Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"იუნკერს 13-ის" შეწყვეტილი რეისი

12 აპრილი 2015

ლეგენდის თანახმად, როდესაც ავიაკონსტრუქტორმა ჰუგო იუნკერსმა კომისიას მთლიანად ლითონისაგან შექმნილი აეროპლანის პროექტი წარუდგინა, ერთ-ერთმა წევრმა ირონიულად ჰკითხა: "კი მაგრამ რაიმე მაინც იქნება თქვენს თვითმფრინავში ისეთი, რაც იწვის?" "რა თქმა უნდა - ბენზინი!" - ღიმილით მიუგო იუნკერსმა.

1925 წლის 22 მარტს მსოფლიოში პირველი სრულად მეტალის კონსტრუქციის სამოქალაქო თვითმფრინავის JUNKERS F 13-ის ბენზინის ავზების აფეთქების ხმამ თბილისს გადაუარა და მთელი საბჭოეთი შეაშფოთა. დიდუბის იპოდრომთან მზიანი დილით სამი "ძვირფასი ამხანაგის" სიცოცხლე და რეისი თბილისი-სოხუმი შეწყდა.

23 მარტს სოხუმში აფხაზეთის საბჭოების ყრილობა უნდა ჩატარებულიყო. საპატიო სტუმრებმა თბილისიდან - სერგო ორჯონიკიძემ, სოლომონ მოგილევსკიმ, ალექსანდრე მიასნიკოვმა და გიორგი ათარბეგოვმა სრული ეფექტისა და სხვა წვრილმანი მიზეზების გამო მგზავრობა "ზაკავიას" ახლადამოქმედებული რეისით გადაწყვიტეს. 

წვრილმანი მიზეზები კი, რამაც ჯგუფის სოხუმში გამგზავრება დააგვიანა, ბევრი იყო - საგაზაფხულო წყალდიდობების გამო დაზიანებული რკინიგზის ხაზი დასავლეთ საქართველოში, თბილისში ჩატარებული საკავშირო ცენტრალური აღმასკომის სესიის საორგანიზაციო საკითხების კუდები, "პოლონელი ფაშისტების" მიერ დაპატიმრებული კომუნისტი დეპუტატის სტანისლავ ლანცუცკის გათავისუფლების მოთხოვნით მშრომელთა დემონსტრაციების ორგანიზება და ა.შ. ყველაფერი კი 20 მარტს მოულოდნელმა ტრაგიკულმა ცნობამ დააგვირგვინა - მოსკოვში მოულოდნელად გარდაიცვალა საკავშირო ცაკის თავმჯდომარე, "აღმოსავლეთის განმანათლებელი" ნარიმან ნარიმანოვი და მის მშობლიურ ქალაქ თბილისს 22 მარტს 12 საათზე სამგლოვიარო დემონსტრაცია სათანადო პატივით უნდა ჩაეტარებინა.

სრული ეფექტი კი საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობის პირად მაგალითს უნდა მოეხდინა "ზეცის დაპყრობის" საყოველთაო კამპანიის ფარგლებში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირს სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის მშენებლობის გამალებული პროპაგანდა ჰქონდა გაჩაღებული: მიყრუებულ სოფლებშიც კი  მიტინგებს მართავდნენ და "თავდაცვა ავიაქიმში"  აწევრებდნენ მასებს. ყველგან იქმნებოდა "საჰაერო ფლოტის მეგობართა საზოგადოებები", რომლებიც რიგითი მოქალაქეებისგან თუ სახელმწიფო დაწესებულებებისა და საწარმოების კოლექტივებისგან ახალი თვითმფრინავების შესაძენად და სამშენებლო სამუშაოებისთვის ფულს კრებდნენ. 1922 წლიდან სსრკ-მა ხელშეკრულება გააფორმა გერმანულ ფირმა "იუნკერს ლუფტვერკერთან" და ერთობლივი წარმოება ააწყო. მსოფლიო ომში დამარცხებული და სანქციებით შებოჭილი გერმანული მხარისთვის ეს სხვის ტერიტორიაზე ტექნოლოგიების განვითარების კარგი შანსი იყო. საბჭოთა კავშირი კი მზა, თანამედროვე აეროპლანების დიდი პარტიის შესყიდვა-დამზადებით ავიაციაში მსოფლიო ლიდერებს წამოეწია. გამოცდილი გერმანელი პილოტების მეწყვილეობა სამოქალაქო ავიაციის მფრინავთა ახალი თაობების აღზრდას უფრო აადვილებდა. ფარდის მიღმა კი ორივე მხარე სამხედრო ავიაციის ინდუსტრიას ავითარებდა.

სამოქალაქო ავიაციის სამი ვეშაპი კი რუსული "დობროლიოტი", უკრაინული "უკრვოზდუხპუტი" და კავკასიური "ზაკავია" გახდნენ, რომლებმაც წარმატებით დაიწყეს ჟUNKEღშ F 13-ის მოდელის აეროპლანებით საფოსტო გადაზიდვებისა და სამოქალაქო რეისების განხორციელება.

ამასობაში ზოგიერთმა გაბედულმა პოლიტიკურმა ლიდერმა რკინის ფრთების შთამბეჭდაობა საკუთარ ქარიზმასაც შეუერთა. 1924 წლის ზაფხულში ანასტას მიქოიანმა საჰაერო ტურნე - სტავროპოლიდან ესენტუკამდე ეტაპობრივი გადაფრენა მოაწყო. ყოველ დასახლებულ პუნქტში დაშვებისას აეროპლანის გამოჩენით გახარებული ხალხი იკრიბებოდა და მიქოიანიც სახელდახელო მიტინგს მართავდა ხოლმე. "მფრინავი მიტინგის" ამ ახალი ტექნიკის ათვისება ბუხარინმაც დააპირა, მაგრამ ცნობამ კომპარტიის გენმდივან სტალინთან მიაღწია, რომელმაც სპეციალური განკარგულებით ბუხარინს და მიქოიანს აეროპლანით მგზავრობა აუკრძალა. გენმდივნის სიფრთხილე და სიმკაცრე არც იყო გასაკვირი. ავიაციის მიღწევებით ტკბობა ჯერ კიდევ მაგარი გულის პატრონთა პრივილეგია იყო, ვინაიდან ცნობები საჰაერო კატასტროფების შესახებ არც თუ იშვიათად ჩნდებოდა პრესის ფურცლებზე.

22 მარტს, დილის თორმეტის ნახევარზე, ნავთლუღის აეროდრომზე სამი მგზავრი - მიასნიკოვი, ათარბეგოვი და მოგილევსკი უკვე ჩასხდომას ელოდებოდნენ და დრო ოხუნჯობაში გაჰყავდათ. ერთ კვირაში უკვე ამიერკავკასიის საჰაერო სააქციო საზოგადოება "ზაკავიას" იუბილე - დაარსებიდან 3 წლის ზეიმი უნდა ჩატარებულიყო. საბჭოთა ამიერკავკასიის ლიდერებს საამაყო ნამდვილად ჰქონდათ  - პირველი სამოქალაქო რეისი საბჭოეთის მასშტაბით 1923 წლის 10 მაისს სწორედ "ზაკავიამ" შეასრულა - თბილისი-მანგლისი, დღეისთვის კი უკვე ბაქო-თბილისის, თბილისი-სოხუმის რეისები სტაბილურად მუშაობდა და თბილისი-მოსკოვის მოსამზადებელი სამუშაოებიც გაჩაღებული იყო. გასახურებლად დაქოქილ "იუნკერსთან" პირველი რეისის დამსახურებული პილოტები - გერმანელი იოსებ შპილი და ამბაკო საღარაძე ფუსფუსებდნენ.

ვესერბურგში (ბავარია) დაბადებული შპილი მეტად გამოცდილ მფრინავად და ,,იუნკერსის" თვითმფრინავების  საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. იგი 1912 წლიდან მსახურობდა გერმანულ არმიაში და  მსოფლიო ომის შემდეგ "იუნკერსის" ფირმაში გადაბარგდა, საიდანაც 1923 წელს მოსკოვში გაგზავნეს. "ზაკავიაში" კი 1924 წლიდან დაიწყო მუშაობა, სადაც მალევე გერმანული პროფესიონალიზმის ცოცხალ სიმბოლოდ იქცა. აგერ უკვე 33 წელი უსრულდებოდა და "მძიმე" პროფესიის გამო დაქორწინებას ვერ ახერხებდა. საკუთარი ხელფასით კი გერმანიაში დედას, ძმასა და ორ დას ინახავდა. შარშან "ზაკავიაში" მისი 100 000 კილომეტრის სტაჟის შესრულება აღნიშნეს და ახლა კიდევ 30 000 კილომეტრამდე უსრულდებოდა. შპილს უხაროდა - პირველ აპრილს მისი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა და მოსკოვში აპირებდა დაბრუნებას, საიდანაც, შესაძლოა, სამშობლოში გადაყვანაზეც დაეყოლიებინა უფროსობა.

მგზავრებმა იცოდნენ, რომ ორსაათნახევარში უკვე სოხუმში იქნებოდნენ - ზოგ მათგანს აფხაზეთთან ძველი მოგონებები აკავშირებდა - სერგოს მღელვარე რევოლუციური ცხოვრება გუდაუთიდან დაიწყო; გიორგი ათარბეგოვმაც პირველი ნათლობა სოხუმის "ბოლშევიკურ აჯანყებაში" 1918 წელს მიიღო. აქედან გაქცევის შემდეგაც  წარმოუდგენელი სისასტიკით გაითქვა სახელი ჩრდილოკავკასიაში, რომელიც წითურმა ჩეკისტმა წითელი ტერორის სახელით დათესა მთიელთა აულებში. შემდეგ აზერბაიჯანსა და მშობლიურ სომხეთში, ბოლოს კი საბჭოთა საქართველოს საგანგებო კომისიაში ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ შედარებით წყნარ პოსტზე - კომუნიკაციების სფეროში ფოსტა-ტელეგრაფის სახკომის რწმუნებულად გადაიყვანეს და ახლა რადიომაუწყებლობის ქსელის ამუშავებას კურირებდა. ალექსანდრე მიასნიკოვს (მიასნიკიანი) სოხუმთან სხვა ანგარიშები ჰქონდა - რუსეთის კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანი რეალურად ცენტრის პოლიტიკის მთავარი ბურჯი იყო კავკასიაში. 1921 წლიდან ლენინის უშუალო "მეკავშირის" რეპუტაციით სარგებლობდა და მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსობაზეც ჰქონდა პრეტენზია. სოხუმში კი მას ლევ ტროცკისთან ნაკლებად სასიამოვნო შეხვედრა ელოდა - ამასწინანდელ პარტიულ ფორუმზე ტროცკის სასტიკ კრიტიკას ადრესატი უპასუხოდ არ დატოვებდა. მოსალოდნელი პოლემიკის წინ მიასნიკოვს მორალური უპირატესობის გრძნობას სწორედ საჰაერო რეისი აძლევდა - 1924 წლის იანვარში, როდესაც ლენინი მიიცვალა, ტროცკი სოხუმში ისვენებდა და აეროპლანით გადაფრენას მოსკოვამდე მატარებლით მგზავრობა არჩია და დაკრძალვასაც ვერ ჩაუსწრო.

სოლომონ მოგილევსკის სოხუმთან ასევე საკურორტო-საქმიანი მოგონებები - ფელიქს ძერჟინსკის სარისკო საკურორტო მოგზაურობა (ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის - "ზაკჩეკას" შეფს კარგად მოეხსენებოდა ინფორმაცია, რომ ქართველმა იატაკქვეშელებმა მხოლოდ საპასუხო რეპრესიების - მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების მოლოდინის გამო გადაიფიქრეს ძერჟინსკიზე ტერაქტი) აკავშირებდა. ამჯერად კი აფხაზჩეკასთვის მას პირადად უნდა განემარტა ახალი სამთავრობო კურსის - "პირით სოფლისკენ" - 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ გლეხობის დაშოშმინების და მიმხრობის მნიშვნელობა და ნიუანსები.

თორმეტს რომ თხუთმეტი წუთი დააკლდა, როგორც იქნა, მგზავრებმა ჩასხდომა დაიწყეს. სერგო ორჯონიკიძემ აეროდრომს ბოლო წუთებზე შეატყობინა, რომ სოხუმში წასვლას ვეღარ ახერხებდა. ამასობაში ამბაკო საღარაძეც მორჩა  მეგობრებთან გამომშვიდობებას - ყოფილ სამხედრო პილოტ საღარაძეს ყველა მტკიცე ხასიათისა და გაბედულ ადამიანად იცნობდა და დღევანდელი გადაჭარბებული სენტიმენტალობა, ცოტა არ იყოს, უცნაურად მოეჩვენათ.

დილიდანვე სამხრეთ-აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ქროდა. "იუნკერსი" ზუსტად 11:50 წუთზე აფრინდა, სიმაღლე აკრიფა, ქარს გაჰყვა და ქალაქის გარშემო წრის შემოხაზვას შეუდგა. ზემო ტბების (ამჟამად თბილისის ზღვის) მხარეს იგი უკვე ცის სილურჯეში ჩაიკარგა. აქედან აეროპლანს აღმოსავლეთით უნდა შემოეხვია, თბილისის გასასვლელიდან კი რკინიგზის ხაზს უნდა გაჰყოლოდა დასავლეთისაკენ.

12:05 წუთზე აეროდრომში რკინიგზის მთავარი სახელოსნოებიდან დარეკეს, რომ "იუნკერსი" მათ სიახლოვეს ჩამოვარდა. მალევე, პირველის ნახევარზე, შემაშფოთებელმა ცნობამ მუშათა სასახლეშიც (დღევანდელი "თბილისი-მარიოტი") მიაღწია, სადაც ნარიმანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო სხდომა უნდა გახსნილიყო. სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა სხვებთან ერთად დიდუბის იპოდრომისკენ გაქანდნენ. კატასტროფის ადგილზე მისულებს უამრავი ხალხი და შემზარავი სურათი დახვდათ: ფერფლსა და გაშავებულ ნამსხვრევებში გულაღმა ეგდო საშინლად დამწვარი ორი გვამი, რომელთა სახის გარჩევა შეუძლებელი იყო. ნამსხვრევებისაგან ოდნავ მოშორებით რაღაც უფორმო მასა ბოლავდა, რომლიდანაც ძნელად თუ შეიძლებოდა ადამიანის ამოცნობა. იქვე ცეცხლშეუხებელი, მაგრამ სასტიკად დასახიჩრებული ორი გვამი ეგდო, რომელთა ამოცნობა მხოლოდ ტანისამოსის მიხედვით მოხერხდა: სოლომონ მოგილევსკის ხელ-ფეხი ჰქონდა დამტვრეული და სახე გადაშლილი, ხოლო ათარბეგოვის თავის ქალა კი ნამსხვრევებად იყო ქცეული. აეროპლანის ნაშთებში ნაპოვნ ერთ გვამზე პილოტის ტანისამოსით საღარაძე ამოიცნეს, მეორე მიასნიკოვად მიიჩნიეს, ხოლო იოსებ შპილის გვამს საერთოდ დაკარგული ჰქონდა ადამიანის ფორმა.

თვითმხილველების (ზაჰესიდან მომავალი თბილისის აღმასკომის თანამშრომლების, გერმანელი კოლონისტების დასახლების ბავშვების, მწყემსების და შემთხვევითი გამვლელების) ჩვენებით, აეროპლანი ღრმაღელის მხრიდან გამოჩნდა, ოდნავ დაბლა დაიწია, შემდეგ კი მკვეთრად დაუშვა ცხვირი და პერპენდიკულარულად დაექანა მიწისკენ, ამ მომენტში აეროპლანიდან ორი ადამიანი გადმოხტა, ზედ მიწასთან შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე კი - მესამეც. მიწაზე დაცემისას ბენზინმა იფეთქა და "იუნკერსის" კორპუსი ცეცხლში გაეხვა.

25 მარტი ყველასთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე დაწესებულებებისა და საწარმოების თანამშრომლების გარდა, დასვენების დღედ გამოცხადდა და ხალხი დაკრძალვაზე მირეკეს. საღამოსკენ ხუთივე კუბო "მუშათა სასახლიდან" პირადად ამიერკავკასიის ხელმძღვანელებმა გამოასვენეს და იქვე, ყოფილი "დიდების ტაძრის" (ცისფერი გალერიის) წინ გადაიტანეს, სადაც ხელმარცხნივ, შემაღლებულ ადგილას, ოთხი პირღია საფლავი იცდიდა. სერგეი კიროვის საბოლოო გამოსამშვიდობებელი სიტყვის შემდეგ ოთხი კუბო საფლავებში ჩაუშვეს. "იუნკერსის" მოსკოვის წარმომადგენლობამ "ზაკავიას" დეპეშით აცნობა, რომ შპილის ცხედარი სამშობლოში გადასაგზავნად მოემზადებინათ. ცერემონიალიდან იგი კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიტანეს. იქიდან კი 29 მარტს მატარებლით გაგზავნეს მოსკოვში.   

კატასტროფის შემდეგ, 22 მარტსვე, საღამოს, ამიერკავკასიის ჩეკას უფროსის მოადგილე ეპიფანე კვანტალიანი "ОГПУ"-ს თავმჯდომარის მოადგილე ჰენრიხ იაგოდას პირდაპირი ხაზით ესაუბრა და კატასტროფის იმ დროისათვის ცნობილი გარემოებები შეატყობინა. იაგოდამ "ოგეპეუს" სახელით სამძიმარი გამოუცხადა ამიერკავკასიის ხელმძღვანელობას და, თავის მხრივ, დამატებითი ცნობები და კატასტროფის მიზეზების შესწავლა მოითხოვა.  მეორე დღეს ამიერკავკასიის წითელდროშოვანი წითელი არმიის სარდლის ავგუსტ კორკის თავმჯდომარეობით სამთავრობო საექსპერტო კომისია ჩამოყალიბდა. კომისიამ დაწვრილებით შეისწავლა იუნკერსის ნამსხვრევები და 24 მარტს გაზეთ "კომუნისტში" დასკვნა გამოაქვეყნა:

"ჰაეროპლანს არ წაჰკიდებია ცეცხლი მოტორის და მისი ნაწილების მოუწყობლობის გამო. მუშაობის მთელი სისტემა აღმოჩნდა კარგ მდგომარეობაში. ამის მიხედვით შეიძლება დასკვნა, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარა ავარიის დროს მმართველი ნაწილების გაფუჭების გამო. არ არის შემჩნეული აგრეთვე არავითარი ნაკლი ბენზინის სადენებში და იმ ადგილებში, სადაც ისინი უერთდებიან ბაკებს.

7. კომისიის დასკვნა: 1) ჰაეროპლანის ცეცხლის წაკიდება მოხდა არა მოტორისაგან და არც დაზიანებისაგან ან მმართველი ორგანოების ნაკლულევანებათაგან. 2) ვარაუდით ცეცხლი თვითმფრინავზე გაჩნდა სამგზავრო კაბინის შიგნით (შესაძლოა თამბაქოს წევის დროს ცეცხლთან გაუფრთხილებლობის გამო), საიდანაც ცეცხლი შესაძლებელია მოხვედროდა 18-ლიტრიან რეზერვუარს (რეზერვუარის ადგილი - მფრინავისა და მექანიკოსის თავებს შუა და მათ ზემოდან), რომელიც აწვდის ბენზინს კარბიურატორში".

კომისიის დასკვნამ და "ზაკავიას" გამუდმებულმა მტკიცებამ, რომ გამორიცხული იყო აეროპლანის ტექნიკური გაუმართაობა, უფრო გაამყარა კატასტროფის დღიდანვე ელვის სისწრაფით გავრცელებული ხმები, რომლის მთავარი გმირის მეგობარმა საჭიროდ ჩათვალა, ხსოვნის ნიშნად პირადი წერილის ფრაგმენტი გამოექვეყნებინა "კომუნისტის" ფურცლებზე:

 "ძმაო კაპიტო!

ვიცი ჩემი ამბის გაგებას ელით, როგორ ვარ და სად? მე, ძმაო, ჯერჯერობით ვარ ცოცხალი... თბილისიდან გადმოვფრინდი კარგათ, მეორე დღეს დილის ათ საათზე გავემგზავრე სვანეთში. გავუდექი სვანეთის გზას. აგერ ჩემ ქვეშ გაირთხო ხვამლის მთა! იცი, რა მაღალი არის? აქედან მოსჩანს ჩვენი მხარე, კარგად ჩანს ჩვენი სოფელი და ჩვენი ადგილები. ხვამლის მთის იქით წინ მეგებება უფრო მაღალი მთები. მივდივარ წინ, მესალმებიან თოვლიანი მთები. ჯერ სვანეთში არავინ შესულა. წილად მხვდა ამ თოვლიან მთებში პირველად შესვლა. ოთხი ვერსის სიმაღლეზე მთები გვერდით მქონდა. არაჩვეულებრივი მთებია! ერთი ერთმანეთზე მაღლები! მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რამდენად მაგარი გულის პატრონი ვყოფილვარ!

სვანეთიდან პირდაპირ გავსწიე ჩემი სოფლისკენ; აგერ ჭრებალო... ჩვენი სოფელი! გარშემო სოფლები - ყველა ნაცნობი, მშობლიური მიდამოები, ადგილები, ტყეები, ზედა გორაბუღნარა, კალოვეთი - ყველას ხელისგულივით დავჩერებივარ. ცრემლს ვეღარ ვიჭერ... ვტირი პატარა ბავშვივით..."

ცენზურამ ჩათვალა, რომ დაღუპული პილოტი მოკითხვის სიტყვებში მფრინავის სარისკო პროფესიაზე მიანიშნებდა, თუმცა პატიოსანი მკითხველი წერილის თარიღით ადვილად მიხვდებოდა პესიმიზმის საბაბს. საღარაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეძენილი აეროპლან Aნსალდო შVA 10-ით საქართველოს მთიანეთში საცდელი ფრენები 1924 წლის ზაფხულში შეასრულა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი საქართველოში აჯანყებამ იფეთქა. კავკასიის წითელდროშოვანი არმიის ავიარაზმის ქართველი პილოტები ფაქტობრივ შინაპატიმრობაში მოაქციეს. ავიაცია - სამოქალაქო ავიაციის კუთვნილი აეროპლანები კი აქტიურად გამოიყენეს აჯანყების ჩასახშობად.

ამბაკო საღარაძის მამა - ერმალო საღარაძე, ძველი ტრამვაელი მუშა, სოციალ-დემოკრატი იყო. შვილებიდან ორთავე კი დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში მსახურობდნენ - ძმა 1921 წლის თებერვალ-მარტში ფრონტზე იბრძოდა; ამბაკო საღარაძე კი ავიარაზმში ასრულებდა მფრინავის მოვალეობას.

ეჭვები იმის შესახებ, რომ 22 მარტის ავიაკატასტროფა უბედური შემთხვევა არ ყოფილა, კიდევ უფრო გაამყარა სოხუმში სამგლოვიარო მიტინგზე ლევ ტროცკის გესლიანმა ვარაუდმა, რომ კატასტროფის მიზეზებზე პასუხი შესაძლოა "ქართველ მენშევიკებს" ჰქონოდათ.

თბილისელები ხელისუფლების უჩვეულო სიმკაცრემაც გააკვირვა - 25 მარტს მილიციამ, დაკრძალვისას ხულიგნობის - ჰაერში უწესრიგო სროლის ატეხის ბრალდებით, ერთი ხელის მოსმით ციხეში მიაბრძანა სხვადასხვა უბნებში მოკრებილი მოქალაქეები. ზოგიერთი მათგანი მართლა წრფელი გულით ცდილობდა სამგლოვიარო ზალპს შეერთებოდა და დაღუპული ამხანაგებისთვის უკანასკნელი პატივი მიეგო. უმრავლესობა კი თავის გასამართლებელ მწყობრ არგუმენტებს ვერ აყალიბებდა და ყრუდ მიანიშნებდა, რომ ისინი ბოლო წლების ტრადიციებს აჰყვნენ, როცა თბილისელები ჰაერში სროლით აღნიშნავდნენ კომპარტიის ლიდერების - მაგალითად, ლენინის ან თუნდაც ნარიმანოვის დაღუპვის ცნობას და პასუხსაც არავინ სთხოვდათ.

1925 წლის 22 მარტის შემდეგ დიდხანს ახსოვდათ ლეგენდა (თუ სინამდვილე) მამაცი ქართველი პილოტის შესახებ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ანგარიში გაუსწორა "ქართველი ხალხის ჯალათებს". თუმცა დროთა განმავლობაში მოგონებები გაფერმკრთალდნენ. 1980-იანი წლების ბოლოს, კომუნისტური სიმბოლიკის ტერორის დაწყების შემდეგ, ცისფერი გალერეის წინ მემორიალური დაფებიც მოიშალა და დღეს გამვლელებს აზრადაც არ მოსდით, რომ გაზონის ქვეშ 22 მარტის ტრაგედიის მსხვერპლნი და შესაძლო ავტორიც გვერდიგვერდ განისვენებენ.

საინტერესოა ისიც, რომ ალბათ უფროს თაობას თუღა ახსოვს დიდი ბელადის უცნაური აკვიატების შესახებ -  რაც დაჯავშნული ვაგონის და რკინიგზის სიყვარულსა და თვითმფრინავით მგზავრობის უიშვიათეს ფაქტებში გამოიხატებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^