Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წყალტუბო - კურორტი ხავსში

15 ოქტომბერი 2018

როგორი მშვენიერი უნდა იყოს ქალაქი, რომ ამ მშვენიერების კვალი დანგრეულსა და გაღარიბებულსაც ეტყობოდეს. ასეთია წყალტუბო - უზარმაზარი ბალნეოლოგიური ზონით ქალაქის შუაგულში და საბჭოთა კავშირის დროინდელი სანატორიუმებით. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 42 სოფელს აერთიანებს. თავად ქალაქი კი, რომელსაც 1920 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი აქვს და წლების განმავლობაში  ტურისტების ნაკადს ვერ იტევდა, ახლა თავისივე მცხოვრებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. უმუშევრობისა და სხვა სოციალური პრობლემების გამო, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი გადარჩენისთვის ბრძოლას საზღვარგარეთ განაგრძობს. საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 51 400 ადამიანი ცხოვრობს, ოთხი წლის წინ კი მათი რაოდენობა 5,5 ათასით მეტი იყო. 

მიუხედავად კურორტის სტატუსისა, წყალტუბო უფრო დაცარიელებულ, მიტოვებულ ადგილს ჰგავს, ვიდრე ხალხმრავალ, ტურისტულ ზონას. თითქოს მისი არსებობა მხოლოდ იმ ადამიანების ცნობიერებაში შემორჩა, საბჭოთა კავშირს ნოსტალგიით რომ იხსენებენ.  თავად ქალაქიც წარსულზე უფრო მეტს გვიყვება, ვიდრე აწმყოზე.  

სანატორიუმი „თბილისი“

წყალტუბოს განაშენიანება მაქსიმალურადაა მორგებული ბალნეოლოგიური კურორტის თავისებურებებს - ქალაქის შუაგულში უზარმაზარი ბალნეოლოგიური და რეკრეაციული ზონა ბილიკებით, პატარა მდინარით, ხიდებითა და სამკურნალო აბანოებით. თუმცა მათი ნაწილი მხოლოდ დანგრეულ შენობებად შემორჩენილა. ამ ზონას გარს სანატორიუმები აკრავს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება სახლები, სავაჭრო სივრცეები და სხვა დაწესებულებები. 

აია - ეს წყალტუბოს ერთ-ერთი სანატორიუმის სახელია. წარწერას შენობის ფასადზე შორიდანვე ვხედავთ.

შენობა მიტოვებულს ჰგავს. მის მარჯვენა და მარცხენა ნაწილში დიდი მოზაიკური პანოები ჩანს, ძირს კი პანოდან ჩამოცვენილი ფერადი ქვები ყრია. ეზო ბალახიანი და მოუვლელია, ცარიელი ბოთლები, სიგარეტის კოლოფებები, დამტვრეული ჭურჭელი და სხვა ნაგავიც ბევრია. შენობაში შევდივართ. ირგვლივ სიბნელე და სიჩუმეა. 

სანატორიუმი „აია“

„შეგიძლიათ, ზემოთ ახვიდეთ, სახურავზე. ამომყევით“ - საიდანღაც გვესმის ხმა.

ინსტიქტურად მივყვებით. ავდივართ ძალიან ვიწრო და დახვეულ კიბეზე. მძიმე სუნი დგას, დაზიანებული მილებიდან კანალიზაციის წყალი ჟონავს. 

სახურავიდან მთელი წყალტუბო ჩანს, მწვანე და ცარიელი, ფართო ქუჩებით, ნანგრევებად ქცეული სტალინური პერიოდის არქიტექტურით. შორიდან ლაპარაკის ხმა გვესმის. 
სახურავის მეორე მხარეს 3 ახალგაზრდა ზის. ლუდს სვამენ. 

-აქ რას აკეთებთ?
- ვერთობით - გვპასუხობს ერთ-ერთი. ერთად ვსხდებით.

ვსაუბრობთ. უკვირთ, აქ რამ ჩამოგვიყვანა. 

ვასო 20 წლისაა. ქუთაისში არქეოლოგიას სწავლობს. ვეკითხებით, როგორ წარმოუდგენიათ წყალტუბოში თავიანთი მომავალი, დასაქმება. ეცინებათ. ვასო ამბობს, რომ ის წყალტუბოში ვერ დასაქმდება, მით უმეტეს თავისი პროფესიით. 

ვანო აბიტურიენტია. ჩემთვის ეს ქალაქი მკვდარიაო.  ჩვენი შეხვედრისთვის, გართობისთვის ეს სახურავია ან კიდევ პარკიო.  

„ცოტა ხნის წინ მერი შეიცვალა, ახალგაზრდებს შეგვხვდა - დაწერეთ თქვენი იდეები ქალაქის განვითარებისთვისო. მაგის მერე აღარ ვიცი, რა გაკეთდა, რა მოუვიდა ჩვენს იდეებს“, - ამბობს ქრისტინე. 

ვანო ლობჟანიძე                              ვასო გარაყანიძე                  კრისტინე ფორჩხიძე

ახალგაზრდებს ვემშვიდობებით. ქვემოთ ვეშვებით.  შენობაში დევნილები ცხოვრობენ. ცოტა ხნით დერეფანში ვჩერდებით. ჩვენს წინ მთელ კედელზე უზარმაზარი ფერადი მოზაიკური პანოა. ყურძენი, ქართული ორნამენტები,  მუშები ტრადიციულ სამოსში - ფერადი საბჭოთა პანო ნამდვილად დიდ კონტრასტს ქმნის არსებულ გარემოსთან. აია 1970-იან წლებში აშენდა და შედარებით უფრო მოკრძალებული და სადაა, ვიდრე წყალტუბოს სხვა შენობები. 

სანატორიუმი აია

 „თბილისი“ - ეს წყალტუბოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასშტაბის სანატორიუმია, სადაც ახლაც ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები. 

შენობას ზედხედში ფრთაგაშლილი ფრინველის გეგმა და ფორმა აქვს.  საბჭოთა კლასიციზმი, ტრადიციული ხელოვნების მოტივები, მონუმენტალიზმი, გოთური, რომაული ელემენტები, გრიფონები, ქანდაკებები, ფანჩატურები, ფანტანები, უზარმაზარი სვეტები, საუკეთესო სამშენებლო მასალა, -  ეს ყველაფერი იმისათვის, რომ სანატორიუმი რაც შეიძლება პომპეზური  და დიდებული ყოფილიყო, ისე, როგორც საბჭოთა კავშირს „შეეფერებოდა“. 

ეზოში აღმართულ ჯვართან რამდენიმე ადამიანი დგას. ვსაუბრობთ. აქ ჟურნალისტები ხშირად მოდიან და მიდიან, მაგრამ ჩვენთვის არაფერი იცვლებაო, გვეუბნებიან. უზარმაზარ კიბეებს ავუყევით. ბნელ დერეფანში ხანშიშესული ქალი გვხვდება, სანთლით ხელში.  სანატორიუმის დირექტორი აღმოჩნდა. 

სანატორიუმის დირექტორს კაბინეტში შევყავართ. თითქოს 1950-იან წლებში ვხვდებით. ოთახში ძველი, წითელი ტყავის სავარძლები დგას, იქვე  გრძელი მაგიდა, რკინის კარადა, რადიომიმღები.  სიმბოლური სანატორიუმის სიმბოლურ დირექტორს თვიური ანაზღაურებაც ასევე სიმბოლური აქვს, 30 ლარი. კაბინეტიც ფორმალურად შემორჩა.

„აქ  ყველაფერი ძველებურად დგას. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც  ადრე. ვუფრთხილდები. 24 საათი აქ ვარ. ბროშურები მქონდა სადღაც. მოგცემთ, იმისთვის, რომ ნახოთ, როგორი იყო აქაურობა“, - გვეუბნება ის. 

სანატორიუმი 1991 წლამდე იღებდა დამსვენებლებს.  მას ჰქონდა სამედიცინო განყოფილება, ლაბორატორიები. დამსვენებლები და პაციენტები „თბილისში“ საყრდენ-მამოძრავებელი ძვლების დაზიანების შემთხვევაში მოდიოდნენ. 

დაპირებულ ბროშურებს გვირიგებს. ამ ბოლო ბროშურას ჩემთვის დავიტოვებო, გვეუბნება. ძველ ფოტოებსაც გვათვალიერებინებს, მერე ალბომს კარადაში ისევ საგულდაგულოდ ინახავს. კაბინეტიდან გამოვდივართ. ზემოთ სართულებს მივუყვებით. ყველა სართული სხვადასხვა ფერშია გადაწყვეტილი. სვეტებიც სხვადასხვაგვარი კაპიტელითაა მორთული.

საბავშვო ველოსიპედი, ღუმელი, სარეცხი თოკზე - ასეთი ყოფითი დეტალები თუ დაგაჯერებთ, რომ იქ მართლაც ცხოვრობენ ადამიანები. დირექტორი სახელს და გვარს არ გვეუბნება. 

სანატორიუმიდან სანატორიუმში დავდივართ. ქალაქი ცარიელია, ცარიელია უზარმაზარი პარკიც. მხოლოდ კაფეებში ვხვდებით ხალხს. ისინიც, ძირითადად, რუსი და აზერბაიჯანელი დამსვენებლები არიან.

12 კვადრატული მეტრი

აფხაზეთის ომის შემდეგ  დევნილები ამ სასახლე-სანატორიუმების „ბატონ-პატრონები“ გახდნენ, თუმცა მათი საცხოვრებელი პირობები ყოველთვის მძიმე იყო. 12 კვ.მ - ეს არის ამ სასახლეებში მათთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართი. 

კიბეებზე გურამი გვხვდება. ხელში პოლიეთილენის პარკები უჭირავს. პროდუქტები მოაქვს. გურამი 74 წლისაა, სანატორიუმში ცხოვრობს ცოლთან ერთად. ოთახს გვაჩვენებს. ჭერი ნესტიანი და სველია. სახურავიდან ყოველი წვიმის დროს წყალი ჩამოდის.  ვერ გააკეთესო, - ამბობს გურამი.  ეტყობა, რომ ღელავს. 

„ნახეთ, რა ცუდ მდგომარეობაში ვართ. არავინ კითხულობს ჩვენს ამბავს.  ამ მთავრობაში ერთი იცვლება და მეორე მოდის, ჩვენ კიდევ სულ უყურადღებოდ ვართ. არადა, ჩემით კი არ წამოვსულვარ აქ. მე არაფერი დამიშავებია საამისოდ“, - გვიყვება გურამ შუბითიძე. 

ამ სანატორიუმს წყალი და ელექტროენერგია სამი წელია, რაც მიეწოდება. გურამი მეზობლებთან მიდის, კარზე აკაკუნებს, სთხოვს, რომ დაგველაპარაკონ. 

პირველ სართულზე აბანოებისა და ლაბორატორიების ტერიტორიაზე შევდივართ. ახლა ის ტუალეტადაა ქცეული. უცნობი ქალი გვაფრთხილებს, რომ იქ ყოფნა საშიშია. მალევე ვტოვებთ იქაურობას. 

„თბილისიდან“  „გეოლოგში“ გადავდივართ. ისიც წყალტუბოს ცენტრთან ახლოს მდებარეობს. იქაც რამდენიმე ოჯახია დარჩენილი. სხვები ბათუმსა და ფოთში გადაიყვანეს. 

63 წლის ცისანა გოგუა ჰყვება, რომ რამდენიმე მეზობელ ოჯახთან ერთად შემორჩა „გეოლოგს“.  მას არ სურდა ფოთში ან ბათუმში გადასვლა. ამბობს, რომ მიეჩვია აქაურობას და არ უნდოდა, დევნილი მეორედ  გამხდარიყო. 

ცისანა დედასთან ერთად სანატორიუმის ორ ოთახში ცხოვრობს. თავი პენსიითა და სოციალური დახმარებით გააქვთ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუშაობა არ შეუძლია.  

ცისანა გოგუა 


„როცა ვიღვიძებ, აქაურობას ვალაგებ, საჭმელს ვაკეთებ, მერე მეზობლებთან ვარ ხოლმე. სანატორიუმიდან არ გავდივარ. ესაა ჩემი დღე. ჩემი შვილები 18-19 წლისანი იყვნენ, როცა ომში  დაიღუპნენ. მათი საფლავების ნახვა მინდა, მაგრამ აფხაზეთში ვერ ჩავალ, საშიშია.  ომის შემდეგ 10 წელი სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა. ბევრჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე, საწამლავიც კი მქონდა... ჰო, მერე მეზობლებმა გადამაფიქრებინეს ბევრი რამ. გავიცანი ადამიანები, რომლებაც ასევე დაკარგეს ოჯახის წევრები. ეს ნუგეში არ ყოფილა, მაგრამ დამეხმარა. სხვებსაც უჭირდათ ჩემსავით“.

„რა გინდათ მაგ შენობაში? მოდიან და იღებენ ამ ნანგრევს. რა გადასაღები ეგაა.  გაგიჭირდებათ შესვლა“. 

სანატორიუმ „იმერეთთან“ შესასვლელს ვეძებთ. ეზო ეკალბარდითაა სავსე. გარს ვუვლით შენობას და შიგნით შესვლას ვახერხებთ. შენობა დიდი და მასშტაბურია, მთელ სიგრძეზე გასდევს თაღოვანი გალერეა, თითოეულ სართულზე მასიური სვეტებია. შენობის ნაწილში იატაკი ჩანგრეულია, რის გამოც სახიფათოა გადაადგილება. პირველ სართულზე თაღებიანი ოვალური ფორმის დარბაზია. ინტერიერის ეს ნაწილი ყველაზე მომხიბვლელია. „იმერეთის“ ფიზიკური მდგომარეობა სპეციალისტების მიერ შეფასებულია, როგორც „ძალიან ცუდი“. 

„იმერეთთან“ ტყეში რამდენიმე ქალს ვხვდებით. დაკრძალვაზე ყოფილან. 

„აქ სიღარიბეში კვდება ხალხი, სიღარიბესა და ოცნებაში. დღეს გავასვენეთ ეს კაციც, ჩვენი მეზობელი. ბინა ახლა მისცეს, მაგრამ ვერ მოესწრო.  ვინც შეძლო, აქედან გაიქცა. რომ ვფიქრობ, როგორ ვცხოვრობდით იქ, ახლა აქ ხალხს ვგონივართ ვიღაცები. აბა გაბედოს აქ ვინმემ მოსვლა არჩევნებისთვის ხმებზე“, - ამბობს 66 წლის ნორა აკობია. 

წყალტუბო ერთ-ერთი იყო რეგიონების ქალაქებიდან, რომელსაც აფხაზეთის ომის შემდეგ ბევრი დევნილის მიღება მოუწია. ამის განმაპირობებელი ფაქტორი კი სწორედ შენობები, სანატორიუმები იყო.  

ამჟამად წყალტუბოში სანატორიუმების მცხოვრებლები ელოდებიან ალტერნატიულ საცხოვრებლებს, მაგრამ მათთვის ემოციურია ადგილმდებარეობის, რეგიონის, ქალაქის კიდევ ერთხელ შეცვლის საკითხი. 

სანატორიუმი „იმერეთი“

წყალტუბოში ამჟამად 11 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.  მათგან დევნილი 5038-ია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარეობს 140-ბინიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 2018 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ასევე დაგეგმილია 420-ბინიანი კორპუსის მშენებლობა. მათი თქმით, მოსახლეობას სანატორიუმებიდან ეტაპობრივად გაიყვანენ. 

გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მერი: დევნილებისთვის ნელ-ნელა აშენდა 10 კორპუსი, სადაც ისინი გადაიყვანეს. ახლა კიდევ 2-სართულიანი შენობა შენდება და იქაც გადავლენ დევნილები.  ისინიც ისეთივე წყალტუბოელები არიან, როგორებიც სხვები. ჩვენ [დევნილებთან] ისე ვართ შესისხლხორცებულნი, მეტი რომ არ შეიძლება. 

წყალტუბოელების გასაჭირი

თუ გინდა, გაიგო, რა პრობლემები აქვს ქალაქის მოსახლეობას, წყალტუბოს ბაზარში უნდა წახვიდე - პურის ფულისთვის სახლიდან მთელი დღით გამოსული ქალები, კაცები, მოხუცები და ახალგაზრდები... ბაზარი დახურულ შენობაშია, თუმცა პურისა და ხილის გამყიდველებს დახლები გარეთაც მოუწყვიათ. საუბარს, რატომღაც, ყველა გაურბის. უიმედოდ არიან განწყობილები და ამბობენ, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ბოლოს თავის გასაჭირზე პურის გამყიდველი, შუახნის ქალი გვიყვება.

64 წლის დალი წყალტუბოში, ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს. არც ქმარ-შვილი ჰყავს და არც ოჯახის სხვა წევრი. მისი შემოსავლის წყარო 180-ლარიანი პენსია და ის რამდენიმე ლარია, რასაც ყოველდღე პურის გაყიდვით იღებს. როგორც ამბობს, საუკეთესო შემთხვევაში დღეში მხოლოდ 5 ლარი რჩება. 

ყინვასა და გვალვაში რამდენიმე ლარის გამო გარეთ ვდგავართ და ისედაც შერყეული ჯანმრთელობა უფრო შეგვერყაო, ამბობს. ქალაქში ტურიზმი თუ განვითარდა, ჩვენთვის ვერაფერი ხეირია, რადგან დამსვენებლები ბაზარში არ დადიანო.

დალი ონკოლოგიური ავადმყოფია, თუმცა მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა და მწირი შემოსავლისა, ბაზარში პურს მაინც ყიდის, რადგან თვიური შემოსავლის განაწილება ბევრ რამეზე უწევს - ქირაზე, წამალ-ექიმსა და სხვა ელემენტარულ საჭიროებებზე. მან დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. გაუკვირდა, როცა უწყებამ უარი მაღალი სოციალური ქულის გამო უთხრა, რადგან ამბობს, რომ არც სახლ-კარი აქვს და არც რაიმე ძვირფასი ნივთი. 

ვერმიღებულ დახმარებაზე ჩივის პურის კიდევ ერთი გამყიდველი, 64 წლის ზეინაბ შვანგირაძე. მას ბრონქიალური ასთმა აქვს და მუდმივად მედიკამენტებზეა დამოკიდებული. შვანგირაძეს ადგილობრივი ხელისუფლება წამლით მხოლოდ ერთხელ დაეხმარა. შემდეგ კი მისი სოციალური მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეაფასეს და დახმარებაზე უარი უთხრეს. 
„შეამოწმოს ყველამ, როგორ ვცხოვრობ დანგრეულ სახლში. შვილი უმუშევარი მყავს, მე კი ვდგავარ პენსიონერი ქალი აგერ. რა მეშველება ამ ზამთარს, არ ვიცი. დღეში 3 ლარი მრჩება. 10 კაპიკზე ვმუშაობ, შვილო“, - ამბობს ზეინაბ შვანგირაძე და ჩანთიდან დახლზე წამლებს ყრის. 

რა პრობლემები აწუხებთ სოფლად მცხოვრებთ

სოფელი ცხუნკური წყალტუბოდან 15 წუთის სავალზეა. სოფლამდე მისასვლელი გზა კარგია. მიუხედავად მჭიდროდ დასახლებისა, სიცოცხლის ნიშანი არც ცხუნკურს ეტყობა - სოფლის ნახევარს ისე გავდივართ, ერთი ადამიანიც არ ჩანს გარეთ. მანქანას ავტობუსის ძველ გაჩერებასთან ვაჩერებთ და გზას ფეხით მივუყვებით. რამდენიმე მეტრში, ეზოში ჩადგმულ პატარა მაღაზიასთან მივდივართ. მისი მეპატრონე, 63 წლის ციალა ბენიძე ადგილზე გვხვდება და როცა ჩვენი მისვლის მიზეზს იგებს, ეზოში გვეპატიჟება.

ცხუნკურსა და მიმდებარე სოფლებში, როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში, ბოლო დროის ყველაზე დიდი პრობლემა ფაროსანაა. ციალა ბენიძეს თხილის პლანტაციის სანახავად ბაღში მივყავართ. დამრეცი ფერდობი დაზიანებული თხილითაა მოფენილი. ამას ასე ვინ დატოვებდა ადრე. თითოეულ კაკალს ვკრეფდით, შვილო - სასოწარკვეთილი გვეუბნება მასპინძელი და მიწიდან აკრეფილ თხილს უკანვე ყრის. წინა წლებში თუ 2 000 ლარისას ვყიდდით, წელს მხოლოდ 100 ლარის გავყიდეთო. 

თხილნარიდან სიმინდში გადავდივართ. ფაროსანას უარი არც მასზე უთქვამს. ციალა ბენიძე სათითაოდ ტეხს ტაროს და ფურცლებს აცლის - შიგთავსი ჭიანი და გაფუჭებულია. 
უკვე მეორე წელია, სოფელი თითქოს შეეგუა, რომ მათ მოსავალს ფაროსანა ანადგურებს. თანაც ისე, რომ მის წინააღმდეგ ვერაფერს აკეთებენ. ახლა უკვე დაკარგულ შემოსავალზე კი არა, მოახლოებულ ზამთარზე დარდობენ, რადგან ვერც ხილის მარაგი გადაინახეს და ვერც ბოსტნეულის. ერთიც და მეორეც დამწიფებამდე დალპა. 

„აქამდე მსხალი და ვაშლი რომ ცვიოდა, იმას ვაჭმევდი საქონელს. მაგრამ ახლა მაგის ჭამაც არ შეიძლება. აღარც სიმინდია. არ ვიცი, ზამთარში რა უნდა ვაჭამოთ“, -  წუხს ჩვენი მასპინძელი.

იმის გამო, რომ ფაროსანა კედლებს, ფარდებსა და ავეჯს ალაქავებს,  სახლში ფანჯრები მუდმივად დაკეტილი აქვთ, თუმცა მწერი შიგნით შეღწევას მაინც ახერხებს. ამიტომ ციალა ბენიძის დილა ფაროსნებთან ბრძოლით იწყება.

მიუხედავად სოფლის მრავალჯერადი შეწამვლისა, მოსახლეობა შედეგს ვერ ხედავს. თანაც უკვე იმას ჩივიან, ამ წამალმა მათ ჯანმრთელობაზეც არ იმოქმედოს, რადგან ამბობენ, რომ წინასწარ არასოდეს იციან, როდის ჩაივლის მანქანა და გაუშვებს წამალს. 

„პირველად რომ შეწამლეს, ფაროსნებმა სახლს შეაფარეს თავი, მაგრამ იქ დაწყდნენ. მკვდრები გამომქონდა. მაგრამ ახლა რომ შეწამლეს, ერთი ფაროსანაც არ მომკვდარა, ალბათ. ხომ უნდა ვიცოდეთ, რას ასხამენ მანქანაში და რა შემოაქვთ სოფელში. იქნებ ადამიანისთვისაც საშიშია“.

ბაღებისთვის წამალი მოსახლეობასაც დაურიგდა, თუმცა ციალა ბენიძე ამბობს, რომ ხალხმა მისი მოხმარების წესები არ იცოდა. ამასთან, სოფელში არის სახლები, სადაც არავინ ცხოვრობს. 

მაღაზიის მეპატრონესთან საუბრის შემდეგ სიარულს სოფლის სიღრმისკენ განვაგრძობთ და კიდევ ერთ ოჯახში მივდივართ. ამჯერად ჩვენი მასპინძელი ახალგაზრდა გოგო, ნათია კეთილაძეა. ის ქობულეთში ცხოვრობს, ცხუნკურში კი მშობლებთან სტუმრად, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა. 

ფაროსანამ გამონაკლისი არც მისი ოჯახისთვის დაუშვა და თხილის მოსავალი თითქმის სრულად გაანადგურა. ნათიას ოჯახს თხილის სამი ბაღი აქვს და ყოველწლიურად ორ ტონამდე მოსავალს იღებდნენ, მაგრამ წელს მხოლოდ 200 კილოს მოგროვება და გაყიდვა შეძლეს. 

ნათია ფიქრობს, რომ სოფელში ცხოვრების უპირატესობა საკვები პროდუქტების დიდი ნაწილის ბაღ-ბოსტნიდან მიღებაა, თუმცა წელს ყველაფრის მოსავალი ისე განადგურდა, რომ ზამთრისთვის ვერაფრის გადანახვა ვერ მოახერხა ხალხმაო. 

„არ ვიცი, ამ ზამთარს რა გვეშველება. ხშირად ვსაუბრობთ ამაზე და ყველას ეშინია. ზამთრის მოახლოების შიშით ცხოვრობს ხალხი. თან ყველაფერი ისე ძვირდება... 2,5 ლარი ღირს უკვე სიმინდი, ზამთრამდე ალბათ 3 ლარზე ავა. წარმოიდგნეთ, რამდენი კილო სიმინდი უნდა იყიდოს ახლა გლეხმა, რომ ზამთარში ღორსაც აჭამოს, ქათამსაც და თვითონაც ჭამოს“.

ფაროსანას წინააღმდეგ მებრძოლი შტაბის არაორგანიზებულობა ნათიასაც აწუხებს. ამბობს, რომ სოფელში მისი ჩამოსვლის პირველივე ღამეს შეწამვლა მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე დაიწყეს. იმის გამო, რომ ნათიას უმცროს გოგონას ასთმის შეტევები აქვს, მან ღამე შიშში გაათენა. ჩვენი მასპინძელი ამბობს, რომ შესაწამლად კერძო პირებიც დადიან. მაგრამ ეს უშემოსავლოდ დარჩენილი გლეხისთვის ძვირი სიამოვნებაა. 

სოფელში დასაქმების შანსი მინიმალურია, რადგან აქ არც დიდი სუპერმარკეტია, არც საავადმყოფო და არც რაიმე მსგავსი დაწესებულება. ამიტომ სოფლიდან ქალიცა და კაციც საზღვარგარეთ მიდის, ჩაისა და თხილის საკრეფად. 

წყალტუბოს წყალი და მისი ურბანული სახე

კურორტ წყალტუბოს შენება 1920 წლის შემდეგ  დაიწყო.  1936 წ. განაშენიანების პირველი პროექტი შედგა, 1950-1951 წლებში შემუშავდა გენერალური გეგმა.  ამ გეგმის  მიხედვით, წყალტუბო დაყოფილი იყო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად. მკაცრად განსაზღვრული გეგმის მიხედვით, შეუძლებელი იყო დასასვენებელ, ბალნეოლოგიურ ზონაში საცხოვრებელი ნაწილის შეჭრა. 

ანზორ ბაბუნაშვილი, რომელიც წყალტუბოში სხვადასხვა პროექტზე მუშაობდა და კარგად იცის წყალტუბოს ისტორია, ამბობს, რომ იმ უნიკლური წყლების გამო, რომელიც წყალტუბოს აქვს, იქ 70-მდე კვლევითი ლაბორატორია მუშაობდა.  ამ წყლებს სწავლობდნენ ფიზიკური, ქიმიური, სარეაბილიტაციო თვალსაზრისით. ამბობს, რომ აქაური წყალი შეიცავს იმ ელემენტებს, რაც იშვიათია ბუნებაში.

წყალტუბოს წყლების ირგვლივ გაშენდა პარკი. დაირგო 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე და ბუჩქი. სწორედ ამის გამო ის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია საქართველოში, უზარმაზარი პარკით. 

კურორტს ჰქონდა 20 სანატორიუმი და 10 აბაზანა.  1990-იანი წლებიდან 20-დან 19-ში დევნილები დასახლდნენ. აბაზანებიდან კი ახლა მხოლოდ 4-ია მოქმედი, დანარჩენი ასევე ნანგრევებადაა ქცეული, მათ შორის, ისეთი გამორჩეული არქიტექტურული ნიმუში, როგორიც მერვე აბაზანაა. აბაზანას გეგმაში გვირილის ფორმა აქვს. ამგვარი კონსტრუქციით ის პირველია საქართველოში, მოგვიანებით კი მსგავსი კონსტრუქციით თბილისის სპორტის სასახლე აშენდა. 

მე-8 აბაზანა

„ესენი ხომ უბრალოდ შენობები არაა? ფაქტობრივად, სასახლეებია. ისინი განადგურებულია ფიზიკურად და მორალურად“, - ამბობს ბაბუნაშვილი. 

ანზორ აბუნაშვილი ფიქრობს, რომ დღეს ერთ-ერთი გამოსავალი არის შენობების პრივატიზება, ინვესტორების დაინტერესება, მაგრამ აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ინვესტორს ჰქონდეს ვალდებულებები შენობის იერსახის შენარჩუნებაზე, ასევე - ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე. 

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, სტალინური ეპოქის არქიტექტურის ნიმუში „მეშახტე“ რამდენიმე წელია, პრივატიზებულია. „მეშახტე“ უკვე კერძო საკუთრებაა და დამთვალიერებლებისთვის მიუწვდომელია.  კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათ ვერ აღწერეს შენობა, რადგან მესაკუთრემ სააგენტოს წარმომადგენლებს  „მეშახტის“ ტერიტორაზე შესვლის  უფლება არ მისცა. 

ჩერნობილი - ამ სიტყვას წყალტუბოში ხშირად გაიგონებთ. მართალია, ჩერნობილის ტრაგედიის სიმძიმის დაკნინება არ სურთ, თუმცა ცარიელ ქალაქსა და მიტოვებულ შენობებზე ამგვარი ასოციაცების გაჩენა მათთვის ბუნებრივია. ასევე, მათთვის უცნაურია ტურისტების დიდი ინტერესი, როცა სანატორიუმები მათთვის მხოლოდ მძიმე ყოფით ცხოვრებასთან ასოცირდება. 

ერთი წლის წინ ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოს  20 სანატორიუმიდან 10 აღწერა.  შეიქმნა სააღრიცხვო ბარათები, თუმცა მათთვის ძეგლის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებიათ. 

სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ქეთი დიღმელაშვილი ამბობს, რომ წყალტუბო საინტერესოა არა მხოლოდ სტალინური პერიოდის შენობებით, არამედ მთელი თავისი ურბანული განაშენიანებით.

„სხვაგან ასე კარგად დაცული ურბანული ქსოვილი, რომელსაც პირვანდელი სახე ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს, ძალიან იშვიათი მოსაძებნია და ამ თვალსაზრისით არის მისი გაფრთხილება საჭირო. სანატორიუმები დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობშია, წარმოადგენს ძალიან კარგ მკაფიო მაგალითს, თუ როგორ იყო  საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიურ ჩარჩოებში ეროვნული ნიშნები მოქცეული “. 

მისი თქმით, თითოეული სანატორიუმი  გააზრებული იყო, არა როგორც ცალკე ობიექტი და შენობის ცალკეული ნაწილი, არამედ მათ მჭიდრო ბმა ჰქონდათ გარემოსა და ერთმანეთთან. 

სანატორიუმი იმერეთი

დიღმელაშვილი ამბობს, რომ ქალაქს სჭირდება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, იქნება დაზღვევა, რომ წყალტუბო შეინარჩუნებს არსებულ იერსახეს, თუმცა ასევე საუბრობს „მეშახტეში“ სააგენტოს წარმომადგენლების არშეშვების ფაქტზე. რაც უკვე ავლენს ინვესტორის დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ობიექტის მიმართ. დიღმელაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფოს კანონმდებლობით აქვს ბერკეტი იმისა, რომ ობიექტზე მოითხოვოს დაშვების უფლება, რასაც მომავალში აუცილებლად მიმართავენ. 

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი სალომე ქუთათელაძე ამბობს, რომ წყალტუბოს 2017 წელს 285 000 ვიზიტორი  ჰყავდა, ხოლო 2018-ში - 320 000-მდე ვიზიტორი, თუმცა მათი დიდი წილი პრომეთეს მღვიმეზე მოდიოდა.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი სევერიან გორდულაძე კი ამბობს, რომ  დამთავლიერებელი, ძირითადად, პრომეთეს მღვიმით ინტერესდება და ეს სიკეთე  ქალაქზე არ აისახება. 

 „ვფიქრობ, როცა ტურიზმი არის პრიორიტეტი და ქალაქს ამის შესაძლებლობა აქვს, ღამე არ უნდა გეძინოს. რაში იგრძენით ახლა წყალტუბოში ტურიზმი პრიორიტეტული რომაა, არაა ჩერნობილივით?! კაციშვილი არ დადის ქალაქში.

რატომ შეიძლება წყალტუბოში ჩამოვიდეს ტურისტი? ეს არის ბალნეოლოგიური კურორტი. არის უნიკალური წლები. არის საბჭოთა პერიოდის უნიკალური შენობები, რომლებიც აინტერესებს ხალხს. შეიძლება მათი იმგვარად გაპიარება, შეფუთვა, რომ მხოლოდ ამ კუთხითაც მოიზიდო ტურისტი“, - ამბობს გორდულაძე.

გორდულაძე აღნიშნავს, რომ, რეალურად, ქალაქი არ არის მზად დამსვენებლების მისაღებად, რადგან მუნიციპალიტეტში არ არის საავადმყოფო.  არადა, წყალტუბოში  დამსვენებლები ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემებით ჩამოდიან.  

ყავარჯნების მუზეუმი - წყალტუბოს ამ სახელწოდების მუზეუმიც ჰქონდა. დამსვენებლები, რომლებიც  სამკურნალოდ ყავარჯნებით ჩამოდიოდნენ, პროცედურების შემდეგ მათ ტოვებდნენ. ყავარჯნების ნაწილი ახლა მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია გამოფენილი. 
მეორე აბანოს მენეჯერი ამბობს, რომ ამჟამად დამსვენებლები ძირითადად აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან არიან. 

„ვფიქრობ, პროცედურები ყველასთვის ხელმისაწვდომია - 600-1200 ლარამდე მერყეობს. ჩვეულებრივ პესიონერსაც შეუძლია თანხის გადანახვა“, - გვეუბნება მეორე აბანოს მენეჯერი. 
ისევ გურამი სანატორიუმ „თბილისიდან“: „ჩემს ცოლს გულის დაავადება აქვს. 200 ლარის წამლები არ გვყოფნის. ახლა ვიყიდე, დავაგროვე ფული,  მაგრამ არ ვიცი, როგორ გადავიხადო ელექტროენერგია. ვერ ვწვდებით“.

რაში იხარჯება წყალტუბოს ბიუჯეტი

წყალტუბოს 2018 წლის ბიუჯეტი 16 444 600 ლარია, რაც წინა წლის ბიუჯეტს თითქმის ორი მილიონით აღემატება. ამ თანხიდან მერიისა და საკრებულოს საქმიანობისთვის 3 121 000 ლარია გამოყოფილი. ორივე ორგანოს ჯამში 177 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა შრომით ანაზღაურებაზეც  2 189 800 ლარი იხარჯება. გამოდის, რომ მერიისა და საკრებულოს თანხის 70%(ანუ მთლიანი ბიუჯეტის 13%) ხელფასებზე იხარჯება. 

მსგავსი ვითარებაა სხვა შემთხვევებშიც. მაგალითად, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობისთვის (რეზერვისტების აღწერა, წვევამდელთა გაწვევა და ტრანსპორტირება) წყალტუბოს ბიუჯეტიდან 108 900 ლარია გამოყოფილი. ამ თანხის 69%, ანუ 75 400 ლარი 8 თანამშრომლის ხელფასზე მოდის. 

წყალტუბოს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი სევერიან გორდულაძე ამბობს, რომ იგივე ვითარებაა სხვა ააიპებშიც. მაგალითად, დასუფთავების, კეთილმოწყობის, კულტურის სამსახურებსა და საბავშვო ბაღების გაერთიანებაში. მისი თქმით, ასეთ ააიპებს, ძირითადად, პარტიული აქტივისტების დასაქმებისთვის იყენებენ. 

მთელი წლის კურორტი - ასე უწოდებს წყალტუბოს ოპოზიციონერი დეპუტატი და ფიქრობს, რომ ტურიზმის განვითარების შემთხვევაში ქალაქსაც ეშველება და სოფლებსაც.  

ამჟამად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს უმუშევრობასა და განადგურებულ მოსავალთან ერთად ისიც აწუხებთ, რომ წყალი გრაფიკით, ხოლო ბუნებრივი აირი საერთოდ არ მიეწოდებათ. ინფრასტრუქტურულ  პროექტებზე 7 მილიონზე მეტი, ანუ ბიუჯეტის 46% მოდის და აქედან 4 მილიონზე მეტი ლარი ბეტონის გზის დაგებაზე იხარჯება, დანარჩენი თანხა კი სანიაღვრე არხების, ტროტუარების, წყლის სისტემის მოწყობასა და მსგავს სამუშაოებზე მოდის. ბიუჯეტის დადგენილებაში საერთოდ არაა საუბარი სოფლების გაზიფიცირებაზე.

შარშან მატერიალური სახსრების არარსებობის მოტივით, სევერიან გორდულაძეს მერიამ ბალნეოზონის მოვლის სპეციალური სამსახურის შექმნაზე უარი უთხრა, თუმცა წლის ბოლოს ბიუჯეტში 3 მლნ ლარი გაუხარჯავი დარჩა.

სანატორიუმი „მედეა“

„გარდამავალი ვალდებულებები, ალბათ, 1,5 მილიონი იყო და 1,5 მოგვრჩა. ახლა გეკითხებით, ამ ქალაქის პატრონს ბიუჯეტში ფული როგორ უნდა მოგრჩეს. გასაკეთებელი ვერ ნახე, გაჭირვებული ვერ ნახე, თუ რა?  აქ თუ რამის გაკეთება და განვითარება გინდა, ყოველ წელს აქეთ უნდა ითხოვდე ფულს“, - ამბობს გორდულაძე. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 40 საჯარო და 2 კერძო სკოლაა, სადაც სულ 5 700-ზე მეტი მოსწავლეა. თუმცა აღსანიშნავია, რომ განათლებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული ერთადერთი თანხა ბაღების გაერთიანების დაფინანსება, 2 50 300 ლარია. არანაირი თანხა არაა გამოყოფილი წყალტუბოს სამუსიკო და სამხატვრო სკოლებისთვის. მოსწავლეები კი განიცდიან, რომ მათ მრავალფეროვანი განათლების მიღების ან რაიმე ხელობის სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ. 

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის  13%, ანუ 2 181 100 ლარი კულტურული, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებისთვის არის გამოყოფილი, ახალგაზრდები წყალტუბოს მათ ქალაქად მაინც არ მიიჩნევენ. აქ დასაქმებისა და განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ. დღეს კი, ვიდრე ჯერ ისევ აქ ცხოვრობენ, შეკრებისა და დროის საინტერესოდ გატარებისთვის შესაფერისი სივრცე არ აქვთ. ამიტომ მათი ერთადერთი გასართობი პარკში სეირნობა ან სანატორიუმის სახურავზე ასვლაა.

 

აღსანიშნავია, რომ კულტურისა და სპორტის განვითარებისთვის გამოყოფილი 2 181 100 ლარიდან 100 000 ლარი ქუთაისი-გაენათის ეპარქიას გადაეცა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ასეთ „შესაწირს“ ყველა მუნიციპალიტეტი გასცემს და თანხის ოდენობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გავლენიანია ეპარქიის ხელმძღვანელი. 

მერის პასუხი მოქალაქეებს

წყალტუბოს მერს, გრიგოლ იოსელიანს მერიის შენობაში შევხვდით. საუბარი სოფლად მცხოვრებთა გასაჭირით დავიწყეთ. მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მოსახლეობის პრეტენზია, რომ შესაწამლი სამუშაოების წინ შეტყობინებებს არ იღებენ. მერი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობას წინასწარაც აქვს და უშუალოდ შეწამვლის დროსაც კეთდება გამაფრთხილებელი განცხადებები. მწერთან ბრძოლაზე კი მერი ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას თავად მოსახლეობას აკისრებს და ამბობს, რომ ყველა თავის ბაღს უნდა უვლიდეს. მაშინაც კი, როცა მეზობლად არავინ ცხოვრობს, სწორედ მოქალაქე უნდა შედიოდეს მის ეზოში და წამლავდეს. 

„ეგ საერთოდ ასეა, ბუნება ხან გაგიმართლებს, ხან არა; ხან დიდი რაოდენობით მოსავალს იღებ, ხან არა, მაგრამ ისევ მოქალაქეები უნდა ჩაერთვნენ ამ მოვლის პროცესში. ზოგი ისე კარგად უვლის თავის ბაღს, არაფერიც არ სჭირს მის ხილს“, - ამბობს მერი.

გრიგოლ იოსელიანი არც ახალგაზრდების შეფასებას ეთანხმება და ფიქრობს, რომ მერია მათ ხელშესაწყობად ყველაფერს აკეთებს. ხშირად იმართება სხვადასხვა ღონისძიებაც - არტგენი, შემოდგომის წყალტუბო, ახალგაზრდული ფესტივალი, ფერების ფესტივალი, ელექტრონული ფესტივალი და ა.შ. თუმცა გრიგოლ იოსელიანი არ უარყოფს, რომ ახალგაზრდებს ისეთი სივრცეების შექმნა სჭირდებათ, სადაც მეტად დატვირთულები იქნებიან. ამბობს, რომ  ახლაც სწორედ მათგან ელოდება იდეებს ქალაქის ბალნეოზონის, 78 ჰექტარზე გადაჭიმული პარკის მოწყობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ 2 000 კვადრატული მეტრი იჯარითაა გაცემული, კვლავ აუთვისებელია მთელი რიგი ლოკაციები.

მოქალაქეებისგან განსხვავებული წარმოდგენა აქვს მერს წყალტუბოს მკვიდრთა პრობლემებსა და საჭიროებებზეც. გრიგოლ იოსელიანი ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. იმ თანხის 50%-ს კი, რასაც   დაზღვევა ვერ ფარავს, მუნიციპალიტეტი აფინანსებს. მერი ამბობს, რომ განცხადებები და თხოვნები, რომლითაც მოქალაქეები მერიას მიმართავენ, ძირითადად სწორედ  მედიკამანტებისა და ოპერაციების დაფინანსებას ეხება. სწორედ მოქალაქეთა მიმართვიანობის მიხედვით ადგენს მერია მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების, სტიქიური უბედურების ან სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების შემთხვევაში, მერს 150 000 ლარის ოდენობის სარეზერვო ფონდის გამოყენება შეუძლია. 

______________________________________

სტატია მომზადებულია პროექტის, "ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის", ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^