Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენება

23 ნოემბერი 2014

ვუძღვნი ბავშვთა უფლებათა კონვენციის 25-ე  წლისთავს

იქ იჯდა ყოველთვის, ბოლო მერხზე, არა სცილდებოდა იმ ბოლოსა. სულ იმას ვეუბნებოდი, წინ გადმოდი, უფრო კარგად მომისმენ, უკეთესად დაინახავ-მეთქი დაფასა. არ უნდოდა, იქ ერჩივნა თავისთვის მარტო ყოფნა. იჯდა ჩუმად, წიგნებსა და რვეულებში ჩარგული თავითა და ხმას არავისა სცემდა. სულ თავის ფიქრებთან იყო, ვერავის ვერა გვხედავდა. ისე იყო სიჩუმეში ჩაკარგული, ხშირად კლასში მისი არსებობაც მავიწყდებოდა. მაშინღა გამახსენდებოდა ხოლმე, რომ ამოიოხრებდა და გულს ამოატანდა. ძალიან მეცოდებოდა მარტოობისთვის, განსაკუთრებით, როცა  სხვა ბავშვები ყირამალაზე გადადიოდნენ... ან გაკვეთილზე ვამღერებდი თუ ვაცეკვებდი...  დავუძახებდი, მოდი, შენს მეგობრებთანა, მოდი ხელი ჩასჭიდე, ითამაშე-მეთქი ამათთან, მაგრამ ერთს ამომხედავდა ნაღვლიანი მზერითა, ისიც პირველ თქმაზე იშვიათად, და მერე ისევ  ჩაქინდრავდა თავსა. არცროდის არა მყვარებია ვინმესთვის თვალებში ყურება - არც ლაპარაკისას, არც გაკვეთილის ახსნის დროს, მაგრამ მაგისთვის სულ მინდოდა ცქერა, მინდოდა მეტი გამეგო, იმ თავის ტკივილში ჩამეხედა. მაგრამ არაო, არ მიშვებდა, არ მიკარებდა; შიგნიდან არაფერი გამოჰქონდა გასამზეურებლად ისეთი, რომ დამენახა. ვერც დავაძალებდი, თავისი იყო, სხვისი ხელების ფათურისგან იცავდა, დარაჯად ედგა. დიდრონი თვალები ჰქონდა, ჭასავით უფსკერო და ღრმა, ჩავარდნისა შეგეშინდებოდათ; სევდიანიც-მეთქი, როგორა ვთქვა, მაგრამ არც სიხარულისა და ბედნიერებისა ეტყობოდათ იმ თვალებს რამე. ან საიდან უნდა დასტყობოდათ, უბედურ ვარსკვლავზე გაჩნდაო, მაგაზე იყო ნათქვამი. არა, საერთოდ არა ჰქონდა ბავშვის მზერა. ერთხელ უკვე დაბერებული, ცხოვრებანანახი ადამიანი გვიყურებდა მაგის თვალებიდან. სამაგიეროდ, სინათლე  ჰქონდა, ბევრი, სხვანაირი სინათლე და შუქი ედგა თვალებში. რად მინდოდა მაგისი მოყოლილი გაკვეთილი? რა, ბრმა ხომ არ ვიყავი, რომ ვერ დამენახა, რამდენსა კითხულობდა, რამდენი რამ იცოდა? ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარიც გეტყვით, რომ მაგის გარდა კარის შემღები არავინა ჰყავდა. საწყალი, შიშით ოთახს ვეღარა კეტავდა ხოლმე. იქ თუ არ იყო, მთელ სკოლაში დაუწყებდა ძებნასა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, იპოვიდა, მოიყვანდა ამ ხნის ქალსა, გააღებინებდა  და საათობით ეძებდა ახალ წიგნსა. მე რად მინდოდა მაგის ლექსი და საზეპირო. ვინც იზუთხავს ანდა პირს არ აჩერებს, იმან იცის რამე? მაგან კიდევ იცოდა, ჩემზე მეტიც იცოდა, ის იცოდა, რაშიც ნიშანი არ იწერება. სხვა ცოდნა ჰქონდა, სხვანაირი... იმიტომაც იყო სულ დუმილში. აი, მაგ ფიზიკის მასწავლებელს უნდოდა გაერიცხა, თქვენ რომ გელაპარაკებოდათ დერეფანში. მეუბნებოდა, კლასში მაინც ჩატოვე. მუნჯია, კომისია რომ მოვიდეს შემოწმებაზე, სად დამალავო. წლიდან წლამდე შენი ხათრით ვუწერ სამიანებსა და ვინმემ რომ  მკითხოს, როგორ ვიმართლო თავი, კლასის დამრიგებლის თხოვნითა ვწერდი ნიშანსაო? დამალოს ეგე ეხლა, ეხლა ხომ აღარ შერცხვება? ეს რომ მახსენდება, სულ გული მიკვდება, ბურთი მიჩერდება ყელში... არ მოუსმინოთ მაგასა, გესლიანი ენის პატრონია... ბოლოს ერთი თვის წინ მეჩხუბა, საშობაო არდადეგებზე რომ  ვუშვებდი ბავშვებს. ცუდი ნიშნებით ხომ არ დავამთავრებინებ-მეთქი სემესტრსა, მინდოდა მშვიდად შეხვედროდნენ ახალ წელს და მშობლები გაეხარებინათ. ვისთანაც მიმესვლებოდა ყველასთან მივედი, ზოგთან თავი დავიმცირე, ზოგს მოსწავლის მაგივრად შევპირდი, ასე იზამს, ისე იზამს, შემდეგ სემესტრში ყველაფერს გამოასწორებს, მოინდომებს-მეთქი... არავის უარი არ უთქვამს. იციან ჩემი ხასიათი, სკოლაში ყველა კარგად მიცნობს, უნივერსიტეტიდან აქ გამამწესეს სამუშაოდ და აქ დავბერდი ქალი, პირველად კი არ მითხოვია, განა ან ვალში დავრჩენილვარ როდისმე ვინმესა, როგორც შემიძლია, ისე ვეხმარები მეც ყველასა. ბავშვების გულის გასახარად მინდოდა, სხვა რა მრჯიდა, მაგან კიდევა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, დამრიგებელი ხარ და შენი ბრალია, რომ არაფერს არა სწავლობენ, შენი გაფუჭებულები არიან, ყრუ-მუნჯებს დაათრევ კლასიდან კლასშიო. მაშინ კი ამოვიღე უკვე ხმა და პირში ვუთხარი ყველაფერი, რასაც მაგაზე ვფიქრობდი, რაც ამდენი წლის მანძილზე არ მითქვამს. ძალიან გავცხარდი, მაგრამ რა ვქნა,  ვერ მოვითმინე მაინცდამაინც ის რომ ამოიჩემა, იმას რომ ამადლიდა ნიშანსა. იმ უქნარა ბიჭებზე კიდევ სიტყვაც არ უთქვამს,  გაკვეთილებზე კარტის თამაშისა და ძილის მეტს რომ არაფერს აკეთებენ, არც ჩემი მულისშვილზე, მართლა თხოვნით, საჩუქრებითა და მუდარით რომ გადამყავს კლასიდან კლასში. გეფიცებით, მართლა არ მეწყინებოდა, თან მაგისგანა, მაგრამ ვეღარ ვაპატიებდი იმის აუგად მოხსენიებას და დაჩაგვრასა. ჰოდა, ვუთხარი, დიახ, ყველაფერი სახეში ვაჯახე, რასაც სხვები  ფიქრობენ მაგაზე და ხმამაღლა ვერ ეუბნებიან, ისიც ვუთხარი. მერე კიდევ, ისე, ყველაფერს ბედი უნდა, ყველა მე არ მომდგა? მე გამამტყუნეს, ეგეთები რამ გათქმევინა, თანამშრომელია მაინცო, ფულით როა მიღებული და ფიზიკოსის დიპლომი რომ არა აქვს, ეგ შენი გასარჩევი არ იყოო, იმ უპატრონო მუნჯის გამო რა გაჩხუბებდა, დირექტორთანაც რატომ გაიფუჭე საქმეო... ასეა, ხო, სიმართლე არავის უყვარს! მტერს არ ვუსურვებ, რაც მე მაშინ გადავიტანე, მტერს!.. თვითონ რომ ბევრს ლაპარაკობენ, ათას სისულელეს რომ ამბობენ, ერთ დაფიქრებულ სიტყვას რომ არ იტყვიან, რითი სჯობდნენ დუმილში ჩაფლულ ადამიანსა?! მაგათი მოგონილია ის ჭორიც, ვითომ უფროსკლასელმა ბიჭებმა აწყენინესო. მაგათ თავებში იხარშება ეგეთი სიბილწე... იმიტომა გთხოვთ, ნუ მოუსმენთ, ნუ დაუჯერებთ ეგეთებსა. ნეტავ საერთოდ გულები თუ აქვთ, ან თუ შესტკივათ რამეზედა?.. მასწავლებლობა კარგი, ყველას ვერ მოსთხოვ პროფესორობასა და საგნის უნაკლო ცოდნასა, მაგრამ ადამიანად ხომ უნდა ვარგოდნენ, როგორა მუშაობენ სკოლაში ბავშვებთან? კლასში მაინც ჩატოვეო, გარიცხეო, როგორ მეუბნებოდნენ უსირცხვილოდა, როგორ?! ყველამ კარგად იცოდა სამი კილომეტრის სიშორიდან რომ დადიოდა სკოლაში ფეხით. წვიმასა და თოვლში, სკოლა არ გაუცდენია ბავშვსა და ქუჩაში ძაღლივით გააგდეო, მიყიჟინებდნენ... აბა, მაგათ როგორ უნდა დაუჯეროთ, ეგენი ადამიანები არ არიან!.. სასაცილო გამხადეს, ყველას მამიდა შენა ხარო. რაღაცა ზედმეტ სახელსაც მეძახიან მგონი, თქვენც გეტყოდნენ, მაგ სიამოვნებას როგორ დაიკლებდნენ, ოღონდ ვინმესთან ჩემზე იცინონ და სხვა არაფერი ახსოვთ. იმ ამბის მერე კიდევ, მგონი, საერთოდაც სკოლიდან მიპირებდნენ გაგდებასა. ჩემს პარალელურ კლასში მშობლებს ერთი უდედმამო ბავშვისთვის ტანსაცმელი მოვატანინე. ოქტომბრის თვე იყო, გუშინდელივით მახსოვს, ისეთი ბედნიერი არასდროს მინახავს, გაკვეთილების მერე დავტოვე, სამასწავლებლოში შევიყვანე, სულ სათითაოდ მოვაზომე, ჩემმა ქმარმა ძონძების მაღაზია რომ დახურა, იქიდან დაგვრჩა და შენ წამოგიღე-მეთქი. გაიხარა ბავშვმა და რა გაიხარა, იბზრიალა, იფრიალა ყველა კაბითა. თვალებიდან სულ ნაკვერჩხალივით ტკაცა-ტკუცი სცვიოდა... მეორე დღეს ადგა და მადლობის ნიშნად ყველა ჯიბით კარალიოკები მომიტანა. დილას კლასში რომ შევედი, მაგიდაზე დამახვედრა, მაგის კლასელმა, ჩემი მეზობლის გოგომ მითხრა, სულ სათითაოდ დააორთქლა და დაგიწმინდათ ცხვირსახოცითო. მზიანი და თბილი შემოდგომა იყო, კი იცით. დეკემბრის მეორე ნახევარში, რომ აგვიცივდა, ჩაიცვა უბედურმა ბავშვმა ის დაწყევლილი სტაფილოსფერი პალტო. ისეთი ფერისა და იმნაირი ფასონისა იყო, კი ყვიროდა ჩვენი სასწავლო ნაწილის ხმითა. ჰოდა, იცნო ძველმა პატრონმა თავისი ქონება და სულ მუშტებითა და წიხლებით შემოახია ტანზე. შე ქურდო, შე არამზადაო!.. არაფრით არ გაუხდია უბედოსა, ჩემია, არ დავთმობო! ისეთი ქნა იმ გოგომ, ბავშვი ორი კვირა საწოლიდან ვერ ადგა. ახლაც თავზე ალაგ-ალაგ თმა არა აქვს, ისე ველურივით დააგლიჯა... ამაზე დამცინიან, მამასხარავებენ... სასაცილოა ახლა ესა?! კარგი რომ იყოს ეგეთი ამბები, შენ დაგვასწრებდი მაგის გაკეთებასო. ვის ჰკითხე, ვინ მოგცა უფლება ეგეთი ღონისძიებებისო? ღონისძიება ჰქვია ამასა, სიკეთეს და თანადგომას? ზოგ-ზოგიერთებს ისიც უთქვამთ, თვითონაც წაიღო ბავშვების გამონაცვალი სახლშიო... ღმერთო, რატომა ვარ ცოცხალი, ფეხქვეშ მიწა რად არ გამისკდება!.. ცალკე კიდევ მურაბებსა და ჯემებზე გამირჩიეს საქმე, რას დაარახუნებ ქილებს წინ და უკანაო, სკოლა კაფე და სასადილო ხომ არა გგონიაო? ისეთი სიხარულით ვაკეთებდი ყოველ ზაფხულს ბავშვებისთვის ნაირ-ნაირსა, ყველაფერი ჩამაშხამეს, ჩამამწარეს. ისედაც, განა რამდენი უნდა გვეჭამა მე და ჩემ ქმარსა? თან კაცია და ტკბილი საერთოდაც არ უყვარს, ხანდახან ნასვამზედა, წელიწადში ერთხელ თუ მომთხოვს კაკლის ან საზამთროს მურაბასა და ეგაა და ეგა. ვაიმე, ღმერთო, მარწყვის და ლეღვის მურაბას ყველაზე დიდი მონდომებით ვაკეთებდი, იმიტომ რომ მაგას უყვარდა... ხარშვისას სულ მაგის თვალები მედგა წინ, გონებაში ველაპარაკებოდი, ვუყვებოდი ჩემი ყმაწვილქალობის ამბებსა. მერე კიდევ, გამზადებული, ბაზარში ნაყიდ ლამაზ, ფირუზისფერ ქილებში ჩასხმული, ისეთი სიხარულით მიმქონდა სკოლაში, თითქოსდა ჩანთაში უკვდავების წამალი მედო.  რომ ერიდებოდა და იმორცხვებდა, ძალით ვაჭმევდი ჩემი ხელითა, დანარჩენი ბავშვები იდგნენ და კისკისებდნენ, მასწ, რა თოთო ბავშვივით აჭმევთო, უხაროდათ იმათაც. ყოველ კოვზზე ისე მიღიმოდა მორცხვად, გული მიდნებოდა. ეგ იყო მაგის მადლობა, მეტი არც მინდოდა, მყოფნიდა. მურაბას ვინ ჩივის, ერთი უბრალო სადილის გამკეთებელიც არა ჰყავდა. კაცმა არ იცის, რასა სჭამდნენ ეგ და ბებიამისი. ყველაფერს თვითონა რეცხავდა, თვითონ ალაგებდა და მარტო უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ  გაწამებულ მოხუცსა, დიდი ქალივით პატრონობდა, ბევრი ვერ შეძლებდა მაგდენს. მე ამ ხნის ქალი ვარ და რომ მომკლათ, პამპერსს ვერავის გამოვუცვლი, განა არ მიყვარს ჩემი ქმარი, სიკეთის, ზრუნვისა და ამაგის მეტი არაფერი მახსოვს მისგანა. ძალიან კეთილი კაცია, ღმერთმა ჯანმრთელად მიმყოფოს მაგის თავი, მაგრამ ლოგინად რომ ჩავარდეს, ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ შევძლებ, რწყევით მოვკვდები. სულ მაგასა ვნატრობ, იმ დალოცვილმა ღმერთმა მეც ისე მომკლას, სხვისი მოსავლელი არ გავხდე. საავადმყოფოში დაწვენა კი არა, შემწეობასაც არ აძლევდნენ უბედურებსა, მხოლოდ პენსიით ედგათ სული. რომ წარმოვიდგენ მაგათ ყოფასა, სულ გული მიკვდება, როგორ უნდა გაიხაროს ვინმემ მაგათი ცოდვითა... დედა რომ ჩაუვარდა ლოგინად, მაშინ წავიდა ის ქალი ქალაქში, ასე ერთ ადგილზე ვეღარ ვიჯდები და მშვიდად ვერ ვუყურებ, დედაჩემი  როგორ კვდებაო. ერთ ადგილას იყიდიდა თურმე რაღაცას და მერე სხვა ალაგზე ჰყიდდა. კაპიკები რჩებოდაო, მთელი ფული ჭამასა და ბინის ქირაში მისდიოდა და ამათ ვერაფერს უგზავნიდაო, რვა ქალი ათენებდა ერთ ოთახში ღამესო... ყელში ამოსვლია ფუჭი შრომა, წვალება და ერთ დღესაც, ვიღაცის დახმარებით თურქეთში გადასულა. ამათთვის შემოუთვლია, მალე დავბრუნდები, არ იდარდოთ, თქვენც გამოგიგზავნით ფულსა და იქნება ცოტა მეც დავაგროვო აქაო. პირველი ასი დოლარი კი მალევე გამოუგზავნია, მაგრამ იმის მერე აგერ უკვე მეცხრე წელი მიილია და აღარ შემოხმიანებიათ. გულღრძოს და ბოროტენიანს რა გამოლევს, რაც იმაზე ჭორი და მართალი ითქვა... თუმცა ერთი კია, იმის მნახველი კაცი ჯერ არ გამოჩენილა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო... ახლა ამისი ქმარი? - იმანაც დაჰკრა ფეხი ერთ მშვენიერ დღეს და ისე მიატოვა ეს თითისტოლა გოგო და სიკვდილს მიახლებული ავადმყოფი, უკან აღარ მოუხედავს. არ ვიცი, ასეთები სად იბადებიან!.. ვიღაცამ კი მოიტანა სკოლაში ამბავი, ერთი მაგათი სოფლელი კაცი, მარშუტკის მძღოლად უმუშავია ქალაქში, გვარიანად ნასვამს გადაწყდომია რომელიღაც რესტორანში, მისულა, მისალმებია, როგორა ხარ, რას შვრებიო. იმას კიდევ, ვიღაცაში გეშლები, მე შენ არ გიცნობო. ნეტავ თავის შვილს რომ ენახა, იმასაც ასე ეტყოდა?!.. ბებიამისი რომ გარდაიცვალა, სოფელმა კი დაკრძალა, მაგრამ ეს სულ მარტო დარჩა, ამის პატრონი არავინ იყო. სკოლაში ორი კვირა არ გამოჩნდა. ვიფიქრე, დარჩეს სახლში, ორმოცამდე ნურც მოვა-მეთქი, მაგრამ ესე გულზეხელებდაკრეფილს რა გამაჩერებდა, მევალებოდა კიდეც და მივაკითხე. სახლში არ დამხვდა. საღამომდე ველოდე, რომ არ მოვიდა, შემეშინდა და მეზობლებში ვიკითხე ამბავი. ყველამ ერთი და იგივე მითხრა, საძოვრებზე იქნება, იქ უყვარს ყოფნა, დაბნელებამდე დაბრუნდებაო. ვეღარ მოვუცდიდი, დავიბარე, თუ ნახოთ, უთხარით, რომ ვიყავი და როცა თვითონ მოისურვებს, მოვიდეს-მეთქი სკოლაში. პარასკევი იყო და კი მოვიდა ორშაბათს. ეს ბოლო ერთი თვე გვიანობამდე რჩებოდა კლასში, მანამდე, სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაიწვებოდა ღუმელში. ცოდვა უნდა ვთქვა და, სამასწავლებლოდან შეშის ნაჭრებს ვიპარავდი და მაგისთვის მიმქონდა, სხვა ვერაფრით  ვეხმარებოდი. გაკვეთილების შემდეგ გიჟივით გავრბოდი სახლში, მოსწავლეები მელოდებოდნენ. ბავშვებს ვამზადებ, მაგით მიდგას სული, მაგითა ვშოულობ დამატებით ორ კაპიკს. ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე ღამით, ავდექი თუ არა, ეზოში გავედი, იქა გვაქვს ონკანი, ამხელა თოვლი რომ დავინახე, მაშინვე ეგ გამახსენდა. ავნერვიულდი, მაგრამ ვიფიქრე, შინ დარჩება, ასეთ ამინდში არ წამოვა-მეთქი. ონკანი რომ გავაღე, წყალი გაყინული დამხვდა და სიზმარი ვერ გავატანე. ვაიმე, როგორ ვერ მოვიფიქრე, კოკით მაინც გამომეტანა, გადამესხა და ისე  მეთქვა... ის მღვდელი ვნახე, ის არგასახარელი, მაგას წესი რომ არ აუგო, ცოცხალი ბატკანი ეჭირა ხელში და ცოცხლადვე სჭამდა, სულ სისხლით ჰქონდა მოთხვრილი პირი და ხელები, ახლაც რომ გიყვებით, ოფლი მასხამს. პირველი გაკვეთილი, რომ არა მქონდა, გვიან მოვედი, კლასის კარი უკვე  ჩაკეტილი ჰქონდათ და შიგ არავის არ უშვებდნენ. სანამ იქამდე მივედი, ჩემი დამემართა, ერთ წამში ათასმა ცუდმა ამბავმა  გამირბინა თავში. დავინახე, ჩემი ბავშვები ტიროდნენ. ვხედავდი რომ ტიროდნენ, მაგრამ არავისი ხმა არ მესმოდა. ფიზიკის მასწავლებელი იდგა კარში, არაფერი უთქვამს, ერთი წარბი ჰქონდა აწეული მკაცრად, ოდნავ შეაღო კარი და შემახედა. ვერაფერი დავინახე, ვერაფერი... გარდა ფართოდ გახელილი თვალებისა. მე მიყურებდა, გეფიცებით, მე მიყურებდა... მინდოდა ჩამომეხსნა და არ მიმიშვეს, პოლიცია უნდა მოვიდეს, არ შეიძლება ხელის ხლებაო. რას ვითხოვდი ისეთსა? ჩამოვხსნიდი, გულში ჩავიკრავდი და მოვეფერებოდი, ყველას მაგივრად მოვეფერებოდი... მეც ხომ არა მყავს შვილი, უსიყვარულოდ გავთხოვდი, ვფიქრობდი, შვილს მაჩუქებს ის დალოცვილი ღმერთი-მეთქი, მაგრამ... იმას კიდევ დედა არა ჰყავდა, ჩავიკრავდი  გულში შვილივითა და თვალებს დავუკოცნიდი... იქნება, მეშველა კიდეც რამე... ჩამომეხსნა, რა იქნებოდა, შეიძლება სუნთქავდა ჯერ ისევ... მე მიყურებდა და იმიტომ ვამბობ...

 

 

ქართველ მწერალთა ესეები მომზადდა ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავის ფარგლებში იუნისეფის და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^