს კაციტაძე.
2008 წლის ამ დადგენილების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტრო ამტკიცებს იმ ელექტროსადგურების ნუსხას, რომელთა მშენებლობაც შეიძლება დაიწყოს.
„ამ წესით, მთავრობასა და დაინტერესებულ კომპანიას შორის ფორმდება მემორანდუმი ამა თუ იმ ჰესის მშენებლობის შესახებ. სახელმწიფო ამ ტიპის სამართლებრივი დოკუმენტით იღებს ვალდებულებას, მისცეს კომპანიას ნებართვა მშენებლობის დასაწყებად. მხოლოდ ამის შემდეგ არის კერძო კომპანია ვალდებული მოამზადოს გზშ ანგარიში. ეს ანგარიში კი ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია, რომლითაც ფასდება რა გავლენას ახდენს გარემოსა და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ამ ტიპის მშენებლობა“, - ამბობს კაციტაძე არსებული მოდელის შეფასებისას.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის განმარტებით, თავისთავად პრობლემურია, როცა სახელმწფო გადაწყვეტილებას იღებს და ვალდებულებას აფიქსირებს მაშინ, როდესაც კონკრეტული პროექტის ზეგავლენა და სარგებელი არ არის შესწავლილი.
ხუდონჰესის პროექტის თაობაზე მემოარანდუმი სახელმწიფოსა და შპს „კონტინენტალ ენერჯის“ შორის 2007 წლის 19 ივნისს გაფორმდა. მოგვიანებით, ის „ტრანსელექტრიკა ჯორჯიამ“ ჩაანაცვლა. 2011 წლის 28 აპრილს კი დაიდო უკვე ხელშეკრულება ხუდონის ჰესის მშენებლობის შესახებ.
ნათია კაციტაძის თქმით, ხელშეკრულებაში რამდენიმე საყურადღებო პუნქტია ჩადებული.
ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მთავრობა დაეხმარება შემსრულებელ კომპანიას შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში. მთავრობა ასევე იღებს ვალდებულებას, გაუგრძელოს კომპანიას ვადა ასეთი ნებართვებისა და ლიცენზიების მისაღებად მანამ, სანამ ის ამ ნებართვებს არ მიიღებს.
„სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს თავისთავად არასწორი მიდგომაა, რადგან მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაა ეკოლოგიური ექპერტიზის დადებითი დასკვნის გაცემა, ზოგადად მთავრობა კი არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ამ პროცესში“, - განმარტავს კაციტაძე.
2013 წლის 29 ივლისს კომპანია „ტრანსელექტრიკამ“ გარემოს დაცვის სამინისტროს გზშ ანგარიში წინასწარ განსახილველად წარუდგინა, სამინისტრომ კომპანიას ანგარიში 111 შენიშვნით დაუბრუნა უკან. თუმცა, გაითვალისწინა თუ არა კომპანიამ ეს შენიშვნები ან რა ეტაპზეა ამჟამად ახალი გზშ ანგარიში, სახალხო დამცველისთვის უცნობია.
კაციტაძე აღნიშნავს, რომ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება, გაუმართლებელია, რადგან გზშ ანგარიშის შეფაება და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადება გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაა. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე კი შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ ხუდონის აშენების საკითხი გადაწყვეტილია“.
2013 წლის 28 მაისს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მხარეებმა შეიძლება გადახედონ შეთანხმებულ პარამეტრებს. კაციტაძის თქმით, ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები ამ პუნქტს ხშირად მოიხმობდნენ, როგორც იმის დასტურს, რომ პირობები შესაძლოა ქვეყნისთავის სასარგებლოდ შეცვლილიყო, მაგრამ ამავე ცვლილებით განსაზღვრულია, რომ მთავრობა ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ინვესტორის აზრით, ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
„ასეთი ფორმულირების ჩადება აზრს უკარგავს იმ თითქოსდა სასიკეთო ცვლილებას ტექნიკური პარამეტრების გადახედვის შესაძლებლობის თაობაზე“.
2014 წლის აპრილში მშენებლობის ნებართვების გაცემის წესის შესახებ მთავრობის 2009 წლის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით, მე-5 კლასის ობიექტებს დაქვემდებარებული მშენებლობების დროს მშენებელ კომპანიას ეძლევა უფლება მხოლოდ მშენებლობის დაწყების შემდეგ მოიპოვოს საჭირო წინასწარი ნებართვები.
„ჩვენ მთავრობისგან გამოვითხოვეთ ამ ცვლილების განმარტება. მაგრამ მიღებულ პასუხში საუბარი არაა კონკრეტულ გარემოებებზე, იმედს ვიტოვებთ, რომ ამის მიზეზი არ იყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგური და მისი მშენებლობა არ დაიწყება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღებამდე“, - ამბობს ნათია კაციტაძე.
სახალხო დამცველის აპარატმა ეკონომიკის სამინსიტროსგან პროექტის ეკონომიკური ანალიზის შესახებაც გამოითხოვა ინფორმაცია.
„გვაინტერესებდა თუ აქვს მთავრობას შეფასებული რა მოგება შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ ამ პროექტის განხორციელებით. ეკონომიკის სამინისტრომ ენერგეტიკის სამინსიტროში გადაგვამისამართა მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი პირდაპირი კომპეტენცია იყო. ენერგეტიკის სამინისტროდან კი ორგვერდიანი წერილი მივიღეთ. ისიც, ზოგადი შეფასება, რომ ჰესის მშენებლობა შეიძლება იყოს მიმზიდველი სახელმწიფოსთვის. ეს პასუხი არ ეფუძნება კონკრეტულ გათვლებსა და ციფრებს.“
კაციტაძის განმარტებით, ხელშეკრულებაში ასახული რეალობა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებისგან ელექტროენერგიის ფასის შემთხვევაშიც განსხვავებულია.
„საუბარია იმაზეც, რომ ელექტროენერგიის ფასი თითქოსდა ხელშეკრულებით არის დადგენილი და შეადგენს 5.84 ცენტს ზამთრის თვეებში საქართველოსთვის და ის მხოლოდ აქ გაიყიდება. მაგრამ ხელშეკრულების 4.4. პუნქტში მთელი რიგი პირობებია დათქმული იმისათვის, რომ ამ ფასით მოხდეს გაყიდვა. არსებული ჩანაწერი ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ეს ფასია შეთანხმებული. სააჯარო განცხადებები, რომ ჰესის მიერ მოწოდებული ენერგიის ფასი იქნება ძალიან მომგებიანი, ხელშეკრულების პირობებიდან არ გამომდინარეობს“, - ამბობს ნათია კაციტაძე.
ხელშეკრულების რისკებისა და ხარვეზების თაობაზე ისაუბრა კონფერენციაზე „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარემ, მანანა ქოჩლაძემაც.
„ხელშეკრულება, ჩვენი აზრით, შეიცავს დაუბალანსებელ რისკებს საქართველოს მთავრობისთვის დავების შემთხვევაში. ხელშეკრულების ტექსტიდან სახელმწიფო არ იღებს პირდაპირ და უშუალო ეკონომიკურ სარგებელს, თუმცა საქართველოს მთავრობა იღებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს და არსებით ფინანსურ, სოციალურ, გარმოსდაცვით და სხვა ხასიათის რიკსებს და ეს რისკები ადეკვატური გარანტიებითაც არაა უზურნველყოფილი, შეთანხმება არ ითვალისწინებს მესამე მხარის - საზოგადოების ინტერესებს“, - აცხადებს მანანა ქოჩლაძე.
მისივე განმარტებით, კომპანიას ნაკისრ ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის მაქსიმუმ 1 320 000 აშშ დოლარის ჯარიმა შეიძლება დაეკისროს, რაც პროექტით განსაზღვრული ინვესტიციის გათვალისწინებით, მინიმალური ოდენობაა. ამასთან, არც ეს ვალდებულებაა უზრუნველყოფილი საბანკო ან სხვა სახის გარანტიით.
პრეზიდენის ბრძანებულებით „ტრანსელექტრიკას“ პროექტისთვის საჭირო 1500 ჰექტარზე მეტი მიწა აქვს გადაცემული, საიდანაც 1100 ჰა ტყის ფართობია, აქვე შევიდა სასოფლო სამეურნეო მიწები, საძოვრები და მოსახლეობის კუთვნილი კერძო საკარმიდამო ნაკვეთები, იქ განლაგებული ყველა უძრავი ქონება, ასევე 178 მლნ დოლარად შეფასებული საბჭოთა კავშირის დროს შესრულებული სამუშაოები. შეთანხმების თანახმად, არ იყო განსაზღვრული შემთხვევა, როცა პრეზიდენტი უარს ამბობს და არ გადასცემს ამ ქონებას კომპანიას.
ქოჩლაძის თქმით, კომპანიას ასევე აქვს უფლება ამ ქონებას ისე მოექცეს, როგორც სურს: გამოიყენოს ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად, სესხების უზრუნველსაყოფად. ამასთან, თუ პროექტი შეწყდა, ის პირდაპირ არ უბრუნებს ქონებას სახელმწიფოს - სახელმწიფომ ეს ქონება მისგან საბაზრო ფასად უნდა გამოისყიდოს. შეთანხმებაში არც ქვეყნის პირდაპირი სარგებელია ასახული.
„კომპანია ინარჩუნებს ტარიფის გადასინჯვის უფლებასაც. ასე რომ, მისი საბაზრო ღირებულების შესაბამისობამდე გაზრდაც შესაძლებელია. ამასთან, თუკი ესკოს ხუდონჰესისგან ამ ენერგიის შესყიდვა რაიმე მოტივით არ ენდომება, ან არ დასჭირდება, ის ამას ვერ შეძლებს, რადგან ვალდებული იქნება ეს ენერგია იყიდოს, ან არ იყიდოს, მაგრამ აუნაზღაუროს კომპანიას დანაკარგი“. - განმარტავს ქოჩლაძე.
მისი განცხადებით მთავრობის პირობაც, რომ დაეხმარება კომპანიას, მკვეთრად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტია, რადგან „მთავრობის საქმე არ არის დაეხმაროს კერძო კომპანიას ნებართვების აღებაში, მისი კომპეტენციაა მიიღოს ეს დოკუმენტაცია, განიხილოს დადგენილი წესით და გამოიტანოს ობიექტური დასკვნები. მაღალრანგიანი პოლიტიკოსების განცხადებები კი, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, არის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებზე, მოსახლეობაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა“, - ამბობს მანანა ქოჩლაძე.
ხელშეკრულების პუნქტებზე საუბრისას ქოჩლაძე ასევე უსვამს ხაზს იმას, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის 91% ექსპორტზე გავა, საქართველოს ენერგოსისტემისთვის 4 თვის განმავლობაში მისაწოდებელი 10 თეთრიანი ელექტროენერგია კი - 133.9 მლნ კილოვატსაათი - არის საქართველოში იანვრის თვეში 4 დღის მოხმარების ტოლი. „როდესაც საუბრობენ, რომ ხუდონი ქვეყნისთვის აუცილებელია და ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია, ეს შეთანხმებიდან და პროექტიდან არ იკითხება“, - ამბობს ქოჩლაძე.
გარდა ამისა, ნებისმიერი ცვლილება საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც შეიძლება კომპანიის მატერიალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს, კომპენსირებული უნდა იქნეს. ხელისუფლებისთვის პრობლემური იქნება ხელშეკრულების შეწყვეტაც.
„კომპანიას აქვს უფლება ყოველთვის მოითხოვოს ვადების გადაწევა და უფლება - მოითხოვოს პროექტის შეწყვეტა ფორსმაჟორული გარემოების შემთხვევაში. თუმცა ეს კომპანიის ექსკლუზიური უფლებაა, რადგან იგივე სახელმწიფოს არ შეუძლია. კომპანიის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მთავრობას არ შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეთანხმება. ჯერ უნდა მიმართოს პროექტის დამფინანსებელს, გაიაროს საკმაოდ გრძელი პროცედურა კომპანიის ჩანაცვლებისთვის და დავების მოუგვარებლობის შემთხვევაში, პრობლემა საერთაშორისო არბიტრაჟით უნდა დარეგულირდეს“, - განმარტავს ქოჩლაძე.
პროექტის შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული რა პირობებით უნდა დაუბრუნდეს ქონება სახელმწიფოსა და მესამე პირებს. არაა გაწერილი ვალდებულება, რომ ქონება პირვანდელი მდგომარეობით დაბრუნდეს, როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები გულისხმობს. ამათან კონტრაქტში, საზოგადოება არაა განხილული, როგორც შეთანხმების მესამე მხარე, ამიტომ მათი უფლებების დაცვა, პირდაპირი ვალდებულება არ არის.
მანანა ქოჩლაძე იმ თითქოსდა სასიკეთო ჩანაწერზეც საუბრობს, რომელიც შეეტანხმებაში 2013 წლის მაისში შეიცვალა. ცვლილების მიხედვით, კომპანია და მთავრობა მოსახლეობის გადასახლება-რეაბილიტაციის სამოქმედო გაგმას მსოფლიო ბანკის 4.12 პოლიტიკის მიხედვით მოამზადებენ. მაგრამ ეს პოლიტიკა გულისხმობს, რომ იძულებითი გადასახლება თავიდან უნდა იყოს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი. ესეც მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში, არგუმენტირებული დასკვნების და ღია, თანაბარუფლებიანი დიალოგის საფუძველზე.
„მაშინ, როდესაც უკვე ინვესტორის საკუთრებაშია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი და სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომელ ღია და თანაბარუფლებიან დიალოგზეა საუბარი?!“ - ამბობს ქოჩლაძე.
გარდა ამისა, 4.12 პოლიტიკის მიხედვით, გადასახლება უნდა შეეხოს 1770-მდე ადამიანს, ანუ მათაც, ვისიც არა სახლები, მაგრამ საჭირო ინფრასტრუქტურა -სკოლა, საავადმყოფო იტბორება და ვისი ცხოვრების პირობებიც შეიცვლება. ენერგეტიკის სამინსიტრო და ინვესტორი კი გადასახლებაზე საუბრისას მხოლოდ 800-მდე ადამიანს ასახელებენ.
ხაიშის მკვიდრი, ზურაბ ჭკადუა ერთ-ერთია მათ შორის, ვისი მიწის ნაკვეთიც ტრანსელექტრიკას საკუთრებაში მისი თანხმობის გარეშე მოექცა.
„ჩემი ნაკვეთის უმეტესი ნაწილი, რომელიც საკომლო წიგნში აღწერილი იყო და წლების განმავლობაში ჩემს ოჯახს ეკუთვნოდა, ახლა „ტრანსელექტრიკას“ აქვს მითვისებული. გვთავაზობენ, შემოგვიშვით მიწების ასაზომადო. ჩვენ არ გვინდა, რომ „ტრანსელექტრიკამ“ აღწეროს ჩვენი მიწები. დაიბრუნოს სახელმწიფომ ეს მიწები, გავატარებ რეესტრში და მერე გავაფორმოთ როგორც საჭიროა და არა კომპანიის თვითნებობით“, - ამბობს ჭკადუა და დასძენს, რომ შესაძლოა ხაიშის თემში სულ 10 ისეთი ოჯახი იყოს, რომელიც გადასახლებაზე თანახმაა, მაგრამ 1700 ადამიანთან შედარებით 10 ოჯახის სურვილი, არაფერს ნიშნავს.
კონფერენციის მონაწილეთა ყურადრების ცენტრში „ტრანსელექტრიკას“ წარმომავლობა და საქმიანი პარტნიორებიც მოექცნენ. როგორც მანანა ქოჩლაძემ დამსწრეებს განუცხადა, კომპანია „ტრანსელექტრიკა“ 2010 წელს, ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. კომპანიას დამოუკიდებლად არც ერთი პროექტი არ განუხორციელებია. მის ძირითად მეწილეებად 3 კომპანია მოიაზრება, მათგან ერთი - 2011 წელს დაარსებული ინდური კომპანია, მეორე ამერიკული, პანამაში რეგისტრირებული კომპანია, რომელზეც ინფორმაცია არ იძებნება. მესამე კი ბრიტანული World Energy Limited, რომელსაც 2006 წელს აქვს სტატუსი გაუქმებული.
მანანა ქოჩლაძემ პროექტზე საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ კომპანიის წარმომადგენელთა მხრიდან მსოფლიო ბანკთან კავშირის ხაზგასმა, არასწორია, რადგან საქართველოში ბანკის წარმომადგენლობა პროექტს ემიჯნება.
მისი თქმით, 2005 წელს მსოფლიო ბანკმა მხოლოდ იმ ტექნიკური დახმარების გრანტი დააფინანსა, რომლის ფარგლებშიც 2008 წელს ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების პირველადი, სკოპინგის ანარიში მომზადდა. ამ ეტაპზე საჯარო განხილვებისას მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ალტერნატივას, რომლის მიხედვითაც, ხაიში არ დაიტბორებოდა, 700 მგვტ-ს ნაცვლად, ჰესის გამომუშავება 300 მგვტ იქნებოდა, მაგრამ საბოლოო ანგარიშში კვლავ 700 მგვტ-იანი ჰესი მოიაზრებოდა პრაქტიკულად უპირობო ალტერნატივად. 2009 წელს კი მსოფლიო ბანკმა ახსნა-განმარტების გარეშე მოულოდნელად შეწყვიტა პროექტის განხორციელება.
მესტიის რაიონული საავადმყოფოს ექიმი ომარ ჭკადუა ამბობს, რომ ხუდონჰესის აშენებით სვანეთში საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდება და ეს ადამიანების ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
„ენგურჰესის აშენების შემდეგ მომატებული ტენიანობის გამო, სვანეთში ისედაც მოიმატა ავადობამ. გაიზარდა ძვალსახსართა და სასუნთქი სისტემის დაავადებათა რაოდენობა. როგორც ჩანს, არც ეკოლოგიურადაა ყველაფერი გამოკვლეული. ყველაფერი ისე არაა შესწავლილი როგორც საჭიროა, და თუ ასე გაგრძელდა, კერძო მესაკუთრე ხალხის საკეთილდღეოდ არაფერს გააკეთებს“, - ამბობს ექიმი.
ომარ ჭკადუა იხსნებს, რომ ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში მესტიის რაიონის მოსახლეობა 19 600-დან 10 000-მდე შემცირდა. ახლა კი, მისი თქმით, მესტიის რაიონი არ უნდა დაიცალოს იმის გამო, რომ ვიღაცამ დროებითი ინვესტიცია შემოიტანოს.
„თუ კი ეს ჰესი ისეთი აუცილებელია, რომ მის გარეშე ქართველი ერი ვერ გადარჩება, მაშინ გამოიკვლიონ ისე, როგორც ამას დიდი პროექტებისთვის აკეთებენ ხოლმე როგორც წესი და იმის მერე გადაწყდეს, აშენდება და აიყრება მოსახლეობა თუ არა“, - ამბობს მესტიელი ექიმი.
სახალხო დამცველის აპარატის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, მაია ლიპარტელიანმა კონფერენციაზე საკუთრების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთრების ჩამორთმევა მხოლოდ აუცილებელი და დასაბუთებული საზოგადოებრივი საჭიროებით უნდა იყოს გამოწვეული. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა კი ხაზს უსვამს საკუთრების უფლებასა და ადამიანის ღირსებას შორის კავშირს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ საკუთრებაში ამჟამად რეგისტრირებულია საკუთრების უფლება მესტია-წალენჯიხის ზონაში 141 უძრავ ქონებაზე, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 11 940 529 კვ.მ -ს. რეგისტრაციის საფუძველი იყო ეკონომიკის სამინისტროსა და „ტრანსელექტიკა ჯორჯიას“ შორის 2012 წლის 11 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
„რამდენიმე მოსახლემ მოინდომა იმ ქონების რეგისტრაცია, რომლებიც მათ მართლზომიერ მფლობელობაში იყო - ცხოვრობდნენ, სარგებლობდნენ და განაკარგავდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2009 -2011 წლებში ამ ქონების ნაწილი უკვე დაირეგისტრირა სახელმწიფომ, ნაწილი „ტრანსელექტრიკა ჯორჯიამ“. ეს გარემოება ადასტურებს, რომ რეგისტრაციის მომენტში საკითხი არ იყო შესწავლილი. რეესტრის გაჩენამდე არსებობდა ჩანაწერები საკომლო წიგნებში, მაგრამ ამ ადამიანების უფლება ამ კუთხით არ იქნა დაცული“, - ამბობს ლიპარტელიანი.
ხაიშის სკოლის მასწავლებელი, ზურაბ ნიჟარაძე ამბობს, რომ მიუხედავად პრობლემის სიმძაფრისა, არც ერთ ამგვარ შეხვედრაზე არ მისულან სამინისტროების პირველი, გადაწყვეტილების მიმღები პირები.
„გასულ გაზაფხულზე და ზაფხულში პრაქტიკულად არანაირი შეხება აღარ გვქონია ენერგეტიკის სამინისტროს წარმოამდგენლებთან, რომლებიც რატომღაც პირველ პლანზე არიან ხოლმე, ინვესტორი კომპანიის ფუნქციაც ჰქონდათ, ფაქტობრივად, შეთვისებული. მიუხედავად ამისა, მაინც არის რიტორიკა, რომ ხაიშელები თანხმდებიან, რომ მოდიან კონსენსუსსზე, ჩვენ არ მივდივართ კონსენსუსსზე საკუთარ სინდისთან, წინაპართა საძვალეებთან და მომავალთან. ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ჩვენთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს, გარდა ერთი შემთხვევისა: თუ განიხილავენ ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც ზიანს არ მიაყენებს სვანეთს როგორც თემს და მთლიანად საქართველოს“, - ამბობს ნიჟარაძე და დასძენს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სვანეთში ცხოვრების ყოველდღიური მდინარება არ შეჩერებულა, არ მომხდარა კულტურული და ტრადიციების წყვეტა.
„ეს მთლიანი ჯაჭვი ჩვენს სიცოცხლეში არ გაწყდება. ამ პროექტს იმ ადგილას და იმ გაბარიტებით ჩვენ ვერ დავუშვებთ“.
სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნანა მეფარიშვილი ამბობს, რომ ზოგადად ამ საკითხის განხილვის პროცესსაც არასწორი მიმართულება აქვს ხოლმე.
„რატომღაც მოცემულობად ვიღებთ იმას, რომ ჰესი უნდა აშენდეს და მერე ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე. მგონია, რომ პირიქით უნდა იყოს, მოცემულობად მივიღოთ ის, რომ ისინი არ აპირებენ აქედან გადასახლებას და თუ ნამდვილად სჭირდება ენერგია, კეთილი ინებოს ენერგეტიკის სამინისტრომ, მოიწვიოს ადეკვატური სპეციალისტები და შეიმუშაონ ენერგეტიკის განვითარების ისეთი გზები, რომლებიც განვითარებასაც უზრუნველყოფს და ხალხისთვის ადეკვატური, ნორმალური საცხოვრებელი გარემოს შექმნასაც“, - განაცხადა მეფარიშვილმა.
შეხვედრის ბოლოს კომენტარები გააკეთეს გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადენლებმაც.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურისტმა მაია ბერაძემ განაცხადა, რომ სწორედ ის შეკითხვები, რომელებიც კონფერენციის დროს დაისვა, სამინისტრომ უკვე გაუგზავნა კომპანიას პირველად გზშ ანგარიშზე მუშაობისას. მაგრამ რადგან განახლებული დოკუმენტი სამინისტროში ჯერ არ არის წარმოდგენილი, უცნობია, რამდენად გაითვალისწინეს ეს საკითხები.
„ვადასტურებ, რომ თითოეული ადამიანის აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. ნებისმიერი თემა, საკუთრების უფლება იქნება ეს, სოციალური, ეკონომიკური საკითხები თუ პროექტის მიზანშეწონილობა, უნდა იყოს ძალიან მყარად არგუმენტირებული და შეჯერებული დოკუმენტი უნდა იყოს სამინისტროში წარმოდგენილი, რათა სამინისტრომ შეძლოს გადაწყვეტილების მიღება“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო წიტოიძემ კი განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების საკითხი ადგილობრივ მოსახლეობაზე და მათი ინტერესების დაცვაზეა დამოკიდებული.
„რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, როგორც იცით, პროექტი იმ კონდიციამდე ჯერ არაა მიყვანილი, რომ ნებართვის გაცემა შეიძლებოდეს. ესეც დამოკიდებულია მოსახლეობასთან მოლაპარაკებებზე. თუ ეს ყველაფერი არ განხორციელდა, შესაბამისად ვერც ნებართვა გაიცემა და პროექტის განხორციელებაც ეჭვქვეშ იქნება დაყენებული“, - განაცხადა წიტოიძემ.
ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და ამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა კი განმარტა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა გამორიცხულია მანამ, სანამ მოსახლეობის მიწის ნაკვეთები არ იქნება რეგისტრირებული და კომპანიას არ ექნება მოსახლეობის თანხმობა.
„ჩვენ „ტრანსელექტრიკასთანაც“ გვქონდა შეხვედრა, რომელმაც ვერ წარმოადგინა ვერც ერთი საბუთი, რომელიც იქნება დღეს იმის პირობა, რომ გაიცეს მშენებლობის ნებართვა. ჩვენ არ გვაქვს უფლება გავცეთ ნებართვა იმ ადგილებზე, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს“, - განაცხადა კოდუამ.
სახალხო დამცველის წარმომადგენელთა კითხვაზე კი, ხომ არ მოხდება ხუდონის მშენებლობის დაწყება 2014 წლის აპრილში მე-5 კლასის მშენებლობის დაწყების გამარტივებული წესის მიხედვით, კოდუა კვლავ დარწმუნებით ამბობს, რომ ამგვარი რამ გამორიცხულია.
„ამგვარი, ე.წ. პირობიანი ნებართვის გაცემა შეიძლება მხოლოდ მსენებლობის მეორე ეტაზე, როდეაც გავლილია პირველი ეტაპი, მოტანილია პროექტი, გზშ ანგარიში, დადებითი ეკოლოგიური დასკვნა და ტექნიკური პროექტი. ამ ყველაფერზე შეიძლება მშენებლობის ნებართვის გაცემა იმ ნაკვეთებზე, რომლებიც იქნება კანონიერად ამ კომპანიის საკუთხება. სხვანაირად ის მშენებლობის ნებართვას ვერ აიღებს", - ამბობს თენგიზ კოდუა.
შეხვედრის დასასრულს ხაიშელმა პედაგოგმა ზურაბ ნიჟარაძემ კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, რომ მისი აზრით, მალე სვანეთში ისევ ჩავლენ მიწის ამზომველები.
„დაიწყებენ ისევ ზემოქმედებას პირდაპირი თუ ირიბი გაგებით, მიღებული თუ მიუღებული შეხედულებებით მანიპულირებას ჩვენზე. ჩვენ აქ ვართ, გვიცხოვრია და არ შევწყვეტთ ცხოვრებას, გავცემთ საკადრის პასუხს, ვეცდებით, რომ ეს იყოს გონივრული, მოთმენასა და სიყვარულზე აგებული პასუხი, რამდენადაც ამას შევძლებთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პრობლემის წინაშე მარტო არ დავრჩებით და ერთობლივი მიზანმიმართული ქმედებებით დავძლევთ პრობელემას, რომელსაც ხუდონჰესი ჰქვია“.