Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დარაბებს მიღმა არჩევნებია

16 თებერვალი 2015

როგორც ჩანს, "ოცნებამ" გამოწვევა მიიღო და ფორსირებულ ქმედებებზე გადავიდა. ამ დასკვნის საფუძველს ზურა ვაზაგაშვილისა და ზურაბ ჟვანიას საქმეებში სულ ორიოდე კვირაში გაჩენილი ახალი ფიგურანტები გვაძლევს. მედიაში უკვე ფართოდ ანონსდება ბუტა რობაქიძის მკვლელობის გარემოებებში ძიების პროგრესიც.

 31 იანვარს, დღის 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით ადამიანი "სამართლიანობის აღდგენას" ითხოვდა. აქციის ორგანიზატორები  - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრები - საღამოს აცხადებდნენ, რომ გუგლის სპეციალური პროგრამის დათვლით, იმ დღეს თბილისის ცენტრში 25 000 ადამიანი შეიკრიბა. თუ ეს ასეა, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პარტიამ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარება შეძლო.

ამ ხალხმრავლობაში ლომის წილი, რა თქმა უნდა, ცოტა ხნის წინ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულმა მკვლელობამ შეიტანა. მაგრამ ტრენდი ნათელია - "ოცნების" ამომრჩეველი წინასაარჩევნოდ გაცემული მთავარი დაპირების - "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას უკვე კატეგორიულად ითხოვს. დრო დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კარზეა მომდგარი. სახელისუფლებო პარტიას ბუნებრივად მძიმე ტვირთს გლობალური ეკონომიკური და რუსულ"უკრაინული კრიზისებიც უმძიმებს. ამ ფონზე ძალიან გართულდება ერთხელ უკვე გამოყენებული შიდაპოლიტიკური კოზირის - "სამართლიანობის აღდგენის" ხელახლა გათამაშება, თუ კომპეტენტურმა უწყებებმა რაიმე არსებითად ახალი არ შემოგვთავაზეს.

როგორც ჩანს, "ოცნებამ" გამოწვევა მიიღო და ფორსირებულ ქმედებებზე გადავიდა. ამ დასკვნის საფუძველს ზურა ვაზაგაშვილისა და ზურაბ ჟვანიას საქმეებში სულ ორიოდე კვირაში გაჩენილი ახალი ფიგურანტები გვაძლევს. მედიაში უკვე ფართოდ ანონსდება ბუტა რობაქიძის მკვლელობის გარემოებებში ძიების პროგრესიც.

ვითარების ერთ"ერთი საფრთხე აქაც იმალება: თუ სასამართლო დარბაზებში გახმაურებული განხილვები დღევანდელი ტემპით გაგრძელდა, ხელისუფლებას იმის ახსნა მოუწევს, რატომ იყო ამ მხრივ ინერტული მართლმსაჯულება ქვეყნის მმართველობაში მათი ყოფნის ლამის ორწელიწადნახევრის განმავლობაში. შესაბამისი პოლიტიკური ნება არ არსებობდა? იქნებ მართლაც კონკრეტული მაღალჩინოსნები აფარებდნენ ხელს დამნაშავეებს, როგორც ამას "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ყველაზე განრისხებული ნაწილი ამტკიცებს? მით უმეტეს, რომ ბოლო მოვლენებს უკვე მოჰყვა შინაგან საქმეთა ახალგაზრდა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომა.

სავარაუდოდ, უახლოესი პოლიტიკური დისკურსი სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება. თუ დამაჯერებელი პასუხები ვერ მიიღეს, ოპონენტები, პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობა", ქართული მართლმსაჯულების პოლიტიკურად მოტივირებულობით დისკრედიტაციას უფრო ხმამაღლა შეეცდება. ამ სისტემის მიმართ ნდობა კი, ბოლო წლების განმავლობაში, ტრადიციულად არ არის მყარი.

ეს წინასწარგანჭვრეტადი იწილო"ბიწილო სრულებით არ არის ამოვარდნილი ისტორიული კონტექსტიდან. საქართველოში (ისევე, როგორც თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში), ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველა არჩეული ხელისუფლების რეიტინგი პირველივე საარჩევნო ციკლის განმავლობაში მნიშვნელოვნად ეცემა. მეორე ციკლში გადასვლას ახერხებენ, მაგრამ, სულ მცირე, სახელისუფლებო რესურსის გამოყენებით. მომდევნო არჩევნებს, როგორც წესი, ამასობაში გამოჩეკილი ახალი პოლიტიკური ძალა დიდი უპირატესობით იგებს. ამ ძალის წარმატებულობას კი კვლავ, როგორც წესი, ახალი ერთპიროვნული ლიდერი განაპირობებს. დღეს ასე აშკარად გამოკვეთილი არც ახალი პოლიტიკური ძალა ჩანს და არც უპირობო ლიდერი. მეორე მხრივ, არც ისაა ნათელი, გაუძლებს თუ არა "ქართული ოცნება" არჩევნებში სახელისუფლებო რესურსის გამოყენების ცდუნებას.

აქ კი კვლავ ნიშანდობლივია რუსთაველის გამზირზე 31 იანვარს გამართული აქცია. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" "ნაციონალურ მოძრაობაზე" ბევრად ნაკლები რესურსით შეძლო ის, რაც მათ ბოლო 2 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს. ნაციონალისტურ"პოპულისტურმა პარტიამ ყველაზე ეფექტიანი კომუნიკაცია დაამყარა ელექტორატის რადიკალურად განწყობილ ნაწილთან, რომელიც სწრაფად მზარდია. მათი საინფორმაციო ფრთა - "მედია-კავშირი ობიექტივი" საქართველოს მასშტაბით ტელე-რადიო სიხშირეებითა და ინტერნეტით ვრცელდება. დიდ ქალაქებში, სადაც მაუწყებლობა უფრო სტაბილურია, პარტიამ თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასე მაგალითად, საკმაოდ წარმომადგენლობითი ჯგუფით მოხვდნენ ქუთაისისა და ბათუმის საკრებულოებში. "ობიექტივის" ეთერში ყოველსაათობრივად გადის პარტიის გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის მიერ მომზადებული და გახმოვანებული პატრიოტული ვიდეორგოლები, რომელშიც ცნობილი ქართველების ღვაწლს იხსენებენ. "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარეს, დავით თარხან"მოურავს რელიგიური გადაცემა მიჰყავს და საეთერო დიალოგების მუდმივი სტუმარია. არხის ათეულობით წამყვანიდან უმრავლესობა საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიას ეთერში არ მალავს. 31 იანვრის აქციის ტელე-რადიო რეპორტაჟის კომენტატორები ხშირად ახსენებდნენ, რომ ეს "მათი აქციაა" და ხალხი მათ მხარდასაჭერად შეიკრიბა. გია კორკოტაშვილი, რომელსაც "ობიექტივზე" ყოველკვირეული გადაცემა მიჰყავს, აქციაზე სიტყვითაც გამოვიდა. ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვან ფიგურანტად ჩამოყალიბდეს. ყოველ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვნად, ვიდრე ნინო ბურჯანაძის პარტია, ან შალვა ნათელაშვილის "ლეიბორისტები", რომლებიც ბევრად უფრო მსუყედ არიან წარმოდგენილები ქართულ მეინსტრიმულ მედიაში.

ოპოზიციაში ახალგადაბარგებული ირაკლი ალასანია და "თავისუფალი დემოკრატები" კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან: პარტიის 3 მინისტრს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის ცვლილების საფრთხეზე თანამდებობიდან გადადგომისას გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების რელატივირება მალევე მოუხდათ. ეს გარემოება მათ რიტორიკას დამაჯერებლობას არ მატებს. არც ისაა მარტივი ასახსნელი, რა შეიცვალა ასე კარდინალურად კოალიციის დატოვების შემდეგ, როცა მანამდე ქვყანაში მიმდინარე პროცესებს სრულებით სხვაგვარად აფასებდნენ. ცხადია, ხელისუფლებაში ყოფნის ტვირთი მათ კრიტიკული განცხადებების კეთების ფუფუნებას მაშინ არ მისცემდა, მაგრამ რიტორიკის ეს მკვეთრი და ერთი შეხედვით უმიზეზო (ან ვიწროპარტიულად მოტივირებული) ცვლილება ძნელია აუხსნა რიგით ამომრჩეველს.

ვინც "რუსთავი2"-ის ეთერს აკვირდება, მიხვდებოდა, რომ კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიას - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს. ამ ტელეკომპანიის პრაიმთაიმში ბოლო დროს პარტიის რეკლამა გამოჩნდა, სადაც "ნაციონალები" წინასაარჩევნო პროგრამისთვის კლასიკურ გზავნილებს დეკლარირებენ. ყოფილი სახელისუფლებო პარტიისთვის მთავარ გამოწვევად დღესაც ბევრჯერ დაანონსებული, მაგრამ დღემდე შეუმდგარი რებრენდინგი რჩება. "ნაციონალები" ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უდავოდ ყველაზე მეტ ინტელექტუალურ რესურსს ფლობენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს საკუთარ წარსულთან არსობრივად კრიტიკული კონფრონტაცია. ნაკლებად სავარაუდოა "რუსი ოლიგარქი-ჰაკიმ ფაშა" რიტორიკამ, რომელიც ბოლო 2 წელია გრძელდება, მათ 2016 წლისთვის საკუთარ ყველაზე ერთგულ მხარდამჭერებზე მნიშვნელოვნად დიდი ელექტორატის მობილიზება მოახერხებინოს.

როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" საარჩევნო ბედს დიდწილად ლარის კურსი და ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული სატელევიზიო აქტივობა განსაზღვრავს. ღია მედია"სივრცისა და ჩასაფრებული ოპონენტების პირობებში ხელისუფლებას სულ უფრო ხშირად მოუხდება დაპირებული ეკონომიკური წარმატების ჩვენება და მტკიცება. ეს კი ყველა ამომრჩევლისთვის ადვილად გადამოწმებადია საკუთარ ჯიბეზე.

მეორე მხრივ, "ოცნება" დღემდე ხალხის აღქმაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალად რჩება. კოალიციამ თავის წიაღში ვერ შვა სხვა პოლიტიკური ლიდერი, რომელიც რომელიმე პარამეტრით მისი საპირწონე გახდებოდა, ამიტომ მათ, დიდი ვარაუდით, წინასაარჩევნოდაც ყოფილი პრემიერის ავტორიტეტზე მოუხდებათ დაყრდნობა. ამ მხრივ “ოცნებისთვის" ივანიშვილის სატელევიზიო ექსპერიმენტი სახიფათოა. თუ მისმა საეთერო აქტიურობამ მხარდამჭერებში მისი პიროვნების ერთგვარი დესაკრალიზაცია მოახდინა, ეს პირდაპირ აისახება პარტიისა და კოალიციის რეიტინგზეც.

მოკლედ, ქართული პოლიტიკა მორიგი რყევების ფაზაში შედის. გამოცხადებული არჩევნების ქრონიკას საინტერესო პირი უჩანს. თუმცა, საინტერესო ყოფას ბოლო 25 წელია უკვე მივეჩვიეთ კიდეც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^