Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საიდუმლო მასალები - იზღუდება თუ არა დაცვის უფლება

21 ნოემბერი 2014

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის საქმის სასამართლო პროცესი 11 დეკემბერს არის ჩანიშნული. ბრალდებულთა ადვოკატები პროკურატურისგან საქმის მასალების გადაცემას, ასლის გაკეთების უფლებას ითხოვენ. ბრალდების მხარე მათ ამაზე უარს ეუბნება, ნაცვლად კი მასალების პროკურატურაში გაცნობას სთავაზობს. ადვოკატები ამბობენ, რომ ხუთი ტომისგან შემდგარი საქმის გასაცნობად ასლების გადაღება აუცილებელია და პროკურატურის შეთავაზება არაადეკვატურია. 

ისინი განმარტავენ, რომ დაცვის მხარისთვის საქმის მასალების გადაცემა კანონის იმპერატიული მოთხოვნაა და ამ უფლების შეზღუდვით პროკურატურა კანონს არღვევს.

ბრალდებულთა ადვოკატი სოსო ბარათაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, რომ როგორც ადვოკატებისთვის, ისე პროკურატურისთვის სახელმძღვანელო კანონი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსია, რომლის 44-ე მუხლის მესამე ნაწილი ადვოკატს უფლებას ანიჭებს, მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები და გადაიღოს ასლები.

ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებულები არიან, ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა მისცენ, რომლის სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები.

ამასთან ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მტკიცებულებების მხარეთათვის გადაცემის თაობაზე არავითარ დათქმას არ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, გრიფი საიდუმლო ადევს თუ არა.

საქმის მასალების გადაცემაზე პროკურატურამ 19 ნოემბერს დაცვის მხარეს კიდევ ერთხელ უთხრა უარი და განმარტა, რატომ არ ხდება დაცვის მხარისთვის მასალების გადაცემა.

პროკურატურა სოსო ბარათაშვილისთვის მიწერილ წერილში წერს, რომ თუ ბრალდების მხარე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ისეთ პირს გადასცემს, რომელსაც არ აქვს საიდუმლოზე დაშვება და არ გააჩნია საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის სათანადო პირობები, პროკურორი სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს სჩადის. ამასთან პროკურატურა განმარტავს, რომ საიდუმლო სისხლის სამართლის საქმის წარმოების წესს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ არეგულირებს, რომ ის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება.

ადვოკატების თქმით, პროკურატურის არგუმენტაცია წინააღმდეგობრივია.

„პროკურატურა პირდაპირ ეწინააღმდეგება საკუთარ პოზიციას. თუ გასაიდუმლოებულია მასალები, მაშინ როგორ გვაცნობენ მას? პლუს ამას, ისინი სამართლებრივად თავს ძალიან დიდ საფრთხეში იგდებენ, ვინაიდან ყველა ეს მტკიცებულება, სსსკ-ის 83-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ექვემდებარება“, - ამბობს ბარათაშვილი.

“ლიბერალი” გრიფით "საიდუმლო" მასალების დაცვის მხარისთვის გადაცემის პრაქტიკის გარკვევას შეეცადა.

როგორც ირკვევა, პროკურატურა ასეთი მასალების გადაცემაზე ადვოკატებს ხშირად ეუბნება უარს.

„ლიბერალი“ სამ ადვოკატს დაუკავშირდა. სამივე მათგანი სხვადასხვა დროს იმ პირთა ინტერესებს იცავდა, რომელთა წინააღდეგ წარმოებულ საქმის მასალებს გრიფი "საიდუმლო" ედო. ადვოკატები ერთხმად აცხადებენ, რომ პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლს ხშირად უგულებელყოფს. ეს კი ადვოკატს დაცვის უფლებებს უზღუდავს და თავად ბრალდებულთა უფლებებს არღვევს. 

მიხეილ ღონღაძე, ე.წ. ფოტორეპორტიორთა გრიფირებულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ფოტოგრაფის უფლებებს იცავდა. ოთხი ფოტოგრაფი 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა მალევე საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს.

ღოღაძე ამბობს, რომ საქმის მასალები პროკურატურამ არც მას გადასცა. თუმცა მასალების სიმცირიდან გამომდინარე, ის მათ ადგილზე გაცნობას დათანხმდა. თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებულთა სრულფასოვანი დაცვა შეძლებოდა, პროკურატურიდან მასალები მაინც გამოითხოვა. ამის მერე, დაახლოებით 15 დღის შემდეგ, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, საქმე შეწყდა და ადვოკატს საქმის მასალები აღარ დასჭირვებია.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი, რომელსაც რამდენიმე გრიფირებული საქმე თავადაც ჰქონდა, ამბობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქმის მასალები, გადაუცემლობის შემთხვევაში, დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში კი წინასწარი პატიმრობა უკანონოდ ჩაითვლება და სასამართლოს ბრალდებულთა გათავისუფლება მოუწევს.

თავად ნიკოლეიშვილი ისეთ გახმაურებულ საქმეებზე მუშაობდა, როგორიცაა “ენვერი” და “მუხროვანის ამბოხი“. კიდევ ერთ ნაწილობრივ გრიფირებულ საქმეზე ის ახლაც მუშაობს. სხვა ადვოკატების მსგავსად, პროკურატურამ მასალები არც მას გადასცა და მათი ადგილზე გაცნობა შესთავაზა, რასაც ადვოკატი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილით დასთანხმდა.

ადვოკატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ პროკურატურა საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის.

"თუკი ადვოკატს ეძლევა საშუალება გაეცნოს საქმის მასალებს და გააკეთოს ჩანაწერები, მაშინ როგორღა ხდება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა. ამ შემთხვევაში საიდუმლოების დაცვის ერთადერთი გარანტიაა ადვოკატის გაფრთხილება გაუხმაურებლობის შესახებ. სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების ზოგადი წესი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს არ ეხება, რადგან ამ შემთხვევაში საქმე ეხება მტკიცებულებებს, რომლებიც,  ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, დაცვის მხარეს უნდა გადაეცეს“, - ამბობს ოთარ კახიძე.

ოთარ კახიძის თქმით, აღნიშნული პრობლემა მასაც აქვს: კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ნინუას, სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის მასალები სასამართლოშია და ასლებს არ აძლევენ.

„მივმართე შსს-ს ადმინისტრაციას და კონტრდაზვერვას, რომ მოეცათ ჩემთვის საიდუმლოებაზე დაშვება, მაგრამ უშედეგოდ. ანუ პროკურატურის ეს არგუმენტიც ფიქციაა. პრაქტიკულად ეგეთ ნებართვებს ადვოკატებზე არ გასცემენ“, - ამბობს ოთარ კახიძე.

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის, ზაზა ხატიაშვილის, შეფასებით პროცესების ამგვარი განვითარება მეტყველებს იმაზე, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა არ უნდა და ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასაც არ გამორიცხავს. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^