NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 23% მიიჩნევს, რომ ლგბტ თემის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ 44%-ის აზრით, ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა, 26%-ს კი ნეიტრალური პოზიცია აქვს. 6% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს.
ორგანიზაციამ ეს შეკითხვა მოსახლეობას 2015 წლის აპრილშიც დაუსვა. მაშინ მხოლოდ 21% მიიჩნევდა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად, 49% კი - უმნიშვნელოდ.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს 93%, ეთნიკური უმცირესობების - 60%, რელიგიური უმცირესობების - 60%.
_____________________________________________________
საზოგადოების განწყობა საქართველოში 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა.
კვლევა წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
საველე სამუშაოების თარიღები: 23 ივნისი - 8 ივლისი, 2018. 2409 დასრულებული ინტერვიუ (49% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%
მეთოდოლოგია
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს
სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად
კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა
შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით
არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება
ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.